Monday, January 6, 2003

ქართველების პატრიარქობა ძალიან საპასუხისმგებლო ტვირთია

სრულიად საქართველომ სულიერი მწყემსთავრის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების 25 წლისთავი აღნიშნა

2002 წლის 25 დეკემბერს მთელმა ქართველმა მართლმადიდებელმა საზოგადოებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრების 25, მღვდელმსახურებაში ყოფნის 40 და დაბადებიდან 70 წლისთავი აღნიშნა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II (საერო სახელი ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში, რომელიც იმ დროს დროებით ვლადიკავკაზში ცხოვრობდა. სამი დღის ირაკლი ვლადიკავკაზის ქართულ მონასტერში მონათლეს და სახელი მეფე ერეკლეს საპატივცემულოდ დაარქვეს.

გიორგი შიოლაშვილის შვილები თავიდანვე ეკლესიურ გარემოში იზრდებოდნენ. 1952 წელს ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაურმა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა დაამთავრა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც სერგიევ-პასადში (მაშინდელ ზაგორსკში) მდებარეობს. სასულიერო სემინარია საქართველოს მომავალმა პატრიარქმა პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და, როგორც საუკეთესო სტუდენტი, სასულიერო აკადემიის პირველ კურსზე ჩაირიცხა. აკადემიის მეოთხე კურსზე მან დაწერა საკანდიდატო შრომა „ათონის ივერიის მონასტრის ისტორია“. აკადემიის წარჩინებული სტუდენტი ბერული ცხოვრების გზას დაადგა.

1957 წელს წლის ასაკში თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში მაშინდელი პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით ირაკლი შიოლაშვილი ბერად აღკვეცეს და სახელად ილია უწოდეს, ხოლო 1959 წელს წმინდა სრგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკონი ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმინდესი ალექსი I-ის მიერ მღვდელმონაზვნად იქნა დასმული. მამა ილიამ 1960 წელს სასულიერო აკადემია დაამთავრა, სადაც მას, როგორც საუკეთესო სტუდენტს, საპროფესორო სტიპენდიატად დარჩენა შესთავაზეს, მაგრამ უწმინდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის კურთხევით, მღვდელმონაზონი ილია სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად გამწესდა. მისივე კურთხევით 1961 წელს მამა ილია აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.

ნიკიტა ხრუშოვის მმართველობისას, როცა რუსეთში მრავალი სასულიერო სემინარია და ტაძარი დახურეს, ეფრემ II-მ საქართველოში სასულიერო სასწავლებელი გახსნა, რომლის დირექტორადაც არქიმანდრიტი ილია დაინიშნა. 1963 წელს არქიმანდრიტი ილია ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს. აჭარაში შვიდი წლის მოღვაწეობის შემდეგ, 1967 წელს იგი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს, ხოლო 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტმა ილიამ სოხუმში 11 წელი დაჰყო. ამავე დროს, 1972 წლამდე იგი მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი იყო.

1977 წლის 23 დეკემბერს კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივი კრების გადაწყვეტილებით, მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და მას ილია II ეწოდა (ილია I საქართველოს ეკლესიას 390 – 400 წლებში მართავდა). საპატრიარქო ტახტზე კი ილია II იმავე წლის 25 დეკემბერს ავიდა.

ამ ღირსშესანიშნავ მოვლენასთან დაკავშირებით, წელს, 25 დეკემბერს ელიას მთაზე მშენებარე „წმ. სამების“ სახელობის საკათედრო ტაძარში პირველი საპატრიარქო წირვა გაიმართა. ამასთან დაკავშირებით სამების ტაძარში უდიდესი ქრისტიანული სიწმინდეები გამოასვენეს: მაცხოვრის სამსჭვალი (ლურსმანი), რომლითაც ქრისტე ჯვარს აცვეს, წმ. თომა მოციქულის თავის ქალა, წმ. გიორგის მუხლისთავი, წმ. ევგენიას თავის ქალა და მადლის ქვა, რომელიც დავით გარეჯელმა იერუსალიმიდან საქართველოში ჩამოაბრძანა.

