Tuesday, January 5, 2010

ბიტნიკები და ჰიპები (ნაწილი I)

© ლაშა გაბუნია
© გაგა გობრონიძე


ლაშა: – დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა ორი დიდი მოძრაობაა. ესენია ბიტნიკებისა და ჰიპების მოძრაობები. გავიხსენებთ, თუ როგორ გაჩნდნენ ბიტნიკები და ჰიპები, ხოლო ამ თემის ლოგიკური ფინალი კი ვუდსტოკის ფესტივალის ისტორია იქნება. თუ გავითვალისწინებთ, დღეს მსოფლიოში რა ხდება ან რა ფესტივალები ტარდება, ეს იყო დღევანდელი გადასახედიდან, ალბათ, უფრო უტოპისტებისა და იდეალისტების შეკრება. ჰიპების შემდეგ კიდევ არსებობდა რამდენიმე მოძრაობა, 70-იანების ბოლოს პანკკულტურა გაჩნდა, მაგრამ ამის შესახებ სხვა დროს შეგვიძლია ვისაუბროთ. ახლა კი იმაზე, თუ როგორ და სად დაიბადა ეს ყველაფერი...

გაგა: – სანამ ჰიპებამდე და ვუდსტოკამდე მივალთ, ორი ათეული წლით წინ გადავიდეთ, როდესაც ე. წ. „დამსხვრეულთა თაობის“ წარმომადგენლები, ანუ ბიტნიკები გამოჩნდნენ. სწორედ მათ იდეებზე, უკვე 60-იანი წლებში აღმოცენდნენ ჰიპები. შეიძლებოდა სხვა წიაღსვლებიც გვეკეთებინა და... ანრი სენ-სიმონიც გაგვეხსენებინა, მაგრამ ეს ყველაფერი შორს წაგვიყვანს.