Tuesday, April 29, 2003

რა დანაშაული მიუძღვის ჯგუფ „სახეს“ ქართული მუსიკის წინაშე

დათო ფორჩხიძის აღსარება

ქვემოთ მდებარე სტატიის ავტორს ჯგუფი „სახე“ არასოდეს მოსწონდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, პატივს სცემდა (და სცემს) მას იმ უბრალო მოტივის გამო, რომ ეს კოლექტივი ძალიან ბევრ რამეში პირველია. პირველი სკანდალებიც ე.წ. ქართულ შოუ-ბიზნესში სწორედ ამ ჯგუფის სახელთან ასოცირდება. „სახე“ იყო პირველი ქართული კომერციული პროექტი. მსგავსი ფინანსური წარმატება დღემდე არც ერთ ქართველ შემსრულებელს ჰქონია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გავსაუბრებოდი ამ უკვე ყოფილი ჯგუფის ლიდერს, დათო ფორჩხიძეს, რომელმაც სიამოვნებით ისაუბრა იმ საესტრადო ნაგვის შესახებ, რაც ჩვენს ირგვლივ ყრია. თუმცა საინტერესოა, მიუძღვის თუ არა წვლილი „გარემოს“ დაბინძურებაში ამ, უკვე ლეგენდად ქცეულ ჯგუფს.

---------------------
მოკლე დოსიე
---------------------
დათო ფორჩხიძე დაიბადა 1974 წლის 28 აგვისტოს ქალაქ ზესტაფონში (ფეროს სამშობიაროში). სწავლა დაიწყო თბილისის I საშუალო სკოლაში. პარალელურად, ამავე სკოლასთან არსებულ მუსიკალურ სასწავლებელში ეუფლებოდა ფორტეპიანოზე, გიტარასა და სხვა ინსტრუმენტებზე დაკვრას. გატაცებული იყო ხალხური საკრავებით. დაამთავრა 178-ე საშუალო სკოლა. სწავლა სახ. უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე განაგრძო. იქ აკადემიური მოსწრება და „დასწრებაც“ ძალიან დაბალი ჰქონდა. ამის საკომპენსაციოდ შესთავაზეს „კავეენის“ გუნდში ყოფნა და ასე აღმოჩნდა ლეგენდარული „კავეენშიკების“, – შონზოს, შალვა რამიშვილისა და სხვათა გვერდით. იმღერა „იალტის“ ფესტივალზე, სადაც სამ საუკეთესოთა შორის დაასახელეს. გოგა ხაჩიძისა და შალვა რამიშვილის დაჟინებული თხოვნის შემდეგ, აღადგინა ჯგუფი „სახე“, რომელიც 1990 წლიდან არსებობდა, მაგრამ მაშინ, ძირითადად, აკაპელებს მღეროდნენ როიალთან. „სახემდე“ იყო გოჩა აბაშიას ჯგუფ „ვნების“ წევრი. ამჟამად აქვს საკუთარი სტუდია. ჰყავს მეუღლე ხატია და პატარა გოგონა ნანუკა.
-----------------------------------------------------------------------------------------------------

– დათო, „სახეს“ საქართველოში სოულის მამას ეძახიან. რა რეაქცია გაქვს ამ წოდებაზე?

– უბრალოდ, ჩვენ, პირველები გამოვჩნდით მასაში. ჩვენამდე თბილისში, თუნდაც „ვნება“ არსებობდა. „სახეს“ პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, პროდიუსერის შალვა რამიშვილის ახლებური ხედვა იყო, ანუ ჩვენ, ერთად ვაკეთებდით იმას, რასაც საქართველოში მანამდე არავინ აკეთებდა. გვსურდა ვყოფილიყავით სიახლის შემომტანები. გვქონდა განსხვავებული, მაშინ სარისკო ტექსტები. გაგვიმართლა, რომ ჩვენი შრომა ხალხს მოეწონა. საზოგადოება დავაჯერეთ, რომ ქართველს შეუძლია ესტრადაზე შეასრულოს ისეთი რამ, რომელიც არაა აუცილებელი იყოს რეტრო, ქალაქური ან ხალხური სიმღერა. ეს იყო ქართულ ტექსტიანი ახალი ჟღერადობა და არანჟირება.

