„მუსიკაში რომ წარმატებას
მიაღწიოთ, ნიჭის გარდა, უნდა გქონდეთ არანორმალური შრომისმოყვარეობა,
ერთგულების გრძნობა და თავგანწირვის უნარი“
გასულ
წელს, შემოდგომაზე, ტრადიციულ „თბილისობის“ დღეებში, სახელგანთქმული
ქართველი მუსიკოსი, გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი თემურ
ყვითელაშვილი საქართველოს დედაქალაქის საპატიო მოქალაქე გახდა. იგი
მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსია, რამდენჯერმე პლანეტის საუკეთესო
ფიუჟენ-გიტარისტად აღიარეს, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერიცაა,
მაგრამ მიაჩნია, რომ თბილისის საპატიო მოქალაქეობა მისი საუკეთესო ჯილდოა.
„თბილისობის“ დასასრულს, „თბილისი ივენთ-ჰოლში“ მუსიკოსის სოლო კონცერტი და
ახალი ალბომის „ჩემი თბილისის“ პრეზენტაცია მოეწყო. ეს მისი რიგით მე-8
ალბომია. კომპოზიციების უმრავლესობა სპეციალურად თემურისთვის დაიწერა,
რომელთაც გიტარისტი თავად ასრულებს და მღერის.
კონცერტი „თბილისი ივენთ-ჰოლში“. 2013 წელი |
თემურ ყვითელაშვილი
1960 წლის 4 ივლისს თბილისში ქართველი ებრაელების ოჯახში დაიბადა. გიტარით
10-11 წლის ასაკში დაინტერესდა. „დედა მეუბნებოდა, რომ ბავშვობიდან თურმე
არანორმალური განცდით, თვალდახუჭული და გათიშული ყურს ვუგდებდი მუსიკას. ამ
პერიოდში ინტენსიურად ვუსმენდი Deep Purple-ს, Led Zeppelin-სა და Jimi
Hendrix-ს, რომელიც ჩემს ძმას მაგნიტოფონზე ჰქონდა ჩაწერილი. ერთ დღესაც
ავიღე გიტარა და ხელი თვითონ დავიყენე. ვისაც ამას ვეუბნები, ნაკლებად
სჯერა. ახლაც ჩემი გამოგონილი მედიატორით ვუკრავ, რომელსაც განსხვავებული
ფორმა, სისქე და ზომა აქვს“, – იხსენებს მუსიკოსი. 1970-იანი წლების ბოლოს
თემურ ყვითელაშვილი ყველა თვითმოქმედ მუსიკალურ ანსამბლში სასურველი
მუსიკოსი იყო და იწვევდნენ კიდეც.
კონცერტი ისრაელის ქალაქ აშდოდში. 2011 წელი |
1981 წელს ანსამბლ „დიელოში“
მოხვდა. მანამდე კი თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის ანსამბლებში
უკრავდა. ამის შემდეგ პოპულარულ „ორერაში“ მიიწვიეს. 1980-იან წლებში იგი
უკრავდა ასევე პოპულარული ანსამბლებში: „ნატვრის ხე“, „თეატრონი“,
„ივერია“. თანამშრომლობდა ვახტანგ კიკაბიძესთან, ნანი ბრეგვაძესთან, მერაბ
სეფაშვილთან, სოსო პავლიაშვილთან, თამრიკო გვერდწითელთან, თეონა
კონტრიძესთან და სხვებთან. ამ პერიოდში მის შემოქმედებაში ქართული ფოლკლორი
და კლასიკური მუსიკა შემოვიდა. მან გიტარისთვის გადაამუშავა ქართველი
კომპოზიტორების – ზაქარია ფალიაშვილის, ვიქტორ დოლიძის, რევაზ ლაღიძისა და
სხვათა ნაწარმოებები. იმ პერიოდისთვის ეს ახალი სიტყვა იყო და ყველა
გაოცებული დარჩა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართველი
მუსიკოსი მსოფლიოში აღიარეს. 1994 წელს ჰოლივუდის გიტარისტთა საერთაშორისო
კონკურსზე, ფიუჟენის ნომინაციაში თემურ ყვითელაშვილი „წლის საუკეთესო
გიტარისტი“, ხოლო 1996 წელს „საქართველოს საუკეთესო ინსტრუმენტალისტი“
გახდა. იგი პირველი ქართველი ინსტრუმენტალისტია, რომელმაც დიდ საკონცერტო
დარბაზში სოლო-კონცერტი გამართა. 2004 წელს მუსიკოსმა გინესების წიგნის
რეკორდიც დაამყარა, როცა 30 საათის განმავლობაში გიტარაზე შეუსვენებლად
დაუკრა.
