Tuesday, March 1, 2005

ქეთი მელუა / Katie Melua

[ექსკლუზივი]

20 წლის ქეთი მელუა პირველი ქართველია, რომელსაც თამამად შეგვიძლია მსოფლიოს მასშტაბის პოპ-ვარსკვლავი ვუწოდოთ. თანამედროვე მუსიკის მექაში – ბრიტანეთში, მან თითქმის ყველა ჩარტის მწვერვალი დაიპყრო. ქეთის უსმენენ მთელს მსოფლიოში. მის მილიონობით თაყვანისმცემელს შორის ინგლისის დედოფალი ელიზაბეტ II გახლავთ. 2004 წლის იანვარ-თებერვალში, სახელგანთქმულ „ბილბორდის“ საუკეთესო 40-ეულში, მელუამ სუპერპოპულარული მომღერალი Dido რამდენიმე კვირით პირველი საფეხურიდან ჩამოაბრძანა და მისი ადგილი დაიკავა. BBC-ის ვებ-გვერდზე ახლახან გამოქვეყნდა 2004 წელს, ბრიტანეთში ყველაზე გაყიდვადი 100 ალბომის სია, რომელშიც ქეთის ალბომს „Call Off The Search“ საპატიო მე-5 ადგილი უჭირავს. მელუა წინ უსწრებს ისეთ შემსრულებლებს, როგორებიც არიან: ანასტეიშა, ნორა ჯონსი, „U2“, ემინემი, Franz Ferdinand, ჯორჯ მაიკლი, კაილი მინოუგი, ბრიტნი სპირსი, დაიდო, ფილ კოლინზი, როდ სტიუარტი, მორისეი და ა. შ.

ქეთი მელუა დაიბადა 1984 წლის 16 სექტემბერს ქუთაისში. ამის შემდეგ მელუების ოჯახი 1 წელი მოსკოვში ცხოვრობდა, საიდანაც ისევ საქართველოში – ბათუმში დაბრუნდა. მუსიკალური განათლების მისაღებად მშობლებმა ქეთის თბილისში ჩამოყვანა გადაწყვიტეს. 9 წლამდე, ანუ ბრიტანეთში წასვლამდე, იგი ბიძებთან იზრდებოდა, რომლებიც ორთოდოქსი როკერები იყვნენ და მთელი დღეების განმავლობაში მათთან ერთად „ქუინს“, „ბლექ საბატსა“, თუ „დიიფ ფარფლს“ უსმენდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ქეთიმ თქვა კიდეც, რომ მისი საყვარელი სიმღერებია „ქუინის“ „ბოჰემური რაფსოდია“ და „ლედ ზეპელინის“ „კიბე ზეცაში“. ქეთის თბილისელი ბიძა ზურა მელუა იხსენებს: „ქეთი მძიმე მუსიკის ატმოსფეროში იზრდებოდა. ვიდეოც გვაქვს, სადაც 7 წლის გრძელთმიანი ქეთი ჩემს საწოლზე დახტის, ხელში სათამაშო სინთეზატორი უჭირავს და მთელი ხმით მღერის ამერიკული ჰევი-მეტალ ჯგუფ „W.A.S.P.“-ის სიმღერას. ძალიან ცელქი იყო. საირმის გორაზე საცურაო აუზზე ფეხით ავდიოდით ხოლმე და ქუჩაში ნორმალურად არ დადიოდა. გზაში სულ ცეკვავდა და თავისთვის რაღაცას მღეროდა ხოლმე. მუსიკალურ სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა. ქეთი მზეს მაგონებს. მასავით ანათებს. მისი გაბრაზება და ყვირილი არ მახსოვს. სულ იღიმება, იცინის, ძალიან კეთილია“.