Monday, April 28, 2003

მომპარავები

ყველასათვის ცნობილია, რა დიდი პატივით ეპყრობა ახალგაზრდა ბიჭების უმრავლესობა „მომპარავებს“. ეს ცნება ქურდული სამყაროს განუყოფელი ნაწილია. „მომპარავობა“ „გრეხი“ (უკაცრავად, ცოდვა) არ არის. უფრო მეტიც, საზოგადოების ნაწილი „მომპარავებს“ პატივისცემით ეპყრობა. მათზე ხშირად გაიგებთ ასეთ საუბარს, რა ჰქნან, სხვა რა აკეთონ ამ დაქცეულ ქვეყანაშიო. ამიტომ საზოგადოება თვალს ხუჭავს „კარმანშიკებისა“ და ბინის ქურდების ბოლოდროინდელ აღზევებაზე. ადამიანი მაშინაც კი არ გამოთქვამს მათ მიმართ პროტესტს, როცა თვითონ აღმოჩნდება დაზარალებულებს შორის. ამის გამო, „მომპარავები“ უკვე საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ისე გრძნობენ თავს, როგორც თევზი წყალში. „კარმანშიკები“ ჯგუფ-ჯგუფად დადიან სატრანსპორტო საშუალებებით და თავიანთ საქმიანობას ზოგიერთი პოლიციელისა და მძღოლის დახმარებით ფრიადზე ასრულებენ. მათთვის არ არსებობს სოციალური თუ ასაკობრივი კლასიფიკაცია და გულმოდგინედ ასუფთავებენ ბავშვების, სტუდენტებისა თუ მოხუცების ჯიბეებსა თუ ჩანთებს. როგორც წესი, ფაქტზე წასწრებისას ხმის ამოღება არ შეიძლება, რადგან ამას ქურდული კანონი კრძალავს. პოლიციის იმედად  ყოფნა კი, დღეს, თითქმის წარმოუდგენელია.

თუმცა, ეს რა გასაკვირია, როცა „მომპარავები“ სახელმწიფოს ხელმძღვანელ თანამდებობებზეც კი არიან მოკალათებულები. ისევე, როგორც „კარმანშიკებს“, მათ უაღრესად დიდ პატივს სცემენ მთავრობისა და პარლამენტის წევრები. ამიტომ ისინი ძალიან მშვიდად განაგრძობენ თავიანთ „საშვილიშვილო“ საქმიანობას. ხმის ამოღება არც ამ შემთხვევაში შეიძლება, რადგან ამას ქურდული კანონები კრძალავს.

როდესაც თანამედროვე მუსიკოსებმა შეხედეს ყველაფერ ამას, იფიქრეს, – „თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოსო“ და თავადაც დაიწყეს ამ „კაცური“ საქმის კეთება. თავდაპირველად, ისინი, მხოლოდ სიმღერებიდან ტექსტებისა და მელოდიების ფრაგმენტებს იპარავდნენ, დროთა განმავლობაში ისე „გაბლატავდნენ“, მთელი სიმღერების ასლირებას შეუდგნენ. როდესაც რამდენიმე პატიოსანმა მუსიკოსმა ეს შეამჩნია და ხმამაღლა გააპროტესტა, წამსვე მიუხტდნენ, – რა გაყვირებს, ფულს რატომ გვაკარგვინებ, ეს არაქურდულიაო. აბა, შეიარეთ სტუდიებში და ნახეთ ამ სიმღერების ტექსტებს როგორ აქართულებენ ჩვენი ესტრადის „გენიოსი“ პოეტები.

ახლა, მოკლედ აგიხსნით მუსიკალური „მომპარავების“ მუშაობის პრინციპებს. იკრიბება ბოიბენდი და ფიქრობს, რა გააკეთოს იმისათვის, რომ მათი მომავალი სიმღერა უცებ გაჰიტდეს. როდესაც გამოსავალს ვერ პოულობენ, ან მათთვის ვიღაც ქართველი „კომპოზიტორის“ მიერ დაწერილი სიმღერა ძალიან ცუდია, მიუსხდებიან კომპიუტერს, შედიან ინტერნეტში და ათვალიერებენ სოულ ჯგუფების საიტებს. ყველაზე ხშირად „ბექსტრიტ ბოიზის“, „უესტლაიფის“, „ბლუ“-სა და მსგავსების საიტებს სტუმრობენ. უსმენენ მათ სიმღერებს. როდესაც ნახავენ ისეთ სიმღერას, რომელიც არ არის „ემთივი“-სა და სხვა პოპულარული მუსიკალური ტელეარხებით „დარასკრუტკებული“ (ანუ ხშირად დატრიალებული), მას „აკაჩავებენ“ (იწერენ). ჩაწერილი კომპაქტ-დისკი ან მინი-დისკი მიაქვთ რომელიმე სტუდიაში არანჟირების ავტორთან და სთხოვენ ანალოგიური მელოდია აუწყოს. როდესაც არანჟირების ავტორი ამ სიმღერის მხოლოდ მუსიკალური აკომპანიმენტის ასლს გააკეთებს, „მომპარავები“ იწყებენ იმაზე დავას, თუ ვის მიაწერონ მუსიკის ავტორობა. ეს კამათი ყოველთვის უსისხლოდ მთავრდება და კონსენსუსამდე უმტკივნეულოდ მიდიან.

ამის შემდეგ ბიჭები იწყებენ ტექსტზე ფიქრს. მიდიან ესტრადის რომელიმე პოპულარულ პოეტთან და, რა თქმა უნდა, გასამრჯელოს სანაცვლოდ (50 ან 100 აშშ დოლარი) სთხოვენ ლექსის მორგებას. „პოეტი“ უსმენს სიმღერის, როგორც ინგლისურ, ასევე ახლად გაკეთებულ „მინუსავოი“ ფანერას (იგივე ფონოგრამას). მას, რა თქმა უნდა, ტექსტის მოფიქრება არ უჭირს, რადგან „წვიმიანი სიყვარულებისა“ და „სიზმარში კოცნა-პროშნების“ „პრობლემატური“ თემები დღეს ისევ აღელვებს „ქართულ საზოგადოებას“. ტექსტი სადღაც ორ-სამ დღეში მზადდება. ამ შემთხვევაში, „პოეტი“ თავს იფასებს, სინამდვილეში კი, ტექსტი ნახევარ საათში კეთდება. გახარებული „მომპარავები“ ისევ სტუდიაში გარბიან და ახლა უკვე იწყებენ ხმების ჩაწერა-დადებას, რის შედეგადაც ვიღებთ ახალ ქართულ „ჰიტს“, რომელიც სულ მალე რადიოებსა და „მაესტროს“ ეთერში იტრიალებს და მშვიდობიან მოსახლეობას ტვინს გაუბურღავს.