„ჩვენ ვზეიმობთ ქართველი ერის ღვთისკენ შემობრუნებას“

სამების მშენებარე ტაძარში პირველ საპატრიარქო წირვაში მონაწილეობა მიიღო ქართველი კათოლიკოსის პედაგოგმა, ვოლოკოლამსკისა და იულიევსკის მიტროპოლიტმა მეუფე პიტირინმა, რომელმაც „ახალ ვერსიასთან“ საუბრისას აღნიშნა: „ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია კიდევ ერთხელ იმის დამტკიცება, რომ ჩვენ – რუსები და ქართველები ერთმორწმუნე მართლმადიდებლები ვართ. ეს ძმური ურთიერთობანი ძალიან კეთილ გრძნობებს აღძრავს. ჩვენ ერთად ვზეიმობთ დღესასწაულებს. მე დავლოცავ სრულიად საქართველოს და ქართველ ხალხს!“

„ახალი ვერსია“ ამ ზეიმთან დაკავშირებით გაესაუბრა სამების ტაძარში შეკრებილ საერო და სასულიერო პირებს.

მეუფე სერაფიმე (ბორჯომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსი): „ყველას, ვინც პატრიარქის ხელდასხმულები ვართ, უაღრესად დიდი პატივისცემა და სიყვარული გვაქვს ამ პიროვნების მიმართ. ხშირად მითქვამს, ქართველების პატრიარქობა ძალიან საპასუხისმგებლო ტვირთია. არაფერი რომ არ გააკეთო, მაინც უდიდესი ტვირთია, მაგრამ, როდესაც 25 წელიწადი სულიერად ღირსეულად უძღვები საკუთარ ერს, უიშვიათესი მოვლენაა. ჩვენ რომ მსოფლიო პატრიარქების ისტორია გავიხსენოთ, 25 წელი საპატრიარქო ტახტზე ძალიან ცოტა ყოფილა. ჩვენს პატრიარქს ღვთისაგან ძალიან დიდი ძალა მიეცა, რომ ასეთი რთული ერის (როგორიცაა ქართველი ერი), სულიერი წინამძღოლი ყოფილიყო. ეს ნამდვილად ღვთის წყალობაა. ყველაზე მეტად უწმინდესში მაოცებს მისი უდიდესი მოთმინების უნარი. ქვეყნის პირველი პირიდან დაწყებული, რიგითი მოქალაქით დამთავრებული, ამდენს ალბათ ვერც ერთი ჩვენგანი ვერ მოითმენდა. თავისი მოთმენით პატრიარქი საოცარი სიყვარულის მაგალითს გვაძლევს. ჩვენს უწმინდესს დღეგრძელობას ვუსურვებ.

მეუფე დანიელი (ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი): „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების დღე მთელი ერისათვის უდიდესი მოვლენაა, მაგრამ ეს თარიღი გაცილებით მეტია, ვიდრე ქვეყნის ეკლესიის სულიერი მამის იუბილე. ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში. ჩვენ ვზეიმობთ ქართველი ერის ღვთისაკენ შემობრუნებას, რომელიც ჩვენი ერის სულიერი ფერისცვალების, მისი მკვდრეთით აღდგომის სიმბოლოა. ეს არის ღმერთთან, ზეცასთან ჩვენი შესუსტებული კავშირის აღდგენის დღესასწაული. ივერია გაბრწყინების გზას დაადგა. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონკორდატის გაფორმება არ არის მხოლოდ შემთხვევითობა. ეს ერის სულიერი აღდგომის ლოგიკური შედეგია. შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ნიშნავს, რომ ისევე, როგორც მეოთხე საუკუნეში, ქართველმა ერმა თავისი ერთიანობის მრწამსად მართლმადიდებლობა აღიარა. ამით ჩვენმა სახელმწიფომ აღადგინა თავისი სულიერი კავშირი წინა საუკუნეებთან“.

გიგი წერეთელი (საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი): „ეს თარიღი ჩვენი ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პატრიარქი არის ერის სულიერი მამა, წინამძღოლი, რომელიც უფალმა საქართველოს მისი არსებობის ურთულეს დროს არგუნა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს უამრავი განსაცდელი სწორედ მისმა ლოცვამ შეუმსუბუქა. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, უფალს შევევედროთ, მისი თავი დიდხანს გვიცოცხლოს, მის მიერ ჩვენი ქვეყნის სულიერი წინამძღოლობა გაგვიხანგრძლივოს, მისმა ლოცვამ კვლავ ხელი შეუწყოს ჩვენი სამშობლოს სიმშვიდესა და აყვავების დასაწყისს“.

