Wednesday, November 15, 2000

ფ(პ)ოსტმოდერნისტი დათო ევგენიძე

შაბათს, 4 ნოემბერს „ვარსკვლავები“ დაესწრო დათო ევგენიძისა და კლუბ „სარაჯიშვილის“ მიერ მოწყობილ აქციას „ფოსტმოდერნი“, რომელიც „თეატრალურ სარდაფში“ ჩატარდა. აქციის მსვლელობისას დათო ევგენიძის ნაცნობ-მეგობრებმა ანონიმური წერილები და პატარა ჩანახატები ჩაყარეს სპეციალურად მოტანილ სადარბაზოების საფოსტო ყუთებში. შემდეგ ეს ყუთები გაიხსნა და ქაღალდის ნაგლეჯები და ფურცლები, ანუ წერილები გამოიკრა ერთ დიდ, კარგად განათებულ კედელზე. აი, ზოგიერთი მოკლე შეტყობინება: „ძალიან არ მიყვარხარ“, „დათო, მაგარი როჟა ხარ, ბოზიშვილი ვიყო“, „ხალხო, ძალიან მაგრად მინდა LSD, დამეხმარეთ! გამომეხმაურეთ 02-ზე“, „მომწონდა ქალი, მე მინდა პლანი“, „გახსოვდეს, გიყვარდეს ყველა“, Пить вредно, а не пить – скучно, „ამაღამ აივანზე დაწექი, მოგიტაცებ!“ და მრავალი სხვა. რა თქმა უნდა, აღნიშნული აქციით ვისარგებლე და ინტერვიუ ვთხოვე მის ორგანიზატორს, ევროპასა და საქართველოში სახელგანთქმულ მუსიკოსს დათო ევგენიძეს.

* * *

– დათო, რატომ გაგიჩნდათ სურვილი, ჩაგეტარებინათ „ფოსტმოდერნის“ – აი, ასეთი აქცია? 

– როგორც იცით, არსებობს პოსტმოდერნის მიმდინარეობა, შეიცვალა ერთი ასო, ანუ „პ“ – „ფ“-თი და გახდა „ფოსტმოდერნი“. ამ შემთხვევაში ვგულისხმობდი ფოსტის მიმდინარეობასაც. კომპიუტერის, e-mail-ის, ინტერნეტის გაჩენით, წერილი, ასე რომ ვთქვათ, მოკვდა. ჩემი აზრით, წერილს თავისი იდუმალება აქვს ძალიან დიდი, თუნდაც იმ გზით, რასაც იგი გადის ქვეყნიდან ქვეყანაში. აქ თუნდაც გეოგრაფიული გზა ვიგულისხმოთ. საქართველოდან გაგზავნილი წერილი, ვთქვათ, საფრანგეთში ძალიან ბევრ ქვეყნებს გაივლის, უამრავ ამინდს გამოიცვლის, ამიტომ წერილი ცოცხლობს და ენერგიით სავსე მიდის ადრესატთან. მე ვიგრძენი, რომ ძალიან დიდი ხანია რაც წერილი არ მიმიღია და არც გამიგზავნია. მონატრების შეგრძნება გამიჩნდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ სხვებსაც იგივე გრძნობა გაუჩნდათ. გავაკეთე ასეთი აქცია: სადარბაზო შემოვიყვანე საგამოფენო სივრცეში და იმ ხალხმა, ვინც აქ მოვიდა, ყველამ ჩაყარა საკუთარი სურვილი. დღეს კი მოხდა ამ გრძნობების, სურვილების ექსპოზიცია. ამ შემთხვევაში პერსონიფიკაციაც გამორიცხა, რადგან მე აქ ვარ გამტარი, ანუ ფოსტალიონი.

– ე.ი. ეს მტრედების მოტანილი წერილებია. დათო, თუ აპირებთ ამ მართლაც გულახდილი (თუნდაც ანონიმურობის გამო) აქციის მუსიკაში აჟღერებას, თქვენ ხომ მაინც მუსიკოსი ხართ, პირველ რიგში? 

– ეს ენერგიის სახით იქნება და არა ფორმის სახით. ეს აქცია ჩემს სულიერ სივრცეს შეეხო და არ შეიძლება, ჩემს მუსიკაშიც არ აისახოს ემოციურ დონეზე.

– ორიოდე სიტყვით თქვენი ავტობიოგრაფიული ცნობები... 

