Wednesday, October 25, 2006

ანდრეი ტარკოვსკი სარკეში

ანდრეი ტარკოვსკის ფილმის „Зеркало“-ს სამუშაო სახელი „თეთრი, თეთრი დღე“ იყო. აღნიშნული ერთგვარი მონოლოგი ჟურნალ „Искусство Кино“-ში გამოქვეყნდა იმ დროს, როცა გადაღებები მიმდინარეობდა.

ანდრეი ტარკოვსკი: „ძალიან ძნელია ამ ფილმზე საუბარი, რადგან ის ჩემთვის რთული და მნიშვნელოვანია. მთელი ჩანაფიქრი რომ გაგიმხილოთ, ძალიან დიდ დროს წაიღებს. რამდენიმე სიტყვით კი ვერაფერს გაგაგებინებთ. მოცემულ შემთხვევაში ამ ჩანაფიქრს ზედმეტად ფრთხილად ვუდგები, ამიტომ ეკრანიზებულ სიუჟეტზე არ ვისაუბრებ. მის საფუძველში ჩადებული მასალა ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ალბათ მასზე მოურიდებელი ლაპარაკიც შესაძლებელია. მაგრამ სურათი „თეთრი, თეთრი დღე“ ხელოვნების სხვა დარგებზე დამოუკიდებელი ყველა დანარჩენ ფილმზე მეტად უნდა გახდეს. მსურს შევძლო საკუთარი აზრები სუფთა კინემატოგრაფიულად, სხვა მინარევების გარეშე გამოვხატო.

რა თქმა უნდა, აქ მაყურებლის მხრიდან ფილმის აღქმის პრობლემა ჩნდება, ანუ გასაგები და საინტერესო იქნება თუ არა იგი ყველასთვის? თუმცა უკვე დიდი ხანია აღარ მჯერა, რომ შესაძლებელია ყველასათვის მისაღები ფილმის შექმნა. მცდარი მოსაზრებაა, თუ ფილმს ბევრი მაყურებელი ჰყავს, უკეთესია. ვისთვის ან რისთვისაა უკეთესი? ფილმისთვის? ვიტყვი, რომ უკეთესია მხოლოდ სალაროსთვის. ეს ასეა! მაგრამ აი აქ, კინობაზრის პირობებში, უკვე ჭეშმარიტი მხატვრული შემოქმედების პრობლემა წარმოჩინდება. სრულიად გასაგებია, რომ ერთნაირი წარმატებით მხოლოდ საყოველთაოდ მიღებული აღიქმება.მაგალითად, ბოლო დროს ყველაზე მეტი მაყურებელი „ნათლიმამამ“ მიიზიდა, თუმცა ჩემი აზრით, ეს ცუდი ფილმია. დავუშვათ, მსახიობები კარგად თამაშობენ, ამას ვეთანხმები, მაგრამ მთლიანობაში ძალიან მოსაწყენ, არაორიგინალურ და ზედმეტად ტრადიციულ (გამოხატვის საშუალებების თვალსაზრისით) კინოსურათად მეჩვენება. უფრო მეტიც, „ნათლიმამა“ უბრალოდ რეაქციული ფილმია, რომელიც მაფიის დაბადებასა და არსებობას ამართლებს. ხოლო კოპოლას მიერ „ოსკარზე“ უარის თქმა, კიდევ ერთი რეკლამა და გათვლაა. ეს ყველაფერი კი საკუთრივ ხელოვნების პრობლემებს ძალზედ სცილდება.