Thursday, June 16, 2016

არალეგალური მუსიკის პლუსები და მეკობრეთა პარტია

მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ არალეგალურად გავრცელებული მუსიკა, ზოგადად მეკობრეობა (ჩვენში პირატობასაც ეძახიან) მისი მფლობელის უფლებებს ლახავს. ირღვევა საავტორო უფლებები. მოკლედ, ძალიან ცუდია. შეიძლება თუ არა, არალეგალურ, კონტრაბანდული გზით შემოსულ მუსიკას ჰქონდეს რამე პლუსი? უპირველესად, მოდი ვთქვათ ის, რომ დღეს, ინტერნეტის და ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, კონტრაბანდული მუსიკა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ რამდენიმე ტოტალიტარულ ან რელიგიურ-ფუნდამენტურ ქვეყანას, რომლის მოსახლეობას ინტერნეტთან და მსოფლიო შოუბიზნესთან წვდომა რადიოსა და ტელევიზიითაც კი შეზღუდული აქვს. დღეს ციფრული ტექნოლოგიების წყალობით მუსიკასთან წვდომა ღიაა მთელს მსოფლიოში და ალბათ ძნელად თუ წარმოიდგენს ვინმე, თუნდაც ჩვენი ქვეყნის ახალი თაობა, რომ ოდესღაც საქართველოში სასურველი მუსიკა ფაქტობრივად არ იშოვებოდა და ფარულად ვრცელდებოდა.

ახლავე ავხსნი ყველაფერს:

კოჭებიანი, ე.წ. „ბაბინებიანი“ მაგნიტოფონი
სტალინს მიაჩნდა, რომ „ვინც დღეს ჯაზს უკრავს, ხვალ სამშობლოს გაყიდის“, ამიტომ ჯაზი 1917 წლის რუსეთის სოციალისტური რევოლუციის შემდეგ, მის გარდაცვალებამდე (ინერციით 1950-იანი წლების მეორე ნახევრის ბოლომდე) ფაქტობრივად აკრძალული იყო. 1920-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში უკვე შეიქმნა „ფილარმონია“, რომელსაც უნდა ეკონტროლებინა მუსიკოსები და მათი შემოქმედება. ეს ორგანიზაცია მოიცავდა როგორც აკადემიურ, ისე თანამედროვე მუსიკას. ფილარმონია ერთგვარ საპროდიუსერო ცენტრის ფუნქციას ასრულებდა. ფილარმონია განაგებდა მუსიკალურ, საცეკვაო თუ მხატვრული კითხვის შემსრულებლებს, გეგმავდა მათ კონცერტებს, ხოლო გასტროლებს საბჭოთა კავშირსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში „სოიუზკონცერტი“ და „გოსკონცერტი“ უკეთებდნენ ორგანიზებას. თანამედროვე მუსიკაში ქვეყანაში მხოლოდ ე.წ. „ესტრადა“ იყო ლეგიტიმური, რომელშიც შედიოდა სხვადასხვა ე.წ. „მსუბუქი მუსიკის“ (ჯაზის გავლენის მქონე) ორკესტრები, ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები (ე.წ. ვია-ები, რომლებიც ფარულად მაინც განიცდიდნენ დასავლური ჯაზ, როკ, ფოლკ თუ პოპ-შემსრულებელთა გავლენას), სხვადასხვა მომღერლები და იუმორისტები, – სასაცილო მონოლოგებს რომ კითხულობდნენ სცენაზე. მუსიკალურ მაღაზიებში ოფიციალურად მხოლოდ საბჭოთა და ე.წ. „სოციალისტური ბანაკის“ ქვეყნების (პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, იუგოსლავია, ჩეხოსლოვაკია და ბულგარეთი) წარმოებული, ძირითადად, ცენზურაგავლილი ფირფიტები იყიდებოდა.