მონტე-კარლოში. 2013 წელი |
ყოფილი საბჭოთა კავშირიდან თემურ ყვითელაშვილი პირველი
მუსიკოსი აღმოჩნდა, ვინც კონცერტები გამართა ლოს-ანჯელესის სახელგანთქმულ
La Ve Lee Jazz Club-ში. ამერიკაში აღიარება ნებისმიერი გიტარისტისთვის
ძალიან დიდი მიღწევაა. ამ მხრივ ქართველ მუსიკოსს ნამდვილად გაუმართლა და
მას ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში დაუკრავს, როგორებიცაა ნიუ იორკის Carnegie
Hall, ასევე მეტად ცნობილ ჯაზ-კლუბებში Birdland-ში, Blue Note-სა და
ლოს-ანჯელესურ The Baked Potato-ში (ამ კლუბებში დაკვრაზე მსოფლიოს
საუკეთესო მუსიკოსები ოცნებობენ). ამერიკის გარდა, თემურ ყვითელაშვილს
ხშირად იწვევენ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. მას მასტერკლასები ჰქონდა
შვედეთში, საპატიო სტუმარი იყო ლატვიის ქალაქ საულკრასტის საერთაშორისო
ჯაზ-ფესტივალზე, კონცერტები გამართა ლონდონსა და სამხრეთ აფრიკის
ქალაქებში. ქართველი გიტარისტი საკუთარ სოლო კონცერტზე სპეციალურ სტუმრად
მიიწვია სახელგანთქმულმა ავსტრალიელმა მუსიკოსმა ტომი ემანუელმა, რომელიც
აკუსტიკურ ჯაზსა და ქანთრი-ბლუზში ნომერ პირველ გიტარისტად მიიჩნევა.
ყვითელაშვილმა სოლო-კონცერტი გამართა ისრაელის ქალაქ აშდოდში, სადაც
ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აშდოდის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მომზადებული
პროგრამა შეასრულა. მუსიკოსს გამოსვლები ჰქონდა მონაკოშიც.
ქართველი
გიტარისტი ყოველწლიურად მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში
გამართულ საგიტარო გამოფენებზე, სადაც ატარებს ლექციებს, აწყობს
მასტერკლასებს. ასეთი გამოფენებია ლოს-ანჯელესის NAMM Show, გერმანული
Musikmesse და რუსული Muzika Moskva. გასულ წელს მოსკოვში ეს სამი
საერთაშორისო გამოფენა გაერთიანდა და NAMM Musikmesse Russia დაერქვა,
სადაც მუსიკოსმა დაუკრა კიდეც. მოსკოვში გიტარისტმა კონცერტი „დომ
მუზიკიშიც“ გამართა და შემდეგ რუსეთის დედაქალაქში დაუკრა ქართველი
კომპოზიტორის, ალექსანდრე ბასილაიას ხსოვნის საღამოზეც. გიტარისტის
ანგარიშზეა როკფესტივალები – კონცერტები სტადიონებზე. ციმბირის ტურნეს დროს
კი მუსიკოსმა ერთი საღამოდან შემოსული თანხა საბავშვო ბაღებისა და
უპატრონო ბავშვთა სახლის ფონდში გადარიცხა, ხოლო სხვა კონცერტის შემოსავალი
ანგარსკში ეკლესიის მშენებლობის ფონდს გადასცა. ამავე ეკლესიას მას
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს მიერ სპეციალურად
გაგზავნილი წმინდა ნინოს ხატი შესწირა.
