Tuesday, February 12, 2002

მუსიკა ადამიანის სხეულიდან

ჯგუფ „პინკ ფლოიდის“ ერთ-ერთმა დამაარსებელმა როჯერ უოტერსმა ჯერ კიდევ 1970 წელს ჩაწერა საინტერესო ალბომი ასევე საინტერესო სახელწოდებით „მუსიკა სხეულიდან“. ამ ალბომში მან მელოდიებში ააჟღერა ადამიანის სხეულისმიერი ბგერები (ცხვირის მოხოცვა, ხვრინვა, გაზის გაშვება, სლოკინი, სიცილი და ა.შ.). ალბომის ყურადღებით მოსმენისას მსმენელი ამ მუსიკაში ადამიანის ძილის მდგომარეობასაც აღმოაჩენს. მელომანმა, შესაძლოა, მოისმინოს როგორ მოძრაობს მძინარე ადამიანის სხეულში სისხლი, როგორ მუშაობენ საჭმლის მომნელებელი ორგანოები და კიდევ მრავალი სხვა. ეს ამ უდავოდ ნიჭიერმა მუსიკოსმა სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და გუნდური სიმღერის საშუალებით მოახერხა. მიუხედავად ამისა, მუსიკის ავტორს პრეტენზია არა აქვს, გადმოსცეს ადამიანის სულიერი ან მშვინვიერი მდგომარეობა.

ეს შესანიშნავი მუსიკალური ქმნილება უსაფუძვლოდ არ გამხსენებია. ამას წინათ სადღაც ამოვიკითხე, რომ მეცნიერებმა შეძლეს ადამიანის უჯრედის „მოსმენა“. აღმოჩნდა, რომ თითოეულ ადამიანს საკუთარი მუსიკა ჰქონია. იმავე მეცნიერებმა განაცხადეს, რომ თურმე ცხოველების და მცენარეების უჯრედებიც „მღერიან“, მაგრამ ეს მელოდიები თავისი მუსიკალურობითა და ჰარმონიით ბევრად ჩამოუვარდებიან ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანის მუსიკას. ასეა თუ ისე, ალბათ, სასიამოვნო ფაქტია, რომ თითოეული ჩვენგანი უნიკალური ინდივიდუალური მუსიკის მატარებლები ვყოფილვართ, რომელიც ისევე განუმეორებელია, როგორც გენები ან თითის ანაბეჭდები. მათ, აგრეთვე, დაადგინეს, რომ თითოეულის შინაგანი მუსიკა (მოდით, ასე ვუწოდოთ) თავად პიროვნების ხასიათსა და განწყობილებაზეა დამოკიდებული, ანუ პირქუში ადამიანი შესაბამის მუსიკას „ატარებს“, ხოლო ნათელი – ნათელს და ა.შ. მნიშვნელობა ჰქონია დაღლილობას, ძილის მდგომარეობას. კიდევ მრავალი ფაქტორით ყოფილა განპირობებული ადამიანის შინაგანი მუსიკის ჟღერადობა, რიტმიკა და ჰარმონია. მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ გენიოსი კომპოზიტორები ის ადამიანები არიან, რომელთაც თურმე მეტ-ნაკლებად ძალუძთ საკუთარი შინაგანი მუსიკის მოსმენა და მერე გადმოცემა. იმასაც დავამატებ, რომ ადამიანის უჯრედის ამ თვისების ერთ-ერთმა აღმომჩენმა ამის შემდეგ მეცნიერება მიატოვა და მონასტერში წავიდა.

მეცნიერები, ალბათ, მალე შეუდგებიან ადამიანის შინაგანი მუსიკის მოსასმენი ხელსაწყოს გამოგონებას. მომავალში, იმედია, ყველას ექნება ასეთი უოქმენის მსგავსი აპარატი, რომლის საშუალებითაც ერთმანეთის მუსიკის მოსმენა გახდება შესაძლებელი. მომავლის ზოგიერთი ადამიანი, სავარაუდოდ, იმეგობრებს მასთან, ვისი შინაგანი მუსიკაც მოეწონება და ამაში გასაკვირი არაფერი იქნება. დღესაც ბევრი ადამიანი (თუნდაც ე.წ. თინეიჯერი, ანუ ყმაწვილი) ხომ მუსიკალური გემოვნების მიხედვით არჩევს მეგობრებს.

და, წარმოიდგინე, შენ, ჩემო მეგობარო, გაიცანი (ან გაგაცნეს) ადამიანი, რომელსაც არ იცი რაზე ელაპარაკო გაცნობის პირველ წუთებში. შენ უფლება გექნება სთხოვო მას, მოგასმენინოს მისი შინაგანი მუსიკა (ალბათ, ასეთი ეტიკეტი დამკვიდრდება). დარწმუნებული იყავი, თუკი ახლად გაცნობილი პიროვნება ამაზე დაგთანხმდა, შენ მოუსმენ ყველაზე ნაღდ მუსიკას და არა ფონოგრამას ან კომპიუტერით გასწორებულ ხმას. ალბათ, ეს იქნება ყველაზე ადამიანური მუსიკა, რაც კი ცხოვრებაში მოგვისმენია ყოველგვარი ინსტრუმენტებისა და ვოკალის გარეშე. ამის შემდეგ, საკუთარ მუსიკასაც მოასმენინებ და შესაძლოა, თქვენ კარგი მეგობრები გახდეთ.

არ არის გამორიცხული, პატარა ქართველმა გოგონებმა შინაგანი მუსიკის დახმარებით შეარჩიონ საკუთარი მომავალი საქმროები, ან პირიქით, პატარა ქართველმა ბიჭუნებმა – მომავალი საცოლეები. ამით ძალიან დიდი პრობლემა მოგვარდება, რომელიც დღეს ზოგიერთს გადაუჭრელად ეჩვენება. მერე, ალბათ, ჩვენს საოჯახო ლექსიკონში გაჩნდება ასეთი წინადადებები: „რაღაც შენი შინაგანი მუსიკა არ მომწონს, არ ჟღერს ისე, როგორც საჭიროა, სასწრაფოდ მითხარი დღეს ვისთან ერთად იყავი?“ ან: „დედი, ჩემი მუსიკა დღეს, რაღაც არაჰარმონიულად ჟღერს, მოდი, არ წავალ რა სკოლაში, თორემ შესაძლოა ორიანი მივიღო“, ან თუნდაც ასეთი: „გუშინ ისეთ კარგ ხასიათზე ვიყავი, ძაან მაგარი მუსიკა მქონდა და ჩავწერე კიდეც. თუ გინდა მოგასმენინებ“ და ა.შ.

საინტერესოა, ჩვენ, მასობრივ ფსიქოზში მცხოვრები ქართველები დღეს როგორ შინაგან მუსიკას ვატარებთ? სანამ აღნიშნულ აპარატს გამოიგონებდნენ, ისევ იძულებულები ვიქნებით ვუსმინოთ იმას, რაც ირგვლივ ჟღერს ანუ რაც მასობრივია და რის მოსმენასაც ჯერჯერობით გვაიძულებენ ტელეეკრანებიდან, რადიოდან და მარშრუტკებში.

მაგრამ, ვაითუ შინაგანი მუსიკის მოსასმენ აპარატს შინაგანი ხმის გამსწორებელი, ანუ „ჰარმონიზატორი“ დაუყენონ, რათა ადამიანებს არ შეეშინდეთ თავიანთი ან ერთმანეთის მუსიკის. ასე თუ მოხდა, გამოვა, რომ სრულიად ახლებურ, „შინაგან“ ტყუილში ვიცხოვრებთ.

No comments:

Post a Comment