Monday, December 15, 2014

ნანი ბრეგვაძის პირველი ქართული დისკი „ვიხსენებ მე...“

ეს სტატია ამა წლის დასაწყისში დავწერე უსახელო ჟურნალისთვის, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხარჯებით უნდა გამოსულიყო. სამწუხაროდ, სამინისტრომ ბოლო მომენტში გადაწყვიტა, უარი ეთქვა გამოცემის დაფინანსებაზე და, რამდენადაც ვიცი, ბევრი ავტორის მასალა გამოუქვეყნებელი დარჩა. ამ სტატიას ახლა უცვლელად წარმოვადგენ.

ნანი ბრეგვაძე ქართული სიმღერის, ქართული რომანსის გამორჩეული ეტალონია, რომლის შემოქმედება წლებთან ერთად არათუ ხუნდება, არამედ უფრო მკვეთრდება და სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. ხანგრძლივი შემოქმედების განმავლობაში მას უამრავი ფირფიტა აქვს ჩაწერილი რუსეთში თუ სხვა ქვეყნებში. საოცარია, მაგრამ დღემდე მუსიკოსის ქართული დისკი არ არსებობდა. ცოტა ხნის წინ კი „ბრავო რეკორდსმა“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის კულტურული ღონისძიების ცენტრის მხარდაჭერით გამოსცა ნანი ბრეგვაძის პირველი ქართული ალბომი „ვიხსენებ მე...“.

ალბომის ყდა, დიზაინი
მასში შევიდა ქართველი მომღერლის ყველა დროის საუკეთესო 12 ქართული მუსიკალური ნაწარმოები, რომლებსაც მეტად საინტერესო ახალი საორკესტრო არანჟირება გაუკეთა მუსიკოსმა და დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველმა. რეპერტუარში ჟღერს ქართველი კომპოზიტორების: ნუგზარ ვაჩნაძის, ვაჟა აზარაშვილის, ბიძინა კვერნაძის, გურამ ბზვანელის, გია ყანჩელის, დავით თორაძის, გიორგი ცაბაძის, მარიკა კვალიაშვილის და რევაზ ლაღიძის სიმღერები, რომელთა დიდი უმრავლესობაც სპეციალურად ნანი ბრეგვაძისთვის შეიქმნა.

მეტად ორიგინალურია დისკის გაფორმება. იგი წარმოადგენს საოჯახო ალბომს, რომელშიც ჩაკრულია ნანი ბრეგვაძის სხვადასხვა სურათები, მათ შორის საოჯახო ფოტოებიც. ფოტოებს შორის პერგამენტის ფურცლებზე სიმღერის ტექსტებია წარმოდგენილი. ამავე ქაღალდებზე დამაგრებულია რამდენიმე საჰერბარიუმე ნამდვილი ყვავილი, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს, – მუსიკოსი ცხოვრებაში მსმენელისგან მიღებულ აურაცხელ ყვავილს მადლიერების ნიშნად ამ დისკის საშუალებით უკან აბრუნებს.

დისკის გაფორმების დეტალი
ალბომის არაოფიციალური პრეზენტაცია ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში გაიმართა. საღამოზე ნანი ბრეგვაძემ შეასრულა ახალ ფირფიტაში შესული რამოდენიმე მუსიკალური ნაწარმოები. პრეზენტაციის ბოლოს კი სპეციალურად მოწყობილ ადგილას გაიმართა ალბომზე ხელის მოწერის ცერემონია, ე.წ. „საინინგ-ფართი“, სადაც ნანი ბრეგვაძემ თითოეულ მოწვეულ სტუმარს ახალი ალბომი საკუთარი ავტოგრაფით უსახსოვრა და მათთან ერთად გადაიღო ფოტოები.

