Sunday, December 21, 2008

პირველად იყო ბრენდი – მერე სიტყვა :)


ესენი ის სიტყვებია, რომლებიც თითქმის ყველა ქვეყანაში ერთნაირი მნიშვნელობით გამოიყენება, სინამდვილეში კი სავაჭრო ნიშნებს, ბრენდებს წარმოადგენენ.

აკვალანგი (Aqualung, Aqua Lung; ლათინური სიტყვიდან „aqua“ – წყალი და ინგლისური „lung“ – მსუბუქი) – წყალქვეშა ცურვის სასუნთქი აპარატის დარეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, რომელიც 1943 წელს ფრანგებმა, ჟაკ ივო კუსტომ და ემილ განიანმა გამოიგონეს. დღეისათვის ამ სავაჭრო ნიშნის სახელწოდების ყველა უფლება ამერიკულ კომპანია Aqua Lung International-ს ეკუთვნის, რომელიც, თავის მხრივ, საერთაშორისო ორგანიზაციის, Air Liquid-ის შემადგენლობაში შედის. სიტყვა „აკვალანგი“ თითქმის მთელს მსოფლიოში გავრცელდა, თუმცა ამერიკაში წყალქვეშა ავტონომიური სასუნთქი აპარატისთვის სიტყვა „სკუბას“ (აბრევიატურაა Self-Contained Underwater Breathing Apparatus) იყენებენ.

ასპირინი (Aspirin; ანუ „a“ – აცეტილ და „Spiraea“ – სპირეა, მცენარის ლათინური დასახელება, რომლიდანაც სალიცინის მჟავა ქიმიურად მიიღეს) – ამ სავაჭრო ნიშნით, 1899-დან 1918 წლის ჩათვლით, გერმანული ფარმაცევტული ფირმა, Bayer აცეტილსალიცინ მჟავას უშვებდა. ვერსალის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე გერმანიის ხელმოწერის შემდეგ, ფირმა Bayer-ს საზღვრებს გარეთ არსებული ქონება და მასზე არსებული უფლებები ჩამოერთვა. დღეისათვის ასპირინზე Bayer-ის განსაკუთრებულ უფლებას მხოლოდ კანადასა და ევროპის ცალკეულ ქვეყნებში აღიარებენ.

ვაზელინი (Vaseline; გერმანული „wasser“ – წყალი და ბერძნული „elaion“ – ზეთი) – სავაჭრო ნიშანი, რომელიც მისმა გამომგონებელმა, ამერიკელმა ქიმიკოსმა რობერტ ჩესბროუმ დაარეგისტრირა. მეცნიერმა ნივთიერება 1872 წელს გამოიგონა. ვაზელინი – მინერალური ზეთისა და მყარი პარაფინის ნახშირწყალბადების ნაზავს წარმოადგენს. ქიმიკოსმა კომპანია Chesebrough Manufacturing Co დაარსა და ეს უკანასკნელი ყველა უფლებას აღნიშნულ სავაჭრო ნიშანზე 1987 წლამდე ფლობდა. ამჟამად Vaseline საერთაშორისო კორპორაცია Unilever-ს ეკუთვნის.

Saturday, December 20, 2008

გაფრენის სურვილი (პორშე)

სული ამჩატდა და ჩამუქებული ღამის ცისკენ გაეშურა. არა, არ მოვმკვდარვარ. უბრალოდ წარმოვიდგინე, რომ ყველაფერი მომწყინდა, თვით მოწყენაც კი და ამის შემდეგ გაფრენის სურვილი გამიჩნდა. ეს ისეთივე სურვილია, როგორც ახალ ზელანდიაში „ბრილიანტის ტბასთან“ მოხვედრა ან პერუში „მაჩუ პიკჩუს“ ნახვა... მგონი, ამაში ცუდი არაფერია, რადგან ადამიანს ცხოვრების განმავლობაში ბევრი ოცნება უჩნდება. ხელი მაგიდაზე მდგარ ცხელ ყავის ფინჯანზე მომიხვდა და მუქი ტკბილი სითხე იატაკზე დამეღვარა.

