Thursday, December 10, 2015

#წერექართულად – მუსიკის ჟურნალისტიკა


ქვეყანაში ნებისმიერი დარგის (სპორტის, მეცნიერების, ხელოვნების თუ რომელიღაც სხვა) განვითარებას თან სდევს სპეციფიკური ტერმინოლოგიის ჩამოყალიბება და მისი დახვეწა. გასული საუკუნის დასაწყისში ასე ინერგებოდა მანქანათმშენებლობის, გეოლოგიის, ბიოლოგიის, ფეხბურთის, კალათბურთის, ელექტრობისა და უამრავი სხვა დარგის ტერმინოლოგია. ენა, რაც უფრო სრულყოფილად გადმოსცემს მსოფლიოში მიმდინარე ტექნოლოგიურ თუ კულტურულ მოვლენებს, ცივილიზაციის სიახლეებს, მით უფრო თანამედროვეა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მშობლიური ენა ლექსიკური თვალსაზრისით მდიდარი და თანაც საკმაოდ მოქნილია, თანამედროვე ტერმინოლოგიების აღწერა ჯერ სრულყოფილად არ ძალუძს. ამაში ალბათ გარკვეული წვლილი გლობალიზაციამაც შეიტანა, რადგან გასული საუკუნის 1990-იანების დასაწყისიდან, დამოუკიდებლობის მიღების პირველივე წლებიდან, მთელი მსოფლიოდან შემოდინდა საბჭოთა პერიოდში დაბლოკილი ინფორმაციის ნაკადი. ამ პერიოდიდან დღემდე, ჩვენს ენაში ბევრი უცხო სიტყვა თუ ტერმინი დამკვიდრდა, რადგან ხშირად არც კი ვამოწმებდით, ჰქონდა თუ არა მას ქართული შესატყვისი. ამ უკანასკნელის არმქონე სიტყვებმა კი მყარად მოიკიდა ფეხი.

ლაშა გაბუნია
საბჭოთა საქართველოს დროს, მთელი სახელმწიფო ორგანო არსებობდა, რომელიც იგონებდა ახალ-ახალ, უცხოურის შესაბამის სიტყვებს. თუმცა დღეს მსგავსი ორგანო აღარ არსებობს და ენის ცხოვრება თავისუფლად მიედინება. სხვათა შორის, ასეთ შემთხვევაში ჩვენი, ჟურნალისტების როლი ახალი ტერმინების დამკვიდრებაში უზომოდ დიდია. ძალიან სასიამოვნოა, რომ რაგბიში, ბოლო წლებში, სწორედ ჟურნალისტების დამსახურებით, საკმაოდ ბევრი ინგლისურის შესატყვისი კარგი ქართული ტერმინი დამკვიდრდა, როგორებიცაა „ხეირი“, „კვაჭი“ და სხვები. აღარაფერს ვამბობ „ჯახზე“, „შერკინებასა“ თუ „ლელოზე“.