– დავიბადე 1958 წლის 2 დეკემბერს. ვარ მშვილდოსანი, წლებით – ძაღლი, წარმოშობით – თბილისელი. ბავშვობიდან, 6 წლის ასაკიდან ვარ სცენაზე. დავამთავრე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური ათწლედი. მერე პირდაპირ ჩავაბარე მოსკოვის კონსერვატორიის კომპოზიციის კლასში. დავამთავრე ასპირანტურა. ამ პერიოდში ბევრ კონკურსსა და ფესტივალში მაქვს მონაწილეობა მიღებული. სწავლის პერიოდში ოთხგზის გრან-პრის მფლობელი გავხდი – ორჯერ, როგორც კომპოზიტორი, ერთხელ, როგორც იმპროვიზატორი და ერთხელაც როგორც პიანისტი. ამავე წლებში ვიმუშავე ძალიან ბევრ სპექტაკლსა და ფილმზე. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ დავიწყე საზღვარგარეთ გასვლაც – ეს 14-წლიანი ციკლია. ეს ქვეყნებია: ესპანეთი, საფრანგეთი, აშშ, იტალია. იქ ვიწერებოდი, ვატარებდი კონცერტებს, განსაკუთრებით სანტა-კრუზის კონსერვატორიაში კომპოზიციის კლასს. 

მოსკოვში მქონდა ძალიან კომერციული პერიოდი: ესტრადის მომღერალი ორბაკაიტესთან და იქაურ შოუბიზნესის წარმომადგენლებთან ვმუშაობდი, რასაც მე დაკარგულ დროდ მივიჩნევ. მუსიკის გარეშე წამიც არ მიცხოვრია. ჩაწერილი მაქვს კომპაქტ-დისკები, ვწერ ოპერებს, ვაფორმებ სპექტაკლებსა და ფილმებს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

– რას უსმენთ? 

– სულ მოცარტს ვუსმენ, ასევე – ბეთჰოვენს, ბახს და სხვა კლასიკოსებს. ვუსმენ „ბითლზებს“, რომელთა მუსიკაც ჩემია და ჩემს ბავშვობასთანაა დაკავშირებული. აგრეთვე Weather Report-ს, ჯო ზავინულს, მაილს დეივისს, ქეი ჯარეტს... ყველაფერს ვუსმენ, რაც კი სივრცეში ჟღერს. ე.ი. სივრცეს სჭირდება და მაინტერესებს. ალტერნატიული როკი მომწონს, ძალიან მიყვარს კურტ კობეინი, ჯიმ მორისონი... ეს ძალიან საინტერესოა, მაგრამ შოუბიზნესში ეს სახელწოდება თავის სახელს უკვე აღარ ამართლებს, რადგან ის მისივე ერთი ნაწილია, თუმდაც MTv-ში მთელი ერთი განყოფილება ეთმობა. ამიტომ ალტერნატივა პოპ-მუსიკის ერთ-ერთი ნაწილია. ხოლო თავად პოპ-მუსიკაში ალტერნატივა ჩემთვის ყველაზე ახლობელია.

– დათო, თქვენი აზრით, ხართ თუ არა, ვარსკვლავი?

– მე მგონი, ვარ. არ მრცხვენია ამის თქმა. მასმედია დაინტერესებულია ჩემით და თუკი საქართველოში ვარსკვლავები არსებობენ, ალბათ, ერთ-ერთი მეც ვარ.

– გსიამოვნებთ ეს ფაქტი? 

– ვინც იტყვის, არ მსიამოვნებსო, ის იტყუება. ვარსკვლავის ცნებაც მრავალგვარია. მე ბავშვობიდან მიჩვეული ვარ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ექვსი წლიდან სცენაზე ვარ. ასე რომ, ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია ამ სულიერ მდგომარეობაში ყოფნა. ამას უამრავი უსიამოვნებაც მოსდევს. შესაძლოა, მილიონი იარლიყი მოგაკერონ, პოპულარული რომ ხარ, მაგრამ, ვფიქრობ, პოპულარობა სატარებელი ტვირთიცაა, რადგან პასუხისმგებელი ხარ იმ ხალხის წინაშე, ვინც თვალყურს გადევნებს.


– დათო, რატომ სჭარბობს ქუჩაში მოარული ადამიანების და თუნდაც დღეს, აქ შეკრებილი საზოგადოების ჩაცმულობაში მუქი ფერები? 

– ამაზე მითქვამს, იცით. შავი ფერი ქართველი ქალის ფერია საერთოდ და ეტყობა, ეს ქვეცნობიერადაა ასე: წარმართული საქართველოდან დღემდე. ქვეცნობიერად ქალები იცვამენ იმ ფერს, რომელიც არის საქართველოს ისტორია, გლოვის ისტორია.

– ნუთუ ცხოვრების პირობები აქ არაფერ შუაშია? მე კარგად მახსოვს, წინასაარჩევნო კამპანიისას თქვენ მოქალაქეთა კავშირს უჭერდით მხარს. დღეს რას ფიქრობთ? 

– მოქალაქეთა კავშირს კი არ ვუჭერდი მხარს, არამედ კონკრეტულ ადამიანს, გია ბარამიძეს. ჩემთვის პარტია კონკრეტული ადამიანებისგან შედგება. აბსტრაქტულად ის არ არსებობს. გია ბარამიძეს ვიცნობ, ის მიყვარს, პატივს ვცემ, მისი შვილის ნათლია ვარ და დარწმუნებული ვარ ჩემს არჩევანში.

