„ჩემი ბგერა შეიძლება არ იყოს მოსაწონი, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, იყოს სიცოცხლისუნარიანი“
© გიორგი ხონელიძე
რადიკალური, უკომპრომისო მუსიკა მასებისთვის ცოტა ძნელად აღსაქმელია. ჩვენს ქვეყანაში ბევრს მიაჩნია, რომ ისედაც პრობლემებით გადაღლილ ხალხს დასვენება და არა აზროვნება, სჭირდება. სწორედ ამიტომაა, ალბათ, გატანჯული ადამიანები საღამოს ხანს ცისფერ ეკრანებს – და არა წიგნებს – ჩააჩერდებიან და სხვების სიხარულითა და ტკივილით ცხოვრობენ, ანუ ტელესერიალებს ყლაპავენ (არა, არ გეგონოთ ეს გართობა, ტელესერიალები არ არის გასართობი ფილმები!) ასეთ საშინელებაში ტკბილად ჩათვლემილებს, რაღა თქმა უნდა, აღიზიანებთ სიცოცხლე, ხმაური, თუნდაც სიჩუმეც.
ქართულ ალტერნატიულ მუსიკაში მომუშავე ჯგუფების მისამართით ხშირად გაისმის: „ნეტა რა აყვირებთ?“, „პატრონი არა ჰყავთ?“, „ესეც თუ სიმღერაა!“, „ესენი სატანისტები არიან“ და ა.შ. ნეტა, იმაზე მეტი სატანიზმი რა უნდა იყოს, რასაც ისინი ყოველდღე (უკვე გამოსასვლელი დღეების ჩათვლით) ისისხლხორცებენ ამ, ერთი შეხედვით, უწყინარი სერიალებიდან.
მგონი, თემას გადავუხვიე, უკაცრავად.
დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი თანაქალაქელი ჯგუფი Best History, რომლის წევრებიც, მიუხედავად მინიმალური საარსებო საშუალებების არქონისა, ცდილობენ იცხოვრონ ისეთ მდორე ქალაქში, როგორიც ქუთაისია და უმრავლესობასავით მარტოოდენ არ იარსებონ. „ბესტ ჰისტორია“: გიო „ჟორა“ ხონელიძე – ვოკალი; ნიკა „ნიკალა“ სვანაძე – გიტარა; ზვიად „სექსა“ საკანდელიძე – გიტარა; თემურ „ჩიი“ ფხაკაძე – ბასი და ზაალ საკანდელიძე – დასარტყამები. დღეს, გასაუბრება მხოლოდ ნიკასთან და თემურთან მოვახერხე, მაგრამ დროდადრო ჩვენს საუბარში გიოც შემოიჭრებოდა ხოლმე. მასთან ინტერვიუ შარშანაც ჩავწერე. დღევანდელი საუბარი კი რადიო „ლეგენდა 105“-ის ოფისში შედგა.
* * *
ნიკა: ჯგუფი Best History 1996 წლის 2 დეკემბერს შეიქმნა. რადიოში (იგულისხმება რადიო „ძველი ქალაქი“. ლ.გ.) მე და გიომ ჩამოვაყალიბეთ შემოქმედებითი გაერთიანება „არმატურა“, მოგვიანებით დავარქვით „32 კბილი“. ჩვენ ვწერდით სხვადასხვა პატარ-პატარა, გასართობ ისტორიებს. მერე ამათ მუსიკალური აკომპანიმენტის ქვეშ ვასრულებდით და ამიტომ ამ ჯგუფს „ბესტ ჰისტორი“, ანუ „საუკეთესო ისტორია“ დავარქვით.
– რისთვის, ვისთვის და რატომ შეიქმნა თქვენი ჯგუფი?
ნიკა: ჩვენ არ ვიცით, კომპეტენტურები არა ვართ (იცინის), რისთვის შეიქმნა ეს ჯგუფი, ეს განგებამ იცის. მოგეხსენებათ, მთელი სამყარო ღმერთმა შექმნა...