ისე, მართლაც საოცარია, ამაზე ხმას რატომ არ იღებენ პროფესიონალი მუსიკოსები, ან მუსიკისა თუ ხელოვნების მცოდნეები, თუ ისინიც ქურდული კანონების ზეგავლენის ქვეშ არიან და ამათი მხილება „ეგრეხებათ“? როგორც იტყვიან, არავის უნდა აუტკივარი თავი აიტკიოს. ეტყობა, – არც მე, რადგან კონკრეტულად არავის ვასახელებ და მხოლოდ ზოგადად ვსაუბრობ. თუმცა, არა ვარ პროფესიონალი მუსიკის მცოდნე, მხოლოდ პროფესიონალი მსმენელი ვარ, ოღონდ არა ამათი (ღმერთმა დამიფაროს!).

ჩვენი სიმუნჯის გამო კი, „მარშრუტკების“ ჩართულ რადიოებში „მომპარავი“ მუსიკოსების ჰიტების ფონზე ტრანსპორტში, ბაზრობებსა და ქუჩებში „მომპარავი კარმანშიკები“, ხოლო მთავრობაში „მომპარავი ხელისუფალნი“ ისედაც გამორღვეულ ჯიბეებს გვისუფთავებენ. ჩვენ კი გვიხარია... ოღონდ თავად არ ვიცით, რა. 

გიხაროდენ! გიხაროდენ!

Wednesday, April 23, 2003

ძალისუფლება

შორს აღარაა ის დრო, როდესაც გაგვიხარდება თუ ქუჩაში დავინახავთ, რომ ადამიანი ორ ფეხზე დადის. აი, ხედავთ – ვიტყვით, – ადამიანობა შეუნარჩუნებია. ეს, რა თქმა უნდა, უბრალო უკბილო ხუმრობაა. მაგრამ დაკვირვებული თვალი შეამჩნევს როგორ ვტყიურდებით თანდათან და როგორ ვკარგავთ საკუთარ სახეს. დღეს, ძალიან მოდაში შემოვიდა ყველაფრის ხელისუფლებისთვის გადაბრალება. როგორ შეიძლება ყველაფერი მას გადააბრალო, როდესაც ჩვენ, თავად შევიქმენით ირგვლივ ის სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ. ეს სამყარო კი, იმდენად ახლობელია ჩვენთვის, რომ შეჩვეული ჭირის არ იყოს, გვიჭირს მასთან გამომშვიდობება.

„მთელი ძალაუფლება ხალხს!“ – თავის დროზე, ამ ლოზუნგით გვაბოლებდნენ საბჭოთა კავშირში და იმდენი ქნეს, დაგვაჯერეს. მერე, როცა მართლა ამის დრო დადგა, მეორე უკიდურესობაში ჩავვარდით, რადგან დავიჯერეთ, ძალაუფლება ჩვენ კი არა, ხელისუფლებას ეკუთვნის და დავბეჩავდით, დავმჩვარდით, დავბერდით და როგორც მონებს შეშვენის, – ყველაფერს შევეგუეთ. შიშით დავდივართ ქუჩებში და გვგონია, ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა გააკეთებს და ჩვენს სათქმელ სიტყვას ვიღაც იტყვის. მერე შესაძლოა, ამ სიტყვის მთქმელს თავში აგური ჩაარტყან და მოკლან, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი საქმე არაა, რადგან დანაშაული მაინც არ გაიხსნება. აბა, მითხარით, რა ძალაუფლება და საერთოდ, რა უფლებები გვაქვს ჩვენ? ასე მგონია, ამ კითხვაზე ვერავინ მიპასუხებს.

რისი უფლება გვაქვს ჩვენ? მხოლოდ ქუჩაში გამოსვლის (თანაც – როცა ფულს გადაგვიხდიან) და უშედეგო მიტინგების გამართვის. იმ დროს, როდესაც ჩვენს დედაქალაქში „მრავალათასიანი“ უაზრო მიტინგები იმართება ვიღაცის (ან ვიღაცეების) გადაყენების მოთხოვნებით, აღარავის ახსოვს, რომ საქართველოში არსებობს სოფლები, სადაც ელექტროენერგია, უკვე ათი წელია, თვალითაც არ უნახავთ და იქ იზრდება თაობა, რომელმაც მხოლოდ მშობლებისგან იცის გადმოცემით, რა არის ტელევიზორი, კინო, თეატრი და თქვენ წარმოიდგინეთ, წიგნიც კი. საშინელებაა, როდესაც ადამიანი „დვიჟოკზე“ ოცნებობს და არა ელექტროენერგიაზე. საშინელებაა, როდესაც ამგვარ დეგრადაციას თვალებში უყურებ და უმწეობას, უსუსურობას გრძნობ. ზოგიერთ ასეთ სოფელში მხოლოდ სამღვდელოება ავრცელებს წერა-კითხვას, დედაქალაქში კი ისევ მოდაში შემოდის სარწმუნოების ლანძღვა-ქილიკი.