NAMM Musikmesse შოუზე რუსეთში. 2013 წელი |
წარმოშობით სომეხმა,
ამერიკელმა გიტარის ოსტატმა, არმენ ბულბულიანმა თემურ ყვითელაშვილს
სახელობითი გიტარა აჩუქა. მის გაკეთებულ გიტარაზე უამრავი ამერიკელი
ვარსკვლავი უკრავს. იგი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და თემურ ყვითელაშვილთან
35-წლიანი მეგობრობა აკავშირებს. სახელობითი გიტარა სომეხმა მეგობარმა
ქართველ მუსიკოსს უსასყიდლოდ გადასცა. ერევანში არმენ ბულბულიანის
პატივსაცემად დიდი ღონისძიება ჩატარდა, სადაც თემურ ყვითელაშვილი სპეციალურ
სტუმრად მიიწვიეს და ღონისძიების ერთი განყოფილება მთლიანად დაუთმეს.
საპატიო ახალციხელად არჩევა (თემურ ჩხეიძესთან ერთად) |
მუსიკოსი
ძალიან ამაყობს იმითაც, რომ 2013 წელს ახალციხის საპატიო მოქალაქე გახდა.
ორი წლის წინ მას კონცერტი ჰქონდა სამხრეთ საქართველოს ამ ქალაქში. ის
იხსენებს: „მთელი კონცერტი აცრემლებული ვუკრავდი, რადგან მამაჩემი დაიბადა
ახალციხეში. იგი 55 წლის გარდაიცვალა და აქედან 40 წელი ამ ქალაქში
იცხოვრა. ჩემმა მშობლებმა ახალციხეში იქორწინეს, მაგრამ მე უკვე თბილისში
დავიბადე. კონცერტის განმავლობაში თვალწინ ჩემი ცხონებული მშობლები
მედგნენ. კონცერტზე იმდენი ხალხი მოვიდა, მაყურებლები სცენაზეც ისხდნენ. ამ
მოვლენიდან ერთ წელიწადში ახალციხის საპატიო მოქალაქედ ამირჩიეს. ეს
ჩემთვის უდიდესი პატივია. ჩემთან ერთად საპატიო ახალციხელად აირჩიეს ბატონი
ვაჟა აზარაშვილი, რომელიც მამით ასევე ახალციხელია და რეჟისორი თემურ
ჩხეიძე, როგორც ფილმში „მშობლიურო ჩემო მიწავ“ მთავარი როლის შემსრულებელი.
ახალციხელებს მაშინ პირობა მივეცი, რომ გია ყანჩელის სიმღერას „ჰერიო
ბიჭებოს“, რომელიც აღნიშნულ ფილმში ჟღერს, აუცილებლად შევასრულებ-მეთქი და
ავასრულე. ამ ნაწარმოების ჩემეული ვერსია პირველად სწორედ ახალციხეში,
რაბათის ციხეში გამართულ კონცერტზე აჟღერდა“.
ლონდონი, Abbey Road-ის სტუდიებთან. 2012 წელი |
თემურ ყვითელაშვილს
თამამად შეუძლია თქვას, რომ მისი შემოქმედება შედგა. ყოველი მომდევნო
ალბომი უფრო და უფრო გვარწმუნებს მისი ოსტატობის სრულყოფილებაში. იგი
შეზღუდული არაა რომელიმე ჟანრით. თავისუფალია – როგორც ჯაზის, ისე როკის და
კლასიკის შესრულებისას და ნებისმიერ სირთულეს ნიჭისა და საოცარი ტექნიკის
წყალობით, იოლად ართმევს თავს. ძალიან სასიამოვნო მოსასმენია გიტარისტის
ხავერდოვანი, საოცრად სუფთა და ემოციურად თბილი ხმა, რომელიც ყველაზე
კარგად სწორედ მის ბოლო დისკში „ჩემი თბილისი“ წარმოჩინდა. იგი წინა
ალბომებისგან თუნდაც იმით განსხვავდება, რომ უმეტეს კომპოზიციაში მუსიკოსი
არა მარტო უკრავს, მღერის კიდეც. მისი არანჟირებული მუსიკა წუნდაუდებელია.
ბენდი ძალიან კარგია. დისკზე შესული კომპოზიციები სხვადასხვა ჟანრის
მუსიკას განეკუთვნება და ამ მხრივ ნამუშევარი მრავალფეროვანია. აქ მოუსმენთ
სხვადასხვა სტილის ჯაზს, პროგრესულ როკს, ბალადას და რა თქმა უნდა,
ფიუჟენს, შესანიშნავ მუსიკას, საგიტარო სოლოებს.