ეს მცირე მარცხი არაფრად ჩავაგდე, ჩემს ახალ „პორშე კარერასს“ მოვაჯექი, აქსელერატორს დავაწექი და მონტე-კარლოს ღამის ქუჩებში სასეირნოდ გავეშურე. სპიდომეტრი 200 კილომეტრ-საათს მიჩვენებს. გიჟივით მივქრივარ და უამრავ მანქანას ვუსწრებ, მოსახვევებში სიჩქარეს ვანელებ. მუსიკა ჩავრთე, Radiohead-ის Go Slowly-ს სასტიკად ვაყვირებ და ქუჩებს, ძრავის ღმუილთან ერთად, ტომ იორკის პარანოიკურ-დეპრესიული ხმით ვაყრუებ. საინტერესოა, ამ ნეონით განათებულ მაღაზიებს რომ შევეჯახო, რა მომივა? ალბათ ბანალური პასუხი მოგდით თავში, „რა მოგივა და სახე აგეხევა!“ გამეღიმა, სიჩქარე მეხუთეში ჩავაგდე და ძრავის საშინელი გრუხუნით აღმართს შევუყევი. ფანტასტიკური მანქანაა, მთლიანად მემორჩილება. თუმცა ჩემი დაუდევრობის გამო, საგზაო ამკრძალავ ნიშანს დავეჯახე და საქარე მინის სარკეში დავინახე, როგორ ავარდა ჰაერში იმ ადგილიდან, სადაც, უკვე ვინ იცის, მერამდენე წელია მორჩილად იყო დარჭობილი. ვიწრო ქუჩებში ძე-ხორციელი არ ჭაჭანებს, მხოლოდ ავტოები დაქრიან, ჩემთან შედარებით, რაღა თქმა უნდა, გაცილებით ნელა.

Saturday, April 5, 2008

ქუთაისური საუნდი (ნაწილი II)


I ნაწილი იხილეთ აქ: ქუთაისური საუნდი (ნაწილი I)

1990-იანების მიწურული და 2000-იანების დასაწყისი

დასავლეთ საქართველოში პირველი დამოუკიდებელი FM რადიოსადგური „ძველი ქალაქი“ სწორედ ქუთაისში შეიქმნა, რომლის ბაზაზე ჯგუფი „ბესტ ჰისტორი“ ჩამოყალიბდა. მალე ქალაქში კიდევ ერთი რადიოსადგური გაიხსნა, რომლის სიხშირეც რამდენიმე ადამიანმა ვიქირავეთ და რადიო „ლეგენდა“ გავაკეთეთ, რომლის ფორმატი ალტერნატიულ მუსიკას დაეთმო. ჩემს გადაცემაში „შუაღამის გემი“ როკში, ელექტრონიკასა და რეპში მომუშავე ქუთაისელ მუსიკოსებს ვიწვევდი, რომლებიც საკუთარ კომპოზიციებს პირდაპირ ეთერში ცოცხლად ასრულებდნენ. პარალელურად ტელერადიოკომპანია „ივერიონში“ საავტორო გადაცემაში „ანარეკლი“ სატელევიზიო სტუდიურ ვიდეოალბომებსაც ვიწერდი.

Monday, March 17, 2008

პეტრე მამონოვის ფერისცვალება

„მე მსახიობი კი არა, პიროვნება ვარ“

შესავლის მაგივრად

საბჭოთა მოსკოვის როკ-ლაბორატორიის ყველაზე ქარიზმატული ლიდერი, „რუსულ ხალხურ ჰალუცინაციად“ მონათლული პეტრე მამონოვი, თუ შეიძლება ასე ითქვას, „ბრძენი სუპერვარსკვლავია“, რომელმაც საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი საუკეთესო როკ-ჯგუფი „Звуки Му“ შექმნა.

მამონოვი ნიჭიერი, მიმზიდველი, ძალიან პლასტიური და, უბრალოდ რომ ვთქვათ, „კაი ტიპია“. 1980 წლამდე, სანამ სიმღერების თხზვას დაიწყებდა, პეტრე მხოლოდ ლექსებს წერდა. მუშაობდა მტვირთავად, ლიფტიორად მოსკოვის ლიტფონდის შენობაში, ყასბად და კიდევ სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობისას ორი სკოლიდან „ცირკის მოწყობის გამო“ გამოაგდეს, სცენაზე არტისტი მამონოვი საკმაოდ გვიან – 30 წლის ასაკში ავიდა..

56 წლის პეტრეს ცხოვრების გზა ნამდვილი ფერისცვალებაა, იატაკქვეშეთიდან და მემთვრალეობიდან – ღმერთისკენ, ტუსოვშიკობიდან და ჩხუბისთავობიდან – განდეგილობამდე, სკანდალისტობიდან – მორჩილებამდე. თუმცა, რუსული ანდერგრაუნდის სათავეში მყოფი მუსიკოსისთვის, მსახიობისთვის და მწერლისთვის „სკანდალური გამოხტომები“ დღესაც უცხო არაა – ის ხან ქვეყნის პრეზიდენტ პუტინს უპირისპირდება, ხანაც მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს.