საშინელებაა ისიც, რომ ჩვენი მეოთხე ხელისუფლების ხელისუფალნი, მხოლოდ ე.წ. „თინეიჯერულ“ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე ზრუნავენ და თითქმის მთელი მედია ბოტკინიანივით არის გაყვითლებული. ტელევიზია-რადიო-ჟურნალ-გაზეთებს შტერი „თინეიჯერები“ მოედნენ და დაღრეჯილი სახეებით აკეთებენ თავიანთ ფლეგმატურ საქმეებს. შესაძლოა, კარგია კიდეც, რომ ამ სოფლებში მათ გადაცემებს არ უყურებენ. ჭკვიანი ყმაწვილები („თინეიჯერები“) კი ისე გადაეშვნენ თავებით წიგნებსა და კომპიუტერებში, რომ ვეღარც კი გრძნობენ, როგორ ნადგურდება მათ ირგვლივ ადამიანობა. ისინი დღეს ჩუმად არიან, მაგრამ ალბათ, დადგება დრო, როდესაც, სწორედ ისინი გაანადგურებენ იმ სიმახინჯეს, დღეს რომ სიცოცხლეს გვიწამლავს.

ცოტაც გავიჭირვოთ და მერე, ვიღაც გვიშველის, – ვფიქრობთ და ვეღარც კი ვხვდებით, რომ ის, ვინც გვგონია გვიშველის, ყველას ხმარობს. უკაცრავად ასეთი უხეშობისათვის, მაგრამ როდესაც ხალხმა, რომელმაც აგერ, უკვე 12 წელია, ვიღაცის იმედად იჭირვებს, უკვე დაკარგა იმის გრძნობა, რომ მას კი აღარ ატყუებენ, არამედ ხმარობენ. უფრო სწორად, საკუთარ თავს ხმარობს. დღეს ეგოიზმი კარგ ტონად ითვლება, სიკეთე კი, დაცინვის სუბიექტია.

მთელი ძალაუფლება მაიმუნის მაგვარი არსებების ხელთაა, რადგან, ჩვენ ხომ აღარაფერი გვაინტერესებს საკუთარი თავის ფიზიკურად გადარჩენის გარდა. რაში გვჭირდება ვიცოდეთ ვინ იყო ბახი, მოცარტი ან ჰამლეტ გონაშვილი? კრისტინა აგილიერას მკერდი და ქართველი „ვარსკვლავების“ შეყვარებულ-საყვარლები გვყავდეს კარგად და ყველა ხელოვანის დედაც არ ვატირე? რაში გვარგია წიგნი, რომელიც საარსებო მინიმუმის შოვნაშიც კი ვერ დაგვეხმარება. რას დავამგვანეთ ჩვენი ცხოვრება? რით განვსხვავდებით ცხოველებისგან? ცხოველები მრავლდებიან მაინც და ჩვენ მალე ამ ფუნქციასაც დავკარგავთ, რადგან უკვე ნამეტნავად შევეგუეთ ნაგავში ცხოვრებას.

ავირჩიოთ: ან ძალაუფლება და თავისუფლება, ან მონობა და ძალისუფლება...

Tuesday, April 22, 2003

„სასაცილოა, რომ ჩვენი პრეზიდენტი არის კაცი, რომელმაც ბრეჟნევის ტუჩების გემო იცის“

გოგა ხაჩიძე პარლამენტის დეპუტატი რომ გახდება, კორუმპირებულებს „ჯაბანა პაპის“ ხმით ეტყვის: გამოექანეთ და...

პოპულარული ჯგუფის „სახეს“ ყოფილმა წევრმა გოგა ხაჩიძემ საბოლოოდ გადაწყვიტა, ბედი პოლიტიკაშიც სცადოს. იგი საპარლამენტო არჩევნებისას აპირებს კენჭი იყაროს ხაშურის რაიონში, როგორც მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა. საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა პოლიტიკური კარიერის გაკეთება მომღერალმა, მულტ-სერიალ „დარდუბალას“ რეჟისორმა, „რადიო 101“-ის (მანამდე „რადიო 105“-ის) უცვლელმა თანამშრომელმა. ამ საკითხზე სასაუბროდ გოგა ხაჩიძე „ახალ ვერსიას“ სიამოვნებით დათანხმდა. აქ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ – გოგა ხაჩიძე იგივე „ჯაბანა პაპაა“ – „რადიო 101“-ის არტების გმირი, რომელიც თვით ზვიოზე არანაკლებ პოპულარულია რადიომსმენელებს შორის.