დღეს მინდა მოკლედ მიმოვიხილო თანამედროვე მუსიკის ჟურნალისტიკა. ალბათ ხშირად წაგიკითხავთ ან ტელევიზიიდან თუ რადიოდან მოგისმენიათ სიტყვები: ჩარტები (საუკეთესო სიმღერების შეჯამება გამოკითხვის ან ხმის მიცემის საშუალებით), სინგლი (მცირე დისკი, რომელზეც ჩვეულებრივი დისკიდან განსხვავებით შესულია ბევრად ნაკლები ხანგრძლივობის ან რაოდენობის სიმღერა), რელიზი (დრო, როდესაც მუსიკალური პროდუქტის გაყიდვა იწყება), ფლეილისტი (ფირფიტაზე ან ნებისმიერ სხვა ტექნოლოგიურ მატარებელზე შესული კომპოზიციების ერთობლიობა), ტრეკი (ცალკეული ნაწარმოები, სიმღერა მუსიკალურ მატარებელზე), რიმეიქი (მუსიკოსის მიერ საკუთარი ძველი ნაწარმოების ხელახლა გაკეთება), ქავერი (სხვა მუსიკოსის მიერ შესრულებული ნაწარმოების თავისებურად გადაკეთება), რემიქსი (რომელიმე მუსიკალური ნაწარმოების ელექტრონულ-საცეკვაო ფორმატში გადაკეთება), ფრონტმენი (მუსიკალური კოლექტივის წამყვანი მუსიკოსი), საუნდტრეკი (მუსიკა ფილმისათვის, თამაშისთვის და ა.შ.) და მრავალი სხვა. ესენი პირდაპირ ინგლისურიდან შემოსული მუსიკალური ტერმინებია, რომელთა ქართული განმარტებებიც ფრჩხილებში მივაწერე. როგორც ხედავთ, თითოეული ტერმინის აღწერისთვის რამდენიმე სიტყვა გამოვიყენე, რადგან ქართული შესატყვისები არ არსებობს. თავადაც მუსიკაზე ვწერ და ხშირად იძულებული ვარ, აზრის ჩამოსაყალიბებლად ინგლისური ტერმინები გამოვიყენო, თუმცა ვცდილობ, უფრო გასაგები გავხადო. მაგალითად, „რიმეიქსა“ და „ქავერს“ „გადამღერებულებს“ ვუწოდებ... დამაინტერესა, ამ სფეროში მომუშავე სხვა ჟურნალისტები და ბლოგერები რას ფიქრობენ აღნიშნულ საკითხზე. მათ ორიოდე შეკითხვა დავუსვი. პირველი, არის თუ არა პრობლემა ქართულ ენაზე თანამედროვე მუსიკის შესახებ სტატიის წერა, როცა ამდენი სიტყვები ბრმად გადმოგვაქვს ინგლისურიდან და მეორე – თავად თუ ცდილობენ რომელიმე ტერმინის გაქართულებას.

ია ვეკუა
ია ვეკუა (ჟურნალისტი): „მუსიკაზე წერა მართლაც პრობლემაა. დასარტყამი ინსტრუმენტის განმსაზღვრელი ტერმინი არ გვაქვს. სიტყვა „დასარტყამი ინსტრუმენტი“ სტატიაში იმდენად ცუდად ჟღერს, იძულებული ვარ მხატვრული ტექსტისთვის „დრამი“ გამოვიყენო. პრობლემაა კიდევ keyboard (კლავიშები). კლავიშებზე დამკვრელს იძულებული ვარ „პიანისტი“ ვუწოდო, რადგან „კლავიშისტი“ არ მომწონს. ისე კი არც კი მიცდია, რომელიმე ეს ტერმინი გამექართულებინა, რადგან მაინც თავხედობა მგონია. თუმცა ვეთანხმები აზრს, რომ ეს საქმე აუცილებლად გასაკეთებელია. შესაძლოა არსებობს კიდეც მუსიკალური ტერმინების ლექსიკონები, მაგრამ გავრცელებული არაა, არ გვაწოდებენ, არ გვიმხელენ და ასე – ველურ პირობებში ვწერთ. მსგავსი ლექსიკონი კონსერვატორიის პროფესორის მიერაა შედგენილი და იგი კლასიკურ მუსიკას კარგად ერგება. ვცდილობ ხოლმე, რომ „ბენდის“ ნაცვლად დავწერო „ჯგუფი“, თუმცა სიტყვა „ბენდი“, თავის მხრივ, მიგვითითებს, რომ ჯაზ-ბენდი იგულისხმება და არა ორკესტრი.

ისე, ჩვენთან ეს სფერო, ბიზნესი განვითარებული რომ იყოს, შესაძლოა ტერმინები თავისით გაჩენილიყო. რაგბიში ქართული ტერმინები გაჩნდა მას შემდეგ, რაც სპორტის ეს სახეობა ძალიან პოპულარული, ლამის ეროვნული მნიშვნელობის გახდა. ჩვენ ქვეყანაში თუნდაც ჩარტები, – საუკეთესო ათეულები, ასეულები რომ კეთდებოდეს, ამასთან, დისკებიც გამოდიოდეს, ალბათ თავისით გაჩნდებოდა ეს სიტყვები. ახლა კი იმდენად მეასეხარისხოვანია ეს ყველაფერი, ვწვალობთ ახალი სიტყვის გამოგონებაზე. თან, ეს უბრალოდ, არ გიღირს“.

ბიძინა მაყაშვილი
ბიძინა მაყაშვილი (ჟურნალისტი): „პრობლემაა, რომ შესაფერისი მუსიკალური ტერმინოლოგია არ გვაქვს. თუმცა მე ვცდილობდი და ახლაც ვცდილობ რაღაცეებს, მაგალითად, ძალიან მოდურია და „ტრეკს“ იმეორებენ ხშირად, უთარგმნელად. არადა, ამ „ტრეკის“ საფუძველი არის ბილიკი – ჩანაწერის ბილიკი. ჰოდა, რა უბედურებაა „ტრეკი“! არ ეხება მუსიკას, მაგრამ ძალიან ყურს ჭრის „ოფროუდი“. ქართველები ამ სიტყვას იყენებენ, როცა არსებობს სიტყვა „უგზოობა“. „რელიზს“ რომ ამბობენ კიდევ, შეუძლიათ გამოიყენონ ქართული ტერმინი – „გამოსვლის თარიღი“. სიტყვა „ჩარტები“ პირდაპირ, განმარტების გარეშე არ გამომიყენებია და წინ ყოველთვის „ეგრეთ წოდებულს“ ვურთავ. მსგავსად ვიქცევი „სინგლის“ ხსენების დროსაც. ფილმის OST-ს, ანუ Original Soundtrack-ს კი „ფილმის მუსიკალურ თანხლებას“ ვუწოდებდი ხოლმე“.

სანდრო ცქიტიშვილი
სანდრო ცქიტიშვილი (მუსიკის ბლოგერი): „პრობლემა არსებობს მაშინ, როცა რომელიმე ტერმინის კარგი ქართული შესატყვისი გვაქვს და მაინც ინგლისურს ვიყენებთ. მაგალითად, საშინლად არ მიყვარს „ტრეკი“, რადგან ამ სიტყვის ბევრი შესატყვისია უკვე დამკვიდრებული ქართულში – თუნდაც „სიმღერა“, „ნაწარმოები“, „ინსტრუმენტალი“ და სხვა. „ტრეკი“ რუსულად „დაროჟკას“ და ქართულად „ბილიკს“ ნიშნავს. როცა მუსიკა რაღაც „დაროჟკამდე“ დაგყავს, მისი უპატივცემულობაა, თუმცა ინგლისურ სემანტიკაში ეს ნაკლებად თვალშისაცემია. ქართულში რომ იყენებ ამ „ტრეკს“, ეს მუსიკას აუფასურებს. მე ვცდილობ, რაღაც ტერმინები ქართულს მოვარგო. ალბათ არ არის ახალი სიტყვების გამოგონება საჭირო. შეიძლება სიტყვებს – „რიმეიქს“ და „ქავერს“ მოეძებნოს ქართული შესატყვისი, მაგრამ „რემიქსი“, მე მგონი, უცვლელად უნდა დარჩეს, რადგან ყველაფერს ამბობს. დისკის „ქავერს“ კი „გარეკანს“ ვუწოდებ. „დრამერს“ ქართულადაც „დრამერს“ ვეძახი, რადგან არსებობს დრამსეტი და არსებობს პერკუსია, დრამერს პერკუსიონისტით ვერ ჩაანაცვლებ. პერკუსია ზოგადი ტერმინია, რომელიც დრამსაც მოიცავს. ასე რომ, როდესაც დრამერს პერკუსიონისტს უწოდებ, გაუგებარია, მუსიკოსი დრამზე უკრავს, თეფშებზე თუ სულაც რომელიმე მელოდიურ პერკუსიაზე“.