Звуки Му-ს პარალელურად, მამონოვი „პოსტ-პერესტროიკულ“ საბჭოთა კინოეკრანებზეც გამოჩნდა. 80-იანების მიწურულს ჩვენს ეკრანებზე ფილმი „Игла“ გამოვიდა, რომელშიც მთავარ როლს ვიქტორ ცოი ასრულებდა. პეტრე მამონოვმა ამ ფილმში ექიმი-ნარკობარონი განასახიერა, რომელმაც ცოის გმირი „ნემსზე შესვა“. ორიოდე წელიწადში კი რეჟისორ პავლე ლუნგინის ფილმში „Такси-блюз“, პეტრემ ალკოჰოლიკი ჯაზმენის როლი შეასრულა. ამ ფილმმა კანის ფესტივალის პრიზი დაიმსახურა საუკეთესო რეჟისურისთვის.

ამის შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში, მამონოვი საერთოდ გაქრა თვალთახედვიდან. 1995 წლიდან მამონოვი დედაქალაქს მოსცილდა. მან მოსკოვის ოლქის, ვერეის რაიონის სოფელ ეფანოვოში მიწისა და ტყის ნაკვეთი შეიძინა, პატარა სახლი აიშენა და დღემდე ოჯახთან და კატებთან ერთად ცხოვრობს. ის დღემდე სპექტაკლებს დგამს და მოსკოვის სტანისლავსკის სახელობის დრამატულ თეატრში თამაშობს.

Tuesday, February 19, 2008

ქუთაისური საუნდი (ნაწილი I)

პირველთქმა

მოდით, პირდაპირ საუნდით დავიწყოთ, ანუ რა ხმა შეიძლება ჰქონოდა და ჰქონდეს ქუთაისს? ამაში, რა თქმა უნდა, დაგვეხმარება ისიც, რომ ეს ქალაქი კომუნისტების დროს ინდუსტრიულად მონათლეს და მასში უამრავი „საკავშირო თუ რესპუბლიკური მნიშვნელობის“ ფაბრიკა-ქარხანა ააგეს. როგორც ქუთაისელმა, შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ქარხანას თავისებური ხმა ჰქონდა, მაგრამ ყველა ერთად მონოტონურად გუგუნებდა. პირველი ქართული დინოზავრის, პირველი ქართული ავტომობილის, პირველი ქართული თეატრალური დასის, პირველი ქართული პოეტური ორდენის, პირველი ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორების, პირველი ქართული ქალაქური სიმღერის მშობლიურ ქალაქს შეიძლება თანამედროვე მუსიკის ბევრი სტილის პირველობაზე ჰქონდეს პრეტენზია.

სტატიაში მოყვანილი მოსაზრებები სუბიექტური იქნება. ფაქტები კი მხოლოდ ჩემი მეხსიერებიდან და ბლოკნოტებიდანაა ამოკრეფილი. ისე, ხუმრობით რომ ვთქვა, საქართველო, წესით, მძლავრი როკ-ქვეყანა უნდა იყოს, რადგან არსებობს პანკისი (მხარე, სადაც წესით პანკები უნდა ცხოვრობდნენ), როკის გვირაბი, ორი მეტალურგიული გიგანტი რუსთავსა და ზესტაფონში, სადაც ასევე ლოგიკურად, მეტალისტები უნდა ცხოვრობდნენ და კიდევ... ქუთაისი. ქუთაისელ მუსიკოსებს საქართველოში ყველაზე პროტესტულ და უკომპრომისო მუსიკის შემსრულებლებად იცნობენ. ნიშანდობლივია, რომ მსოფლიოში ყველაზე სოციალური და პროტესტული მუსიკა, რომელიც თავისუფალია ელიტურობისა და სნობიზმისგან, სწორედ, დიდი ქალაქების გარეუბნებში ან შედარებით პატარა ქალაქებში იბადება.