– რა კავშირი აქვს, დათო, თქვენს რწმენას თქვენს სარწმუნოებასთან? 

– აბსოლუტურად ეთანხმება ერთმანეთს. მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ ჩემი რწმენითა და სარწმუნოებით.

– პირველი სიყვარულს შესახებ რას გვეტყვი და, საერთოდ, რა არის სიყვარული? 

– ჩემი პირველი სიყვარული იყო საბავშვო ბაღში ქეთინო მჭედლიშვილი, რომელიც ბაღის შემდეგ აღარც მინახავს. ჩემი სიყვარული ჩემი მეუღლე, ჩემი ცოლია – ნინა, რომელთან ერთად უკვე 15 წელია, რაც ვცხოვრობ და გვიყვარს ერთმანეთი. ხოლო სიყვარული ისაა, რის გარეშეც ცხოვრებას აზრი არა აქვს.

– დათო, რა განსხვავება და რა მსგავსებაა ჩვენსა და უცხოელ პუბლიკას შორის? 

– იცი რა, მე ყოველთვის უფრო ვნერვიულობ ქართველი პუბლიკის წინაშე გამოსვლისას. რადგან ჩვენ პუბლიკას უფრო აქვს ფანტასტიკური, გენეტიკური ინტუიცია და ის არასოდეს გაპატიებს ფალშს. ქართველები კონცერტზე დროს გასატარებლად არ მოდიან. ისინი ყურადღებით გისმენენ, ხედავენ შეცდომას. არსებობს რაღაც შიდა ობიექტურობა. უცხოელები იხდიან ფულს, რათა გამზადებული, კარგი ემოცია და გრძნობა მიიღონ. ის მარტივი პუბლიკაა და გასართობად მოდის.

– როგორ ისვენებთ? 

– ჩემთვის დასვენება არ არის პასიური მდგომარეობა, არამედ აქტიური ცხოვრებაა. ჩემი დასვენება ჩემი ცხოვრებაა, ხან კონცერტზე ვარ, ხან აქციაზე, ხანაც ვსვამ... მოძრაობაა ჩემი დასვენება.

– სასმელი გეხმარებათ? 

– ღვინო, მაგალითად, მზის ენერგიაა, რომელიც ქართველ კაცს გენეტიკურად სჭირდება, რადგან საუკუნეებია, ქართველი ღვინოსთან ერთად არსებობს. ყურძენი მზეზე მწიფდება, მზის ენერგია კი მთავარია მთელს დედამიწაზე.

– რას ელით მომავალი საუკუნის პირველი წლებიდან? 

– ისინი, ალბათ, არ იქნება ამ ბოლო წლებიდან ბევრად განსხვავებული. თვითონ ათასწლეულიდან ფასეულობების შეცვლას ველი, მართალია, მე ამას ვეღარ მოვესწრები. დღეს ფული კარნახობს დედამიწასა და კაცობრიობას ქმედებას. მე კი მსურს, სიყვარულმა უკარნახოს.

– ტექნოლოგიების განვითარებას როგორ უყურებთ? 

– ვფიქრობ, ეს აპრიორული (იხ. უცხო სიტყვათა ლექსიკონი – ლ.გ.) მომენტია და არა მგონია, მან კაცობრიობის ბედი განსაზღვროს. ადამიანს უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, ვიდრე ტექნოლოგიის განვითარება.

– ბევრს აინტერესებს, თუ რა დროს უთმობდით და უთმობთ მეცადინეობას? 

– კონცერტიდან კონცერტამდე საერთოდ არ ვუკრავ. ადრეც არასოდეს ბევრი არ მიმეცადინია. ჩემმა მასწავლებლებმა ამასწინათ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეს, რომ მე ნოტებს სკოლაში ვტოვებდი, სახლში არ მიმქონდა...

– მსოფლიოს რომელი ქალაქი უფრო მოგწონთ? 

– ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, თბილისი მიყვარს. ჩემთვის ძალიან ახლობელი ქალაქია პარიზი, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი წელი გავატარე იქ, თანაც, ლამაზია.

– დათო, რას უსურვებთ თქვენს მსმენელსა და ჩვენს მკითხველს? 

– ამ აპოკალიფსურ წლებში საქართველო, ალბათ, ის ქვეყანა იქნება, რომელიც გადარჩება. მთელს მსოფლიოში წყალდიდობები, მიწისძვრები მოხდა, ქარიშხლებმა გადაიარა, რომლებიც ჩვენს ქვეყანას არ შეხებია. ვფიქრობ, ყველა წვალება, რაც ქართველმა ხალხმა ამ საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში გამოიარა, შესაძლოა, გადარჩენის მიზეზი გახდეს. ყველას სულიერ ბედნიერებას ვუსურვებ, მუსიკოსებს კი მუშაობას, ტაშსა და მსმენელს.

გამოქვეყნდა 2000 წლის 15 ნოემბერს, ჟურნალ „ვარსკვლავებში“

No comments:

Post a Comment