4 წლის დუმილის შემდეგ Soft Eject-მა კვლავ შეახსენა მუსიკისმოყვარულებს თავი. მაგრამ ეს „დუმილი“ არ ყოფილა აბსოლუტური. 1990 წელს შექმნილი ჯგუფი ამ პერიოდში ნაყოფიერად მუშაობდა საკუთარ სტუდიაში და საკუთარი თავის ძიებასა და განახლებაში, ანუ რეანიმაციაში – როგორც ეს კოლექტივის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა 22 დეკემბერს „ბითლზ-კლუბში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა – აკეთებდა ექსპერიმენტებს. თუნდაც ის რად ღირს, რომ ჯგუფმა ქართული ხალხური საკრავების მსოფლიოში ერთადერთი აუდიო-ვიზუალური კომპიუტერული კატალოგი შექმნა, რომელიც CD-ზე გამოსცა. მათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ჩაწერეს ამ ინსტრუმენტებზე შემსრულებლები, რომელთა ფაილებიც შესაძლოა მოიძიოთ ამ კომპაქტ-დისკზე. ბენდმა სერიოზულად დაიწყო ქართული ხალხური მუსიკის შესწავლა და მის სათავეებში ჩაღრმავება. სახეცვლილი „სოფთ იჯექთი“ დღეს წარმოადგენს სეპტეტს: ვახო ბაბუნაშვილი (ბასი, აკუსტიკური გიტარა, ვოკალი, კომპოზიტორი), გია ქარჩხაძე (ელექტრო და აკუსტიკური გიტარა, ბასი, ვოკალი, კომპოზიტორი, პროდიუსერი), ნოდარ მანჩხაშვილი (დასარტყამები), ემზარ ბურდული (ვალტორნა), სანდრო ნიკოლაძე (ფლეიტა), გიორგი კობახიძე (გიტარა) და ანა სიხარულიძე (აკორდეონი, კლავიშები). არის კიდევ ერთი დაუსწრებელი წევრი ტატო გეგეჭკორი (კლავიშები, პერკუსიები), რომელიც დღეს იმყოფება ვენაში, სადაც სწავლობს ტაბლაზე დაკვრას. ჯგუფის ერთ-ერთ ფრონტმენთან გია ქარჩხაძესთან საუბარი ჩაწერილია Soft Eject-ის (შემდგომში SE) საკუთარ სტუდიაში.
* * *
– ვინ იყავით ამ ჯგუფის სასტარტო შემადგენლობაში და რატომ ჰქვია მას SE როგორ განმარტავ სახელწოდებას?
– თავდაპირველად ვიყავით ხუთნი: ნოდარი, ვახო, პეჩო ჭეიშვილი, მე და ოთარ ყარალაშვილი. SE ჯგუფს შემთხვევით დაერქვა. 1990 წელს, როდესაც ჯერ კიდევ სახელი არ გვქონდა, რადიოში უნდა გასულიყო ჩვენი ერთსაათიანი ინტერვიუ და მეორე დღეს რაღაც სახელით უნდა წარვმდგარიყავით. ვახომ დათქვა, რასაც დილით პირველს დავინახავ, ჯგუფსაც იმას დავარქმევო. ზაფხული იყო, ჩვენ ყველანი ქალაქიდან წავედით და ეს პრობლემა ვახოს შევატოვეთ. დილით კი, როდესაც მან გაიღვიძა, მაგნიტოფონზე წაიკითხა წარწერა Soft eject system, რაც ნიშნავს კასეტის რბილად გამოგდების სისტემას. eject ხომ კასეტის გამოგდებაა. ამის გამო ვახო ჩვენ მაგრად ვლანძღეთ და ვაგინეთ (ეღიმება.). გვეგონა, ეს დროებითი სახელი იქნებოდა, ერთხელ გაიჟღერებდა და მორჩა. მერე მან აზრობრივი დატვირთვა მიიღო. სიტყვა eject ნიშნავს ამოგდებას და ასევე თუნდაც ვულკანის, ანუ რაღაც შინაგანის ამოფრქვევას. ხელოვანის საქმეც ხომ გარკვეულწილად eject-ია? ზოგი აგრესიულად აფრქვევს, ზოგიც – ძალით, ჩვენ კი ამას soft-ად ანუ რბილად, ფრთხილად ვაკეთებთ. ასე რომ, სახელწოდებამ გაამართლა თავისი მიზანი.