ალბომში „ჩემი
თბილისი“ 11 კომპოზიცია შევიდა. იგი ორ სტუდიაშია ჩაწერილი. პირველი ეტაპზე
კომპოზიციები საპატრიაქროს სტუდიაში ჩაიწერა, სადაც ხმის რეჟისორი გახლდათ
მერაბ მამულაშვილი, რომელიც, ამავე დროს, მუსიკოსი და კომპოზიტორია. მეორე
ეტაპზე სიმღერები „სანო სტუდიაში“ ჩაიწერა, სადაც ხმის რეჟისორობა უკვე
გიორგი ქუთათელაძემ იტვირთა. ალბომი დაამასტერინგა მუსიკოსმა და
კონსერვატორიის დარბაზის დირექტორმა, პავკა კვაჭაძემ. პროექტის სპონსორი
ღვინის კომპანია „შატო ზეგაანი“ და „ტატულაშვილების ღვინის სახლია“.
თემურ ყვითელაშვილი საპატიო თბილისელის წოდებით ქალაქის მერმა, გიგი უგულავამ დააჯილდოვა |
დავით
ტატულაშვილი („შატო ზეგაანის“ მფლობელი): „ბატონ თემურს უკვე 20 წელზე
მეტია ვიცნობ. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. მიმაჩნია, რომ შესანიშნავი
ადამიანი და არტისტია. სანამ შესაძლებლობა მექნება, ბატონ თემურს გვერდით
დავუდგები. ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა მსგავს ხელოვანს. ბატონი თემური
მთელს მსოფლიოში საქართველოს სახეა. მისი ბოლო ალბომი „ჩემი თბილისი“
საოცარი ნამუშევარია“.
ამ ახალ ალბომზე, საპატიო თბილისელობაზე, „ივენთ-ჰოლში“ გამართულ კონცერტსა და სხვა თემებზე თემურ ყვითელაშვილს ვესაუბრე.
– ბატონო თემურ, რატომ გადაწყვიტეთ ისეთი ფირფიტის ჩაწერა, რომელიც მხოლოდ ერთ ქალაქს ეძღვნება?
ალბომის „ჩემი თბილისი“ ყდა |
–
დისკის ბუკლეტში მიწერია, რომ „ალბომს ვუძღვნი მსოფლიოში ნომერ პირველ
ქალაქს – ჩემს თბილისს“. ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი და მსურდა მისთვის
ალბომი მიმეძღვნა, სადაც ყველა ნაწარმოები მასთან იქნებოდა დაკავშირებული.
ამ ფირფიტაში ერთი ნაწარმოების გარდა, ყველა კომპოზიცია სპეციალურად
ჩემთვისაა დაწერილი. წინა ალბომებისგან იმითაც განსხვავდება, რომ იგი
ვოკალურ-ინსტრუმენტულია, ანუ 11 ტრეკიდან 9 სიმღერაა, რომელსაც ვმღერი.
გიტარა, რა თქმა უნდა, მაინც წინა პლანზეა, რადგან, უპირველესად, მე მაინც
ინსტრუმენტალისტი გახლავართ. ვოკალშიც დიდი გამოცდილება მაქვს, უამრავი
მომღერლის კონსულტანტი ვიყავი და სიმღერასთან მთელი ჩემი ცხოვრებაა
დაკავშირებული. სწორედ ამიტომ მივეცი საკუთარ თავს სიმღერის უფლება და
მგონია, სწორად მოვიქეცი. ფირფიტის მოსმენისას ვერავინ იტყვის, რომ
გიტარისტს უბრალოდ მოუნდა და ამღერდაო, რადგან ეს სრულფასოვანი ნამღერია.
ამას სხვანაირად არ ვამბობ, საკმაოდ მკაცრად ვუდგები საკუთარ თავს და
ძალიან მომთხოვნი ვარ. ფირფიტის ჩაწერას ზუსტად 1 წელი მოვანდომე. ამ ერთი
წლის განმავლობაში, მართალი გითხრათ, ნორმალურად არ მძინებია.
– ალბომში რომელი მუსიკოსები არიან დაკავებულები?
ლატვიის საულკრასტის ჯაზფესტივალზე. 2010 წელი |
–
მოგეხსენებათ, არასოდეს მომწონდა, რომ საქმეში რომელიმე პუნქტი
ბრწყინავდეს და რომელიმე მოიკოჭლებდეს. მაგალითად, სოლისტი კარგი იყოს,
მაგრამ აკომპანიმენტი არ ვარგოდეს, ან ალბომის კომპაქტ-დისკი კომპიუტერზე
ჩაიწეროს და არ იყოს ქარხნული წარმოების. ამას ძალიან დიდი შრომა ჭირდება.