------------------------------
მცირე პრეს-დოსიე
------------------------------
გოგა ხაჩიძე დაიბადა თბილისში 1974 წლის 9 თებერვალს, თუმცა გაიზარდა და სკოლა დაამთავრა სურამში. სწავლობდა თსუ-ს ბიოლოგიურ ფაკულტეტზე. ორი წლის შემდეგ ჩააბარა ჟურნალისტიკის მეორად ფაკულტეტზე.
იყო პოპულარული ჯგუფ „სახე“-ს უცვლელი წევრი. მუშაობდა: „იბერვიზიაში“ (აკეთებდა გასართობ პროგრამას „პარანოია“), თავდაცვის სამინისტროს პრეს-ცენტრში, სადაც რამდენიმე ადამიანთან ერთად გააკეთა სატელევიზიო სამხედრო ალმანახი „სპა“, „პირველ არხზე“, „დვრიტა TV“-ში ამზადებდა გადაცემა „ტერმინალს“. მუშაობდა „რადიო 105“-ში. მულტ-სერიალ „დარდუბალაში“ თავიდან კომპოზიტორი და ხმის რეჟისორი იყო, მერე მისი რეჟისორიც გახდა. ამჟამად მუშაობს „რადიო 101“-ში.
არის „გაერთიანებული დემოკრატების“ ხაშურის ორგანიზაციის თავმჯდომარე.
ჰყავს მეუღლე მაკა აბაშმაძე და შვილი – მევლუდი, რომლის სახელი, მამის სახელი, დაბადების თვე, რიცხვი და დღეც კი ზუსტად ისეთივე აქვს, როგორც გოგას მამის.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

– როგორც ყოფილი მუსიკოსი რას ფიქრობ, როგორ მდგომარეობაშია დღეს თანამედროვე ქართული მუსიკა?

Monday, April 21, 2003

ლიტერატურა შოუ-ბიზნესი არ არის

ნაირა გელაშვილის აზრით, შეუძლებელია ლიტერატურული კონკურსი „საბა“ ობიექტურად ჩატარდეს

„ახალი ვერსიის“ წინა ნომერში გამოქვეყნდა მწერალთა ერთი ჯგუფის განცხადება, რომლითაც ისინი უარს ამბობენ ტელევიზიით ფართოდ რეკლამირებულ ლიტერატურულ კონკურსში („საბა“) მონაწილეობაზე. ისინი აცხადებენ, რომ კონკურსი ორგანიზებულია მწერალთა ერთი კლანის მიერ და ყველაფერი, საბოლოო ჯამში, უკავშირდება არა ლიტერატურას, არამედ პოლიტიკას, კერძოდ კი – არჩევნების წინ ქულების დაწერას.

როგორც დაგპირდით, ამჯერად ამ თემაზე გთავაზობთ ვრცელ სტატიას. დღესდღეობით უკვე ცნობილია ლიტერატურული პრემია „საბას“ ნომინანტები, რომლებშიც მოხვდა „ახალ ვერსიაში“ გამოქვეყნებული საპროტესტო წერილის ერთ-ერთი ხელმომწერი ალეკო შუღლაძე.

რატი ამაღლობელი: „ძალიან მეწყინა“

როგორც გაირკვა, მწერლებმა – შალვა ბაკურაძემ, ზაზა ბურჭულაძემ, ზურაბ რთველიაშვილმა, დავით რობაქიძემ, დავით ქართველიშვილმა და ალეკო შუღლაძემ „ახალ ვერსიაში“ წერილის გამოქვეყნებამდე მისი დაბეჭდვა გაზეთ „24 საათს“ შესთავაზეს. თუმცა – უარი მიიღეს. ჩვენ ვთხოვეთ გაზეთ „24 საათის“ მთავარ რედაქტორს მამუკა ფაჩუაშვილს განემარტა, რატომ არ დაიბეჭდა ეს წერილი გაზეთში. მისი თქმით, იგი თავად არაა ამ კონკურსის უშუალო ორგანიზატორი და ამიტომ არ იცის, რატომ არ დაიბეჭდა აღნიშნული განცხადება. მან გვირჩია მივსულიყავით ამ საქმეში უფრო ჩახედულ ჟურნალისტ მალხაზ ხარბედიასთან ან მწერალ დათო მაღრაძესთან. ამ უკანასკნელს იმ დღეს მაღალი სიცხე ჰქონდა. მალხაზ ხარბედიამ კომენტარზე უარი გვითხრა და გვირჩია შევხმიანებოდით კონკურსის ერთ-ერთ უშუალო ორგანიზატორს, რატი ამაღლობელს – იქნებ მან განგიმარტოთ ყველაფერიო.

ახალგაზრდა პოეტმა რატი ამაღლობელმა „ახალ ვერსიაში“ გამოქვეყნებულ წერილზე ვრცელი კომენტარისგან თავი შეიკავა. თუმცა, რამდენიმე სიტყვით მაინც გამოხატა თავისი პოზიცია.

რატი ამაღლობელი: „ვფიქრობ, რომ მათი წერილი ძალიან ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო. მათ ამ მოვლენას არასწორი ანალიზი გაუკეთეს. მე არ გავაკეთებ რამე კომენტარს ამ წერილზე, რადგან დრო გამოაჩენს ყველაფერს. არ მინდა მათთან კონფლიქტი, რადგან ნამდვილად არ არიან ცუდი ადამიანები და მწერლები. მათ შესაძლოა ვერ მიიღონ ეს პრემია, ამიტომ წინ ასწრებენ მოვლენებს და ჯერ არ გაჩენილ ბავშვს ლანძღავენ. ჩემი აზრით, მათი მხრიდან ეს ძალიან არაკორექტულია.

