Tuesday, December 10, 2002

აკა მორჩილაძე: „ძალიან მინდა, ჩემი წიგნები ერთმანეთს არ ჰგავდეს“

„სხვა“ ამბავი პალტოიანი კაცისა და მისი ცოლისა, რომელიც იქ მკვდარია, მაგრამ აქ ცოცხალია

აკა მორჩილაძის (გიო ახვლედიანის) ყოველ წიგნს ქართველი მკითხველი სულმოუთქმელად ელის. მის მიერ დაწერილი თითქმის ყველა რომანი თუ მოთხრობების კრებული ბესტსელერად იქცევა ხოლმე. ამას ადასტურებს თბილისის წლევანდელი ტრადიციული წიგნის ბაზრობა, სადაც გამომცემელმა ბაკურ სულაკაურმა აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად ხალხმა აკა მორჩილაძის წიგნები შეიძინა.

წინა კვირას კლუბ „სარდაფში“ სახუთშაბათო ლიტერატურული საღამო აკა მორჩილაძის ახალი წიგნის („სხვა“) პრეზენტაციას დაეთმო, რომელსაც თავად ავტორი ესწრებოდა. მის ახალ წიგნზე ისაუბრეს, თქვეს, რომ ეს არის თრილერი, ამავე დროს, იქ შეკრებილმა საზოგადოებამ ავტორს, კითხვები დაუსვა. საღამო მალე დამთავრდა. გიო ახვლედიანი საზოგადოებრივ თავყრილობებს ნაკლებად ეტანება და ამაში მისი გამართლებაც შეიძლება. „ახალმა ვერსიამ“, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევით ისარგებლა და მწერალს გავესაუბრეთ.

აკა მორჩილაძე: „ძალიან მინდა, რომ ჩემი წიგნები ერთმანეთს არ ჰგავდეს. „სხვას“ ორი მთავარი პერსონაჟი ჰყავს ნაწარმოებიდან „უკანასკნელი ტანგო პარიზში“ – პალტოიანი კაცი და მისი ცოლი, რომელიც იმ ნაწარმოებში მკვდარია, მაგრამ აქ ცოცხალია.

– გიო, დღევანდელ ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებს როგორ უყურებ?

– რა უნდა გითხრა, მე არა ვარ ისეთი სერიოზული და ღრმა კაცი, რომ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებზე გელაპარაკო. რაიმე რომ გითხრა, მოგატყუებ. დღეს აქ ბესო ხვედელიძის წიგნის პრეზენტაციაც იყო. ვფიქრობ, ბესო ძალიან მაგარი მწერალია და სულ უფრო უკეთეს ნაწარმოებებს წერს. ძალიან კარგია, როდესაც ადამიანები ბევრს წერენ, მუშაობენ.

– უპრეტენზიო, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან პოპულარული მწერალი ხარ.

– რუსულ სატელევიზიო არხზე „კულტურა“ იყო გადაცემა მწერლობაზე. იქ ისაუბრეს „მოდურ“, „პოპულარულ“ და „ნამდვილ“ მწერლებზე. „მოდური“ მწერლები ძალიან გამოლანძღეს. ვთვლი, რომ სწორედ მოდის ბრალია ჩემი პოპულარობა. ეს ტალღა რომ გადაივლის, აღარავის ემახსოვრები, დაჯდები შენთვის წყნარად და დაწერ თუ კიდევ გეწერინება და მართლა მოდისთვის არ წერ. ეს მერე გამოჩნდება.

– საქართველოს უამრავი პრობლემიდან გამომდინარე, მაინც გეწერინება?

– მე ჩემთვის უკეთესი გასართობი და სასიამოვნო ვერაფერი მოვიფიქრე. ბორხესი ამბობს, იმ კაცისთვის, ვინც წერს, ყველაზე დიდი გამოგონების სიამოვნებაა, სხვა სიამოვნება მწერლისთვის არ არსებობსო. მეც ვიგონებ და ვიგონებ, მეგონინება. სანამ გეგონინება, ეს პროცესი ხელოვნურად არ უნდა შეაჩერო. გარშემო არსებულმა მძიმე მდგომარეობამ არ უნდა იმოქმედოს. უფრო სწორად, არ უნდა ამოქმედებინო საკუთარ თავზე. ერთი ძველი პატიმარი მიყვებოდა, როდესაც სტალინის დროს ხალხს იჭერდნენ, ჩვენს საკანში ერთი კაცი იჯდაო. ვესაუბრებოდით და არ გვპასუხობდა, ნუ მელაპარაკებით, გამორთული ვარ, ციხეში ნუ გგონივართო. ეს ძალიან კარგი მაგალითია, როდესაც ციხეში ხარ და თან არა ხარ კიდეც. როდესაც ადამიანი ამას მიაღწევს, მას იმდენად აღარ შეაწუხებს პრობლემები. წერა მატანინებს ამ უარყოფითი ინფორმაციის ნაკადს, რასაც მასმედია ასე დაჟინებით აშუქებს.

– ჟურნალისტურ მუშაობას თუ აგრძელებ?

– როგორ არა. „სარბიელში“ სპორტულ ჟურნალისტად ვმუშაობ.

– რომელი საქმიანობა უფრო სახალისოა შენთვის და რომელი უფრო სერიოზული?

– პროფესიას ასე ვერ დავყოფ. შესაძლოა, წიგნების წერა ცუდად გამოგდიოდეს და კარგი ჟურნალისტი იყო, ან პირიქით. არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მსიამოვნებს ფეხბურთზე, კრივზე წერა. ვერ გავარკვიე, რომელი მათგანი უფრო მომწონს".

No comments:

Post a Comment