თემური: მე როგორც ვიცი, თავდაპირველად ეს ჯგუფი ერთობოდა რადიოში. ერთი წლის წინ მოვედი ამ ჯგუფში, მას შემდეგ რაც ჩემი და ბაჯუს ჯგუფი დაიშალა. ერთ-ერთ რეპეტიციაზე დავსხედით და გადავწყვიტეთ, სერიოზულად გვემუშავა. ჯგუფი თუნდაც იმისთვის შეიქმნა, რომ როკ-კულტურაში „აუტსაიდერის“ მიერ წამოწყებულ საქმეს გამგრძელებლები ჰყოლოდა. ჯგუფმა სერიოზულად იმუშავა და ძალიან მალე, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ლადო ბურდულს ჯგუფის დახმარებისათვის...
– გინდა ამით თქვა, რომ ლადო ბურდული გვერდით უდგას ქუთაისური როკის განვითარებას?
თემური: ჯერ ერთი, მადლობა მას ამისათვის და მეორეც – მადლობა ჩვენი ჯგუფის სახელით. დღეს „ბესტ ჰისტორის“ შეუძლია საკუთარი თავის გატანაც, მაგრამ ყველაფერი ამის შესაძლებლობა კი ჯგუფს ლადომ მისცა.
– თქვენი აზრით, ვის არ სჭირდება როკი?
თემური: როკიც საჭიროა, პოპსაც საჭიროა. ეს ადამიანებზეა დამოკიდებული. მე, მაგალითად, პოპსა არ მჭირდება. ამ უკანასკნელის მსმენელს კი როკი არ სჭირდება. ყველას თავისი გემოვნება აქვს.
ნიკა: მე ჩემს პასუხს წინა კითხვასაც დავუკავშირებ. ჩვენ უფრო მეტ ინფორმაციას ვფლობდით, ვიდრე სხვები. პოპსა სიტუაცია მაგრად ავარდნილია ჩვენს ქალაქში... თუმცა, ეს პოპსაც არ არის, ჩვენთან ნორმალური პოპსაც კი არ არსებობს. ჩვენ გვინდა ეს ჩვენი ინფორმაცია მივიტანოთ ზოგიერთის გამოლაყებულ თავამდე. გვინდა რომ ასეთებს, ასე რომ ვთქვათ, ტვინებზე ფეხი დავაბიჯოთ, გამოვაფხიზლოთ, თვალებში გამოვახედოთ და რეალობა დავანახოთ.
– რა ჭირს, ნიკა, იმ ადამიანებს თვალებში გამოსახედი, შენი აზრით?
ნიკა: უბრალოდ, გული მტკივა, რომ თუნდაც თბილისში, მეტროში მიწისქვეშა გადასასვლელებში ადამიანებს ტემპი აქვთ დიდი. აი დააკვირდით გამვლელს, იმას საქმე აქვს და გარბის. აქ თითქმის ყველა მოჩვენებასავით დადის, ცდილობს სახლში გვიან მივიდეს, რათა უცბად დაიძინოს.
თემური: მუსიკალურად რომ განვიხილოთ, სისულელეა, ალბათ, როკი ყველას მოსწონდეს, მაგრამ ზოგ ადამიანს სურს გახსნას აზროვნება. შენ აძლევ შანსს გაგიგონ.
ნიკა: პოპსა იქმნება სცენიდან ქალების გაჟიმვისათვის. ქალები კარგია (იცინის), მაგრამ ამისთვის სცენა არ უნდა გამოიყენო.
– რისი თქმა გინდათ თქვენი მუსიკით?
გიო: ჩვენს ტექსტებში რეალობაა, ვაფიქსირებთ, რაც ხდება. ლექსები პროტესტია, რომელიც მიმართულია თითქმის ყველა თანამედროვე პოეტების ლირიკის საწინააღმდეგოდ. ამდენი სამშობლოსა და სიყვარულის ძახილი კისერში ამოვიდა. ძალიან ბევრი რომანტიკაა მაგათ პოეზიაში, რომელიც ყველას მოწყინდა. საჭიროა უფრო თანამედროვე აზროვნება, რაც ახალგაზრდებიდან მოდის. არაა აუცილებელი ძველი, ჩვენი ჯიგარი პოეტების გადამღერება და მუდამდღე ჩვენს ისტორიაზე ლექსების წერა. ჩემი ბგერა შეიძლება არ იყოს მოსაწონი, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ იყოს სიცოცხლისუნარიანი.
