Friday, February 14, 2014

თემურ ყვითელაშვილის მსოფლიო და თბილისი

„მუსიკაში რომ წარმატებას მიაღწიოთ, ნიჭის გარდა, უნდა გქონდეთ არანორმალური შრომისმოყვარეობა, ერთგულების გრძნობა და თავგანწირვის უნარი“

გასულ წელს, შემოდგომაზე, ტრადიციულ „თბილისობის“ დღეებში, სახელგანთქმული ქართველი მუსიკოსი, გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი თემურ ყვითელაშვილი საქართველოს დედაქალაქის საპატიო მოქალაქე გახდა. იგი მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსია, რამდენჯერმე პლანეტის საუკეთესო ფიუჟენ-გიტარისტად აღიარეს, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერიცაა, მაგრამ მიაჩნია, რომ თბილისის საპატიო მოქალაქეობა მისი საუკეთესო ჯილდოა. „თბილისობის“ დასასრულს, „თბილისი ივენთ-ჰოლში“ მუსიკოსის სოლო კონცერტი და ახალი ალბომის „ჩემი თბილისის“ პრეზენტაცია მოეწყო. ეს მისი რიგით მე-8 ალბომია. კომპოზიციების უმრავლესობა სპეციალურად თემურისთვის დაიწერა, რომელთაც გიტარისტი თავად ასრულებს და მღერის.

კონცერტი „თბილისი ივენთ-ჰოლში“. 2013 წელი
თემურ ყვითელაშვილი 1960 წლის 4 ივლისს თბილისში ქართველი ებრაელების ოჯახში დაიბადა. გიტარით 10-11 წლის ასაკში დაინტერესდა. „დედა მეუბნებოდა, რომ ბავშვობიდან თურმე არანორმალური განცდით, თვალდახუჭული და გათიშული ყურს ვუგდებდი მუსიკას. ამ პერიოდში ინტენსიურად ვუსმენდი Deep Purple-ს, Led Zeppelin-სა და Jimi Hendrix-ს, რომელიც ჩემს ძმას მაგნიტოფონზე ჰქონდა ჩაწერილი. ერთ დღესაც ავიღე გიტარა და ხელი თვითონ დავიყენე. ვისაც ამას ვეუბნები, ნაკლებად სჯერა. ახლაც ჩემი გამოგონილი მედიატორით ვუკრავ, რომელსაც განსხვავებული ფორმა, სისქე და ზომა აქვს“, – იხსენებს მუსიკოსი. 1970-იანი წლების ბოლოს თემურ ყვითელაშვილი ყველა თვითმოქმედ მუსიკალურ ანსამბლში სასურველი მუსიკოსი იყო და იწვევდნენ კიდეც. 

კონცერტი ისრაელის ქალაქ აშდოდში. 2011 წელი
1981 წელს ანსამბლ „დიელოში“ მოხვდა. მანამდე კი თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის ანსამბლებში უკრავდა. ამის შემდეგ პოპულარულ „ორერაში“ მიიწვიეს. 1980-იან წლებში იგი უკრავდა ასევე პოპულარული ანსამბლებში: „ნატვრის ხე“, „თეატრონი“, „ივერია“. თანამშრომლობდა ვახტანგ კიკაბიძესთან, ნანი ბრეგვაძესთან, მერაბ სეფაშვილთან, სოსო პავლიაშვილთან, თამრიკო გვერდწითელთან, თეონა კონტრიძესთან და სხვებთან. ამ პერიოდში მის შემოქმედებაში ქართული ფოლკლორი და კლასიკური მუსიკა შემოვიდა. მან გიტარისთვის გადაამუშავა ქართველი კომპოზიტორების – ზაქარია ფალიაშვილის, ვიქტორ დოლიძის, რევაზ ლაღიძისა და სხვათა ნაწარმოებები. იმ პერიოდისთვის ეს ახალი სიტყვა იყო და ყველა გაოცებული დარჩა.