– ხომ არ იცით რატომ არ დაიბეჭდა მათი წერილი „24 საათში“?

– არა, ეს ნამდვილად არ ვიცი. ვნახე „ახალი ვერსია“. ამასთან დაკავშირებით ყველას თავისი მოსაზრება აქვს და სიმართლე რომ გითხრა, ძალიან მეწყინა. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება იდეალური დაჯილდოვება, რადგან პირველად ხდება საქართველოში. მე ვთვლი, რომ ეს არის რეფორმა ლიტერატურულ პროცესებში, ანუ საბჭოთა კავშირის დასასრული. ეს იქნება იმ რუდიმენტის დასასრული, რასაც მწერალთა კავშირი წარმოადგენს. ეს არის ლიტერატურული პროცესის, საგამომცემლო საქმიანობის და მთლიანად ყველაფრის ახლებური გააზრება. წერილში არის ამ ყველაფრის მიმართ საკმაოდ პირადული, არამასშტაბული ხედვა. მოყვანილია მასონების, იეზუიტების ზოგადი ფრაზები, რაც ტელევიზიიდან ესმით. ვთვლი, რომ ასე ზედაპირულად არ შეიძლება შეფასება“.

Monday, April 14, 2003

რამბალ კოშეს სათამაშოები


წინასაარჩევნო ვნებათაღელვა სულ მალე პიკს მიაღწევს. ამ პერიოდში ქართველები, როგორც წესი, მამასისხლად გადავეკიდებით ერთმანეთს და რაც უფრო საკვირველია, ამას ისეთი დიდი აზარტით ვაკეთებთ, რომ არჩევნების შემდეგ შესაძლოა, ჩვენი საქციელების შეგვრცხვეს კიდეც. მაგრამ რად გინდა... არჩევნების შემდეგ ყველაფერი, თვით უდიდესი სისულელე და სირეგვენეც კი დავიწყებას მიეცემა, ან კოტე ყუბანეიშვილის ლექსებწაწერილ სანაგვე ურნებში ჩაიყრება.

საქართველოში არ დარჩა ხელოვნების სფერო, პოლიტიზირებული რომ არ იყოს. ამ საქმის ავანგარდში ყოფნით ჩვენმა „მშობლიურმა“ ესტრადამ ტოლი არავის დაუდო. შოუ-ბიზნესად წოდებულ ამ ნახევრად მუსიკალური სფეროს მუშაკები თავიანთ ძალ-ღონეს არ დაიშურებენ, რათა აქონ და ადიდონ გარკვეული პოლიტიკური წრეები. ძვირფასო მკითხველო, აი ნახავ, რამდენი „გიხაროდენ“-ის მსგავსი პოლიტიკური ჰიმნი დაიწერება სულ მალე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი „სასიქადულო“ ვარსკვლავები, რომლებიც ბედნიერი, გაღიმებული სახეებით ისე მოგვიწოდებენ ამა თუ იმ პარტიისათვის ხმის მიცემას, ტამპონების, გაყინული ქათმებისა და ერბოების რეკლამები მოგონილი იქნება.

ასე იყიდებიან მომღერლები. გასულ კვირას შთაბეჭდილება დაგვრჩა, მომღერალ ნინო ქათამაძის ყიდვაც უნდოდათ. მისი „არტ-იმედთან“ და „მელოდია-არტთან“ დაპირისპირება ასე პომპეზურად კი იმიტომ გაშუქდა, რომ ძალიან ბევრს ეგონა, რომ მომღერალი ბადრი პატარკაციშვილს დაუპირისპირდა (საყურადღებო იყო, აგრეთვე, ისიც, რომ „საპროტესტო“ პრესკონფერენცია „დაზარალებულებმა“ ძალიან ძვირიან „შერატონ მეტეხი პალასში" გამართეს). თუმცა ეს დაპირისპირება არ ყოფილა მთლად დაპირისპირებაც, რადგან დღის მიწურულს, პროგრამა „ღამის კურიერში“ ქათამაძის პროდიუსერმა ირაკლი ნადარეიშვილმა აღიარა, რომ ბატონი ოლიგარქისთვის წერილი გაუგზავნია. ძალიან გამაოცა ნადარეიშვილის გამოსვლის შინაარსმა, რადგან ის თურმე მხოლოდ „არტ-იმედის“ მუშაობის სტილით დარჩენილა უკმაყოფილო, მაგრამ მიაჩნია, რომ პატარკაციშვილი შოუ-ბიზნესის განვითარებას ხელს უწყობს და ამისათვის მადლობაც კი გადაუხადა. ნიჭიერი მუსიკოსის – ნინო ქათამაძისადმი თანაგრძნობა სხვა ემოციებით შემეცვალა, რადგან გაურკვეველი დარჩა, როგორ შეიძლება მადლობა გადაუხადო და წერილიც გაუგზავნო იმ ადამიანს, რომლის გამოც ამხელა აჟიოტაჟი ატეხე. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ნადარეიშვილს ძალიან მოუნდა თავად უხელმძღვანელოს ამ საპროდიუსერო ცენტრს...

