Monday, September 4, 2000

კომატოზური მდგომარეობის ელექსირი – ჯგუფი „კომა“

ჯგუფი „კომა“ 1999 წლიდან არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფს ჯერ არ ჩაუწერია არც სიმღერა და არც ალბომი და კონცერტებზეც იშვიათად გამოდის, ქართველი მსმენელი უკვე გაეცნო მის სადებიუტო შემოქმედებას ტელეგადაცემა „ჯეოპოპის“ საშუალებით. ჯგუფის ფრონტმენი შოთიკო ჩოგოვაძე „კომას“ შექმნამდე გავიცანი, როდესაც ის ჯგუფ „არქეოპტერ X“-ში რიტმ-გიტარაზე უკრავდა. „კომას“ საკონცერტო დებიუტი სახვითი ხელოვნების გალერეის დარბაზში შედგა. ამ ჯგუფის შემადგენლობაა: შოთიკო ბანძელაძე – დასარტყამები, ვიოლინო, სანდრო მგელაძე – ბასი და შოთიკო ჩოგოვაძე – ვოკალი, გიტარა. ჯგუფის ეკრანებზე გამოჩენის შემდეგ როკ-მუსიკის მოყვარულებში სხვადასხვა აზრი გაჩნდა „კომას“ ირგვლივ. ერთნი მას „ნირვანას“ ადარებდნენ, მეორენი – „რადიოჰედს“, მესამენი – სხვას და ა.შ. სხვათა შორის, ნებისმიერი, დღეს ლეგენდარული ჯგუფი შემოქმედების დასაწყისში ყოველთვის წააგავდა ვიღაცას. ეს დასაწყისისთვის არაა ტრაგედია, მითუმეტეს ამ ჯგუფში მრავლადაა სახელდობრ, „კომური“ ელემენტები, რაც ძლიერ მისასალმებელია. შოთიკო ჩოგოვაძესთან საუბარი რადიო „ლეგენდას“ ოფისში შედგა.

* * *

შოთიკო ჩოგოვაძე & სანდრო მგელაძე

– შოთიკო, რა გახდა იმის მიზეზი, რომ წინა ჯგუფიდან წამოხვედი და გააკეთე ახალი, უკვე შენი ჯგუფი? ეს ახლის კეთების სურვილი იყო, თუ მოხდა რამე?

– წინა ჯგუფში სხვა სტილის მუსიკა იკვრებოდა, მე კი სხვა მიზიდავდა. ეს იყო მთავარი მიზეზი. მე მომწონს პანკ-როკი. არ ვიცი, ახლა ჩვენ რას ვუკრავთ, მაგრამ ეს მუსიკა ჩვენიდან მოდის. ჩვენ, რაც შინაგანად გვაქვს, იმას ვამბობთ და როგორ ვამბობთ, ეს უკვე მე აღარ ვიცი.

– პანკ-როკი შენთვის იარაღია, თუ გინდა, ამ სტილში იმუშავო?

– მე სურვილი არა მაქვს, რომ კონკრეტულად პანკ-როკში ვიმუშაო. უბრალოდ, ძალიან მომწონს ეს მიმდინარეობა. ხოლო ჩემი მუშაობის სტილი განსაზღვრული არა მაქვს. ეს ხასიათზეა დამოკიდებული. გააჩნია, რა ხასიათზე ვარ მუშაობის მომენტში. განწყობას კი საზოგადოება მიქმნის, კერძოდ ის ნაწილი, რომელიც ნერვებს მიშლის. ნერვები მეშლება, რომ ჩვენთან ძალიან მდარე ცხოვრებაა, ბევრი მოჭრილი კუნძივით მიჰყვება ცხოვრების დინებას. არავინ ცდილობს, რაიმე შეცვალოს თავის ცხოვრებაში. ყველაფერი დაყვანილია ფულამდე და კუჭამდე. ასეთი ცხოვრება მართლა არ მიზიდავს. ზოგჯერ თეთრ, ქათქათა საბანს მირჩევნია ხის ძირში თუ ასფალტზე წოლა. ხანდახან ადამიანი შიმშილმაც უნდა გააძღოს. ხომ ასეა?

– მესმის შენი. ვფიქრობ, ასეთი სურვილები წარმავალია, მაგრამ საბოლოოდ, თუკი გინდა ჯგუფი სერიოზულად გააკეთო, შედეგებსაც უნდა ელოდო

– არ შეიძლება, ადამიანი იმართებოდეს მხოლოდ ტრადიციებითა და კანონით. ადამიანს საკუთარი მორალი უნდა მართავდეს. ჩვენს ტექსტებზე ამბობენ, შიგ ბევრი ტირილიაო, სევდიანიაო. მე არ ვტირი, მაგრამ დღეს ასეთი ცხოვრებაა...

– ამბობენ, რომ ქართული, დეპრესიული როკ-მუსიკა ისედაც პრობლემებით დატვირთულ ხალხს უფრო ღლის. შენ რას იტყვი?