Monday, January 27, 2003

წმინდა ნინომ შეგვკრიბა ჩვენ – „ერი ქართველთა“

„ნინოობა უპირველესად იმ სიყვარულის დღესასწაულია, რომელიც უკვე 18 საუკუნეა, სუფევს ჩვენს შორის“

მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა საქართველოში ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ქრისტეს სამმა მოციქულმა გაავრცელა, სახელმწიფო რელიგიად ოდნავ მოგვიანებით გამოცხადდა. ეს მოხდა წმ. მირიან მეფის დროს, როდესაც საქართველოში თვით ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევითა და ვაზის ჯვრის ძალით მოციქულთა სწორმა წმ. ნინო კაპადოკიელმა იქადაგა.

ახალი სტილით 27 იანვარი წმ. ნინოს გარდაცვალების დღეა და ამ თარიღს საქართველოში ნინოობას ეძახიან. არის თუ არა მისტიკური ის ფაქტი, რომ მთელს საქრისტიანოში მხოლოდ ქართველები მოაქცია ქალმა? რატომ აღვნიშნავთ ქრისტიანები დიდი სიხარულით წმინდანის გარდაცვალებისა და არა თუნდაც დაბადების დღეს? ამ საკითხებზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი ზაქარია მაჩიტაძე გვესაუბრება.

– მამა ზაქარია, რატომ ითვლება ქართველთა განმანათლებლად წმ. ნინო, როდესაც საქართველოში I საუკუნეშიც კი თვით მაცხოვრის მოციქულებმა იქადაგეს?

– როგორც ცნობილია, საქართველოს ეკლესია სამოციქულოდ იწოდება, რადგან საქართველოში ქრისტიანობა პირველად ქრისტეს მოციქულებმა იქადაგეს. საქართველოს ეკლესია ანდრია პირველწოდებულმა დააფუძნა. სხვადასხვა დროს კი ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობას მოციქულები სვიმონ კანანელი, მატათა და ბართლომე ქადაგებდნენ. მათ შორის ორმა – სვიმონ კანანელმა და მატათამ საქართველოში ჰპოვეს განსასვენებელი. როგორც მოგეხსენებათ, სვიმონ კანანელი აფხაზეთშია დაკრძალული, მატათა კი აჭარაში განისვენებს.

წმინდა ნინოს საქართველოს განმანათლებლად და მოციქულთა სწორად წოდებაც უტყუარი ფაქტია. სწორედ წმინდა ნინოს ქადაგების შედეგად და წმ. მოციქულთა სწორი მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას ძალისხმევით მოხდა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ამის შემდეგ ჩვენი ქვეყნისა და საერთოდ, მთელი კავკასიის ახალი ერა იწყება. თანდათან ქრისტიანდება ჩვენი ყოფა, ტრადიციები, არქიტექტურა. ახალ შინაარსსა და სიმაღლეებს იძენს ჩვენი სულიერი და მატერიალური კულტურა.

წმინდა ნინომ საქართველოში სამუდამოდ დაამკვიდრა ქრისტეს ნათელი. ამიტომაც იგი სამართლიანად იწოდება „სიტყვისა ღვთისა თანამოსაგრედ“, „ანდრიას ქადაგებისა წარმართებად“, „ქართველთა განმანათლებლად“ და „სულისა წმიდისა ქნარად“.

– თქვენი აზრით, ხომ არ არის რაიმე მისტიკური იმ ფაქტში, რომ ქართველთა განმანათლებელი ქალი იყო? როგორც ცნობილია, მთელ ქრისტიანულ სამყაროში მხოლოდ საქართველო მოაქცია სარწმუნოებაზე ქალმა.

– საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანად ითვლება, ყოვლადწმიდამ აკურთხა მოციქული ანდრია პირველწოდებული საქართველოში წამოსასვლელად და თან მისი წმიდა ხატიც გამოაყოლა ჩვენი ქვეყნისადმი განსაკუთრებული მზრუნველობისა და სიყვარულის ნიშნად. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა აკურთხა და დალოცა წმინდა ნინო მის წილხვედრ ქვეყანაში საქადაგებლად, დედა ღვთისამ უბოძა მას ის უძვირფასესი და უპატიოსნესი ჯვარი ვაზისა, რომელიც დღემდე ჩვენს დედა ეკლესიაში ინახება.

