Friday, December 25, 2009

პროტესტი, გმობა, აღშფოთება და მშვიდობა

ლაშა გაბუნია ინტერნეტ-გაზეთი „ანარეკლი“

2009 წლის მთავარი მუსიკალურ მოვლენებზე ფიქრი ცოტა რთული ასაკვიატებელია პოლიტიკურად ისეთ ზეაქტიურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. აქ თითქმის ყველაფერი პოლიტიკაა და, ამავე დროს, თითქმის ყველაფერი შოუა. ბიზნესიც არის თითქოს, მაგრამ, ამავე დროს, მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის მომიზეზებაც შეიძლება, როცა რაიმე ხეირიანის დაფინანსებაზე მიდგება საქმე. ისიც მინდა ვთქვა, რომ მთავრობამ წელს ერთი ძალიან კარგი, საჭირო და ხეირიანი აქცია დააფინანსა. ამაზე ცოტა ქვემოთ.

მიუხედავად ძალზედ მწირი მოვლენებისა, 2009 წელს რამდენიმე ქართველი პოპ-მუსიკოსი პლანეტის ყურადღების ცენტში მოექცა და უკვე ძალზე პოპულარულმა ქართველმა მომღერალმა გოგონამ, როგორც იქნა, სამშობლოში სოლო კონცერტი გამართა. შეიძლება ეს იმის ბრალიცაა, რომ ქალაქის მთავარი საკონცერტო დარბაზის – ფილარმონიის რემონტი დიდი ხანია გაიწელა და ანშლაგებიანმა „იუმორინამაც“ კი ამ ხარაჩოებში მოქცეული შენობიდან კულტურის პროფკავშირების შენობაში გადაინაცვლა.

ყველაზე პოპულარული მუსიკალური ჟანრი

ბოლო წლებში საქართველოში, რომელსაც ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე თითქოსდა მოფერებით რატომღაც გურჯისტანს ეძახის (საკუთარ თავს და ხალხს – გურჯებს), სულ უფრო და უფრო შემცირდა მუსიკალური პოპსას ხვედრითი წილი. ოდესღაც მნათმა „ვარსკვლავებმა“ ან საერთოდ მიანებეს თავი ფონოგრამებზე სიმღერას, ან მათი ჭეშმარიტი, ერთ დროს ღრმადმიძინებული მოწოდება აღმოაჩინეს და რესტორნების ესტრადებს შეესივნენ. მავანმა „იუმორინაში“ დაიმკვიდრა ადგილი, ზოგიერთები კი ბოლო ორი ათწლეულის ჩვენი გაუხუნარი ტრადიციის თანახმად, პოლიტიკურად დაპირისპირებულ ბანაკებში გადანაწილდნენ. მაგალითად, „ფორტეს“, „ქუჩის ბიჭებისა“ და „ვაკის პარკის“ მუსიკოსებს, ჯემალ სეფიაშვილს და სხვებს, რაღა თქმა უნდა, „უცნობის“ თამადობით, მსმენელი ოპოზიციონერთა აქციებსა თუ მათ მხარდასაჭერ ვიდეორგოლებში ხედავდა და შესაბამისად, მათ ოპო-მუსიკოსები შეარქვა. სხვა დანარჩენების უმრავლესობას ხალხი ხელისუფლების მიერ მოწყობილ ღონისძიებებზე ამჩნევდა და ამიტომ ისინი მთავრობის (მიშას) მუსიკოსებად მონათლა. არ იფიქროთ, რომ ჩვენმა ესტრადის ვარსკვლავებმა გულებზე ხელი დაიკრიფეს. უბრალოდ, დარბაზებში მათი „გრანდიოზულად“ წოდებული კონცერტების რაოდენობა შემცირდა, ფაქტობრივად, შეწყდა. ამის გამო, ნაწილი მომღერლების ნაწილი მთავრობაზე დაიბოღმა, ნაწილი კი ოპოზიციას ტელევიზიებიდან ენას უყოფდა.