Wednesday, May 14, 2003

ქუთაისში შეიძლება წმინდა წინასწარმეტყველება აღსრულდეს

მეუფე კალისტრატე: დღეს საქართველოს კომუნისტური ცნობიერება ჭამს

ქუთაისში გამარჯვების მოედანზე ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი შენდება. მორწმუნენი ამ ადგილს უკვე სიყვარულით „ათონს“ ეძახიან. როგორც ვარაუდობენ, მშენებარე ეკლესია ერთ-ერთი უდიდესი იქნება ეპარქიაში. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ეკლესია-მონასტრების რაოდენობით არც ისე ღარიბია, წირვებზე, ლოცვებსა და დღესასწაულებზე ისინი მრევლით არის გადაჭედილი.

ახალი ტაძარი შენდება ათეული წლების წინ მიტოვებული საზაფხულო კინოთეატრის შენობის ადგილზე. მორწმუნენი დარწმუნებულები არიან, რომ წმინდა წინასწარმეტყველების აღსრულების შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი სწორედ მისი სახელობის ტაძარში დაიდებს ბინას. ამ წინასწარმეტყველებისა და მშენებლობის შესახებ „ახალი ვერსია“ ესაუბრა ქუთათელ-გაენათელი ეპარქიის მიტროპოლიტს, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას კალისტრატეს.

– ქუთაისში „ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის“ სახელობის ტაძრის მშენებლობა ნამდვილად ღვთის წყალობაა. მისი მშენებლობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაიწყო. რამდენიმე წლის წინ ჩემთან მოვიდნენ ადამიანები, რომელთაც სწორედ იმ ადგილას, სადაც ახლა ტაძარი შენდება, იქ ცის გახსნა იხილეს. ცოტა ხანში ისევ იმ ადგილას რამდენიმე მორწმუნეს ღვთისმშობლის გამოცხადება ჰქონდა. ყოვლადწმინდას ხატება მთელს ცაზე იყო გადაფენილი.

ქუთაისს 3500 წლიანი ისტორია აქვს და ქუთაის-გაენათის ეპარქიაც უძველესია. აქედან გამომდინარე, ვიფიქრე, უფალი რაღაც ნიშანს გვაძლევს-მეთქი. მამა ალექსისთან (სინაურიძე) და ამირან სინაურიძესთან ერთად დავიწყე ფიქრი ამ ტაძრის მშენებლობაზე. ამ ტაძრის მშენებლობის დაწყებას 35 000 ადამიანი ითხოვს და ეს ხელმოწერები მამა ალექსის აქვს შენახული. მას უკვე იცნობენ მთავრობის წევრებიც და ქალაქისა თუ რეგიონის ხელისუფალნი.

გაირკვა, რომ იმ ადგილის მფლობელი, სადაც ტაძარი უნდა აშენდეს, არის კინოსტუდია „ქართული ფილმი“. კინოსტუდიის ხელმძღვანელს ბატონ რეზო ჩხეიძეს უდიდეს პატივს ვცემ. ჩემი აზრით, ის საოცრად დიდი მამულიშვილია. ბატონი რეზო არ აკლდება არც ერთ დიდ ეროვნულ საქმეს. ჩვენ მას სპეციალური მიმართვა გავუგზავნეთ, რათა ამ საქმეში თანადგომა გაეწია. პასუხმაც არ დააყოვნა. ყველა სიძნელე ღვთის წყალობით გავიარეთ და აღნიშნულ ადგილზე კინოსტუდია „ქართულმა ფილმმა“ ტენდერი ჩაატარა, რომლის პირობითაც, ვინც ამ ადგილს შეიძენდა (ფასი სიმბოლური იყო), იქ აუცილებლად მართლმადიდებლური ტაძარი უნდა აეშენებინა.

საქართველოში არ გამოჩნდა ამ საქმის გამკეთებელი ადამიანი, ამიტომ ეს თანხა ეპარქიამ გადაიხადა და კინოსტუდიამ ადგილი გადმოგვიფორმა. მე გულწრფელი მადლობა გადავუხადე ყველა იმ ორგანიზაციას, ვინც გაათვითცნობიერა მართლმადიდებლობის ისტორიული თუ დღევანდელი მნიშვნელობა და გვერდში დაგვიდგა. ამ ტაძრის წინამძღვრად მამა ალექსი ვაკურთხე, რომელიც გვარად სინაურიძეა. სხვათა შორის, მისი გვარის წარმომავლობა წმინდა სინას მთას უკავშირდება.

მამა ალექსიმ მთელი გულით და სულით დაიწყო ტაძრის მშებნებლობისთვის ფუსფუსი და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა ტაძარი მალე აშენდეს. უმოკლეს დროში ჩვენ იქ უკვე მცირე ტაძარს ვაკურთხებთ, რომლის მშენებლობა თითქმის დასრულდა. ის არც ისე პატარაა და 500-600 მლოცველს იტევს. პარალელურად ვიწყებთ ჯვარ-გუმბათოვანი დიდი ტაძრის მშენებლობასაც, რომლის პროექტიც მუშავდება. ეს ტაძარი თავისი არქიტექტურით არა მარტო ქუთაისის, არამედ მთელი საქართველოს მშვენება იქნება. ამ კუთხით დიდი გამოცდილება მაქვს მიღებული. სანამ ეპისკოპოსად მაკურთხებდნენ, სრულიად საქართველოს საპატრიარქოს მშენებლობა-მომარაგების მთავარი სამმართველოს უფროსი. 200-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი და 140-ზე მეტი სამლოცველო ვაკურთხე. ეტყობა უფალმა მადლი დაუშვა ამ კუთხეზე.

დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის არატრადიციული ფერისცვალება მიდის, აქ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატის ტაძრის მშენებლობას ღვთის დიდ წყალობად აღვიქვამ. პირველივე საუკუნეებიდან საქართველო სწორედ ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის მფარველობის ქვეშ იმყოფება.

– თქვენი ვარაუდით, როდის დამთავრდება ტაძრის მშენებლობა?

– როგორც აღვნიშნე, პროექტზე ვმუშაობთ, ადგილს გეოლოგიურადაც ვამოწმებთ. ტაძრის პროექტს ჩვენი სამმართველოს უფროსი ბატონი გივი გოგრიჭიანი ამზადებს. მომავალი ტაძრის ტერიტორიაზე უკვე პარაკლისები ტარდება. ხალხი სულიერად ითხოვს ეკლესიის მშენებლობის მალე დასრულებას.

მნიშვნელოვანია, რომ არსებობს წმინდა წინასწარმეტყველება, რომლის მიხედვითაც, უკანასკნელ ჟამს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ანგელოზების თანხლებით დატოვებს ათონის მთის ივერონთა ტაძარს. თქვენ როგორ ფიქრობთ, სად წაბრძანდება ხატი? რა თქმა უნდა, იქ, სადაც მისი სახელობის ტაძარი იქნება და ყველაზე მეტად ელოდებიან. მჯერა, რომ ეს მართლაც ასე მოხდება. ამიტომ მსურს მთელს საქართველოს მივულოცო ღვთის ასეთი დიდი წყალობა. ღვთისმშობელ დედას შევთხოვ, რომ უმოკლეს დროში შეგვაძლებინოს ამ ტაძრის დასრულება.

– ტაძართან დგას კომუნისტური ბელადის სტალინის ძეგლი. ეს მრევლს ხომ არ დააბრკოლებს?

– ჩვენ, მართლმადიდებლებს მხოლოდ ერთი მოსამართლე გვყავს ზეცაში. უნდა ვიცოდეთ, რომ სტალინი მართლმადიდებელი იყო. გარდაცვალებამდე მან აღსარება ჩააბარა რუსეთის პატრიარქს, რომელმაც შემდეგ წესიც აუგო. გარდაცვალების 50 წლისთავზე სწორედ ჩვენ გადავუხადეთ პანაშვიდი სტალინს, რომელსაც სტალინელებიც დაესწრნენ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით განხორციელდა.

– თბილისის მერია (პირადად მერი) და ქალაქის ხელმძღვანელობა მონაწილეობას იღებენ ახალი ტაძრების მშენებლობაში. საინტერესოა, ქუთაისის ქალაქისა და რეგიონის ხელმძღვანელობა თუ ეხმარება ამ მშენებლობას?

– 1983 წლიდან ამ ეპარქიის ხელმძღვანელი ვარ. აქ მხოლოდ სამი მოქმედი ეკლესია და ერთი მონასტერი დამხვდა. დღეს ეპარქიაში 56 ეკლესია, 2 დედათა და 4 მამათა მონასტერია. ჩვენ აღვადგინეთ ზედა სვანეთის, ქვედა სვანეთის, ხონისა და სამტრედიის, ვანისა და ბაღდათის ეპარქიები, სადაც არ არსებობდა არც ერთი მოქმედი ეკლესია. ამჟამად ჩვენს ეპარქიაში 20 ახალი ტაძრის მშენებლობა და 47-ის რესტავრაცია მიმდინარეობს. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღვადგინე გელათის სასულიერო აკადემია, სემინარია და საწავლებელი. ძალიან რთული პერიოდია. ვერ ვიტყვი, რომ ყველას უხარია ჩვენი საქმიანობა. სასამართლოებშიც გვიჩივიან, მაგრამ სამართალი თავის გზას პოულობს.

არსებობს წინააღმდეგობები (ზოგჯერ შენიღბულიც), მაგრამ არა ისეთი, რომ ამ აღმშენებლობის საქმეში ვინმემ ხელი სერიოზულად შეგვიშალოს. ქუთაისში არიან ძველი ათეისტი კულტურისტები. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ბაგრატის ტაძარი არ უნდა აღდგეს. გეკითხებით რატომ არ უნდა აღდგეს? ბაგრატის ტაძარი ერთიანი საქართველოს სულიერი სიმბოლოა. ბაგრატის ტაძარში კვირაში ორ პარაკლისს ვატარებ. თავისუფლება, მე მგონი, უზნეობას არ ნიშნავს. თავისუფლება უფრო სულიერი ამაღლება და ზნეკეთილობაა. ქართველები ზნეკეთილები ვიყავით, რასაც თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ. დღეს ჩვენ გვაქვს წინააღმდეგობა, მაგრამ, როდესაც ადამიანი მართალია, თავისი რწმენით, მთელი გულით საქმეს შეუდგება და მხნეობას არ დაკარგავს, ყველაფერი მოგვარდება.