ამავე დროს, უნდა მოიფიქრო, რა დაუკრას მოწვეულმა მუსიკოსმა. ეს არაა
ალბომი, რომელიც უცებ, ორ კვირაში მომზადდა. მიმაჩნია, რომ ყველაფერი
უმაღლეს დონეზე უნდა გაკეთდეს. ამ ალბომში თავი მოიყარეს საქართველოს
საუკეთესო მუსიკოსებმა. ყველა ავტორი თავის კომპოზიციაში კლავიშზე უკრავს.
მუსიკოსთა ბირთვს კი წარმოადგენენ კლავიშისტები: თემურ მაისაშვილი, გიორგი
მაჭარაშვილი, მერაბ მამულაშვილი, ნუკრი აბაშიძე და რომა რცხილაძე,
ბასგიტარაზე ყველგანაა ნოდარ ექვთიმიშვილი, დასარტყამებზე – ზაზა ცერცვაძე,
პერკუსიაზე – მერაბ სანოძე. ალბომის ბუკლეტში ჩამოწერილი არიან მოწვეული
მუსიკოსები, რომლებიც უკრავენ სასულეებზე და სიმებიან ინსტრუმენტებზე.
დისკის გაფორმება, დიზაინი ეკუთვნის შესანიშნავ ადამიანს და პროფესიონალს,
ბატონ ზურაბ მიმინოშვილს. დისკის ბუკლეტში 157 ადამიანს ვუხდი მადლობას.
ვისაც რამე გაუკეთებია, ყველა მახსოვს და მათი მადლიერი ვარ.
– კომპოზიციებზე რას გვეტყვით?
–
ალბომის პირველი და ბოლო კომპოზიცია, „ჩემი თბილისი“, ინტრო და აუტრო
თავად დავწერე და ინსტრუმენტული ნაწარმოებებია. „ჩემო თბილისო“ სპეციალურად
ჩემთვის დაწერა შესანიშნავმა კომპოზიტორმა, ბატონმა ვაჟა აზარაშვილმა.
სიმღერა დაწერილია ქალბატონ მაია სარალიძის ლექსზე. „გვფარვიდე უფალო“ 9
აპრილის ტრაგედიას ეძღვნება, რომელიც თბილისში 1989 წელს დატრიალდა, როცა
დედაქალაქში საბჭოთა ჯარისკაცებმა უდანაშაულო დემონსტრანტები დაგვიხოცეს.
ეს სიმღერა დაწერა მუსიკოსმა და კომპოზიტორმა ოთარ ტატიშვილმა, რომელთანაც
დიდი ხნის მეგობრობა და თანამშრომლობა მაკავშირებს. სიმღერა ქალბატონ ირმა
გურიელის ლექსზე შეითხზა. „ნოსტალგია“ ბატონმა რომა რცხილაძემ სპეციალურად
ჩემთვის ჯერ კიდევ 1988 წელს შექმნა, როცა მე ანსამბლ „ნატვრის ხეში“
ვუკრავდი. ეს სიმღერა მაშინვე მსოფლიოს მასშტაბით გახდა პოპულარული. იგი
ჩემს პირველ ალბომშიცაა შესული, თუმცა ამჯერად უკვე სიმღერის ახალი ვერსია
ჩავწერე. სიმღერა შეიქმნა ბატონ თენგიზ ჩხეიძის ლექსზე, რომელიც,
სამწუხაროდ, ორი წლის წინ გარდაიცვალა. ერთადერთი ნაწარმოები, რომელიც
სპეციალურად ჩემთვის არაა დაწერილი, მორის ფოცხიშვილის ლექსზე აჟღერებული
გია ყანჩელის დიდებული „ჰერიო ბიჭებოა“. ბატონ გიას, რა თქმა უნდა,
წინასწარ შევუთანხმდი სიმღერის შესრულების თაობაზე და ჩემი ვერსია
მოვასმენინე. ძალიან მოეწონა. ეს სიმღერა ბავშვობიდან ძალიან მიყვარს.
თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში. 2010 წელი |
„იმედი“
სპეციალურად ჩემთვის გია ნაცვლიშვილმა („ოთხი გიადან“ ერთ-ერთმა) მისი
დის, თინა ნაცვლიშვილის ლექსზე დაწერა. მან რამდენიმე წლის წინ მითხრა, რომ
შენთვის ერთი სიმღერა მაქვსო და მომასმენინა. ძალიან მომეწონა. „თბილისი“
სპეციალურად ჩემთვის დაწერა ქალბატონმა მარინა გოჩიტაშვილმა. „ღამის
სიჩუმეს“ მუსიკა და ტექსტი ნუგზარ თუშიშვილს ეკუთვნის. ამ შესანიშნავ
კომპოზიტორს 35 წელია ვიცნობ. „გულის ხმა“ ჩემმა მეგობარმა ნუკრი აბაშიძემ
ქალბატონ ნინა ნაცვლიშვილის ლექსზე შეთხზა. ჩემი აზრით, ნუკრი აბაშიძე
ევროპის თანამედროვე ფიუჟენსა და ჯაზში ერთ-ერთი საუკეთესი კომპოზიტორი და
ფანტასტიკური მუსიკოსია. სხვათა შორის, სიმღერაში ბექ-ვოკალებიც (6 ხმა)
ჩემი ჩაწერილია. „შორეული გზების“ ლექსის ავტორი ბატონი ნუგზარ ერგემლიძე,
ხოლო კომპოზიტორი ბატონი მერაბ მამულაშვილია. ეს პიროვნება, როგორც ზემოთ
აღვნიშნე, ალბომის ერთ-ერთი ხმის რეჟისორიცაა. აქაც 6-ხმიანი ბექ-ვოკალი
ჩავწერე.
– ამ ალბომში არაფერია ისეთი, რაზეც ნანობთ, ნეტავ სხვანაირად ხომ არ გამეკეთებინაო?
–
არაფერი მსგავსი. თქვენ იცით სიმღერა „ნოსტალგიის“ ძველი ვერსია და
მოუსმენთ ახალსაც. იმდენად სწორად მაქვს თავის დროზე ეს კომპოზიცია
გაკეთებული, რომ მასში არაფერი შემიცვლია, უბრალოდ, ხელახლა ჩავწერე.
გათვლილი მაქვს ნებისმიერი ნაწარმოები. ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ მსმენელზე
ექსპერიმენტს ვერ ჩავატარებ. თქვენ რომ დისკს მოუსმენთ და მერე კონცერტზე
მობრძანდებით, რაც აქაა ჩაწერილი, დარბაზშიც იგივე უნდა მიიღოთ. უამრავი
ალბომი მიყვარდა, მაგრამ ზოგიერთი კონცერტის ნახვის შემდეგ ჩემს თვალში
გაუფასურდა. ამ მუსიკოსებმა იმედები გამიცრუეს, რადგან კონცერტზე მივედი და
ექსპერიმენტი შემომთავაზეს, რაც მე არ მჭირდებოდა. ჩემი აზრით, ეს
მსმენელის უპატივცემულობაა. ამიტომ მე ყველაფერი წინასწარ მოფიქრებული და
გაკეთებული მაქვს.
მოსკოვის „მუზიკა მოსკვას“ გამოფენაზე. 2011 წელი |
– „ივენთ-ჰოლის“ კონცერტსაც მივადექით, რომელზეც
თქვენი ახალი ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. რამდენადაც ვიცი, უცებ
გადაწყდა მისი ჩატარება. საერთოდ, ვინ დაგეხმარათ ამ პროექტების
განხორციელებაში?
– მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო კომპანია
„შატო ზეგაანს“ და „ტატულაშვილების ღვინის სახლს“. ცხოვრებაში არ
დავივიწყებ ამ სიკეთეს. ამ ფანტასტიკურმა ადამიანებმა შემიქმნეს მუშაობისა
და მეცადინეობის საუცხოო პირობები. მეც ბოლომდე ჩავდე ამ საქმეში ჩემი სული
და გული და ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც მინდოდა. ეს ეხება როგორც
ჩაწერის პროცესს, ისე მასალის მიქსირებას, მასტერინგს თუ დისკების
პოლიგრაფიას. ჩემს დიდ მეგობარს და ამ ყველაფრის სპონსორს, ბატონ დავით
ტატულაშვილს კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას გადავუხდი. ეს ადამიანი
არაერთხელ დამეხმარა და არასოდეს დამავიწყდება მისი სიკეთე. ბატონი დავითის
წყალობით, თუნდაც წვრილმან საქმეშიც კი, რაც ალბომის ჩაწერას სჭირდება, მე
ხელფეხგახსნილი ვიყავი. დიდი მადლობა მას და მის ფირმას „შატო ზეგაანს“.