– თქვენ ასრულებთ ინტელექტუალური პოსტ-ბითლზურ როკს. როგორ ფიქრობ, მაინც რა სტილში მუშაობთ და გეგმაში თუ გაქვთ ქართულენოვანი სიმღერების შესრულება?
– მიჭირს საკუთარი მუსიკის გარედან შეფასება, თანაც, მაინცადამაინც ვერ ვერკვევი თეორიულად მუსიკალურ სტილებში. ასე გეგმიურად არ ვაპირებთ რომელიმე ენაზე სიმღერას. ჩვენი შემოქმედება მთლიანად ჩვენს იმპულსებზეა დამოკიდებული. თუ წამოვიდა ქართული ბგერა, ტექსტი, უყოყმანოდ ჩავრთავთ. წინასწარ არ ვიცით, რა მოგვივა თავში. დღემდე მიმაჩნია, რომ როკ-მუსიკა ინგლისურენოვანია. როკიდან მერე რა შრეებში გახვალ და სად წახვალ, კაცმა არ იცის. რაც უფრო უღრმავდები, მით უფრო სცდები კონკრეტულ საზღვრებს. ჩვენს მუსიკას შეერია ფოლკლორული ნაკადი, ძალიან უცნაური რიტმიკა გაჩნდა. შესაბამისად, კომპოზიციებიც შეიცვალა. ერთ-ერთ მათგანში ძველი ლათინური ენა გამოვიყენეთ. მოვიწვიეთ თბილისის წამყვანი მეცო-სოპრანო ნატაშა ვოლჩენკო და ამ ენაზე განთიადის ქალღმერთის არიას ასრულებს. აგრეთვე მოწვეული ტენორი გია გაბელაია დუეტს ასრულებს მეცო-სოპრანოსთან ერთად ფსევდო იტალიურ ენაზე. ახლა ქართულის მოთხოვნილება გაგვიჩნდა და უყოყმანოდ გამოვიყენეთ, ამიტომ წინასწარ განზრახვას ვერიდებით, ამან შესაძლოა, მუსიკა დააზიანოს.
– გია, რა შეგიძლია SE-ის უცხოეთის კონცერტებზე გვიამბო?
– 1992 წელს, როგორც კი საზღვრები გაიხსნა, ჩვენს ინსტრუმენტებს ხელი დავავლეთ და გერმანიაში გავიქეცით, თავიდან ქუჩა-ქუჩა ვუკრავდით, გვშიოდა, თავშესაფარი არ გვქონდა. ოთხი წლის განმავლობაში პერიოდულად ჩამოვდიოდით და მივდიოდით. მერე საკმაოდ მაღალ საფეხურებს მივაღწიეთ, ფესტივალებზეც დავუკარით, სტუდიებში ოთხი სიმღერა ჩავწერეთ – სამი ერთში და ერთიც – მეორეში. იმ სამ სიმღერას შორისაა ჩვენი ჰიტი Please, Just Carry On. იგი ისეთ სტუდიაში ჩავწერეთ, რომლის მსგავსში იწერებიან თუნდაც სტინგი ან მაკარტნი. ძალიან ძვირი დაგვიჯდა, მაგრამ კმაყოფილები ვართ, რადგან კარგი პროდუქტი შევქმენით. თავად ჩანაწერის ხარისხი შესანიშნავია, სულ სხვა დონეა. იქ ხმის რეჟისორს ისეთი განსაცვიფრებელი ყური აქვს, რომ მუსიკოსს არც დაგესიზმრება. მართლა ბედნიერებაა ასეთ ადამიანთან ერთად ყოფნა და მუშაობა. დღეს კი მე ვარ SE პროდიუსერი, ვიწერ ყველაფერს აქ, ჩვენს სტუდიაში.
– რას ფიქრობ ჩვენს შოუბიზნესზე, განვითარების როგორი მომავალი აქვს მას?