„ქალის კულტი“, რომელსაც რატომღაც ძალიან ხშირად უწოდებენ ჩვენში ქალის პატივისცემას, კაცობრიობის უძველესი ბიბლიური და ბუნებრივი (თუ შეიძლება ასე ითქვას) მდგომარეობაა. ქალი უპირველესად დედასთან ასოცირდება. წარმართულ საქართველოში, „სადაც ღმერთობდნენ ღმერთები და მეფობდნენ მეფენი“, არსებობდა გარკვეული კულტურა. თავისთავად ცხადია, სახელმწიფოებრივი და რელიგიური სტრუქტურებიც იყო. ღვთის განგებით, ასეთ ქვეყანაში სარწმუნოებას „ტყვე ქალი“ – წმინდა ნინო ქადაგებდა, რომლის სიწმინდემ, სათნოებამ და სასწაულებმა წარმართულ სისხლიან და უხეშ რიტუალებს სძლია, შეცვალა ცნობიერება და ერთ დროს წარმართული ქვეყანა ქრისტეს მოწამეთა ეკლესიად აქცია. ესაა მთელი ჩვენი ისტორია, მისტიკაც და ესხატოლოგიაც.

– როგორ ფიქრობთ, ქართველები იმიტომ ხომ არ სცემენ განსაკუთრებულ თაყვანს წმინდა გიორგის, რომ ის წმინდა ნინოს ახლო ნათესავი იყო?

– წმ. გიორგი პირველი წმინდანია, ვინც საქართველომ გაიცნო, შეიყვარა და მას განსაკუთრებულ პატივს მიაგებს. ამ საკითხში, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, უდიდესი ღვაწლი წმ. ნინოს მიუძღვის, რომელმაც წმ. გიორგი გაგვაცნო. 23 ნოემბერი – წმ. გიორგის ხსენების დღესასწაული, მთელ ქრისტიანობაში ქართულ დღესასწაულად იწოდება. გადმოცემით სწორედ წმ. ნინომ დაადგინა ეს დღესასწაული – წმინდანის ბორბალზე წამების დღე და მის მოქცეულ ქვეყანასაც მან უანდერძა დიდმოწამე გიორგის სიყვარული.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ წმინდა ნინოს მიერ წმ. გიორგის სიყვარული და პატივისცემა არა იმდენად მათი ხორციელი ნათესაობით იყო გამოწვეული, არამედ იმ სულიერი კავშირით, რომლითაც ყოველი ადამიანი „ერთ სამწყსოდ“ ერთიანდება ქრისტეში.

– რატომ აღვნიშნავთ ქრისტიანები დიდი სიხარულით წმინდანის გარდაცვალების და არა ვთქვათ, დაბადების დღეს?

– დღეს საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმ. ნინოს მიცვალებას, ანუ მის უფალთან წარდგომის დღეს აღნიშნავს. ამ დღიდან წმ. ნინო, უკვე უფლის ტახტთან მდგომარე, უფრო მეტად და ქმედითად აგრძელებს იმ წმინდა საქმეს, რისთვისაც ამქვეყნად იღწვოდა.

ძალიან ბევრი ისტორიული ფაქტი მოგვეპოვება იმის შესახებ, რომ ესა თუ ის წმინდანი ამქვეყნიდან გასვლის შემდეგ უფრო მეტ სასწაულებს აღასრულებს და კაცობრიობას უფრო მეტად მფარველობს, ვიდრე ამას ამქვეყნად ყოფნისას აკეთებდა. სწორედ ამიტომ წმინდა ეკლესია, უმეტეს შემთხვევებში, წმინდანის მოსახსენიებლად მისი ამქვეყნიდან გასვლის დღეს განაჩინებს.

მინდა აუცილებლად აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესია ასევე ზეიმით აღნიშნავს წმ. ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესაც. ორთავე მოვლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომაც განსაკუთრებულად აღინიშნება. ხოლო ამ დღეებს ჩვენი ხალხი ნინოობას უწოდებს.

– ჩვენთვის ამ დღესასწაულის აღნიშვნას რა მნიშვნელობა აქვს?

– ნინოობა არ არის უბრალოდ წმ. ნინოს გახსენება (თავისთავად ესეც დიდი და წმინდა საქმეა). ნინოობა უპირველესად იმ სიყვარულის დღესასწაულია, რომელიც უკვე 18 საუკუნეა ჩვენს შორის სუფევს, აერთიანებს ჩვენს ქვეყანას, როგორც ცნობიერებით და ტერიტორიულად, ასევე, მარადისობასთან, სადაც ერთად მოიაზრება ზეციური და ამქვეყნიური საქართველო, იმქვეყნად წასული ჩვენი წინაპრები და ჩვენთვის უცნობი მომავალი თაობები. წმინდა ნინომ შეგვკრიბა „ერი ქართველთა“.

No comments:

Post a Comment