Sunday, November 6, 2016

ვინილი vs CD

ციფრული ტექნოლოგიების განვითარების შემდეგ, 21-ე საუკუნეში მუსიკაზე წვდომა ისეთი ადვილი გახდა, როგორც არასოდეს კაცობრიობის ისტორიაში. მისი მოსმენა შესაძლებელია ყველგან – საკუთარ სახლში, ტრანსპორტში, ბუნების წიაღში, ქუჩაში... ადამიანს სასურველ მუსიკაზე წვდომა გლობალურ ქსელში, ფაქტობრივად, უფასოდ შეუძლია თუნდაც ყველაზე დიდ ვიდეოპორტალ „იუთუბის“, აუდიოპორტალ „საუნდქლაუდის“ და მსგავსი ინტერნეტსაიტების საშუალებით. გამარტივებულია სასურველი მუსიკის შეძენაც. ციფრულ ტექნოლოგიებამდე, მუსიკალური ჩანაწერის შოვნა საკმაოდ შრომატევადი საქმიანობა იყო. ის ბევრ დროსა და თანხას საჭიროებდა. 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულის ნახევარს გავცდით და მუსიკისმოყვარულებს, მუსიკოსებსა და სპეციალისტებს შორის არ ცხრება კამათი, რომელი მუსიკალური ფორმატი სჯობს – ძველი, ტრადიციული, თუ ახალი? დღეს თითქმის ყველაფერი შეიძლება იშოვო ინტერნეტმაღაზიებში. სანამ თანამედროვე მუსიკალური ბაზრის ტენდენციებსაც შევეხები, მუსიკალურ ფორმატებსა და მათ მატარებლებზეც მოკლედ მოგითხრობთ.

დღეისთვის არსებობს ორი მუსიკალური ფორმატი: ანალოგური და ციფრული. ანალოგური – ძველი, ტრადიციული ფორმატია, რომელიც იწერება ასევე ტრადიციულ მუსიკალურ მატარებლებზე – ვინილის ფირფიტებზე და მაგნიტურ ფირებზე (ყოფაცხოვრებაში გავრცელებული კოჭებიანი, ანუ „ბაბინებიანი“ და კასეტების მაგნიტოფონების სახით). ციფრული მუსიკა დააქვთ ჩვეულებრივ კომპაქტ-დისკებსა და სხვა ციფრულ მატარებლებზე (ე.წ. „ფლეშკაზე“, მყარ დისკზე და სხვა). თავის მხრივ, ციფრული ფორმატი საკმაოდ მრავალფეროვანია. არსებობს დანაკარგებით (lossy) და დანაკარგების გარეშე შეკუმშული (lossless) ციფრული მუსიკა. ყველაზე ფართოდ გავრცელებული დანაკარგებით შეკუმშული ციფრული მუსიკის სახესხვაობაა MP3, რომელიც ინტერნეტსივრცეში ძალზე ხშირად გვხვდება. ბევრი შემსრულებელი ამ სახით ყიდის ხოლმე თავის ნაშრომს. დანაკარგების გარეშე შეკუმშული მუსიკის ყველაზე გავრცელებული ფორმატებია: FLAC და APE. დიფერენციაცია MP3-შიც გვხვდება, თუმცა მათი ჩამოთვლა და განმარტებები ახლა შორს წაგვიყვანს – ისევე, როგორც ყველა დანაკარგებით თუ დანაკარგების გარეშე შეკუმშული ფორმატის ჩამოთვლა.

