„ადამიანებს მუსიკა ისევე ესაჭიროებათ, როგორც ჭამა, სმა, ძილი და სექსუალური კმაყოფილება“
ინგლისელი წარმოშობის ამერიკელი მწერალი და ნეიროფსიქოლოგი ოლივერ საქსი ავტორია ბესტსელერისა „ადამიანი, რომელსაც ქუდი ცოლში აერია“. ეს ნაწარმოები კომპოზიტორმა მაიკლ ნაიმანმა ოპერად გადააკეთა, ხოლო პიტერ ბრუკმა – დრამატულ სპექტაკლად. იგი 1933 წელს ლონდონში დაიბადა. სამედიცინო განათლება ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო. 1965 წლიდან ნიუ-იორკში ცხოვრობს. პროფესორი საქსი ცნობილი გახდა იმით, რომ მრავალი დავრდომილი და ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი საკუთარი სამკურნალო მეთოდებით განკურნა. მისი წიგნები მსოფლიოს 20 ენაზეა თარგმნილი. 2007 წელს გამოსული მეცნიერის Musicophilia: Tales of Music and the Brain („მუსიკოფილია: ამბები მუსიკასა და ტვინზე“) მუსიკისა და მედიცინის ურთიერთკავშირზეა. წერილში, რომელსაც ახლა გთავაზობთ, 78 წლის ექიმი მუსიკაზე სწორედ მედიცინის ჭრილიდან საუბრობს.
ამუზია, ანუ აბსოლუტური მუსიკალური სიყრუვე
უამრავ პაციენტს ვმკურნალობ. ზოგიერთი მათგანი მოხუცებულთა თავშესაფარში ან „ბეტ ებრაჰამსის“ ტიპის ქრონიკულად დაავადებულთა დაწესებულებებში ცხოვრობს, სადაც ორმოცზე მეტი წლის წინ განვითარდა მოქმედება ჩემს წიგნში „გამოღვიძება“ (ამ წიგნის მიხედვით გადაიღეს ფილმი, რომელშიც რობერტ დე ნირო და რობინ უილიამსი თამაშობენ – ლ. გ.), აგრეთვე, პატარა ღარიბი დების სამონაზვნო თავშესაფარში, რომელთანაც, ასევე, ვთანამშრომლობ. ამასთან ერთად, ხალხს კლინიკაშიც ვიღებ, ზოგიერთ პაციენტს კი სახლში ვმკურნალობ, რაც საოცარ სიამოვნებას მანიჭებს. მაგალითად, ამას წინათ ვსტუმრობდი ბრონქსელ ქალს, რომელსაც ამუზია სჭირს, ანუ იგი ვერ აღიქვამს მუსიკალურ ტონებსა და რიტმს. ეს მეტად ყოჩაღი, ნიჭიერი და საყვარელი ქალია, რომელიც ადრე სკოლის მასწავლებელი გახლდათ. ადრეული ბავშვობიდან იგი სმენით ვერ ცნობს ვერც ერთ მუსიკალურ ნაწარმოებს, უფრო სწორად, არ შეუძლია გაიგონოს მათში მუსიკა. თავად ასე ამიხსნა: „გინდათ იცოდეთ რას ვგრძნობ, როდესაც თქვენ მუსიკას უკრავთ? გადით სამზარეულოში და ახმაურეთ ქვაბები და ტაფები. ზუსტად ამას ვგრძნობ“. არსებობენ ადამიანები, რომელთაც საერთოდ არა აქვთ მუსიკალური სმენა, მაგრამ ეს უაზრობაა იმასთან შედარებით, როცა არ არსებობს საერთოდ მისი აღქმა, როგორც ამ ქალის შემთხვევაში. მას კინაღამ გული წაუვიდა, როცა შეიტყო, რომ ე. წ. შთამომავლობით ამუზიას მკვეთრი ნევროლოგიური გენეზი გააჩნია. წარსულში ჩემი პაციენტი თავის ქმართან ერთად ხშირად კონცერტებზე დადიოდა. ახლა კი იგი წუხს, რომ 70 წლის წინ არ დაუსვეს ეს დიაგნოზი, რადგან მთელი ცხოვრება თამაში არ მოუხდებოდა და თავის გაღიზიანებას ორკესტრის პირველივე ბგერებიდან აღარ დამალავდა.