დიმიტრი ქაჯაია
დიმიტრი ქაჯაია („ბრავო რეკორდსის“ გენერალური დირექტორი): „ჩვენ უნიკალური ალბომი გამოვუშვით, სადაც ქ-ნი ნანის განუმეორებელი სიმღერები შევიდა. დისკის გასაფორმებლად ჩვენი მარკეტინგის ხელმძღვანელმა, სოფო ალექსიძემ დიზაინერებთან ერთად საოჯახო ალბომის კონცეფცია შეიმუშავა. შედეგად საკმაოდ მდიდრული და ლამაზი დიზაინის ალბომი მივიღეთ. სხვათა შორის, თითოეული ალბომი ხელითაა აკინძული. ესაა უნიკალური საკოლექციო დისკი. სხვადასხვა მიზეზების გამო, პროექტი დიდხანს გაგვეწელა. თავდაპირველად პროექტს ჩვენი ხმის რეჟისორი მატიას სარტორი იწერდა (მან ერთი წელი იმუშავა ჩვენთან) და შემდეგ ეს საქმე ალეკო ბერძენიშვილმა გააგრძელა. ძალიან საინტერესო გამოვიდა ალბომის პრეზენტაცია. დისკის ერთ-ერთმა სპონსორმა „თი-ბი-სი“ ბანკმა მთაწმინდაზე ფუნიკულიორის განახლებული რესტორნის მე-3 სართულზე არაჩვეულებრივ საზოგადოებას უმასპინძლა. შეხვედრა დასრულდა საინინგ-ფართით, რაზეც საკმაოდ დაღლილი ქ-ნი ნანი მსურველებს ავტოგრაფებს ურიგებდა ახლადშეძენილ დისკზე და ბოლო მსურველის გასტუმრებამდე თავი არ აუღია“.

ნიკოლოზ რაჭველი (კომპოზიტორი, დირიჟორი, საორკესტრო ვერსიების ავტორი): „ნანი ბრეგვაძესთან ჩემი შემოქმედებითი თანამშრომლობა ამ ალბომის ჩაწერამდე გაცილებით ადრე დაიწყო. 2000 წელს მე გახლდით ქალბატონი ნანის კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი. ეს თავის დროზე ძალიან თამამი შემოქმედებითი პროექტი გახლდათ, ვინაიდან მაშინ ნანიმ საქართველოს ჯაზ-სექსტეტთან და ახალგაზრდა მუსიკოსების ბენდთან ერთად შეასრულა ჩემს მიერ სრულიად ორიგინალურად არანჟირებული ისეთი მუსიკა, რომლის მსგავსიც მას არასდროს შეუტანია რეპერტუარში. სხვათა შორის, ეს ჩანაფიქრი და სხვა შემდგომი ერთობლივი პროექტები ეკუთვნოდა მუსიკალურ პროდიუსერს, ქ-ნ მარინა ბერიძეს.

ნანი ბრეგვაძე და ნიკოლოზ რაჭველი სტუდიაში მუშაობისას
2010 წელს კი ქ-ნი ნანის დიდი შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელშიც 120-კაციანი სიმფონიური ორკესტრი და 60-კაციანი კაპელაც მონაწილეობდა. ეს კონცერტი გავაკეთე საერთაშორისო სტანდარტებით. ამის მაგალითია თუნდაც ბარბრა სტრეიზენდის ცნობილი კონცერტები. ასეთ კონცერტებზე მთავარი პრინციპი ბიოგრაფიის მოყოლაა, როგორც საუბრით, ასევე მუსიკით. ჩვენ ბიოგრაფიას გავყევით, – ქ-ნი ნანის პირველი სიმღერიდან მოყოლებული, მისმა მთელმა ცხოვრებამ გაიარა სცენაზე. სწორედ ამ პროექტზე მუშაობის დროს გავაორკესტრე ეს სიმღერები და ამ დამუშავებული სიმღერებიდან შევარჩიეთ ახალი დისკის რეპერტუარი. აქ თავმოყრილი სიმღერების აბსოლუტური უმრავლესობა დიდმა ქართველმა კომპოზიტორებმა პირადად ქალბატონი ნანისთვის დაწერეს.

მუშაობის პროცესში ძალიან გავოცდი, რადგან ქ-ნმა ნანიმ მთელი ალბომი სამ სამუშაო დღეში ჩაწერა. ამას ენერგიით აღსავსე ახალგაზრდა და ძალიან წარმატებული მომღერლები ვერ ახერხებენ. ნანი ბრეგვაძე დაჯილდოვებულია ღვთიური მადლით, რომელიც მას აძლევს უნარს ამდენი წელი იყოს შეუცვლელი და ნომერი პირველი მომღერალი არა მარტო თავის სამშობლოში, არამედ უზარმაზარ პოსტ-საბჭოთა სივრცეში (ეს დედამიწის თითქმის ნახევარია). მოგეხსენებათ, რაც არის საესტრადო მუსიკა და ნანი ბრეგვაძემ იგი კლასიკური მუსიკის საფეხურამდე აიყვანა, რისი წყალობითაც ფართო საზოგადოებას გემოვნება დაეხვეწა. იგი მთელს ამ უზარმაზარ სივრცეში ერთადერთი და განუმეორებელი ადამიანია, რომელმაც ეს შეძლო. ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია. ნანიმ თავისი ნიჭისა და შემოქმედებითი შარმის წყალობით, საქართველოსა და სსრკ-ს აკადემიური მუსიკის ბრწყინვალე კომპოზიტორები აიძულა, მისთვის საუკეთესო მელოდიები დაეწერათ. ეს უდიდესი დამსახურებაა. მისი დამსახურებით საქართველოში ამდენი გენიალური მელოდია შეიქმნა და ამის გამო ნანი ბრეგვაძე უაღრესად ისტორიული პიროვნებაა“.