Sunday, January 6, 2008

20 კითხვა ალექსანდრე რონდელთან









ალექსანდრე (ალიკა) რონდელი – პოლიტოლოგი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის პრეზიდენტი, ფინეთის საპატიო კონსული, წარსულში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი

Q1. მსოფლიოში ძირითადად სამი მმართველობაა გავრცელებული – საპრეზიდენტო, საპარლამენტო და კონსტიტუციული მონარქია. თქვენი აზრით, რა დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს ამ სისტემებს და საქართველოსთვის რომელი უფრო მისაღები ფორმაა? 

შემიძლია გითხრათ, რომ მონარქია არ გამოგვადგება, რადგან ეს ბევრისთვის სათამაშო იარაღია. გულუბრყვილო ადამიანი უნდა იყო, მონარქიის აღდგენაზე რომ იფიქრო. საქართველოს საუკუნეების განმავლობაში ერთიანი, ძლიერი, ცენტრალიზებული მონარქი არ ჰყოლია. ჩვენ სამეფო-სამთავროებად დაქსაქსული ქვეყანა ვიყავით. როცა რუსეთმა საქართველო შეიერთა, სამარცხვინო ვითარება იყო, ყოველი სამეფო ოჯახი პირველობისთვის იბრძოდა. გვიან შუა საუკეებში საქართველო ისეთ დღეში იყო, იმ მონარქიის აღდგენა დღეისათვის წარმოუდგენელია. რუსეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ 200 წელიწადზე მეტი გავიდა. მეფის ინსტიტუტის აღდგენის შემდეგ, თავად-აზნაურობაც უნდა აღდგეს? დღეს საქართველოს რეალობაში ამის წარმოდგენა ნიშნავს უფრო ანარქიას, ვიდრე მონარქიას. ამაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია. ჩვენთან ერთ ადგილს 10 კაციც კი ვერ იყოფს და მეფობაზე რა ამბები დატრიალდება, ხომ წარმოგიდგენიათ? ან ვინ დაასაბუთებს, რომ ტახტის მემკვიდრეა? ჯერ-ჯერობით ეს ზღაპარია და ამაზე საუბარი არასერიოზულობაა.

Saturday, January 5, 2008

პიარი, პროპაგანდა და პოლიტტექნოლოგიები

საუბარი პოლიტტექნოლოგებთან, პოლიტკონსულტანტთან, „სარკე-კვლევების“ გენერალურ დირექტორთან, ვალერიან (ვაკა) გორგილაძესა და მედიაანალიტიკოს ლაურა კუტუბიძე-ზუბაშვილთან

ვაკა გორგილაძე: პიარი ეფექტური კომუნიკაციაა. პროპაგანდაც ურთიერთობაა, მაგრამ ამ უკანასკნელსა და პიარს შორის დიდი და კონცეპტუალური განსხვავებაა. პროპაგანდა არაკონკურენტულ გარემოში კომუნიკაციაა, სადაც ინფორმაციის მიწოდებაზე ექსკლუზივი მხოლოდ ერთ ჯგუფს აქვს. პროპაგანდა ეფექტურია მხოლოდ დახურული საზოგადოების შემთხვევაში. დახურულად მიიჩნევა ტოტალიტარული საზოგადოება და იგი თავისი სტრუქტურით ძალიან მარტივია. გავიხსენოთ საბჭოთა კავშირი. იყო ძალაუფლების მქონე ელიტა და ხალხი. დახურულ საზოგადოებაში ძალაუფლების მქონე კასტა საკუთარი სოციალური სტატუსის გასაკანონიერებლად პროპაგანდას იშველიებდა. ეს ლოგიკურია, რადგან ალტერნატიული საინფორმაციო წყაროები არ არსებობდა. მასა ერთგვაროვანი გახლდათ. მართალია, პროფესიული და სოციალური რანჟირება არსებობდა – მასწავლებელი, ინჟინერი, ეკონომისტი, ბუღალტერი და ა. შ., მაგრამ ამ ფენებს დამახასიათებელი ატრიბუტიკა არ გააჩნდა. ღირებულებების სისტემა საბჭოთა კავშირში ერთი იყო. მის მანიფესტაციას სახელმწიფოს სათავეში მყოფი კლანი ახდენდა და ამ ღირებულებებით მანიპულირებდა კიდეც.