სამების ტაძარი – საქართველოს კეთილი მომავლის იმედი

არჩილ მინდიაშვილი („სამების“ ტაძრის მთავარი არქიტექტორი): „რამდენიმე წლის წინ ასეთი დღე როდის დადგებოდა, არ ვიცოდით. ჯერ კიდევ ორი წლის წინ ამ ტაძრის მხოლოდ იატაკი გვქონდა გაკეთებული. ფაქტობრივად, ამ ორ წელიწადში ავაგეთ ამოდენა ტაძარი, რომელიც 77 მეტრის სიმაღლეზე ამაღლდა იატაკიდან. წარმოუდგენელია, რომ ამ მოკლე ხანში შევძელით ამხელა ტაძრის აგება.

– თქვენი ჩანაფიქრი ბოლომდე განხორციელდა?

– მე ვფიქრობ, რომ ეტაპობრივად, ნელ-ნელა ხორციელდება. მე აქცენტს ყოველთვის შიდა სივრცეზე ვამახვილებდი, რომელიც ხარაჩოების დროს ძალიან ძნელი დასანახი იყო. მისი მოხსნის შემდეგ გუმბათქვეშა სივრცე გამოჩნდა. ეს თანამედროვე ტაძართმშენებლობაში სიახლეა. დიდი რუდუნებითაა გასაკეთებელი მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რათა მთელ ჩანაფიქრს ხორცი შეესხას.

– პროექტის დამუშავებისას და მშენებლობისას როგორი ურთიერთობები გქონდათ პატრიარქთან?

– მე ვიტყვი, რომ „სამების“ ტაძარი ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგია. პატრიარქის გარეშე რაიმე გადაწყვეტილება არასოდეს მიგვიღია. იგი ყოველთვის საქმის კურსში გვყავდა, ხშირ შემთხვევაში ისეთი კორექტივები შეგვქონდა, რომელიც მის თვალთახედვას ემთხვეოდა. პატრიარქს დიდი სულიერი ხედვა აქვს, ამავე დროს, უდიდესი შემოქმედიცაა. მისი აზრის არგათვალისწინება მართებული არ იქნებოდა.

ირაკლი ანდრიაძე („სამების“ ტაძრის სამშენებლო ფონდის თავმჯდომარე): „2002 წლის 25 დეკემბერი ღირსშესანიშნავი დღეა არა მარტო მართლმადიდებელი ეკლესიისათვის, არამედ მთელი საქართველოსათვის, თბილისისათვის. ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტაძრის მშენებლებისათვის, მისი ავტორისათვის, ყველასათვის, ვისაც ერთი აგური მაინც დაუდევს ამ დიდებული ტაძრის მშენებლობაში. მინდა ყველას მადლობა ვუთხრა. ალბათ ისინიც კი განიცდიან ამ სიხარულს, ვინც ტაძრის მშენებლობას თუნდაც ერთი თეთრი შესწირა. არც ერთი თეთრი უკვალოდ არ გამქრალა. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც თავიანთ ვინაობას არ ასახელებენ და ღვთის სადიდებლად ტაძარს საკმაოდ დიდ თანხას სწირავენ. უღრმესი მადლობა ყველას და აქვე მინდა მათ დღევანდელი დღე მივულოცო. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ტაძარი საქართველოს კეთილი მომავლის იმედია, ჩვენი სამშობლოს ძლიერების სიმბოლოა. დღეს აქ ქვეყნის პრეზიდენტი მობრძანდება, რომლის ბრძანებითაც დაიწყო ამ ტაძრის მშენებლობა. მინდა ჩვენს პატრიარქს მივულოცო ეს დიდებული დღე, ვუსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება და სიხარული. ბედნიერია საქართველო, რომ საერო და სასულიერო პირველი პირები აგერ უკვე 25 წელიწადია ერთმანეთთან შეთანხმებით მოღვაწეობენ. ჩვენი არჩეული გზა საქართველოს ევროპისკენ გაიყვანს. ჩვენს ახალგაზრდობას მინდა ვუსურვო, რომ ამ დიდ ტაძარში ბევრი ქორწინება და ნათლობა ჩატარებულიყოს“.

25 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა პატრიარქის შეხვედრა ქართველ სასულიერო და საერო საზოგადოებასთან. საიუბილეო თარიღის გამო საქართველოს სულიერ მწყემსმთავარს მრავალი საჩუქარი მიართვეს. „ახალმა ვერსიამ“ მის უწმინდესობას საჩუქრად ნაგაზის ერთი თვის ლეკვი მიჰგვარა. მას საპატრიარქოში ქართული სახელი – ბასარა დაარქვეს.

„ახალი ვერსიის“ მთელი რედაქცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს დიდი მოწიწებითა და სიყვარულით ულოცავს იუბილეს და ყველა კეთილი ჩანაფიქრის განხორციელებას უსურვებს.

No comments:

Post a Comment