Tuesday, February 19, 2008

ქუთაისური საუნდი (ნაწილი I)

პირველთქმა

მოდით, პირდაპირ საუნდით დავიწყოთ, ანუ რა ხმა შეიძლება ჰქონოდა და ჰქონდეს ქუთაისს? ამაში, რა თქმა უნდა, დაგვეხმარება ისიც, რომ ეს ქალაქი კომუნისტების დროს ინდუსტრიულად მონათლეს და მასში უამრავი „საკავშირო თუ რესპუბლიკური მნიშვნელობის“ ფაბრიკა-ქარხანა ააგეს. როგორც ქუთაისელმა, შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ქარხანას თავისებური ხმა ჰქონდა, მაგრამ ყველა ერთად მონოტონურად გუგუნებდა. პირველი ქართული დინოზავრის, პირველი ქართული ავტომობილის, პირველი ქართული თეატრალური დასის, პირველი ქართული პოეტური ორდენის, პირველი ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორების, პირველი ქართული ქალაქური სიმღერის მშობლიურ ქალაქს შეიძლება თანამედროვე მუსიკის ბევრი სტილის პირველობაზე ჰქონდეს პრეტენზია.

სტატიაში მოყვანილი მოსაზრებები სუბიექტური იქნება. ფაქტები კი მხოლოდ ჩემი მეხსიერებიდან და ბლოკნოტებიდანაა ამოკრეფილი. ისე, ხუმრობით რომ ვთქვა, საქართველო, წესით, მძლავრი როკ-ქვეყანა უნდა იყოს, რადგან არსებობს პანკისი (მხარე, სადაც წესით პანკები უნდა ცხოვრობდნენ), როკის გვირაბი, ორი მეტალურგიული გიგანტი რუსთავსა და ზესტაფონში, სადაც ასევე ლოგიკურად, მეტალისტები უნდა ცხოვრობდნენ და კიდევ... ქუთაისი. ქუთაისელ მუსიკოსებს საქართველოში ყველაზე პროტესტულ და უკომპრომისო მუსიკის შემსრულებლებად იცნობენ. ნიშანდობლივია, რომ მსოფლიოში ყველაზე სოციალური და პროტესტული მუსიკა, რომელიც თავისუფალია ელიტურობისა და სნობიზმისგან, სწორედ, დიდი ქალაქების გარეუბნებში ან შედარებით პატარა ქალაქებში იბადება.

1980-იანები

80-იანი წლების ქუთაისი, ერთი შეხედვით, სხვა ქალაქებისგან თითქოს დიდად არაფრით განსხვავდებოდა. გვქონდა ოპერისა და ბალეტის თეატრი, სადაც ჩვეულებრივი სპექტაკლებისა და კონცერტების გარდა, საოპერო ფესტივალებიც იმართებოდა, რომლებზეც სკოლის მოსწავლეები ხშირად ძალით დავყავდით. ოპერის თეატრს სტატიაში კიდევ დავუბრუნდებით. არსებობდა ფილარმონიაც – ორგანიზაცია, ერთგვარი საესტრადო საბაჟო, რომელიც მთელს საბჭოთა კავშირში სცენაზე გასასვლელ ვიზებს ურიგებდა დამწყებ შემსრულებლებს. მხოლოდ ფილარმონიის მოხელეთა ნებართვის შემდეგ შეეძლო მუსიკოსს სცენაზე გასვლა და სიმღერა. სხვა შემთხვევაში, ან მექორწილე უნდა გამოსულიყავი, ან ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე იატაკქვეშეთში მყოფი აკრძალული მუსიკოსი. ქუთაისის თითქმის ყოველ საპარიკმახეროში ტრადიციულად ისმოდა ხაზის რადიოებში მოხიხინე ე. წ. „მსუბუქი მუსიკის“ ნომრები, რომელსაც საქართველოს რადიო გადმოსცემდა. რაღა თქმა უნდა, აქაც მხოლოდ ფილარმონიული მუსიკოსები ჟღერდნენ. მხოლოდ იშვიათად გაიგონებდით უცხოურ თანამედროვე მუსიკას, ისიც მხოლოდ იმას, რაც საბჭოთა კავშირის იდეოლოგიისთვის იყო მისაღები. საღამოობით, სახლების გამოღებული ფანჯრებიდან ისმოდა საფორტეპიანო გამები და გიტარაზე დამღერებული ქალაქური სიმღერები, შიგადაშიგ კი აკრძალული მუსიკაც გამოერეოდა ხოლმე.