ნანი ბრეგვაძე: – „ალბომის ჩაწერის ინიციატორი ზაზა შენგელიაა. ბევრი რუსული და ქართული სიმღერა მაქვს ჩაწერილი „ორერასთან“, მედეა გონგლიაშვილთან ერთად, ოღონდ ეს ყველაფერი მოსკოვში ხდებოდა. იქ ძველი ლუთერანული ეკლესიის შენობაში „მელოდიის“ ძალიან კარგი სტუდია იყო გამართული, სადაც შესანიშნავი ხმის რეჟისორი, ვიქტორ ბაბუშკინი მუშაობდა. სიმკაცრის გამო, მუსიკოსები მასთან თანამშრომლობას იშვიათად თანხმდებოდნენ. ჩვენთან კი, „ორერასთან“ და პირადად ჩემთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა, – სულ გვამხნევებდა. შემდეგ, მედეა გონგლიაშვილთან ერთადაც მასთან ჩავწერე ჩემი ალბომი, თუმცა ვეუბნებოდი, 2 ან 3 ქართული სიმღერა აუცილებლად უნდა შევიდეს ჩანაწერში-მეთქი და ასეც გავაკეთე. მას შემდეგ დიდი დროა გასული და ვფიქრობდი, რა უნდა დარჩეს შენს მერე? რა თქმა უნდა, არსებობს რადიოს ჩანაწერებიც, მაგრამ, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა მქონოდა ქართული სიმღერების დისკიც, რაც ძალიან კარგი ადამიანების დახმარებით განხორციელდა.

ნანი ბრეგვაძე ალბომის პრეზენტაციაზე
მომავალში, თუ ხმა შემრჩა, მინდა რუსული სიმღერებიც ჩავწერო, მაგალითად, ბორის პასტერნაკის ლექსზე კომპოზიტორ ოსკარ ფელცმანის სპეციალურად ჩემთვის დაწერილი სიმღერა Свеча Горела. სხვა ბევრი კარგი სიმღერა მაქვს, შეიძლება ქართული და რუსული ერთმანეთში ავურიო კიდეც. ვნახოთ. დროში თუ არ ჩაჯექი, არაფერი გამოგივა. მე ყოველთვის დრო მკარნახობს, როდის რა ვაკეთო.

– მოგწონთ ახალი დისკი?

– მგონია, უკეთესი უნდა გამოსულიყო. საერთოდ, ახირებული ადამიანი ვარ, – ჩემი არაფერი მომწონს. შარშან, როდესაც დისკი ჩავწერე, ჩემი ხმა არც თუ კარგად ჟღერდა. დღეს ამ სიმღერებს ბევრად უკეთესად შევასრულებდი. ბოლოს მოსკოვში ვიმკურნალე, ხმის იოგებს არაფერი ჭირდა, მაგრამ ტონუსი მქონდა დაბალი. ექიმებმა ყელში რაღაც წამალი ჩამასხურეს და ახლა ძალიან კარგ ფორმაში ვარ. ამიტომ გული მწყდება. თუმცა დისკისთვის, ჩემი ასაკის გათვალისწინებით, ასე რომ ვიმღერე, ღმერთს მადლობა უნდა ვუთხრა.

– დისკის ჩაწერის პერიოდში თქვენ თანამშრომლობდით ნიკოლოზ რაჭველთან. რა შეგიძლიათ თქვათ მასზე, როგორი კმაყოფილი ხართ მისი საქმიანობით?

– რაც გაკეთდა, ნიკას ძალიან დიდი დამსახურებაა. როგორ შეიძლება ნიკას კმაყოფილი არ იყო? იგი უნიჭიერესია და, რაც მთავარია, ძალიან დახვეწილი გემოვნება აქვს. საერთოდ, ხელოვნების ყველა დარგში თუ გემოვნება არა გაქვს, შენი ნიჭი არავის ჭირდება. რასაკვირველია, არსებობენ ჩემზე და ნიკაზე უკეთესები, მაგრამ დღეს ამ ქვეყანაში მე არ მეგულება მასზე ნიჭიერი მუსიკოსი, რომელიც ასე გემოვნებით გააორკესტრებს მუსიკალურ ნაწარმოებებს. ძალიან კმაყოფილი ვარ.