– თქვენი აზრით რას ნიშნავს დღეს ცნება როკი და გამოთქმა „მე ვცხოვრობ როკ-ნ-როლში?“
ნიკა: მე ვცხოვრობ ქუთაისში, ვუკრავ როკ-ნ-როლს და თავს მშვენივრად ვგრძნობ (იცინის).
თემური: უბრალოდ, გამოთქმა „მე ვცხოვრობ როკ-ნ-როლში“ საქართველოსთვის ძალიან მიუღებელია. ეს რას ნიშნავს? მამიკო გიტარას გიყიდის, დედიკო – ბოტასებს, ვიღაცა ბიძა სიმებს გიყიდის და შენ ენერგიას დახარჯავ? ეს ცნება დასავლეთიდან შემოვიდა, სადაც უფრო სხვა სიტუაციაა, აქ კიდევ სხვა. ვერ იცხოვრებ როკ-მუსიკაში. აქ რამდენიმე დღე შესაძლოა იშიმშილო, მაგრამ იმედი გაქვს, რომ მერე ვიღაც მოვა და გაჭმევს, იქ კი შენი წყალობით ცხოვრობ და შენით ღებულობ ყველაფერს ამ ცხოვრებიდან, ე.ი. შენი ცოდნით, ენერგიითა და წვალებით.
– რა მოგცათ თბილისის ფესტივალებმა?
ნიკა: მოკლედ რომ გითხრა, ძაან მაგარი ენერგია და სამუშაო პირობები მოგვეცა და გვიბიძგა. რწმენა მოგვცა, რომ რაღაცას წარმოვადგენთ. ადრე არ ვგრძნობდით არსად მუსიკოსის ასეთ დაფასებას. თბილისში კი ისე მიგვიღეს, თავი ნაღდ მუსიკოსებად ვიგრძენით.
თემური: ისევე როგორც დღეს ქუთაისში ხდება, ისევე ხდებოდა თბილისში ადრე, ე.ი. თვითონ მუსიკოსები წვალობდნენ, აპარატურას ათრევდნენ, დაფუფქული თითებით კი მერე გიტარებზე უკრავდნენ. თბილისში ასე აღარ ხდება. ამ ფესტივალებმა ჯგუფს დიდი გამოცდილება მისცა, რეკლამა გაუკეთა და ბოლო ფესტივალზე, რომელიც „მზიურში“ ჩატარდა, მაყურებელი უკვე კარგად გვიცნობდა, ჩვენს სიმღერებს ჩვენთან ერთად მღეროდა. ხალხმა კარგად მიიღო „ბესტ ჰისტორი“.
– ალბათ იმათმა, ვისაც გამოფხიზლება არ ჭირდებათ.
თემური: არ ჭირდებათ (სიცილი). ისინი კარგა ხანს ფხიზლობენ. ვფიქრობ, ქუთაისშიც მალე იქნება ასეთი სიტუაციები და ქუთაისი მიხედავს საკუთარ თავს.
საწყენია, რომ თბილისში უფრო კომფორტს ვგრძნობთ, ვიდრე აქ. ძალიან საწყენია ისიც, რომ, აი უკვე ერთად ჩამოვდივართ ხოლმე ჩვენ და „აუტსაიდერი“ ფესტივალებიდან და ქუთაისში არავის არაფერი არ აინტერესებს, რა თქმა უნდა, შენს გარდა, რომელიც სულ მუშაობ, ჩამოგაქვს ახალი ინფორმაციები და ყველას აცნობ, რა არის როკი, როგორ უნდა მოეპყრან როკ-მუსიკოსებს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ არსებობს რადიო „ლეგენდა“, „შუაღამის გემი“ და გაზეთი P.S.
ნიკა: კარგია, რომ თქვენი რადიო და საერთოდ, ჩვენ ყველა ერთ მოძრაობაში ვართ და ვცდილობთ რომ ახალგაზრდებს ცოტათი გავუფერადოთ სიცოცხლე.