დიახ, ქალაქში იყვნენ „ბავშვები“, რომლებიც მსოფლიოს თანამედროვე მუსიკას ეცნობოდნენ. მათ უმრავლესობას ჩვეულებრივი საბჭოთა ტექნიკა ჰქონდა – ფირსაკრავები, კოჭებიანი (ბაბინებიანი) და ახლადშემოსული კასეტებიანი მაგნიტოფონებიც. ხოლო ორიგინალ ფირფიტებს ზღვისპირა ქალაქებში დასავლეთში ნამოგზაურები მეზღვაურებისგან ან სპორტსმენებისგან საკმაოდ მაღალ ფასში ყიდულობდნენ. არსებობდა რამდენიმე ხმის ჩამწერი სტუდია, სადაც პანაშვიდებზე დასაკრავი რეპერტუარის და საქეიფოების გარდა, საკმაოდ ნორმალური ხარისხის ახალი როკ-მუსიკის ჩაწერაც იყო შესაძლებელი. ამ სტუდიებში მუსიკის მოყვარულები იკრიბებოდნენ. ჭიქა არყის და ლუდის ბოთლის თანხლებით ახალი ალბომების განხილვა-შეფასება მიდიოდა. ამავე დროს, ახალგაზრდები ერთმანეთში ახალ დისკებსა თუ ჩანაწერებს ან ცვლიდნენ ან ყიდდნენ. მუსიკის დაკვრის სურვილი ბევრს ჰქონდა, მაგრამ საკუთარი არაფილარმონიული ჯგუფის გაკეთება, როგორც მოგახსენეთ, არც ისე უხიფათო იყო, ამიტომ ბევრი საბოლოოდ რომელიმე ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლში ან ჯაზ-ბენდში ახერხებდა მოხვედრას.

გოგა ჟორჟოლაძე
80-იანების ბოლოს კი, როდესაც სსრკ-ში „პერესტროიკა“ დაიწყო და თანამედროვე მუსიკის დევნა შეწყდა, ქუთაისში პირველი შემსრულებლები გაჩნდნენ: „ბუნკერი“, „პროვინციალ-ბენდი“ (შემდეგში „აუტსაიდერი“), „ტრიბუნალი“, გოგა ჟორჟოლაძე (ქუთაისური როკ-მუსიკის ვეტერანი) და სხვები. მუსიკალური ინსტრუმენტების გარდა, ძალიან ჭირდა „სარეპეტიციოების“ შოვნა და ქირაობა. კლუბ „მელომანის“ შექმნამდე თავადაც ერთ-ერთ ჯგუფში ვუკრავდი. რეპეტიციები ერთ-ერთი დიდი ქარხნის კულტურის დარბაზში ხელით აწყობილ აპარატურაზე გვქონდა.

კლუბი „მელომანი“ და 1990-იანების დასაწყისი

თემურ ჯოხაძე – ტუსოვკა
სსრკ-ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის დადგენილების – „ინტერესების მიხედვით კლუბების შექმნის თაობაზე“ – საფუძველზე, ქუთაისში, 80-იანების ბოლოს თემურ ჯოხაძემ (იგივე „ტუსოვკა“) და ვახტანგ ნებიერიძემ (იგივე „სტრადივარი“) ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველოში პირველი საკონცერტო-საპროდიუსერო კლუბი „მელომანი“ ჩამოაყალიბეს, რომელიც თავისი სტრუქტურით იმ როკ-ლაბორატორიებს წააგავდა, რომლებიც 80-იანებში მოსკოვსა და ლენინგრადში არსებობდა. ეს საქართველოში ერთ-ერთი პირველი მუსიკალური კომუნა იყო, რომელმაც აბსოლუტურად დამოუკიდებელ, ახალი სტილისა და არატრადიციულად მოაზროვნე დამწყებ ადგილობრივ მუსიკოსებს თავი ერთად მოუყარა. „მელომანი“ მარტო ადგილობრივ მუსიკოსებზე უშუალო ზრუნვით არ შემოიფარგლებოდა. მას ქალაქში კონცერტებზე რუსეთიდან და თბილისიდან როკ-ჯგუფებიც ჩამოჰყავდა. ასე მოხვდნენ ქუთაისში მოსკოვური ჯგუფები Черный Обелиск და Ва Банкъ, ასევე, თბილისური „ტაქსი“ და ა. შ. ოპერის თეატრის ერთ-ერთ დიდ ოთახში „მელომანმა“ სარეპეტიციო მოაწყო, რომელშიც ყველა მუსიკოსისთვის და ჯგუფისთვის გრაფიკი იყო დაწესებული.