– რა სახსრებით შენდება ტაძარი?

– ბევრი ხმას ავრცელებს, რომ კრიმინალები, ქურდები, ბანდიტები და ყაჩაღები მონაწილეობას იღებენ ტაძრის მშენებლობაში. აბა რა გითხრათ? შემოწირულობათა სალაროებს ყოველთვის კომისიის დასწრებით ვხსნი. ფულზე ავტოგრაფს არავინ ტოვებს. გავხსენით ეს სალარო, ფული დავთვალეთ, გადავსახე ჯვარი. მერე ნაწილი ამ თანხისა მოწყალებაში გავუშვი, ნაწილი მშენებლობაზე, ნაწილი კიდევ სხვა რამისთვის. ნებისმიერი დამნაშავე, ვინც არ უნდა იყოს, ხომ ყიდულობს პურს, ან, დავუშვათ, მანქანას. მისი გადახდილი თანხა სახელმწიფოს ბიუჯეტში არ შედის? ვინც ბიუჯეტიდან ხელფასს იღებს, უნდა აყვირდეს, დამნაშავეთა მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხა რატომ მომეცითო? უბრალოდ, არიან პოლიტიკოსები, რომლებიც გამიზნულად გაჰყვირიან, რათა მართლმადიდებლობის სახელი შებღალონ და მრევლი თავიანთ სარწმუნოებაში დააეჭვონ. გამწარებული, მშიერი და შეციებული ხალხის მოტყუება კი ძალიან იოლია.

ჩვენ ეპარქიაში ვშრომობთ და გვაქვს მცირეოდენი შემოსავალი თუნდაც სანთლის გაყიდვიდან, ბევრია შემოწირულება. აი, ტაძრის მშენებლობისთვის ზოგი სამშენებლო მასალას, ზოგიერთი ფულს გვწირავს.

ამას წინათ, ერთმა მორწმუნემ ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობისთვის 1000 დოლარი შემოგვწირა. ჩვენ ყველაფერს ჟურნალში ვატარებთ. მთელი ისტორიის განმავლობაში ქართველი ხალხი ტაძრებს შემოწირულობებით აშენებდა. ერთხელ ისიც კი დამაბრალეს, რომ ოღასყურის სასაფლაოზე ტაძარი თითქოს ვიღაცა ბანდიტმა ამიშენა. ეს სისულელეა, რადგან ყველაფერი ჩვენ თავად გავაკეთეთ. ყველა ჩვენს შეურაცხმყოფელ ადამიანს მოვუწოდებ, რომ ცოტა დაფიქრდეს ვისზე ლაპარაკობს ცუდს. უფალი ყველაფერს ხედავს...

დღეს საქრთველოს ძველი, კომუნისტური ცნობიერება ჭამს. ურწმუნო ადამიანი მხოლოდ თვალით ხედავს და არა გულით. ყოველ კვირას საეპარქიო კრებას ვატარებ, რომელსაც ერიც და ბერიც ესწრება. მოვიდნენ და გაიგონ, ვინ აშენებს და ვინ ანგრევს ტაძრებს. თუ მართალი ვარ, რატომ უნდა მრცხვენოდეს? შერცხვეს იმას, ვინც პირშავია. იმერეთი თავისი ზრდილობით, კულტურითა და მდიდარი ტრადიციებითაა ცნობილი. ამ ტრადიციებს მოფრთხილება უნდა. თუ ჩვენ იმას არ გავუფრთხილდით, რაც ჩვენმა წინაპრებმა წამებითა და ტანჯვით დღემდე მოიტანეს, არ შევინარჩუნეთ ენა, მამული და სარწმუნოება, ერი დაიღუპება.

ჭეშმარიტი სარწმუნოების არმქონეს ჭეშმარიტი ზნეობა ვერ ექნება. მთელს საქართველოს ვულოცავ ქრისტეს აღდგომას! სულიერი აღდგომა სიკეთის ბოროტებაზე, სიყვარულის სიძულვილზე გამარჯვებას ნიშნავს. თუ ადამიანი ეკლესიურ ცხოვრებას დაემორჩილება, მაშინ მისი გული შხამისაგან იწმინდება და მასში მაცხოვარი სულიერად იშვება. ასეთი განცდა უნდა გვქონდეს თითოეულ ჩვენგანს და სრულიად საქართველოს. თუ სიტყვა და საქმე ერთი გვექნება, ვიშროვებთ, ვილოცებთ და შედეგად სიყვარულს შევინარჩუნებთ, ეს იქნება ჩვენი აღდგომა. ამ აღდგომას ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დაგლოცოთ და იხარეთ ორთავ სოფელსა შინა! ამინ!

No comments:

Post a Comment