Tuesday, December 24, 2002

„ჩვენ ერთად ვართ“ – ქართული როკი ქუთაისში

„ქუთაისის კონცერტი ათასჯერ მეტი ენერგიის მომცემი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი კონცერტი თბილისში“

საქართველოში სიტყვა „აქცია“ რატომღაც რაღაცის ან ვიღაცის წინააღმდეგ გამოსვლასთან ასოცირდება. ანუ, თუ ვიღაცეები რაღაც აქციას ატარებენ, ის აუცილებლად რაღაცის ან ვიღაცის საწინააღმდეგოდ უნდა იყოს მიმართული. თუმცა აქცია შეიძლება იყოს მშვიდობიანი, რაღაც ერთიანობის სიმბოლოც.

გასულ კვირას ქუთაისში გაიმართა როკ-აქცია „ჩვენ ერთად ვართ“, რომელშიც ქუთაისისა და თბილისის როკ-კოლექტივები მონაწილეობდნენ. ეს იდეა ქუთაისში სამხარეო ადმინისტრაციამ განახორციელა. აქციის სპონსორი საქველმოქმედო-კულტურული ასოციაცია „ოკრიბა“ იყო. მასში მონაწილეობდნენ ჯგუფები: „სტუმარი“, „ზუმბა“, „პულსი“, „ბუნკერი“ და რობი კუხიანიძე.

ამავე დროს, აქციაზე თბილისიდან სპეციალურად ჩავიდა ამერიკელი ბლუზმენი პოლ რიმპოლი. კონცერტი გააშუქა ტელეკომპანია „ქუთაისმა“, ქუთაისურმა რადიო 105-მა და რადიო „ძველმა ქალაქმა“, რომელმაც ჯერ კიდევ გზაში მყოფი მუსიკოსები ეთერში გაიყვანა. სხვადასხვა საპატიო თუ არასაპატიო მიზეზის გამო, კონცერტზე ვერ ჩამოვიდნენ ნინო ქათამაძე („ინსაიტი“) და ფრედი პაიანი („შუქი მოვიდა“), თუმცა აღნიშნული ჯგუფის წევრები ქუთაისში იყვნენ.

აქცია „ჩვენ ერთად ვართ“ გაიმართა ტელეკომპანია „რიონის“ კინო-საკონცერტო დარბაზში. შეიძლება ითქვას, რომ კონცერტი წარმატებით ჩატარდა. საქენერგო ტრადიციებს არც ქუთაისში ღალატობს და აქციის მსვლელობისას შუქი ორჯერ ჩაქრა. ამან კონცერტის მსვლელობაზე მაინცადამაინც უარყოფითად ვერ იმოქმედა. ქუთაისელი ხმის რეჟისორის გუჯა ჯოხარიძის შესანიშნავი ჟღერადობის აპარატურაზე ერთმანეთს ცვლიდნენ ქუთაისელი და თბილისელი მუსიკოსები: ჯგუფები „სტუმარი“, „პულსი“, „ბუნკერი“, რობი კუხიანიძე (მასთან ერთად სიმღერებს სცენაზე ავარდნილი პატარა ბავშვები, მათ შორის, მაწანწალებიც ასრულებდნენ), პოლ რიმპოლი (რომელსაც ქართულად პავლეს ეძახდნენ) და ჯგუფი „ზუმბა“ (მასთან ერთად ათასკაციანი დარბაზი მღეროდა და ცეკვავდა).

დათო ხოსიტაშვილი („სტუმარი“): „ჯგუფი „სტუმარი“ აგერ უკვე ერთი წელია არსებობს. ქუთაისში არასრული შემადგენლობით ვიყავით ჩამოსულები. ჩვენთან ერთად არ იყო დათო აბულაძე და ნინო ჯანჯღავა, რომელიც ამ ჯგუფის ვოკალისტი და ფლეიტისტია. რამდენიმე ნაწარმოები უცებ შევკარით რამაზ გოქაძემ, გურამ მაკალათიამ, მე და ერთად დავუკარით ქუთაისლებისთვის.

ქუთაისლებს „გამარჯობა“ ვუთხარი და მათ „გაგიმარჯოს“ მითხრეს. ეს ძალიან დიდი რამ იყო. ამიტომ პუბლიკის მხრივ ძალიან კმაყოფილი ვარ. მხოლოდ ჩემი თავით არ ვარ კმაყოფილი. მსმენელებს შორის იყვნენ მეტალისტები, როკერებიც და პოპსას მოყვარულებიც, მაგრამ მათ მოგვისმინეს. კიდევ ერთ დიდ კონცერტს სიამოვნებით გავაკეთებდი ამ ქალაქში, ოღონდ სრული შემადგენლობით“.

პოლ (პავლე) რიმპოლი: „ქუთაისში ძალიან ციოდა, ბნელოდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქუთაისლებისგან უდიდესი ენერგია ვიგრძენი. ისე კი ძალიან ბევრი ღვინო დავლიე და ბევრი რამ აღარ მახსოვს. ამ ქალაქში დაკვრა დიდი პატივინ იყო. მე დამიკრავს ბლუზი ჩიკაგოში, კრაკოვსა და ვარშავაში, მაგრამ ქუთაისმა სასიამოვნოდ გამაოცა. მაყურებელმა გამიგო, მათ იგრძნეს ჩემი დაკრული მუსიკა. ძალიან კარგი ქალაქია. ძალიან მომწონს ქართველი ქალები, ქართული ღვინო, ჭაჭა, სამზარეულო, სტუმართმოყვარეობა – ყველაფერი ქართული მომწონს.