სწორედ ამ ფირმის დამსახურებით განხორციელდა და დაიბეჭდა ეს ალბომი.
Tommy Emmanuel & თემურ ყვითელაშვილი. 2011 წელი |
დისკის
პრეზენტაცია მოეწყო კონცერტზე, რომელიც „თბილისი ივენთ-ჰოლში“ ჩატარდა.
იგი ჩემთვის თბილისში გამართული რიგით მე-9 სოლო კონცერტია. როცა მშობლიურ
ქალაქში საპატიო მოქალაქეობას გაძლევენ, ენით აღუწერელი სიამოვნებაა,
უბედნიერესი ადამიანი ვარ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქალაქის
ხელმძღვანელობას, მერს, ბატონ გიგი უგულავას. დიდი მადლობა ქალაქ თბილისის
კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელმძღვანელს, ქალბატონ ნეკა
სებისკვერაძეს და ყველა იმ თანამშრომელს, ვინც ჩემი კონცერტი მოაწყო.
მიხარია, რომ ჩემი კონცერტის ამბავი ძალიან უმტკივნეულოდ და მარტივად
გადაწყდა. ქალბატონი ნეკა სულ მეკითხებოდა, ნუთუ არაფერი გჭირდებათო.
პირველად ვუთხარი, რომ გამოდის ალბომი, რომელიც მთელ ქალაქს ეძღვნება და ეს
პრეზენტაცია მარტო ჩემი ინტერესი არ არის. არასოდეს დამავიწყდება, რომ ერთ
წუთში გადაწყდა ჩემი კონცერტის ორგანიზება და დაფინანსება. ვიცი, რომ
მსგავს შემთხვევებში ერთი წლით და ზოგჯერ კიდევ უფრო ადრე კეთდება
განაცხადები. ერთხელ ვთქვი და იმწუთას გაკეთდა ყველაფერი. დიდი მადლობა
ბატონ მამუკა ქაცარავასა და გიგი უგულავას. რომ არა დაფინანსებასთან
დაკავშირებით ბატონი გიგის დასტური, ეს ამბავი ასე მარტივად არ
გადაწყდებოდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ოფიციალური პირების
მხრიდან მივიღე მსგავსი წინადადება, რადგან ცხოვრებაში არასოდეს არავისთვის
არაფერი მითხოვია.
კონცერტი ლოს-ანჯელესის The Baked Potato-ში. 2009 წელი |
– „ივენთ-ჰოლში“ სცენაზე ბენდის გიტარისტი იყო
თქვენი შვილი, 15 წლის თემურ ყვითელაშვილი უმცროსი, რომელმაც ძალიან კარგად
წარმოაჩინა თავი. მაინტერესებს, როგორი შეგირდია და როგორი მუსიკოსია?
–
საერთოდ ძალიან ვერიდები ამ თემაზე საუბარს. გასაგებია, რომ ყველას უყვარს
საკუთარი შვილი და ჰგონია ყველაზე კარგი. მსგავსი კომენტარებისგან, რა
თქმა უნდა, თავს შევიკავებ. ვინც კი მიცნობს, ყველამ იცის, რომ მნიშვნელობა
არა აქვს შვილია, ცოლია, მეგობარია, ნათესავია თუ კლასელი. ჩემთვის
საქმეში ყველა თანაბარია. თუ ვინმეს რამე შეეშალა, მტრისას, თუ ვინმემ
კარგად გააკეთა, თან გადავყვები. თემურზე ვიტყვი როგორიცაა, არც რამეს
დავამატებ და არც დავაკლებ. ის ჩემი შვილია და ძალიან მოწესრიგებული
ადამიანია. ხედავდა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ბევრი ფული არ მიშოვია,
მოკრძალებულად ვცხოვრობ და არც მანქანა მყავს, არც სხვა სიმდიდრე მაქვს.