– შოუბიზნესი ქვეყნის ზოგადი ეკონომიკის ერთი ნაწილია. ჩვენი ქვეყანა ცუდ დღეშია, ლამის ნულზე ვართ და ყველაფერი, ნებსით თუ უნებლიეთ, ან ვიღაცების გამო, თავზე გვაქვს დამხობილი. ფაქტობრივად, უსაზიზღრესი მდგომარეობაა. თუკი ეკონომიკა ჩაბანძებულია, როგორ იქნება შოუბიზნესი აყვავებული? ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. როდესაც მსყიდველობითი უნარი დაბალია, ადამიანს უჭირს, ის ცუდად არის, დეპრესიაშია და ამიტომ ვეღარ ერთობა. ეს კი მერე და მერე მახინჯ ფორმას იღებს, – გარყვნილება ურჩევნია, საღამოს საკაიფოდ გატარებას. შოუბიზნესს განვითარების ისეთი პერსპექტივა აქვს, როგორც მთელ ქვეყანას. რა თქმა უნდა, განვითარდება, თუ მოგვცეს საშუალება და თავზე არ დაგვანგრიეს ყველაფერი.
ისე კი, საქართველოში ფანტასტიკური მუსიკოსები არიან. რაც პოსტკომუნისტური პერიოდი დაგვიდგა, ღვთის წყალობით, უფრო და უფრო მეტი ნიჭი ჩანს, მაგრამ ამ ნიჭს ხომ უნდა რეალიზაცია? იშვიათია, საკუთარ თავში ჩაკეტილმა ადამიანმა საკუთარი დისციპლინით განავითაროს შესაძლებლობები. როგორც წესი, გარემო გაიძულებს, რომ განვითარდე, რადგან ამაში ფულს გიხდიან. რაც მეტს გააკეთებ, მეტს გადაგიხდიან. ეს ერთგვარი რეზონანსია არტისტსა და გარემოს, სოციუმს შორის. მსოფლიოს შოუბიზნესი, როკ-ბიზნესი ლამის ნავთობის ბიზნესს უტოლდება და იქ უზარმაზარი ფული ტრიალებს, მილიონები კეთდება. საქართველოში ვიღაცის კონცერტზე თუ შემოსავალმა 1000 ლარს გადააჭარბა, ამბობენ, უჰ! რას მიაღწია, დედა!!! ეს სასაცილოც აღარაა.
– საქართველოს როკზე რას ფიქრობ?
– როკი ინტერნაციონალური მოვლენაა. ამას ასე ვერ აღვიქვამ.
– გია, თუ ხედავ საქართველოში პერსპექტიულ ჯგუფებს?
– ბევრია. რომ ჩამოვთვალო, ვინმე გამომრჩება. ნიაზ დიასამიძეს დიდ პატივს ვცემ. მასთან ქართული ენა იმდენად ბუნებრივია, რამდენადაც ჩვენთან – ინგლისური. „მატარებლის“ ცნობილ აქციაზე ძალიან მომეწონა „მწვანე ოთახი“. ჯგუფ „ინსაიტს“ დიდი მომავალი აქვს. ნინო ქათამაძის მაგვარ მომღერალს სამსაც ვერ დავასახელებ, ძალიან მაგარია. „ინსაიტშიც“ ფანტასტიური ინსტრუმენტალისტები არიან, ნაღდი ჯგუფია და ნაღდ მუსიკას უკრავენ. სხვა ძალიან ბევრი არის კიდევ...
ამათ ნორმალური სოციუმი სჭირდებათ, შუქი უნდა იყოს, მუშაობის საშუალება უნდა ჰქონდეთ. ქუჩაში გასვლისას აგრესია არ უნდა იგრძნობოდეს, რათა სახლიდან სტუდიამდე მისვლისას ყველაფერი არ ჩაგშხამდეს. ნორმალური ატმოსფეროა საჭირო, რაც შენზე აღარაა დამოკიდებული, ამიტომ გარბის ხალხი უცხოეთში და ვერც გაამტყუნებ.
– თქვენს მელოდიზმზე და შემოქმედებაზე თუ აქვს რაიმე გავლენა ყველაფერ ამას?
– სოციალური შინაარსის ტექსტებს არ ვწერთ. როგორც ჩანს, სხვა არხებით ვიკვებებით. ყველაზე უდენო და დეპრესიულ პერიოდში ყველაზე მხიარულ სიმღერებს ვაკეთებდით, სწორედ Night ყველაზე ცუდ პერიოდში შეიქმნა.