აქ ყველაფერი მომწონს პოლიტიკოსების გარდა. ის, რომ შუქი ხშირად მიდის, თქვენ შუა საუკუნეებში გაბრუნებთ. არადა, თქვენისთანა მდიდარი ტრადიციების მქონე პატარა ქვეყნის განათება არ უნდა იყოს რთული. ხომ არსებობს ატომური, მზის, ქარის, მდინარის ენერგიის წყაროები. საქართველოს ყველაფერი აქვს, მაგრამ სად არის ენერგია? დღემდე ვერ გამიგია. ჩვენ ყველანი დედამიწაზე ვცხოვრობთ და ყველგანაა ენერგია საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის გარდა. თუმცა მათთან ამ მხრივ უკეთესადაა საქმე.

მე მწერალი ვარ და არ ვაწარმოებ ელექტროენერგიას (იცინის). სამაგიეროდ მე ვატარებ მუსიკალურ ენერგიას. ძალიან მიყვარს ბლექ (შავი), უაით (თეთრი) და ბლუ (სევდიანი) ბლიუზი. მე ვუკრავ ბლუ-ბლიუზს, რომელიც უფრო ახლოა ჩემს სულთან. სამწუხაროდ, კარგად არ ვიცნობ ქართულ ჯგუფებს. მოვუსმინე ტრიო „კოლხეთს“ და მომეწონა. ძალიან მომწონს, აგრეთვე, „ზუმბა“, საერთოდ, ზაზასთან ვცხოვრობ. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია, მისი მუსიკაც ძალიან მომწონს. თბილისში ბლიუზ-ბენდ „ქენდისთან“ ერთად დავუკარი და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. კარგი ბიჭები არიან. უაღრესად დიდ პატივს ვცემ ტრადიციულ ქართულ ფოლკლორს, რადგან მისი ენერგია მეტად განსხვავებულია ყველაფრისაგან. ჩემი აზრით, იგი მართლაც ყველაზე საუკეთესოა“.

ზაზა (ზუმბა) კორინთელი: „ქუთაისი რომ ფესტივალების ქალაქია, კარგად მოგვეხსენება. ფაქტია, რომ ეს ქალაქი უფრო მეტის ღირსია. იმ პირობებიდან გამომდინარე, რომელშიც ჩვენ მოგვიწია დაკვრა, ყველაფერი შესანიშნავად გაკეთდა. ვინც იქ მივიდა, მაქსიმალურად ის ენერგია მიიღო, რასაც ელოდა და უკურეაქციაც გადასარევი იყო. ძალიან ცუდია, რომ მსგავსი აქცია, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ წელიწადში ერთხელ კეთდება. არადა, მინიმუმ თვეში ორჯერ მაინც უნდა ტარდებოდეს, რომ ჩვენი მოძრაობიდან რაღაც შედეგი მივიღოთ.

ცენტრი, ერთი შეხედვით, თითქოს ცოცხლობს, მაგრამ ჩემთვის ცენტრი (თბილისი) ყველაზე დიდი პროვინციაა. ყველაზე მეტი სულიერი ენერგია პერიფერიებშია მიმოფანტული. სოფელშიც კი გლეხს უფრო მეტი სულიერება, ეროვნული მუსიკალური ბგერა აქვს შემორჩენილი, ვიდრე დედაქალაქელს. ამას ალალად ვამბობ და ხშირად გამომიცდია. გამართული ქართული სასაუბრო ენით საქართველოს სხვა ქალაქებში უფრო საუბრობენ. ჩვენ სოფლიდან უნდა ვისწავლოთ, რაც დავკარგეთ. სამაგიეროდ, სოფელს უნდა ვანახოთ ის, რაც მას არა აქვს. ცენტრის და პერიფერიის ახლანდელი ურთიერთობა უნდა მოისპოს. არ უნდა იყოს ის განსხვავება, რომ თბილისში რაღაც ხდება და სხვაგან – არაფერი. მე თუ მკითხავთ, თბილისში არაფერიც არ ხდება. ქუთაისის კონცერტი ათასჯერ უფრო მეტი ენერგიის მომცემი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი კონცერტი თბილისში“.

ქუთაისის აქციაზე „ჩვენ ერთად ვართ“ მონაწილეობა მიიღო მიიღო ვეტერანმა, მაგრამ განახლებულმა, სოსო ივანეიშვილის მიერ შექმნილმა ქუთაისურმა ჯგუფმა „პულსმა“. ჯგუფში გაჩნდა ახალი წევრი – ვატო (კაკადუ) კიკალეიშვილი, რომელმაც მაყურებელს მისთვის ჩვეული კარგი, მართლაც ქუთაისური ენერგიით სავსე შოუ აჩვენა. მაყურებელი თანაქალაქელების დანახვაზე „ავარდა“ და თანდათან სცენისკენ „გაჩოჩდა“. საბოლოოდ კი ბევრი მათგანი სცენაზე აღმოჩნდა და საერთოდ გაქრა ბარიერი მუსიკოსსა და მაყურებელს შორის. მაყურებლით ალყაშემორტყმული მუსიკოსები კი მართლაც აღარ იშურებდნენ ძალასა და ენერგიას. „ჩვენ ერთად ვართ“-ის ბოლოს ძალიან ჩვეულებრივად გაჩნდა გრძნობა, რომ ჩვენ მართლაც ერთად ვართ და ერთად უნდა ვიყოთ – ამერი და იმერი, მუსიკოსი თუ მაყურებელი.

1 comment: