Thursday, August 26, 1999

პარასკევი, 13

სამი ძირითადი სიტყვა, რომელიც აერთიანებდა 1960-იანი და 1970-იანი წლების როკ-ენ-როლის მიმდევრებს – Sex, Drugs & Rock’N’Roll, ანუ „სექსი, ნარკოტიკები და როკ-ენ-როლი“, ქუთაისელი როკერებისთვის რატომღაც ასე ჟღერს: „ლუდი, სექსი, როკ-ენ-როლი“.

1999 წლისთვის მხოლოდ ერთი პარასკევი დაემთხვა „თარს“ 13 რიცხვს, ისიც აგვისტოში. რა არ უნდა მომხდარიყო ამ დღეს. თქვენ, ალბათ, კარგად მოგეხსენებათ, თუ როგორი შიშის ძრწოლით უყურებენ ასეთ, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ და უმნიშვნელო თარიღებს ზოგიერთ, ცივილიზებულ (თუ ცივილურ?) ქვეყანაში (ალბათ, ესეც ერთი შეხედვით ჩანს). ასეთი განვითარებული ქვეყნების ზოგიერთი წამყვანი ავიაკომპანიის თვითმფრინავები პარასკევს, 13 რიცხვებში საერთოდ არ დაფრინავენ, ზოგი საწარმო თუ დაწესებულება ისვენებს. ვიმედოვნებ, რომ წლეულსაც ასე იქნებოდა. 11 აგვისტოს, მზის საყოველთაო დაბნელებას დიდი აჟიოტაჟითა და სიხარულით შეხვდნენ საზღვარგარეთ. მოაწყვეს მისი პირდაპირი (ცოცხალი) რეპორტაჟები, ჩატარდა როკ-ფესტივალები ღია ცის ქვეშ. მხოლოდ ჩვენთან იყვნენ ადამიანები სახლებში შეყუჟულები და ბევრი რატომღაც სასწაულს ელოდა.

ერთი ფრანგი ხელოვანი ვარაუდობდა, რომ სწორედ 13 აგვისტოს, პარასკევს პარიზში მეტეორი უნდა ჩამოვარდნილიყო. ეს ხელოვანი, რომელიც წინასწარმეტყველურ ნიჭს იჩემებდა (ინტერვიუ გაზაფხულზე გამოქვეყნდა), ხალხს მოუწოდებდა, იმ დღეს პარიზში არ გაჩერებულიყვნენ. ჩვენთვის უცნობია, როგორ გაითვალისწინეს ფრანგებმა ეს რჩევები.

ჩვენს ქალაქში, იმ ორი დღის (11 და 13 აგვისტოს) განმავლობაში არაფერი ძლიერ მნიშვნელოვანი არ მომხდარა. უბრალოდ, მოსახლეობის ნაწილი დასასვენებლად გაემგზავრა, ნაწილი მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა, მესამე ნაწილი კი არც არსად გამგზავრებულა და აქედან გამომდინარე, არც არსაიდან ჩამოსულა. კურორტებზე გამახსენდა. ქუთაისელმა როკის მოყვარულებმა, ალბათ, არ იციან, რომ ქობულეთში არსებობს ერთი კარგი ჯგუფი, რომელსაც „სიჩუმე“ ჰქვია. ჯგუფის წევრებს, მართალია, პროფესიონალურ დონეზე ჯერ არც ერთი სიმღერა არ ჩაუწერიათ, მაგრამ ისინი საინტერესო ხმაურიან მუსიკას უკრავენ ჯაზის ელემენტებით. ბიჭებს ძალიან მოსწონთ ჯგუფები: The Doors, Nirvana, Metallica, Manowar, The Beatles (კერძოდ ლენონი) და ბათუმური ჯგუფი Mutabor, რომლის წევრებიც „სიჩუმესთან“ მეგობრობენ. ქობულეთელები არც ერთ თბილისურ და ქუთაისურ ჯგუფს არ იცნობენ. ჯგუფ Mutabor-ის ჩანაწერი უკვე ჩვენს ხელთაა და უნდა დაველოდოთ რადიო „ნოსტალგიას“ ხელახალ ამუშავებას, სადაც თქვენ ამ ჩანაწერსა და კიდევ სხვა ახალ ქართულ კომპოზიციებს მოისმენთ გადაცემაში „შუაღამის გემი“.

მზის დაბნელებამდე ორმა ქუთაისურმა ჯგუფმა მოასწრო აუდიოჩანაწერის გაკეთება. ესენი არიან ჯგუფები: „ბუნკერი“ და „რადიკალი“. ამ სიმღერებსაც თქვენ აუცილებლად მოისმენთ რადიოგადაცემა „შუაღამის გემის“ კაიუტებში. აი, ასე ემზადებოდნენ ჯგუფები ამ ფატალური თარიღისათვის. დაახლოებით ერთი თვით ადრე სპეციალურად P.S.-თვის და „L.G. სტენდისთვის“ ვესაუბრე ჯგუფ Best History-ს უცვლელ ვოკალისტს, ფრონტმენ გიორგი (ჟორა) ხონელიძეს.

ჯგუფი Best History შეიქმნა 1996 წელს რადიო „ძველი ქალაქის“ წიაღში. ჯგუფი დააარსეს ჟორამ და ვატო კიკალეიშვილმა, რომელთაც ერთ-ერთ მორიგეობაზე, ღამით, გამორთეს საეთერო მიკროფონები, სამსიმიანი გიტარითა და რძის ქილებით ჩაწერეს თავიანთი რეპეტიცია. როგორც გიორგი აღნიშნავს, ძველი სიმღერები ხასიათით განსხვავდებიან ახლებისაგან. 1997 წლიდან ჯგუფში უკრავს ნიკა (ნიკალა) სვანაძე, რომელმაც საკუთარი ხელით დაამზადა ელექტროფანდური. მოგვიანებით, ჯგუფიდან წავიდა ვატო კიკალეიშვილი. ხოლო 1997 წლის ბოლოს „საუკეთესო ისტორიას“ შემოემატნენ ძმები – ზვიად (ელ. გიტარა) და ზაზა (დასარტყამები) საკანდელიძეები.

* * *

– როგორ იწერება მუსიკა თქვენს ჯგუფში?

– ვუკრავთ ყველა ერთად. დაკრულში შემოდის რაღაც ერთი თემა, მერე ყველა თავის აზრს ამბობს, თემა ივსება და იწერება მუსიკა. ჯერ მელოდია და მერე ტექსტი, რომელსაც მე ვწერ.

– რისი თქმა გინდათ თქვენი მუსიკით?

– ყველას ერთი აზრი გვაქვს ჯგუფში. ჩვენს ტექსტებში რეალობაა, ვაფიქსირებთ, რაც ხდება. ლექსები პროტესტია, რომელიც მიმართულია თითქმის ყველა თანამედროვე პოეტის ლირიკის საწინააღმდეგოდ. ამდენი სამშობლოსა და სიყვარულის ძახილი ყელში ამოვიდა.

– რას ერჩი თანამედროვე პოეტებს?

– ძალიან ბევრი რომანტიკაა მაგათ პოეზიაში, რომელიც ყველას მოწყინდა. საჭიროა უფრო თანამედროვე აზროვნება, რაც ახალგაზრდებიდან მოდის. არაა აუცილებელი ძველი, ჩვენი ჯიგარი პოეტების გადამღერება და მუდამდღე ჩვენს ისტორიაზე ლექსების წერა. ამიტომ არ მომწონს დღევანდელი პოეტები. დავიღალე სულ ერთიდაიგივე იდეებით. ჩემი ბგერა შეიძლება არ იყოს მოსაწონი, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, იყოს სიცოცხლისუნარიანი.

ჩვენი ტელევიზია ქვევრია. სამწუხაროდ, მასა უწიგნურია. ასეთები ჩემზე ამბობენ, შეხედეთ ეს როკერია, უწმინდურია და ა.შ. ასეთ ხალხს მე ვიწვევ, თუნდაც ქართული ლექსებისა და სადღეგრძელოების წარმოთქმაში. დანამდვილებით ვიცი და მინდა სხვებმაც იცოდნენ, რომ Best History-ს არც ერთი წევრი არასდროს არ იქნება ვიღაც ჯონსონი, ან ტომსონი, ან ვინმე სხვა. ჩვენ ვიყავით, ვართ და დავრჩებით ქართველები ყველგან, სადაც არ უნდა მოვხვდეთ, უბრალოდ, ვცდილობთ ჩავდოთ ჩვენი ენერგია თანამედროვე როკმუსიკაში და ვთქვათ ჩვენი სათქმელი. ისე, ირგვლივ ყველა რატომღაც ცდილობს, ჩვენ მანიაკებად გვაქციონ.

ძალიან გვიყვარს ბუხართან სამფეხა სკამებზე პატარა ტაბლასთან ჯდომა, ქართული შეჭამანდი და კარგი ღვინო. გვიყვარს ყველაფერი ქართული და ჩვენებური. როკი გვაძლევს შანსს და საშუალებას, გამოვამჟღავნოთ ყველაფერი.

– გიო, შენ ტაბლა ღვინით ახსენე. კარგად მოგეხსენება, რომ დასავლურ როკში ნარკოტიკს დიდი ადგილი უჭირავს. Best History და შენ როგორ უყურებთ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს?

– ოო, ალკოჰოლის სახეობებიდან მოხმარების მიხედვით, პირველ ადგილზეა ლუდი, დანარჩენებზე – ღვინო, არაყი (ე.წ. „ბაზრის“) – დღეგამოშვებით, ე.ი. საკმაოდ ინტენსიურად. ამ ქვეყანაში რომ ვინმემ ყურადღება მოგვაქციოს, ჩვენ ბევრად უკეთეს რამეს გავაკეთებდით. ახალგაზრდები დასაქმებულები რომ იყვნენ, ისინი ალკოჰოლს მარცხნივ გადადებდნენ. რაც შეეხება ნარკოტიკებს, – ლუდია ჩვენთვის წამალიც, პლანიც და ყველანაირი ოხრობა. ნარკოტიკი არ გვაინტერესებს.

– სექს-რევოლუციამ მოიცვა მთელი სამყარო...

– ...მიგიხვდი. საერთოდ, „პოპსა“ ჯგუფებმა, ბოდიში, მაგრამ „გაგვავაგინეს“ მთელი საქართველოს მოსახლეობა. ჯგუფები „სახე“, „სეთი“ და მათნაირები თავიანთ ტექსტებში „ამაღლებულ“ სიყვარულზე მღერიან, – ეს საშინელებაა. როკერები სუფთად ცხოვრობენ: უყვართ დალევა, ქალები, მუსიკა...

* * *

გაზეთისათვის ჩვენი დიალოგი აქ მოულოდნელად შეწყდა. თუმცა ლაპარაკი იქვე გავნაგრძეთ, მეგობრებთან ერთად სახელდახელო სუფრასთან, რიონის სანაპიროზე. ჩვენი მშობლიური ქალაქის როკტუსოვკა ძალიან შეეჩვია მდინარე რიონის ორივე სანაპიროს. არ გეგონოთ, რომ ისინი აქ მხოლოდ გასაგრილებლად, ან დასალევად (არ იფიქროთ რიონის წყლის დასალევად, ღმერთმა დაგვიფაროს!) ჩამოდიან. ეს ტუსოვკა ძირითადად თავად როკმუსიკოსებისგან, მსმენელებისგან, მხატვრებისგან, ინტელექტუალებისგან, დასაქმებულებისგან და უმეტესად, უსაქმურებისგან შედგება, რომლებიც აქ კლავენ დროს. სამწუხაროა, რომ მათი ოცნებებისა თუ ჩანაფიქრების მოწმე მხოლოდ მშობლიური მდინარის ზვირთებია.