Outsider
„მელომანის“ მუსიკოსებს შორის „აუტსაიდერმა“ ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია. კლუბის ხელშეწყობით ჯგუფი რუსეთსა და ბალტიისპირეთში რამდენიმე სერიოზულ საკავშირო ფესტივალზე მოხვდა და მოსკოვში 1992 წელს პირველი ვინილის ფირფიტაც კი ჩაწერა. ამ პერიოდში ქუთაისში რამდენიმე ძლიერი შემსრულებელი გამოჩნდა. შემიძლია გავიხსენო: „პულსი“, ბაჯუ (ერთ-ერთი ნოვატორი და უნივერსალური მუსიკოსი საქართველოში, რომელიც ქართული რეპისა და ელექტრონიკის ერთ-ერთ პიონერად შეიძლება ჩაითვალოს), ლელა ლომთაძე, გიტარისტი ზაზა ხუბუკელაშვილი და სხვები. 1991-92 წლებში ქალაქში პირველი კომერციული ტელევიზია გაიხსნა, რომელსაც მოგვიანებით ტელეკომპანია „რიონი“ ეწოდა. ამ ტელევიზიასთან არსებულ როკ-სტუდიაში გაკეთდა გადაცემა „კედელი“, რომლის ავტორი და ერთ-ერთი წამყვანი თავად გახლდით. გადაცემა 1992 წლიდან საქართველოს ტელევიზიის „მე-2 არხზე“ გადიოდა. პირველი გადაცემები ქართველ ანდერგრაუნდ-მუსიკოსებს დავუთმეთ. სწორედ „კედელის“ საშუალებით მაყურებელი „აუტსაიდერს“, გოგა ჟორჟოლაძეს, ბაჯუს და კიდევ სხვებს პირველად გაეცნო.

გადაცემა „კედელი“
საქართველოსთვის ალბათ ყველაზე საშინელ პერიოდში, როცა ომი, ენერგეტიკული კრიზისი და შიმშილი მძვინვარებდა, ჯგუფ „აუტსაიდერის“ ირგვლივ მეგობრებმა „ნიღბების კლუბი“ დავაარსეთ, რომელიც ყოველი თვის 8 რიცხვში (გვერდზე გადაბრუნებული რვიანი უსასრულობის სიმბოლოა) სხვადასხვა აქციებს ატარებდა ქალაქის სხვადასხვა ადგილში. საგულისხმოა, რომ კლუბის სადებიუტო აქცია-რეპეტიცია ქალაქის გარეუბნის ერთ-ერთ ავტოფარეხში გაიმართა (მიეძღვნა „ოთხფეხა ძაღლთა დაცვის დღეს“, რომელიც თავად დავაარსეთ). ამის შემდეგ აქციების დაგეგმვა და მოწყობა ტრადიციად იქცა. მთელი წლის განმავლობაში, კლუბის წევრების ორგანიზებით იმართებოდა უფასო აქციები ქუჩებში, კინოჩვენებები ნანგრევებში (ოფიცერთა სახლის ნანგრევებში კონცერტის შემდეგ კედელზე გავჭიმეთ ზეწარი და ვაჩვენეთ ჩვენი თანაქალაქელის, დათო ნანობაშვილის კინოფილმი), გამოფენები სამხატვრო სკოლაში, პერფორმანსები კრივის დარბაზში (კონცერტის დროს რობი მერიის შენობისკენ შეტრიალდა და მიამღერა „მე ვარ მე, შენ ხარ ჩემი ყლე“) და სხვა ღონისძიებები. ეს ერთწლიანი ჯაჭვი დიდი კონცერტით დაგვირგვინდა. მასში თითქმის ყველა ქუთაისელმა როკ-შემსრულებელმა მიიღო მონაწილეობა. „ნიღბების კლუბის“ წევრები სხვადასხვა სოციალური წარმომავლობის ადამიანები იყვნენ. თუმცა ყველას იდენტური მსოფლმხედველობა აერთიანებდა, რაზეც შემდეგ ნომერში მოგახსენებთ.

თემის გაგრძელება შემდეგ ნომერში, ანუ აქ: ქუთაისური საუნდი (ნაწილი II)

ჟურნალი "ოზონი" #20, თებერვალი, მარტი 2008

1 comment:

  1. ძალიან კარგი სტატიაა

    ReplyDelete