გრამოფონი
გრამფირფიტა მე-20 საუკუნის მუსიკალური სიმბოლოა. იყო დრო, როცა იგი მუსიკალური ინფორმაციის თითქმის ერთადერთი მატარებლად მიიჩნეოდა. მისი ისტორია 1877 წლიდან იწყება, როცა თომას ედისონმა საკუთარი გამოგონება – ფონოგრაფი დააპატენტა. ის ხმას ნემსით იწერდა ცილინდრის ფორმის ღერძზე და შემდეგ უკრავდა. ამ მოვლენიდან ზუსტად 10 წლის შემდეგ, ედისონის აღმოჩენაზე დაყრდნობით, ამერიკელმა ემილ ბერლინერმა გრამოფონი და ჩამწერი მოწყობილობა დააპატენტა. სწორედ მისი იდეა იყო, რომ ხმოვან მატარებელს დისკის ფორმა ჰქონოდა. პირველად ფირფიტებს ებონიტისგან ამზადებდნენ. მოგვიანებით დაიწყეს შელაკის (ბუნებრივი ფისი, რომელსაც ზოგიერთი ტროპიკული მცენარე გამოიმუშავებს) დისკების წარმოება. თუმცა ეს ფირფიტები მძიმე, ძალიან სქელი და ადვილად მსხვრევადი იყო. ამავე დროს, ნემსთან შეხების გამო  ხშირად ცვდებოდა. ამიტომ, დისკის ექსპლუატაცია რომ გაეხანგრძლივებინათ, ორივე მხარეს ხშირად ერთსა და იმავე სიმღერას წერდნენ. მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, 1948 წელს გაჩნდა ვინილისგან დამზადებული ბევრად გამძლე ფირფიტები და თანდათან დისკების ბრუნვის სიჩქარის სტანდარტიზაციაც მოხდა. გრამოფონის ფირფიტების ბრუნვის სიჩქარე იყო: 78 ბრუნი წუთში, შემდეგ RCA-მ 45 ბრ/წთ-ში შემოიღო (შემდეგ ეს სიჩქარე და ზომა იქცა სინგლების სტანდარტად) და ფირფიტის ზომა შეამცირა, ხოლო Columbia Records-ის ინიციატივით სტანდარტული, ყველაზე გავრცელებული ზომის ფირფიტების სიჩქარე 33 1/3-ბრ/წთ-მდე შემცირდა. 1958 წლიდან კი ფირსაკრავების ნემსის განვითარების შემდეგ სტერეოფონური ფირფიტებიც გამოჩნდა. აქედან მოყოლებული დღემდე ჩაწერის ტექნოლოგია საერთოდ არ შეცვლილა, მხოლოდ ჩამწერი აპარატურა დაიხვეწა. ვინილის ფირფიტებზე დღემდე გამოდის შემსრულებელთა ალბომები და სინგლები.

Thursday, November 3, 2016

ინგლისური მუსიკა

გაერთიანებული სამეფოს ინგლისი აშშ-სთან ერთად თანამედროვე მუსიკალური შოუბიზნესის ერთ-ერთი ცენტრია, ისევე როგორც პარიზი და საფრანგეთი – მოდის, ან ჰოლივუდი – კინემატოგრაფიისა. თანამედროვე ინგლისური მუსიკის აღმასვლის და ლიდერობის ისტორია გასული საუკუნის 1960-იანი წლებიდან იწყება, როდესაც „ბრიტანული შეჭრა“ მოხდა ჯერ ამერიკაში, მერე – მთელ მსოფლიოში. იმ პერიოდში ინგლისურმა (და არა მარტო ინგლისურენოვანმა) მუსიკამ ფირსაკრავებიდან, რადიოებიდან, მაგნიტოფონებიდან, ტელევიზიებიდან, თეატრებიდან და კინოთეატრებიდან მსოფლიოს შეუტია. ამ წარმატებული შტურმის შემდეგ ინგლისელ შემსრულებლებს პლანეტის ყველაზე მოშორებულ წერტილებშიც კი მოუსმენდით. საერთოდ, ამერიკული ჩარტები საკმაოდ მკაცრია უცხო ქვეყნის შემსრულებლების მიმართ (არაამერიკელისთვის ამერიკულ ჩარტებში მოხვედრა დღესაც საკმაოდ რთულია), თუმცა 1960-იანებში The Beatles-ის, The Rolling Stones-ის, The Who-ს, Cream-ის და სხვა ინგლისელთა შემოტევას ვეღარ გაუძლო: ამერიკელებმა საკუთარ ქვეყანაში ინგლისელებს დაუთმეს ლიდერობა. ევროპაში ეს უფრო უმტკივნეულოდ მოხდა და დღესაც ასეა.