როგორ შეიძლება იცნოთ როკმენი ან როკვუმენი? ზოგადად, ის ჩვეულებრივი ადამიანია, სუნთქავს ჟანგბადით, დადის ორ ფეხზე და ა.შ. მაგრამ... ის იცვამს ოდნავ განსხვავებულად. ახალგაზრდა როკერი არ იცვამს უკანასკნელი მოდის მიხედვით, – ამის არავითარი სურვილი და შესაძლებლობაც არ გააჩნია. თვალში მოგხვდებათ შავი მაისური, საყვარელი შემსრულებლის სურათით და წარწერებით. თუკი მაისურზე თვალი მოჰკარით, ვთქვათ, მაიკლ ჯექსონის ან ლეონარდო დი კაპრიოს პორტრეტს, იცოდეთ, ეს ობიექტი როკერთა სიაში არ ირიცხება. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ჩვენი ქალაქის მუსიკალური ტუსოვკისა, სხვა ქალაქების თუ ქვეყნების ანალოგიურ ტუსოვკებთან შედარებით, ის არის, რომ აქ არასოდეს ხდება ჩხუბი და „საქმის გარჩევები“ მუსიკალურ მიმდინარეობათა ნიადაგზე. მაგალითად, ერთმანეთს არ ურტყამენ მსოფლიოში აღიარებული ქუჩის მტრები – პანკები და მეტალისტები. პირიქით, ჩვენთან ისინი საუკეთესო და სამაგალითო მეგობრობით გამოირჩევიან. უფრო მეტიც, ქალაქში ლუდს ერთად სვამენ როკერები და რეპერები. ასევე საინტერესო ფაქტია სხვადასხვა მუსიკალური ტუსოვკების ერთგვარი მშვიდობიანი სიმბიოზი ჩვენი ქალაქის „ქურდული გაგების“ წარმომადგენლებთან. ასეთი ურთიერთპატივისცემა ჩვენი სახელმწიფოს ხელისუფლებაში რომ იყოს, ქვეყანაში იდეალური წესრიგი იქნებოდა.

ეს ახალგაზრდები უმეტეს შემთხვევაში ცინიკოსები, სკეპტიკოსები, საზოგადოებიდან განზე გამდგარი, არაპოლიტიზირებული, ხშირად რომანტიკოსი ადამიანები არიან. ამ პიროვნებებს შორის ასაკობრივი ბარიერი არ არსებობს. უმეტესწილად კოსმოპოლიტები, ზოგჯერ ნაციონალისტები (კარგი გაგებით) არიან. მათ დავახასიათებ ერთი წინადადებით: ისინი საქმისმოყვარულები, თუმცა, ოფიციალურად უსაქმურები არიან.

მელომანები მთელი შეგნებული ცხოვრება ახალ ჩანაწერს დაეძებენ. როკერმა ზეპირად იცის ქალაქში მოქმედი ხმისჩამწერი სტუდიებისა თუ მუსიკალური მაღაზიების ადგილმდებარეობა და იქ არსებული ფასები. გაბედული მელომანი ხშირად უმეგობრდება ხმისჩამწერი სტუდიის მეპატრონეს, სვამს მასთან ერთად ლუდს და შემდეგ შესაძლებლობა აქვს, უფასო ჩანაწერი გააკეთოს.

„მუსიკალური სამყარო“ – ასე ჰქვია ახალ მუსიკალურ მაღაზიას, რომელიც ე.წ. „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდა. როკერები, ჯაზმენები, კლასიკის მოყვარულები, უბრალოდ, მელომანები და კინოსმოყვარულები ამ მაღაზიაში მათთვის საინტერესო ჩანაწერებს იპოვიან, თან შეკვეთასაც გააკეთებენ. გასახარია, რომ შესაძლებელია „მაგარი“ რეჟისორების ფილმების შოვნაც. მაღაზიის მესვეურები მომავლის გეგმებზე მესაუბრნენ, შესანიშნავი ჩანაფიქრები აქვთ. სექტემბრიდან აქ კლუბები და ფანკლუბები გაიხსნება, ჩატარდება თემატური საღამოები. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა ჩვენი ქალაქი ამ, მართლაც ცოცხალი და ინტელექტუალური ცენტრის შენახვას. აქ ფინანსურ შენახვას არ ვგულისხმობ. წარმატებებს ვუსურვებ ამ ძალიან მონდომებულ ბიჭებსა და მათ მაღაზიას – „მუსიკალური სამყარო“.