ნიკოლოზ რაჭველი და ნანი ბრეგვაძე დისკზე მუშაობისას
ამას წინათ 80-კაციანი ორკესტრით პეტერბურგში ვიყავით ერთად. ნიკამ ისეთი კონცერტი გამართა, ჩემს სიცოცხლეში არ დამავიწყდება. რუსეთში ყველაზე კარგი მაყურებელი პეტერბურგში მყავს. იქ გამართულ ნებისმიერ ჩემ კონცერტზე დარბაზი გადაჭედილია. მაყურებელს ძალიან აინტერესებდა როგორი გამოვიდა სიმღერები ორკესტრთან და ჩემს შვილებთან ერთად. გადაირივნენ, ისე მოეწონათ! თან რუსულად არ მიმღერია. მხოლოდ ერთი ჩემი სიმღერა, Снегопад დავტოვე კონცერტის რეპერტურში. დარბაზში მსმენელს ავუხსენი, რომ ეს სიმღერა უკვე სიმფონიური ნაწარმოებია და აღარაა ის, რაც მანამდე იყო. გაგიჟდებით, ისეთი არანჟირებული სიმღერაა და მეც სულ სხვანაირად ვიმღერე. საერთოდ, ასე მახასიათებს, როგორც მიკრავენ, ისე ვმღერი. დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ დაგიკრავს დირიჟორი, ორკესტრი, პიანისტი... ნიკა იქ უკრავდა კიდეც და დირიჟორობდა.

– თქვენ აღნიშნეთ, რომ რუსეთში ძალიან კარგი და ბევრი მსმენელი გყავთ. 2002 წელს თქვენი სახელობის ვარსკვლავიც კი გაიხსნა. ხომ არ აპირებთ ამ ფირფიტის იქ წაღებას?

–  იცით, ჩვენთვის, ქართველებისთვის მუსიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, შემდეგ მოდის უკვე ტექსტი. რუსებისთვის კი დიდი მნიშვნელობა აქვს ტექსტსაც და მუსიკასაც. ეს დისკი სულ ქართულია, ამიტომ ეჭვი მეპარება, რუსებს მოეწონოთ. თუმცა, ბ-ნმა ზაზა შენგელიამ ბრძანა, ამისთვის შეიძლება ყველა ტექსტის რუსულად თარგმნაო. როცა რუსეთში ვმღერი, ქართულ ტექსტს რუსულად არ ვთარგმნი, თუმცა განვმარტავ სიმღერის ხასიათს. მაგალითად გალაკტიონის ლექსზე შექმნილი ბიძინა კვერნაძის „ვარდები არ არიან“-ზე მაყურებელს ვუთხარი, რომ ამ ლექსის სიღრმე თარგმანში კარგად არ იგრძნობა, მაგრამ მელოდიით შემიძლია გითხრათ, რისი თქმა უნდოდა სოფიკო ჭიაურელს, – ფილმში არისტოკრატ ქალს, რომელიც მღერის ამ ქართულ რომანსს. მარტო თქვენ არ გაქვთ ეს ჟანრი. ჩვენს ქვეყანაში მე-19 საუკუნის დასაწყისიდან არსებობს ქართული რომანსი, რომელიც დღემდე გიორგი ჩუბინაშვილმა მოიტანა. ქართველები არ მივყვებით რუსული რომანსის ხაზს. ამას ვუხსნი ხოლმე მაყურებელს და კარგად იგებენ.

ახალი ალბომის პრეზენტაციის და პრეს-კონფერენციის დღე
–  ქ-ნო ნანი, ამ ფირფიტაზე შესული სიმღერების უმრავლესობა სპეციალურად თქვენთვის შეიქმნა. შემიძლია ვთქვა, რომ თქვენ ბევრი ქართველი ლეგენდარული კომპოზიტორის მუზა ბრძანდებოდით. როგორ მყარდებოდა და მყარდება კომუნიკაცია თქვენსა და კომპოზიტორს შორის? ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა სპეციალურად თქვენთვის დაწერილ სიმღერაზე უარი გითქვამთ?