ინგლისის დროშა
მუსიკალური ხელოვნება ინგლისში ყოველთვის მაღალ დონეზე იყო, თუმცა ევროპის სხვა მუსიკალურ ქვეყნებთან შედარებით მან მსოფლიოს კლასიკურ მუსიკას უფრო ნაკლები გამოჩენილი კომპოზიტორი და მუსიკოსი მისცა. მე-17 საუკუნემ ინგლისს და, ზოგადად, ბრიტანეთს მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცვლილებები მოუტანა. რევოლუციების და ომების შედეგად საუკუნის ნახევრისთვის მონარქია დაემხო და რესპუბლიკა შეიქმნა. ხელისუფლებაში მოსული პროტესტანტები (პურიტანები) არ აღიარებდნენ საეკლესიო მუსიკას და წვავდნენ ნოტებს, ანადგურებდნენ მუსიკალურ ინსტრუმენტებს. ზეპური ხელოვნება ცოდვად შეირაცხა, თუმცა 1660 წელს ინგლისში მონარქია აღდგა და ტახტზე კარლ II სტიუარტი ავიდა. მისი ბრძანებით მეფის კარზე მხატვრული და მუსიკალური ცხოვრება გაცოცხლდა, შეიქმნა სამეფო კაპელა, სტუმრად იწვევდნენ იტალიურ საოპერო დასებს. ამ პერიოდიდან დაიწყო მუსიკოსების, მომღერლების, ინსტრუმენტალისტების კონცერტები. ქვეყანაში მუსიკალური ცხოვრება განახლდა და მუსიკოსებს უკვე საშუალება ჰქონდათ სხვა ქვეყნების ოსტატთა ნამუშევრებს გაცნობოდნენ. კლასიკურ მუსიკაში საქვეყნოდ აღიარებული ინგლისელი კომპოზიტორები იყვნენ: ჰენრი პერსელი (1659 – 1695), ჯორჯ ფრედერიკ ჰენდელი (1685 – 1759), უილიამ ბოისი (1711 – 1779), ჯონ სტენლი (1712 – 1786), სერ ედუარდ ელგარი (1857 – 1934), რალფ ვოან უილიამსი (1872 – 1958), გუსტავ ჰოლსტი (1874 – 1934) და ედუარდ ბენჯამენ ბრიტენი (1913 – 1976)... არ უნდა დაგვავიწყდეს მენესტრელთა, – მოხეტიალე პოეტ მუსიკოსთა (მათ შორის იყვნენ ქალებიც) შემოქმედებაც, რომელიც შუა საუკუნეებში მთელ ევროპაში და, რა თქმა უნდა, ინგლისშიც კარგად იყო განვითარებული. ამ ტიპის მუსიკოსთა უმეტესობის სახელები არ შემორჩენილა. თუმცა მათ დიდი გავლენა მოახდინეს ფოლკმუსიკის ჩამოყალიბებაზე, რომელიც ინგლისში დღემდე ძალიან პოპულარულია.

კომპოზიტორი George Frideric Handel, მხატვარი: Balthasar Denner
სწორედ კლასიკის, ფოლკის, ჯაზის და კიდევ ამერიკაში ჩასახული ახალი მუსიკალური სტილის – როკენროლის შერწყმის შემდეგ, მე-20 საუკუნის 1950-იანი წლებიდან დიდ ბრიტანეთში თანამედროვე მუსიკის მძლავრი ტალღა აგორდა, რომელმაც  ქვეყნის ყველა ქალაქი და სოფელი მოიცვა. ამ მიმართულების მთავარი სიმბოლო ელექტროგიტარა გახდა, რომელსაც მოზარდები და მოზრდილებიც ყიდულობდნენ. როკენროლის და ბლუზის შესრულება „კაიტიპობის“ ერთგვარი საზომიც კი იყო. 1960-იანი წლების ინგლისის ერთ-ერთი ქალაქის პოლიციის უფროსმა ინტერვიუში აღნიშნა: „ჩემი ნება რომ იყოს, მთელ ქვეყანაში ყველა მოზარდს გიტარას ჩამოვურიგებდი და დაკვრას ვასწავლიდი, რადგან ახალი მუსიკის შემოსვლის შემდეგ ქალაქში ბევრად იკლო უსაქმურთა და დამნაშავეთა რიცხვმა“.

ახალი მუსიკა ახალგაზრდებისთვის მარტოოდენ გართობის საშუალება არ იყო. იგი გაცილებით მეტ რამეს ნიშნავდა – ის იყო ცხოვრების სტილი, ამავე დროს, პროტესტიც წინა თაობების მიმართ, რომელთაც მე-2 მსოფლიო ომი თავიდან ვერ აიცილეს. ლონდონი 1950-60-იანი წლების ომგამოვლილი ევროპელი ახალგაზრდების კულტურულ ცენტრად, დედაქალაქად იქცა, სადაც საინტერესო პროცესები მიმდინარეობდა. ახალგაზრდები ტკბებოდნენ ნანატრი მშვიდობით. ოღონდ ის მთავარი მუსიკალური მოვლენა, რომელმაც გადატრიალება, რევოლუცია მოახდინა თანამედროვე მუსიკაში და ზოგადად აზროვნებაში, ლონდონიდან მოშორებით, ერთ პროვინციულ მეზღვაურთა ქალაქ ლივერპულში გაჩნდა 1960-იანი წლების დასაწყისში. ამ მოვლენას The Beatles ერქვა.