Sunday, November 22, 2015

ღვინო და ქართული მუსიკა

კარგი ღვინო კარგი მუსიკასავითაა – იგი შედგება უამრავი ნოტისგან, რომელთა ერთობლიობაც გვაძლევს მის უნიკალურ არომატს. ქართული ღვინო ქართულ სიმღერებს წააგავს. შეიძლება ითქვას, იგი მათსავით პოლიფონიური და მრავალფეროვანია. სტატიის მომზადებისას სწორედ ღვინოზე ვისაუბრე იმ ადამიანებთან, რომელთათვისაც მუსიკა და ღვინო ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ჩემი მასპინძლები იყვნენ მუსიკოსები: ნიაზ დიასამიძე, რობი კუხიანიძე და ეთნომუსიკოლოგი თამაზ გაბისონია.

ნიაზ დიასამიძე: „ღვინოსთან ერთად შენც ვერ განებებ თავს“


ნიაზ დიასამიძეს ვაკის პარკში, კლუბ „33ა“-ს სარეპეტიციოში შევხვდი. ბოლო წლებში ამ ქართველი მუსიკოსის შემოქმედებაში ღვინის თემამ საკმაოდ წამოიწია წინ. ჯგუფ „33ა“-ს ბოლო ალბომს „უსახელოური“ ჰქვია, ხოლო მის წინას, 2011-ში გამოცემულ ფირფიტას – „საფერავი“. ამ დისკებში შესული სიმღერების ნაწილიც ღვინოს ან ყურძნის ჯიშებს ეძღვნება. სიმღერა „საფერავის“ ტექსტში მხოლოდ ქართული ყურძნის ჯიშებია ნახსენები. ნიაზს რომ ღვინო უყვარს, მისმა ყველა მეგობარმა იცის. ეს მის ქართულ-ფრანგულ სიმღერა „სიყვარულის დროა“-შიც კარგად ჩანს, სადაც იგი მღერის:

„მინდოდა მეთქვა, რომ ღვინოსთან ერთად
შენც ვერ განებებ თავს,
თავს ვერ ვანებებ საუბარს ღმერთთან,
ომი არ ხუჭავს თვალს...“

ნიაზი სარეპეტიციოში
„33ა“-ს სარეპეტიციო ოთახში სხვადასხვა ნივთები, წიგნები და ძველებური ფოტოკამერებია მიმოფანტული. ერთ კედელთან ძველი ქართული ინსტრუმენტების კუთხეა, ხოლო ნიაზის სკამის გვერდით, პირდაპირ სცენაზე ჭური დგას, რომელსაც კარგად ატყვია შავი ღვინის კვალი. მუსიკოსისთვის ღვინის არსებობა პასუხის ძიებაა დიდ კითხვის ნიშნებზე. ნიაზის აზრით, ვაზთან და ღვინოსთან ურთიერთობა მისთვის მისტიკა, დიდი სიყვარულია, რომლის ახსნაც წარმოუდგენელია. იგი მიყვება: „უკვე 15 წელია ყურძენს ვწურავ და ღვინოს ვაყენებ. ღვინოსთან კავშირის დროს ზოგჯერ ელაპარაკები კიდეც და გვერდიდან თუ ვინმე გიყურებს, შეიძლება, გაუკვირდეს კიდეც, მაგრამ ეს რწმენასავითაა, მისი ერთ-ერთი ნაწილია. შეიძლება, კაცი საერთოდ არც კი სვამდეს ღვინოს და ისე უყვარდეს. არიან გლეხები, რომლებიც არ სვამენ, მაგრამ ორჯერ უფრო მეტად უვლიან ვენახსაც და ღვინოსაც. მარტო ღვინის სმაში არ არის საქმე. როცა ვაზს ზრდი, უვლი, ყურძენს წურავ, ღვინოს აყენებ და ზრუნავ, ამ სითხესთან კავშირი მისი დალევის გარეშეც გაქვს. ამ სიყვარულში ბევრი რამაა თავმოყრილი. მთავარია, ეს სიყვარული ლოთობაში არ გადაიზარდოს, ანუ სამყაროდან სიმთვრალით გათიშვა არ მოხდეს“.