ერთგვარი როკფესტივალი ჩაატარა ჩვენი ქალაქის როკტუსოვკამ 13 აგვისტოს, პარასკევს, მდინარე რიონის სანაპიროზე რუსთაველის ხიდთან. მიუხედავად იმისა, რომ ჯებირის მოაჯირთან სახელდახელოდ აგებული სცენა სუფევდა, ჯგუფებმა: Outsider-მა, Best History-მ, „ბუნკერმა“ და „პულსმა“ გადაწყვიტეს აპარატურა „ოქროს ჩარდახის“ კარიბჭის ხელმარჯვნივ გაეშალათ. სხვათა შორის, ბოლო როკკონცერტებზე ეს ოთხი, მე ვიტყოდი, დღეისათვის წამყვანი ჯგუფი, თითქმის ყოველთვის ერთად უკრავს მაყურებლის წინაშე, რა თქმა უნდა, გამოცდილი, უცვლელი ხმის რეჟისორის, გუჯა ჯოხარიძის დახმარებით, რომელიც დიდი მონდომებით აყენებს ხმას, ანუ „საუნდს“.

ეს სპონტანური კონცერტი, რომელსაც „პარასკევი, 13“ ერქვა, მშვენივრად ჩატარდა და ჩვეულებისამებრ გვიან ღამით დასრულდა. შეისვა ძალიან ბევრი როკერების საყვარელი სასმელი ლუდი, მაგრამ წინა კონცერტებისგან განსხვავებით, ამ დღეს ძირითადად თბილისური ლუდი ისმებოდა. ერთ ნაცნობ-მეგობარს (არის ქართულში ასეთი გამოთქმა – „ნაცნობ-მეგობარი“) ვკითხე, რატომ აღარ სვამ „აია“-ს-მეთქი და ასეთი პასუხი მივიღე: „ჩვენი ქალაქის ლუდის ქარხნის დირექტორმა რომ იცოდეს, რამდენი როკერი სვამდა ადრე ჩვენებურ „აია“-ს, ლუდს აუცილებლად გაგვიიაფებდაო“. ამ სიტყვების შემდეგ ბოთლში ჩარჩენილი „ყაზბეგი“ მიწილადა. ასე გავიდა ეს „ფატალური“ 13 აგვისტო. ხალხი, უკვე 14-ში, შაბათს დაიშალა და გვიან ღამით სახლებში წავიდ-წამოვიდა. ჩვენდა და, რაღა თქმა უნდა, ფრანგთა საბედნიეროდ, პარიზი კატაკლიზმს გადაურჩა. ჩვენც გადავურჩით „ნაწინასწარნამეტყველებ“ გრიგალს, წყალდიდობასა და ატმოსფეროს გადახურებას. ოლოლო მჩხიბავებს!

სადაცაა ზაფხული დამთავრდება და შემოდგომა მოვა, მერე ზამთარი, გაზაფხული, ისევ ზაფხული, კვლავ შემოდგომა... ორი სიტყვით, ახალი საუკუნე. ო, რა ამაღელვებლად და რიხიანად ჟღერს – ახალი საუკუნე, მილენიუმი! ეს ის საუკუნე მოდის, სკოლის მერხიდან რომ გვიჩიჩინებდნენ, თქვენი საუკუნეაო... ვნახოთ. მომავალ ახალ საუკუნეში იმედია, ცხოვრების გაუსაძლისი პირობები, მართლაც გაუსაძლისი და არაშეგუებადი გახდება. მანამდე კი ჩვენი დედამდინარის სანაპიროზე შევიკრიბებით, დავლევთ ბევრ ლუდს, შევხვდებით ახალ, „ჩვენს“ საუკუნეს და მერე, ალბათ, სხვისას აღარ დაველოდებით. იმედია, ღმერთი გვაცოცხლებს...

გაზეთი P.S. #49, 1999 წლის 26 აგვისტო – 2 სექტემბერი

No comments:

Post a Comment