– დიახ, ყოფილა ასეთი შემთხვევები და სიმღერებში შესწორებებიც შემიტანია. ბიძინა კვერნაძე მაძლევდა ამის უფლებას, რევაზ ლაღიძე – არა. რეზოს ისეთი დიდი მასშტაბის გაორკესტრებული უნიკალური სიმღერები ჰქონდა, რომ იქ მე ვერაფრით ჩავერეოდი. გოგი ცაბაძე კი ახალ სიმღერას ჯერ თვითონ მიმღერებდა და ჩასწორების საშულებასაც მაძლევდა. ეს ინტერვიუებშიც აღუნიშნავს. სიმღერებს ჩემს ხმას ვარგებდი, სულ ვმუშაობდი. მარტო „სიმღერა დამიწერეს და მე ვიმღერე“ არ არის მუშაობის პროცესი. ტექსტიც შემიცვლია, რომელიც არ ჯდებოდა სიმღერაში, თუმცა პეტრე გრუზინსკის ისეთი მუსიკალური ლექსები ჰქონდა, თვითონ ტექსტი მღეროდა ხოლმე. მორის ფოცხიშვილიც არაჩვეულებრივი პოეტი იყო.

– თქვენი, როგორც ვოკალისტის ჩამოყალიბებაში ვის მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი?

– მე ვოკალური სკოლა არ გამივლია. არავის უსწავლებია და არასოდეს მცოდნია, სწორად როგორ უნდა მემღერა. ჩემთვის უამრავ დიდებულ მომღერალს უთქვამს, რომ ბუნებრივად დამუშავებული ხმა მაქვს და სწორად იმიტომ ვმღეროდი. ისიც აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ღმერთმა ძალიან კარგ ეპოქაში გამაჩინა, სადაც ბუმბერაზი, დიდი გემოვნების მქონე კომპოზიტორები და მუსიკოსები მოღვაწეობდნენ. უბრალოდ, მე მათ შორის მოვხვდი. ამ ადამიანებმა გემოვნება ჩამომიყალიბეს.

ნანი ბრეგვაძე „საინინგ-ფართიზე“ ხელს აწერს ალბომზე
ამავე დროს, არაჩვეულებრივ მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე. დედის მხრიდან დიდი დირიჟორის, ევგენი მიქელაძის შთამომავლები ვართ. ოჯახში ყველა მღეროდა. ჩემი 6 დეიდა ბრწყინვალე მომღერლები იყვნენ. ასევე დედის მხრიდან მენათესავებოდა შესანიშნავი მომღერალი ჩიტოლია (ნინო) ჩხეიძე. მას მუსიკალური განათლება საერთოდ არ მიუღია, მაგრამ ჭკუის დაკარგვამდე კარგად მღეროდა. მისი სტილით ვმღერი მეც. ცნობილია, რომ ვინც სწორად არ მღერის, დროთა განმავლობაში ხმა უფუჭდება, ჩემი ხმა დღემდე კარგ მდგომარეობაშია, რადგან ბუნებრივია და ეს არაა ჩემი დამსახურება, – ღმერთის საჩუქარია. წლებთან ერთად ოსტატობა მომემატა და ახლა ვიცი, როდის რა გავაკეთო, როგორი ხასიათი გამოვიყვანო, მაგრამ ეს არსად მისწავლია.

– რომელი ქართველი ახალგაზრდა მომღერალი მოგწონთ?

– როგორ გითხრათ ვინ მომწონს, როცა ქართულ სიმღერას არავინ მღერის? მათ ვერ შევაფასებ. ქართული სიმღერის შესრულება ძალიან რთულია. ახლა ისეთი დროა, ინგლისურად მღერიან. მაგრამ უიტნი ჰიუსტონის სიმღერას რომ მიმღერი, იმაზე უკეთესად ხომ ვერ შეასრულებ? გამოდის, მიმბაძველი ხარ. ეს ჩემთვის მიუღებელია. ბევრს გადასარევი ხმა აქვს, მაგრამ როგორც კი ქართულად სიმღერას იწყებს, სადღაც იკარგება, რადგან ჩვენს სიმღერებში ისეთი სიღრმეა, ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი და თან გემოვნებაც უნდა გქონდეს.

საერთოდ კი ძალიან კარგი და ნიჭიერი ახალგაზრდები მოდიან, მაგრამ ჩვენთან არაა განვითარებული შოუბიზნესი. მეცოდებიან ეს ახალგაზრდები. სად მიდიან? ისეთი დრო მოვიდა, რუსეთშიც არაა მარტივი სცენაზე გასვლა, თუ ძალიან დიდი ფული არ ჩაიდო. ახლა ისეთი მდგომარეობაა, დამწყები რომ ვიყო, შეიძლება მეც ვერაფერი გავაკეთო. ეს დრომ მოიტანა“.

ყველა ფოტოზე საავტორო უფლება ეკუთვნის © „ბრავო რეკორდსს“ და ქვეყნდება მისი თანხმობით.

No comments:

Post a Comment