– სიმართლე გითხრა, უკვე დიდი ხანია არ ვუსმენ რამეს. მაქვს ასეთი პერიოდები, ვექცევი იზოლაციაში და სტერილური ვხდები. მერე უცბად ძალიან ბევრ რამეს ვუსმენ ხოლმე. აი, წელს საერთოდ არ მომისმენია მუსიკა.
– გია, შენებური გაგებით, რას ნიშნავს „მაგარი ჯგუფი“ ან მუსიკოსი?
– ე.ი. მისგან მაგარი მუსიკა მოდის. სულერთია, რა სახით იქნება მოწოდებული – ღრიალით თუ ჩურჩულით. ჩემთვის ერთი რანგია პლანტის ძლიერი ხმა თუ საიმონის ჩურჩული. უბრალოდ, მათ გამოხატვის სხვადასხვა ენა აქვთ.
– ბევრი კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ მსოფლიოს თანამედროვე როკ-მუსიკა განიცდის ერთგვარ კრიზისს. ეთანხმები ამას?
– ჩემი აზრით, მართლაც არის გარკვეული კრიზისი. ის პერიოდი, რომელიც 1960-იანი წლების ბოლოს დაიწყო და 1970-იანების მეორე ნახევრამდე გაგრძელდა, იყო საოცარი პროცესი. იმდენი უძლიერესი ჯგუფი თუ ალბომი გამოჩნდა, გაურკვეველი იყო, ვინ საიდან ამოყვინთა. ამის შემდეგ დაიწყო ჩავარდნა. იმ ძველი მონსტრების მსგავსებს, როგორებიც იყვნენ: „ლედ ზეპელინი“, „პინკ ფლოიდი“, „კინგ ქრიმსონი“, თუნდაც გაცილებით მეტი შოუს მქონე „ქუინი“, „ბითლზებზე“ ხომ აღარაფერს ვამბობ, – დღეს ვერც ერთს ვერ დავასახელებ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი სიამოვნებით ვუსმენ ბიორკს, „ჯამიროქუაის“, „საუნდგარდენს“, „ნირვანას“, სტინგს, ესენი იმ ადრინდელ დონეს მაინც ვერ ქაჩავენ.
– ეს იმის ბრალი ხომ არაა, რომ შენ მიერ ჩამოთვლილი ძველი შემსრულებლების მუსიკაზე ხარ გაზრდილი? თუ ანალიზის შედეგია?
– იცი, მათზე გაზრდილიც არ მეთქმის. გერმანიაში ყოფნისას რამდენიმე პროდიუსერმა მითხრა, რომ, როდესაც როკმა ფეხი აიდგა, შემოქმედებაში ყოფილა ასეთი შეფარდება: ბევრი – მუსიკა, ცოტა – ბიზნესი. მერე, დროთა განმავლობაში მუსიკა დაპატარავდა. დღეისათვის კი ასეთი შეფარდებაა: ცოტა – მუსიკა და მაქსიმალური ბიზნესი. ჩვენ პოსტ-კომუნისტური წყობის შვილები კონიუნქტურას ცოტა ალმაცერად ვუყურებთ, როცა ის ძალიან მნიშვნელოვანია. 1970-იანებში, როცა ჰიპები და პაციფისტები იყვნენ, არსებობდა ისეთი კონიუნქტურა, რომ, როდესაც იყო არჩევანი, გაეკეთებინა ცუდი, საშუალო, ან კარგი, გაიძულებდა კარგის კეთებას. ანუ მუსიკა იყო ღრმა, ხარისხიანი და ნამდვილი. დღეს კონიუნქტურა შეიცვალა და ახლა გამაძღარი პერიოდია, ანუ ადამიანს სურს იყოს გამაძღარი, კარგად დაისვენოს, კაი ნაშებთან ერთად იცეკვოს, ოღონდ იყოს სტაბილიზაცია. ევროპა 1970-იანების შემდეგ ისწრაფვის სტაბილიზაციისაკენ. ნამეტანი გამაძღარი კონიუნქტურაა.
– მაგრამ პანკებმა ხომ შემოაგდეს ანარქია?