თემური: მე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ტელე-რადიოკომპანია „ივერიონს“, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერს ჩვენს ქალაქში კარგ წამოწყებებს. გაზეთ P.S.-ის ნომრები შენახული მაქვს და გადაკითხვისას ენერგია მეძლევა, რომ კიდევ ცოცხლები ვართ. ძალიან კარგია, რომ სცენაზე გამოდიხარ და ბევრ ადამიანს ძალიან მოსწონს შენი ნამღერი. მთავარია, შენ სადაც ცხოვრობ იმ ხალხმა მოგიწონოს.
– ამბავი მომივიდა, თითქოს თქვენ აპირებთ ჰარდკორის დაკვრას. მართალია?
ნიკა: არა, მაგას ნაღდად არ ვაპირებთ, მაგრამ გრანდიოზული გეგმები და იდეები გვაქვს.
თემური: ელემენტებს გამოვიყენებთ. ჩვენს ჯგუფში ხომ ორი გიტარა უკრავს. ამ წუთას ჩვენ მძიმე რეპ-მეტალს ვუკრავთ. ჰარდკორი ძალიან საინტერესოა. ალბათ, დრომ თვითონ უნდა გვიკარნახოს, რომ ეს დავუკრათ. ჩვენი კომპოზიციები უფრო მოსასმენია, ვიდრე საყურებელი.
– შემიძლია არ დაგეთანხმო. მაისის ფესტივალის ბოლო დღეს, თქვენ, ჩემი აზრით, შესანიშნავი შოუ აჩვენეთ. ეს, ალბათ, გამოცდილებასთან ერთად მოდის.
თემური: კარგად იცი, რომ ნარეპეტიციების, ნამუშევრის გამოტანა სცენაზე ხმის ოპერატორზეცაა დამოკიდებული. ეს გრანჟი არაა, რომ მარტო ხმაური მივიდეს ხალხთან. აქ თითოეული მუსიკალური ფრაზაა დამუშავებული. ამ ფრაზებს მოსმენა ჭირდება, ჩვენ მალე მივაღწევთ, ალბათ, რომ ჩვენი სიმღერები არ იყოს გადატვირთული (საკონცერტო სიმღერები). იყოს ისინი ხალხისთვის, რადგან ოპერატორი მაინც ვერ აყენებს ისეთ ჟღერადობას, რომ ეს ფრაზები დაუმახინჯებლად მივიდეს მსმენელამდე. სანამ თბილისში ხმის ოპერატორები არ გამოსწორდებიან, რთული გადმოსაცემია ეს მუსიკა. შენ მხოლოდ შოუთი შეგიძლია ხალხი დააკმაყოფილო.
ნიკა: სასწრაფოდ გვჭირდება ჯგუფ Ва-Банкъ-ის პირადი ოპერატორი პაშა (იცინის)!
![]() |
| 1999 წლის ფესტივალის ბოლო დღე თბილისში, რიყეზე მარცხნიდან: ზაალ საკანდელიძე, ზვიად საკანდელიძე, რობი კუხიანიძე, გიო ხონელიძე, ლაშა გაბუნია და ნიკა სვანაძე |
თემური: მე უკვე აღარ მაინტერესებს, 24 საათი ვიჯდე სარდაფში და იქ ვირთხებს უყურო, საქმე უწესრიგოდ მქონდეს, ლუდი ვეღარ დავლიო და ჩემმა მეგობრებმა უხერხულად იგრძნონ თავი. უკვე ის დრო მოდის, რომ უკვე გასაყიდი მუსიკა უნდა დაიკრას. ჩვენ ღირსნი ვართ კომფორტულად ვიგრძნოთ თავი. სასიამოვნო მოსაგონია ლადოს ბოლო ფესტივალი, ნორმალური კვება, მანქანებით მომსახურეობა და, აქედან გამომდინარე, უკვე კარგად დაუკრავ.
– მოდით, ჩვენს სამშობლოსა და ქუთაისზე ვისაუბროთ.
ნიკა: ჩვენი ქალაქი დასასვენებელი ქალაქია, რომელიც ილფისა და პეტროვის „ქალაქ N“-ს წააგავს. იგი რაღაცნაირად ჩაკეტილია, ხოლო ჩვენთვის მაინც შესანიშნავი ქალაქია, სადაც მშვენივრად ვგრძნობთ თავს.