ისე, „არტ-იმედი“ რომ მომღერლებს ყიდულობს, ეს ყველამ იცის. ძალიან საინტერესოა, როგორ უწყობს ეს ორგანიზაცია შოუ-ბიზნესის განვითარებას ხელს, როდესაც საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს მომღერალი, რომელიც მოგებაზე მუშაობს და ალბათ, მათი „გაქანებებიდან“ გამომდინარე, კარგა ხანი ვერც იარსებებს.

სულ მალე აფუთფუთდება წინასაარჩევნო მოძრავი სცენა თბილისის ერთი უბნიდან მეორეში, საქართველოს ერთი კუთხიდან მეორეში და მინი-დისკებზე ჩაწერილ ფონოგრამებზე არა მარტო „არტ-იმედელები“ პირებს დააღებენ. მალე ნახავთ ქუჩებში გამოკრულ აფიშებს წარწერებით „გიწვევთ გრანდიოზულ კონცერტზე“ და მერე – სპორტის სასახლეში, დიდ საკონცერტო დარბაზში, რიყეზე, ბლიყვეზე და ა.შ. მალე აძუგძუგდება საქართველო ერიკ რამბალ კოშეს (გაიხსენეთ ფრანგული კომედია „სათამაშო“ პიერ რიშარის მონაწილეობით) პირდაბჩენილი სათამაშოებით, რომლებსაც ბატონის ბრძანებაზე შეუძლიათ შარვლის ჩახდა და შიშველი უკანალების გამოჩენაც. ვინ უფრო მეტი სულელია, თქვენ განსაჯეთ. ხოლო ნინო ქათამაძე ან მათთან ერთად იმღერებს, ან საქართველოდან წავა (როგორც განაცხადა), ან კიდევ ქართულ როკ-ანდერგრაუნდს დაუბრუნდება, რაშიც, სამწუხაროდ ეჭვი მეპარება.

ჩვენ კი, ამ აწიგასამართ წინასაარჩევნო კონცერტებს ისევ ისე, ჩვეულებრივ მოვლენად აღვიქვამთ (მიზეზით – დასავლეთშიც ხომ ხდება ასე?), რადგან ერფეროვნებისადმი ზიზღისა და მოწყენის უნარი სადღაც დავკარგეთ. ესეც ალბათ იმიტომ, რომ თავად ამ მომღერლებივით ზომბებად და ერიკ რამბალ კოშეს სათამაშოებად ვიქეცით. ამასთან ერთად, უკვე ატროფირებული გვაქვს სინდისის ხმაც. ამიტომ აუცილებლად დავესწრებით პოლიტიზირებული „ვარსკვლავების“ გრანძიოზულ (ეს „ძ“ მაგრად უყვართ პოპსა ტელევიზიებს) შოუებს და მეორე დღეს დაღრეჯილი სახეებით ვიტყვით, რომ გუშინ მაგრად „ვიგულავეთ“.

Tuesday, April 1, 2003

ხელოვნურობა

შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე მუსიკაში ცოცხალი ოქროს ხანა წარსულს ბარდება და მის ადგილს იკავებს ე.წ. პლასტმასა – უშინაარსო, მხოლოდ ელექტროზირებული მუსიკალური პროდუქცია (აქ არ იგულისხმება ელექტრონული მუსიკა). საოცარია, მაგრამ ასეთი მუსიკას დღეს თავის მსმენელი ჰყავს. შეიძლება იკითხოთ, როგორ შეიძლება ცოცხალი ადამიანი ხელოვნურმა პროდუქტმა მიიზიდოს? თუმცა, ასეთი ტენდენცია უკვე გამოკვეთილია და განსაკუთრებით, საქართველოში. სამწუხაროდ, სიცოცხლე ქართულ სცენაზე თანდათან, წლების განმავლობაში მინავლდა და ძლივს გაღვივებული ნაკვერჩხალივით, თითქმის სულ ჩაქრა. ძალიან ცუდია ისიც, რომ ჩვენთან იშვიათად ჩამოჰყავთ ენერგიული უცხოელი მუსიკოსებიც და ამიტომ, ცარიელ ნიშას თანდათან იკავებს სამამულო წარმოების მუსიკალური ნაგავი, თანაც, ძალიან დიდი დოზებით. ყველაფერს კი, მუსიკალური აუდიო მატარებლების (კომპაქტ-დისკებისა და კასეტების) საკმაო გაძვირებაც დაერთო თან.

ხელოვნურობა არა მარტო მუსიკიდან შემოგვეპარა. ქართული მედია უკვე კარგა ხანია გაჰკივის, რომ ჩვენ ვიწამლებით არამალეფუჭებადი უცხოური და სამამულო საკვები პროდუქტებით, რომელიც საეჭვოდ იაფი ღირს. ასევე ქვეყნდება „საწამლავი“ წამლების სიებიც. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ თანდათან შევეჩვიეთ ყველაფერ ხელოვნურს და უარს ვამბობთ (რატომღაც საკუთარივე სურვილით) ბუნებრიობასა და ყოველგვარ ცოცხალზე. თანამედროვე მუსიკაში კი თაყვანს ვცემთ უნიჭო კერპებს, რომლებიც ისე გავათამამეთ ჩვენი დუმილითა და ფლეგმატურობით, რომ საკუთარ თავს მართლა მომღერლებს ეძახიან და ჰოლივუდის ვარსკვლავებივით იქცევიან, – აქაოდა, ჩვენა ვართ ვინცა ვართო.