– პანკი სულ სხვა მოვლენა იყო, ჰიპი – სხვა. სახელდობრ პანკი შიშველი აგრესიაა, რომელიც ნგრევისკენ მიდის, ჰიპს თავისუფლება უნდოდა ნგრევის გარეშე. მერე უნიჭობის აპოლოგიზირება დაიწყო, ანუ თავად რეკორდ-კომპანიებმა დაინახეს, რომ, ვთქვათ, ას ფანტასტიკურ არტისტს ვერ იპოვიდნენ, მაგრამ ასი საშუალო ნიჭის მქონე არტისტი მოიძებნებოდა. ჩემი დაკვირვებით, დაიწყო ცოტა უბრალო ადამიანებზე მუშაობა, რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ ხმებში დეტონაცია, სამაგიეროდ, იქნებოდნენ ნაღდები. ჰოდა, წამოვიდა ისეთი ნაკადი, სადაც შემოქმედებითი სიღრმე აღარ მოითხოვებოდა. ამან რეკორდ-კომპანიებს საშუალება მისცა, გამოეძებნათ უამრავი არტისტი, რომელსაც შეღებავდი, დახატავდი, გამოაწყობდი, გაუშვებდი სცენაზე და გააკეთებდა უზარმაზარ ფულს.
– ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ბევრი ჩვენი მეგობარია. პოპსაც ხომ სოციალური მოვლენაა. მერე ისიც საკითხავია, ადამიანი პოპსას რას ეძახის. ზოგისთვის ჩვენ ვართ პოპსა. ეს საბჭოთა, ცოტა მძიმე, შეუსაბამო ტერმინოლოგიაა. მაგალითად, ჩემთვის ჯგუფი Guns’N’Roses უპოპსესია, მიუხედავად იმისა, რომ მათ სიმღერებში ბევრი ფუზი და წნევაა. როგორც წესი, ჰგონიათ, რომ პოპსა რბილი მუსიკაა. არა! დალაგებულ ჩარჩოში ჩასმული აგრესიაც პოპსაა. ფონოგრამშიკებმა კიდევ იმღერონ რა თავიანთ ფონოგრამებზე (იცინის)...
– რა არის საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი ვარსკვლავი გახდეს?
– ოჰო! მე მგონი, ბევრნაირი გზა არსებობს. დალაგებულ ქვეყანაში ვარსკვლავი რომ გახდე, შესაძლოა იყო თუნდაც პროდიუსერის ძმისშვილი. ოღონდ მომღერალს ელემენტარული მონაცემები უნდა გქონდეს, რომ პროდიუსერს დაუჯერო. იქ მუსიკა არის პროდუქტი, რომელსაც ქმნი მოთხოვნილებების მიხედვით. თუ დღეს ცალფეხა ადამიანებზეა მოთხოვნილება და გყავს ცალფეხა ძმისშვილი, შეგიძლია გამოიყვანო და ვარსკვლავად აქციო. ცოტა ცუდი მაგალითი მოვიყვანე. იქ პროდიუსერს ბევრის გავარსკვლავება შეუძლია, მაგრამ არა ნებისმიერის. შემსრულებელი უნდა შეესაბამებოდეს ბაზრის მოთხოვნილებას. ყველაზე მძიმე გზაა, როდესაც ნამდვილ მუსიკას აკეთებ და თანაც მაქსიმალურად ღრმად. ეს სუფთა შემოქმედებაა, რომ რაღაცას აკეთებ და იმას აღარ უყურებ, რას აკეთებ. წლების შემდეგ, ნელ-ნელა იპოვი საკუთარ თავს. კიდევ სხვა გზებიც არსებობს. ვთქვათ, რაღაცას წამოედო და გახდე ორწლიანი ვარსკვლავი, მაგრამ მხოლოდ დროის იმ მონაკვეთში გააკეთებ ბევრ ფულს. აგრეთვე, სკანდალით შეიძლება მიაღწიო პოპულარობას.
– დამრჩა ბოლო, ტრადიციული ბანალური კითხვა...
– სურვილები ხომ?
– ჰო (ვიცინით). რას უსურვებ SE მსმენელებს და საკუთარ თავს?
– ჩვენს მსმენელს კარგ გემოვნებას ვუსურვებ, ჩემს თავს კი – კარგ გემოვნებიან მსმენელს.
გამოქვეყნდა 2000 წლის 30 დეკემბერს, ჟურნალ „ვარსკვლავებში“


No comments:
Post a Comment