Monday, March 11, 2002

კონვეიერული მუსიკა

დამეთანხმებით, რომ ნებისმიერ შემოქმედებაში, თუნდაც მუსიკაში ჩვენ გვაინტერესებს, რამდენად გასაგებად გადმოსცემს ავტორი რეალობას თუ შინაგან მდგომარეობას. რატომღაც მგონია, დღევანდელი მასობრივი კულტურა იმიტომ იქმნება, რომ ჩვენს ცხოვრებაში რაიმე ფონი შექმნას. ძალიან ხშირად, თუნდაც „მარშრუტკაში“ ჩართული რადიოების მუსიკა მხოლოდ ფონის მოვალეობას ასრულებს და ძალიან ბევრს, თვით მძღოლსაც არ აინტერესებს, ვინ არის შემსრულებელი. მასობრივი სიმღერების უმრავლესობა ერთმანეთისგან არც განსხვავდება. ხშირად გაიფიქრებ, რომ აღნიშნული ნაწარმები (და არა ნაწარმოებები) ერთი კონვეიერიდან არის გამოშვებული.

შეიძლება რეაქციონერად ჩამთვალოთ, მაგრამ ძალიან არ მომწონს დღევანდელი მსოფლიოს თანამედროვე მუსიკა. დარწმუნებული ვარ, ვიდეოკლიპების გადაღებებში ჩაყრილი მილიონები რომ არა, ასეთი სიმღერების აბსოლუტური უმრავლესობა სანაგვეზე გადასაყრელი გახდებოდა. ამას წინათ ერთი არაფრით გამორჩეულ ამერიკულ ფილმი ვნახე სახელწოდებით „ქაოსი“ (მასში მონაწილე ირლანდიული სუპერჯგუფ U2-ს წევრები რომ არა, ალბათ, არც ვნახავდი). მთავარი გმირი მუსიკალური კინოდოკუმენტალისტია, რომელსაც დიდბიუჯეტიანი მხატვრული ფილმის, კერძოდ, თრილერის გადასაღებად დაიქირავებენ. პროდიუსერები რეჟისორს მკაცრად აფრთხილებენ, ფილმში რაც შეიძლება მეტი ძალადობა და სექსი აჩვენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხსნიან. ალბათ, ნაკლებად საინტერესოა, თუ რა შინაარსი აქვს ზემოთ აღნიშნულ ფილმს, მაგრამ ძალიან საყურადღებოა მისი გმირი პროდიუსერების მოთხოვნა. თანამედროვე შოუბიზნესში დღეს „სექსუალურობის“ გარეშე წარმატებას თითქმის ვერ მიაღწევ. იშვიათ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, ტვინსა და ნიჭსაც ექცევა ყურადღება. ნიჭიერთაგან კი, როგორც ჩანს, შედარებით ცოტანი აღწევენ დიდების მწვერვალს.

მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი ე. წ. ვარსკვლავის გავარსკვლავებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ყვითელ და მოყვითალო მედიას, რომლის გარეშეც დღეს დიდი შოუბიზნესი წარმოუდგენელია. კინოსა და პოპ-მუსიკის ვარსკვლავები მათი ცხოვრების ინტიმურ მომენტებს სიამოვნებით აშიშვლებენ, რასაც დაინტერესებული პუბლიკა გასაოცარი (შეიძლება ითქვას, მარაზმატული) ინტერესით ეცნობა.

გადავხედოთ, ხშირ შემთხვევაში როგორ ხდებიან პოპ-შემსრულებლები ვარსკვლავები. თუნდაც ენრიკე იგლესიასი ყოველ მომდევნო კლიპში კინოს, მუსიკისა და სპორტის ვარსკვლავ ვნებიან ქალებთან სასიყვარული სცენებით გვევლინება. როგორც ავი ენები ამბობენ, ენრიკე ხულიოს ძე არც ერთ მათგანს გაუჟიმავს არ ტოვებს (კაცი ვარო, მაგან უნდა დაიკვეხნოს). მისი ბოლო ასეთი „მსხვერპლი“ რუსი ჩოგბურთელი ანა კურნიკოვა აღმოჩნდა. „დესტინის ჩაილდსის“ გოგონებმა თუ მოშიშივლებული უკანალები არ გააქნ-გამოაქნიეს, ისე რავა იქნება (აი, მათ კი ამ მხრივ დასაწუნი მართლაც არაფერი აქვთ). პინკი, ჯენიფერ ლოპესი, კრისტინა აგილიერა თუ სხვანი თავიანთი მშვენიერი სხეულების დემონსტრირებით იპყრობენ მილიონობით მაყურებელთა აღგზნებულ ყურადღებას. ბრიტნი სპირსის სხეულის მშვენიერებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ერთგვარად მორიდებული სკოლის მოსწავლე გოგონა, რომელიც ნაზ კოცნაზე ოცნებობდა, მკვნესარე სუპერსექსუალურ დივად გარდაისახა.

გასულ კვირას Mtv-ის News Block-ში იგი თავის მორიგ ბოიფრენდთან ერთად მოგვევლინა. ჟურნალისტმა ჰკითხა, თქვენ ჯონ ლენონივით და იოკო ონოსავით ან პოლ და ლინდა მაკარტნებივით გიყვართ ერთმანეთიო? რაზეც თვალებგაფართოებულმა ბრიტნიმ დაბნეულად უპასუხა, რომ საერთოდ არ იცის, ვინ არიან იოკო ონო ლენონი და ლინდა მაკარტნი. მერე მიხვდა, სისულელე რომ წამოროშა და თავი გაიმართლა, ჯერ კიდევ პატარა ვარ და ამდენი რამ არ ვიციო. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ის სულ მცირე ხნის წინ აზრზე არ იყო, სად მდებარეობს ავსტრალია, მელბურნი, კომენტარის გაკეთება ზედმეტად მიმაჩნია. ჩემი აზრით, ან აშშ-ს განათლების სისტემა მოიკოჭლებს, ან... უბრალოდ, ერთ-ერთი რუსული რეპ-ჯგუფის მხიარული სიმღერა მახსენდება: в голове не бум-бум, малолетка дура, дура!

არ მინდა იფიქროთ, რომ რაღაც დიდ სულიერებას ვითხოვ ყველასგან ან ჭეშმარიტი ხელოვნების დიდი მოტრფიალის პოზიცია მიჭირავს, მაგრამ უცნაურია, რატომ აღმერთებენ დღეს უნიჭოებსა და თავგამოცარიელებულებს. საოცარია, როგორ შეიძლება მოგვეწონოს იმ ადამიანის შემოქმედება, რომელსაც თავში ტვინის მაგივრად, უკაცრავად, მაგრამ სექსუალური ორგანოები უძევს. მასკულტურა მხოლოდ სიჩერჩეტესთან არ უნდა გაიგივდეს, რადგან იგივე მადონა, შერი, ჯორჯ მაიკლი, „პეტ შოპ ბოიზი“ და სხვები საკმაოდ ერუდირებულები არიან თუნდაც საიმისოდ, რომ ამ სფეროში ექსპერიმენტები და არა მხოლოდ კონვეიერული მუსიკა აკეთონ.

No comments:

Post a Comment