აბა, დააკვირდით მათ სატელევიზიო თუ საჟურნალო (საგაზეთო) ინტერვიუებს, ისინი ქედმაღლურად, და თქვენ წარმოიდგინეთ, დამრიგებლური ტონით გვესაუბრებიან. ზოგიერთი მართლა ჰოლივუდის ვარსკვლავივით აცხადებს, რომ დღიურად 4 000 დოლარს ხარჯავს, სიამაყით ჰყვება, როგორ წააგო, ან მოიგო ამერიკის ან ევროპის კაზინოებში. ასეთები თავიანთი ოჯახების წვრილმანებსა და პოლიტიკურ საკითხებზე უფრო საუბრობენ, ვიდრე მუსიკაზე. მათ მიერ წარმოთქმული რამდენიმე წინადადებიდანაც კი ნათელი ხდება, რომ ზოგიერთ მათგანს „ბურატინოს თავგადასავალიც“ არა აქვს წაკითხული, ქართულ ზღაპრებს თავი რომ დავანებოთ. ჰოდა, წარმოიდგინეთ, ასეთ პერსონებს ხელოვნებაზე აქვთ პრეტენზია და სიყვარულზეც კი გვიმღერიან. გვიმღერიან-მეთქი სიტყვას მოჰყვა, თორემ ისე, ეშმაკმაც არ იცის, მართლა მღერიან თუ არა ისინი. ეს მხოლოდ ხმისჩამწერ სტუდიაში უწყიან და თუ ძალიან დაგაინტერესებთ, მათ ჰკითხეთ როგორ „მუშაობენ“ ჩვენი ერის „საამაყო“ ვარსკვლავ-მამულიშვილები ამ სტუდიებში და როგორ ასწორებს მათ ხმებს კომპიუტერული პროგრამა. კომპიუტერს კი არა მარტო ხმის გასწორება, ტონალობის შეცვლაც შეუძლია. ჰოდა, ჩემო უძვირფასესო მეგობარო, როდესაც ვიღაც მავანზე იფიქრებ, დახე, რა მაგარი ხმა აქვსო, უბრალოდ, ზოგიერთი ასეთი მომღერლის სტუდიაში მუშაობას დაესწარი და ყველაფერს თავად მიხვდები.

ხელოვნურია მათი ნებისმიერი ქცევა და სიტყვა. ზოგჯერ ძნელია დაიჯერო, რომ მათ ფონოგრამის გარეშე, ლაპარაკიც კი არ შეუძლიათ. ხელოვნურია და სპეციალურად დაყენებული მათი მიმოხვრა, – ხელების მოძრაობა, წამწამების დაფახულება და ა. შ. მათ მიერ მოყოლილი უცხოეთში გასტროლების ამბების უმრავლესობაც ხომ, ძირითადად, შეთითხნილია და მათივე ფანტაზიის ნაყოფია. მაგალითად, თუკი იმღერებენ, სადმე, ნიუ-იორკის ან პარიზის რესტორანში, მერე აქ, ჟურნალისტებს გვაბოლებენ, რომ თითქოს მთელი ამერიკა ან ევროპა გადარიეს და რა თქმა უნდა, ისევ არიან მიწვეულები.

აი, ასე ვართ დღეს თავით-ფეხებამდე ხელოვნურობის ბადეებში გახლართულები. თავს ვიმშვიდებთ, რომ აწი, ყველაფერი გამოსწორდება, მაგრამ უკვე ისე ძლიერ ვაგვიანებთ, აღარც კი გვესმის, ჩვენი ფლეგმატურობის გამო, როგორ მივიდა დაღუპვის პირას ჩვენი პლანეტის ეკოსისტემა. აქედან გამომდინარე, კი მალე, ზღვის ნაცვლად ნავთობში ვიბანავებთ, ბუნებრივი საკვების ნაცვლად, ნიტრატებსა და ემულგატორებს მივიღებთ, ადამიანებთან კონტაქტს მხოლოდ კომპიუტერებით დავამყარებთ და „ხელოვნებას“ მხოლოდ საკუთარ ბინებში გამოკეტილი ადამიანები შექმნიან. თუმცა, ამ უკანასკნელი ვარაუდის გამართლებას, სულ ცოტა, ელექტროენერგია მაინც სჭირდება, რაც ჩვენ, დღეს, არ გაგვაჩნია, ამიტომ მისგან ჯერ-ჯერობით დაზღვეულები ვართ. ხელოვნურ მუსიკას კი ჩვენში ხელოვნური, „პლასტმასის“ ადამიანები ქმნიან.

რატომღაც, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთები მალე გადაშენდებიან (ისინი დღევანდელობით სარგებლობენ) და ხვალ, აუცილებლად პლასტმასს მაინც ცოცხალი ბგერა, მუსიკა შეცვლის, მანამდე კი დროებით იხარონ, რადგან ზეგ, ისინი, უკვე აღარავის ეხსომება.