პიარი ის ურთიერთობაა, რომელიც მხოლოდ ღია საზოგადოებაში ცოცხლობს, სადაც შენი სერვისის, შენი პროდუქტის გაყიდვა გჭირდება. პოლიტიკური ბრენდიც მარკეტინგული პროდუქტია. ღია საზოგადოება რთული აგებულებისაა. ლუმანის თეორიის მიხედვით, ღია საზოგადოებაში უამრავი ელიტა არსებობს, მაგალითად, ექიმების, იურისტების, შოუბიზნესის, მასმედიის და სხვა, მათ შორის, პოლიტიკოსების ელიტაც. მისი აზრით, თითოეულს ავტონომიურობის მაღალი ხარისხი აქვს. ექიმები ყველას კურნავენ, იურისტები ყველას იცავენ, ამავე დროს, ექიმი, ვთქვათ, ოპერაციის დროს არ დაუშვებს იურისტის საქმეში ჩარევას, ასევე, იურისტი თავის საქმეში ექიმს არ ჩარევს. ამ ელიტებს შორის არსებობს კომუნიკაცია. ანუ, თუ მე ვარ იურისტი, ჩემს კონსულტაციებს ვყიდი და ამიტომ ჩემი კონსულტაცია შეიძლება დასჭირდეს ისტორიკოსს, ექიმს და ა. შ. ასევე ექიმიც ყიდის საკუთარ საქმიანობას. პოლიტიკოსები დილეტანტური ელიტის წარმომადგენლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პოლიტიკური მეცნიერებები – სოციოლოგია, პოლიტოლოგია და ა. შ., პოლიტიკა მეცნიერება არ არის. პოლიტიკოსი არ ამთავრებს პოლიტიკურ სასწავლებელს. რაკი პოლიტიკური ელიტა უზარმაზარ ძალაუფლებას ფლობს და სოციუმზე უდიდეს გავლენას ახდენს, აუცილებელია მისი განუწყვეტლივ შემოწმება, თუნდაც მასმედიის, იურისტების, სამოქალაქო საზოგადოების მეშვეობით.

ლაურა კუტუბიძე-ზუბაშვილი: პიარისა და პოლიტტექნოლოგიების სამშობლოდ ამერიკის შეერთებული შტატებია აღიარებული, მაგრამ იქაც ჯერ კიდევ არ ითვლება პოლიტიკური კონსულტანტის მომსახურება ისეთივე აუცილებელ პროდუქტად, როგორიცაა, თუნდაც იურისტის მომსახურება. პოლიტკონსულტაციის ვეტერანი, პრეზიდენტ კენედისა და ბევრი ცნობილი პოლიტიკური ლიდერის მრჩეველი ჯოზეფ ნაპოლიტანი თავის წიგნს „ელექტორალური თამაში“ იმის ახსნით იწყებს, თუ რისთვის სჭირდება მისი ბიზნესი უფრო დიდ ბიზნესს – პოლიტიკას. იგი ამბობდა: თუ ვინმე ძვირადღირებული სახლის აშენებას წამოიწყებს, არქიტექტორს თუ არა, ინჟინერს მაინც დაიქირავებს, კომპეტენტური პროექტის გარეშე არც ერთი მუნიციპალიტეტი ამ მშენებლობის ნებართვას არ გასცემს; როცა თუნდაც აპენდიციტის ოპერაცია გვჭირდება, გოლფის მეგობარს ან ნათესავს კი არ მივმართავთ, ექიმს მოვძებნით, და რაც შეიძლება უფრო საიმედოსა და გამოცდილს... ავეჯის გადაზიდვა რომ დაგჭირდეთ, იმასაც არ ანდობთ პირველივე შემხვედრს და ავეჯის გადაზიდვის სერვისს გამოიძახებთ... პოლიტიკა დიდი ბიზნესია, რომელშიც საარჩევნოდ უზარმაზარი თანხა იდება და მათი დიდი ნაწილი გადამხდელთა ჯიბიდანაა გაღებული. პოლიტტექნოლოგია ამომრჩეველთან პოლიტიკოსის კომუნიკაციის საშუალებაა, პოლიტტექნოლოგი კი ამ საქმის სპეციალისტი. ამერიკაში გადამხდელი, მით უფრო ამომრჩეველი, ცდილობს, ამ თანხების გზა-კვალი გააკონტროლოს. ჩვენც ვიხდით, მაგრამ ჯერ ვერ ვაცნობიერებთ, რადგან ჩვენი საზოგადოება პოსტსაბჭოთა სინდრომით ჯერ კიდევ სახელმწიფოზეა მიბმული, ანუ თავს სახელმწიფოს დანამატად აღვიქვამთ; დასავლეთში კი პირიქითაა, სახელმწიფო და ხელისუფლებაა დაშენებული ხალხის არჩევანზე.