Monday, December 15, 2014

ნანი ბრეგვაძის პირველი ქართული დისკი „ვიხსენებ მე...“

ეს სტატია ამა წლის დასაწყისში დავწერე უსახელო ჟურნალისთვის, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხარჯებით უნდა გამოსულიყო. სამწუხაროდ, სამინისტრომ ბოლო მომენტში გადაწყვიტა, უარი ეთქვა გამოცემის დაფინანსებაზე და, რამდენადაც ვიცი, ბევრი ავტორის მასალა გამოუქვეყნებელი დარჩა. ამ სტატიას ახლა უცვლელად წარმოვადგენ.

ნანი ბრეგვაძე ქართული სიმღერის, ქართული რომანსის გამორჩეული ეტალონია, რომლის შემოქმედება წლებთან ერთად არათუ ხუნდება, არამედ უფრო მკვეთრდება და სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. ხანგრძლივი შემოქმედების განმავლობაში მას უამრავი ფირფიტა აქვს ჩაწერილი რუსეთში თუ სხვა ქვეყნებში. საოცარია, მაგრამ დღემდე მუსიკოსის ქართული დისკი არ არსებობდა. ცოტა ხნის წინ კი „ბრავო რეკორდსმა“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის კულტურული ღონისძიების ცენტრის მხარდაჭერით გამოსცა ნანი ბრეგვაძის პირველი ქართული ალბომი „ვიხსენებ მე...“.

ალბომის ყდა, დიზაინი
მასში შევიდა ქართველი მომღერლის ყველა დროის საუკეთესო 12 ქართული მუსიკალური ნაწარმოები, რომლებსაც მეტად საინტერესო ახალი საორკესტრო არანჟირება გაუკეთა მუსიკოსმა და დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველმა. რეპერტუარში ჟღერს ქართველი კომპოზიტორების: ნუგზარ ვაჩნაძის, ვაჟა აზარაშვილის, ბიძინა კვერნაძის, გურამ ბზვანელის, გია ყანჩელის, დავით თორაძის, გიორგი ცაბაძის, მარიკა კვალიაშვილის და რევაზ ლაღიძის სიმღერები, რომელთა დიდი უმრავლესობაც სპეციალურად ნანი ბრეგვაძისთვის შეიქმნა.

მეტად ორიგინალურია დისკის გაფორმება. იგი წარმოადგენს საოჯახო ალბომს, რომელშიც ჩაკრულია ნანი ბრეგვაძის სხვადასხვა სურათები, მათ შორის საოჯახო ფოტოებიც. ფოტოებს შორის პერგამენტის ფურცლებზე სიმღერის ტექსტებია წარმოდგენილი. ამავე ქაღალდებზე დამაგრებულია რამდენიმე საჰერბარიუმე ნამდვილი ყვავილი, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს, – მუსიკოსი ცხოვრებაში მსმენელისგან მიღებულ აურაცხელ ყვავილს მადლიერების ნიშნად ამ დისკის საშუალებით უკან აბრუნებს.

დისკის გაფორმების დეტალი
ალბომის არაოფიციალური პრეზენტაცია ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში გაიმართა. საღამოზე ნანი ბრეგვაძემ შეასრულა ახალ ფირფიტაში შესული რამოდენიმე მუსიკალური ნაწარმოები. პრეზენტაციის ბოლოს კი სპეციალურად მოწყობილ ადგილას გაიმართა ალბომზე ხელის მოწერის ცერემონია, ე.წ. „საინინგ-ფართი“, სადაც ნანი ბრეგვაძემ თითოეულ მოწვეულ სტუმარს ახალი ალბომი საკუთარი ავტოგრაფით უსახსოვრა და მათთან ერთად გადაიღო ფოტოები.

დიმიტრი ქაჯაია
დიმიტრი ქაჯაია („ბრავო რეკორდსის“ გენერალური დირექტორი): „ჩვენ უნიკალური ალბომი გამოვუშვით, სადაც ქ-ნი ნანის განუმეორებელი სიმღერები შევიდა. დისკის გასაფორმებლად ჩვენი მარკეტინგის ხელმძღვანელმა, სოფო ალექსიძემ დიზაინერებთან ერთად საოჯახო ალბომის კონცეფცია შეიმუშავა. შედეგად საკმაოდ მდიდრული და ლამაზი დიზაინის ალბომი მივიღეთ. სხვათა შორის, თითოეული ალბომი ხელითაა აკინძული. ესაა უნიკალური საკოლექციო დისკი. სხვადასხვა მიზეზების გამო, პროექტი დიდხანს გაგვეწელა. თავდაპირველად პროექტს ჩვენი ხმის რეჟისორი მატიას სარტორი იწერდა (მან ერთი წელი იმუშავა ჩვენთან) და შემდეგ ეს საქმე ალეკო ბერძენიშვილმა გააგრძელა. ძალიან საინტერესო გამოვიდა ალბომის პრეზენტაცია. დისკის ერთ-ერთმა სპონსორმა „თი-ბი-სი“ ბანკმა მთაწმინდაზე ფუნიკულიორის განახლებული რესტორნის მე-3 სართულზე არაჩვეულებრივ საზოგადოებას უმასპინძლა. შეხვედრა დასრულდა საინინგ-ფართით, რაზეც საკმაოდ დაღლილი ქ-ნი ნანი მსურველებს ავტოგრაფებს ურიგებდა ახლადშეძენილ დისკზე და ბოლო მსურველის გასტუმრებამდე თავი არ აუღია“.