ნინო მურღულია
ნინო მურღულია (ჟურნალისტი): „როცა მუსიკაზე ვწერ, ყოველთვის ვცდილობ, მოვარგო ქართულს. არასდროს დავწერ „ტრეკს“ – ვანაცვლებ „კომპოზიციით“, „სინგლს“ ვანაცვლებ „სიმღერით“ და ა.შ. ჩემი აზრით, პრობლემა არა მხოლოდ მუსიკალურ თემაზე დაწერილ სტატიები, არამედ მეტწილად ჟურნალისტებია. ინტერნეტში უამრავი საიტია, სადაც ტექსტს არც კორექტურა უკეთდება და არც სტილისტი ასწორებს. ზოგ ჟურნალისტს კი არ შეუძლია გამართულად წერა და ამ მხრივ, უზომოდ ცუდი მდგომარეობაა. ტექსტებში ძალიან ხშირად ვხვდებით ინგლისურ და რუსულ ასლებს. ბოლო დროს ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ინგლისურიდან ცუდად გადმოთარგმნილ ტექსტს ვკითხულობ, არადა, სტატია ქართულ რეალობაზეა და ქართველის დაწერილია. მარტო მუსიკასთან დაკავშირებულ სტატიებში კი არა, ზოგადად, სერიოზული პრობლემები გვაქვს ქართულ წერასთან დაკავშირებით. პრობლემაა, რომ ეს ჟურნალისტები ყველაფერზე ვრცლად წერენ. დამეთანხმებით, ლაკონურად წერა ბევრად უფრო რთულია. მათ მოვუწოდებ, ახლა მაინც ისწავლონ მშობლიური ენა!

რაგბიში დამკვიდრდა ბევრი კარგი ტერმინი ქართულ ენაზე, რადგან რაგბის ჟურნალისტები მეტ-ნაკლებად ფლობენ მშობლიურ ენას და შესანიშნავად ესმით ის სფერო, რომელზეც წერენ თუ ლაპარაკობენ. ამიტომ მე მგონი, მუსიკის ჟურნალისტმაც და სხვებმაც ამ ორი უპირატესობით უნდა ისარგებლონ, – იცოდნენ მშობლიური ენა და კარგად ერკვეოდნენ იმ სფეროში, რაზეც წერენ. კარგი იქნება, თუ მსხვილი მედიაჰოლდინგები მოახერხებენ სპეციალისტების მოწვევას და ჟურნალისტების მომზადებას, რადგან ნამდვილად არ შეიძლება ასე დაუდევრად ვეპყრობოდეთ ჩვენს ენას. მეც სიამოვნებით ვისწავლიდი ასეთ სპეციალისტებთან. სწავლა სიბერემდეო, ნათქვამია“.

სასიხარულოა, რომ ჩვენი ჟურნალისტები ცდილობენ, მაქსიმალურად გონივრულად გამოიყენონ უცხოური ტერმინოლოგია. ყურის შეჩვევა არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის სიტყვა ენაში აუცილებლად ნორმად უნდა იქცეს. #ვწეროთქართულად!

ჟურნალი „ფოკუსი“ #77, ნოემბერი, 2015 წელი

1 comment:

  1. საინტერესო სტატიაა. მე კომპიუტერული პროგრამების თარგმნით ვარ დაკავებული და მუსიკალური დამკვრელების თარგმნისას მეც მიწევს მუსიკალურ ტერმინებთან მუშაობა. ვფიქრობ, რომ პროგრამების თარგმნისას ერთი რამაა პრობლემა: (რაც ამ სტატიაშიც ნათლად გამოჩნდა) ვინაიდან თარგმნაშიც ბევრი ადამიანი იღებს მონაწილეობას და სტატიების წერაშიც, ყველა ადამიანი იყენებს ფრაზას, რომელიც თვითონ უფრო სწორედ მიაჩნია. აი მაგალითად ბიძინა მაყაშვილი "ტრეკს" წერს როგორც ბილიკი, ნინო მურღულია კი როგორც "კომპოზიცია". ასეთი გზით ტერმინოლოგიის დანერგვა თითქმის შეუძლებელი იქნება. მე პირადად ერთადერთ გამოსავალს ვხედავ: უნდა არსებობდეს რაიმე ორგანო (საბედნიეროდ კინოს ტერმინოლოგიისთვის არსებობს ლექსიკონი), რომელიც დაწერს, რომ, მაგალითად, "ტრეკი" ქართულად ნიშნავს ბილიკს და მორჩა. შემდეგ ვისაც ქართული ტერმინების გამოყენება მოუნდება, იქნება ეს ჟურნალისტი თუ მთარგმნელი, იხელმძღვანელებს ამ ტერმინოლოგიით. ასეთ შემთხვევაში ძალიან გამარტივდება საზოგადოებაში ახალი ტერმინოლოგიის დანერგვა.

    პ.ს. დიდი მადლობა სტატიისთვის

    ReplyDelete