თემური: ძაან მაგრად გვიყვარს ჩვენი ქალაქი და სადაც არ უნდა წავიდეთ, აქაური იარლიყი გვაქვს. ძაან გსიამოვნებს, როცა კარგად ახურებ და ვიღაცეები გეუბნებიან: „ვა ქუთაისი?!“ რა საკაიფოა!!!“ ეს ხომ ის ქალაქია, სადაც დაიბადე. თბილისში კარგად იციან, რომ ქუთაისში ყოველთვის კარგ რამეებს უკრავდნენ. ერთიანობაში რომ შეხედო, აქ მართლაც დიდი ჭაობია, მაგრამ რაღაც კარგი პერსპექტივები აქა-იქ ჩანს.
ნიკა: ქუთაისი მარტო შენობები და ბუნება კი არაა, ხალხიცაა.
გიო: ჩვენი ტელევიზია ქვევრია. სამწუხაროდ, მასა უწიგნურია. ასეთები ჩემზე ამბობენ, შეხედეთ, ეს როკერია, უწმინდურია და ა.შ. ასეთ ხალხს მე ვიწვევ, თუნდაც ქართული ლექსებისა და სადღეგრძელოების წარმოთქმაში. დანამდვილებით ვიცი და მინდა სხვებმაც იცოდნენ, რომ „ბესტ ჰისტორის“ არც ერთი წევრი არასდროს არ იქნება ვიღაც ჯონსონი, ტომსონი ან სხვა ვინმე. ჩვენ ვიყავით, ვართ და დავრჩებით ქართველებად ყველგან, სადაც არ უნდა მოვხვდეთ. უბრალოდ, ვცდილობთ, ჩავდოთ ჩვენი ენერგია თანამედროვე როკ-მუსიკაში და ვთქვათ ჩვენი სათქმელი. გვიყვარს ყველაფერი ქართული და ჩვენებური.
– თქვენი უახლოესი გეგმები.
ნიკა: აუცილებლად რეპეტიცია და კონცერტის მოწყობა ამჯერად თბილისში.
თემური: უკვე დაპატიჟებულები ვართ ლადო ბურდულის ივლისის ფესტივალზე. ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ტრადიცია, – ყოველი ფესტივალის, თუ კონცერტის წინ ვამზადებთ თითო ახალ სიმღერას. „მზიურში“, მაგალითად, გავიტანეთ ახალი სიმღერა „ტვინი“. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯგუფი მუშაობს. ჩაწერა რთულია, მაგრამ რაღაც იმედები და არხები თბილისშიცაა და ჩვენთანაც, რათა სიმღერები ჩავწეროთ, ალბომი გამოვუშვათ. ჩვენ კომერციაზეც უნდა ვიფიქროთ, რათა კარგი გიტარა შევიძინოთ, სიმის გაწყვეტის არ გვეშინოდეს და ცოტა საჭმელი სახლშიც მივიტანოთ შვილებთან. ჩვენ თბილისში ძალიან დაგვეხმარნენ: ჟორა „პირველი რადიოდან“ და სერგი გვარჯალაძე ტელევიზიიდან. ქუთაისში კი ზემოთ ჩამოთვლილი მასმედია გვეხმარება და ჩვენც, ვისაც დავჭირდებით, სიამოვნებით დავუდგებით გვერდით.
* * *
ამას წინათ Best History საქართველოს ტელევიზიის I არხით, კერძოდ, გადაცემა ამას წინათ Best History საქართველოს ტელევიზიის I არხით, კერძოდ, გადაცემა „კომუნიკატორში“ აჩვენეს. მე პირადად ვერ ვუყურე მათ გამოსვლას, მაგრამ მითხრეს, ძალიან კარგი იყოო. სამწუხაროა, სანამ ჯგუფი წარმატებას სხვაგან (მიუხედავად იმისა, რომ თბილისი „სხვაგან“ არ არის) არ მიაღწევს, აქ მას არ აფასებენ. „საუკეთესო ისტორია“ კი ჩვენი ქალაქის როკ-ცხოვრების საუკეთესო ისტორიის ფურცელს წერს.
გაზეთი P.S. #91, 2000 წლის 19 – 26 ივნისი




No comments:
Post a Comment