მან დაინახა, როგორ მივაღწიე იმ ყველაფერს, რაზეც ბევრი მუსიკოსი მსოფლიოში
ოცნებობს. ფულის შოვნის გარდა, ღმერთის დახმარებით, ყველაფერს მივაღწიე,
რაც ჩაფიქრებული მქონდა. ორი შვილი მყავს. ჩემი გოგონა მალე ადვოკატი
გახდება. მან წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი. არც ერთისთვის არაფერი
ცხოვრებაში არ „ჩამიწყვია“. თემური კეთილსინდისიერი ბავშვია,
დისციპლინირებულია და იცის, რომ ბევრს მოვთხოვ. მან ბევრი იწვალა, იშრომა,
ახლაც სწავლობს და კარგად უკრავს. ნიჭს ვერ დავუკარგავ. თემური უკვე ძალიან
კარგადაა მომზადებული სერიოზული ნაწარმოებების დასაკრავად. ჩემს სოლო
კონცერტში იგი უბრალოდ ბენდში იდგა. მე არ მინდოდა ცოტა ზედმეტი
მომხდარიყო. გახსოვთ ალბათ, 11 წლისამ როგორ გაართვა თავი ჩემს კონცერტზე
„საცეკვაოს“...
მოსკოვის კონცერტის აფიშა. 2012 წელი |
– მუსიკალური გემოვნება ერთნაირი გაქვთ?
–
ძალიან ბევრ მუსიკას უსმენს, ყველა ჟანრსა და სტილში ერკვევა, მაგრამ
განსაკუთრებით ფიუჟენი, ჯაზი და როკი მოსწონს. ჯერ პატარაა, 15 წლისაა,
მაგრამ დიდი მუსიკოსივით უკრავს. ტექნიკურად ნებისმიერი გიტარისტის ტემპით
და ტექნიკით შეუძლია დაკვრა. ეს რომ არ ვთქვა, არ შემიძლია, რადგან ძალიან
ნიჭიერია. სხვა ინსტრუმენტებიდან ფორტეპიანო და დასარტყამები უყვარს. ამ
ასაკში მსოფლიოში ცოტას თუ შეუძლია ისეთი ტექნიკით დაკვრა, როგორც ამას
თემური ახერხებს. მასთან დაკავშირებით მაქვს გეგმები, რომელსაც ჯერ არ
ვახმაურებ და მომავალში აუცილებლად გაიგებთ. სანამ არ დავასკვნი, რომ
მზადაა, სცენაზე არ გამოვიყვან.
ისიც უნდა ვთქვა, რომ წარმატებული
სპორტსმენიცაა – კარატეში ვარჯიშობს. იერუსალიმში მაკაბიადა ჩატარდა, რაც
ოლიმპიური თამაშების ტოლფასია. საქართველოს სახელით 6 ბავშვი გამოდიოდა და
მხოლოდ თემური გახდა ჩემპიონი. თავის ასაკში რამდენჯერმე საქართველოს
ჩემპიონობაც მოახერხა, თუმცა მაკაბიადა ძალიან სერიოზული შეჯიბრია, სადაც
იგი სხვადასხვა ქვეყნების სპორტსმენებს დაუპირისპირდა და დაამარცხა. და
მაინც, მისი საქმე ნამდვილად გიტარაა.
„ივენთ ჰოლის“ კონცერტზე
თემურის გარდა სცენაზე ჩემთან ერთად უკრავდნენ: თემურ მაისაშვილი
(კლავიშები), გიორგი მაჭარაშვილი (კლავიშები), ზაზა ცერცვაძე (დასარტყამი
ინსტრუმენტები), ლევან დეისაძე (ბასგიტარა) და მერაბ სანოძე (პერკუსია).
ასევე, რეპეტიციებს ვატარებდით თემურ ნიკოლაიშვილის ბაზაზე. დიდი მადლობა
გია შამათავას, რომელიც ყველა წვრილმან საქმეებზე მეხმარებოდა.
– თქვენი აზრით, მუსიკოსს, რომელიც უკრავს ან ჯაზს, ან როკს, აუცილებლად კლასიკური მუსიკის სკოლა უნდა ჰქონდეს გავლილი?
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. 2011 წელი |
–
ჩემს სტუდენტებთან და მასტერკლასების დროს ძალიან ბევრს ვსაუბრობ ამ
თემაზე. როდესაც ახალგაზრდები გამოდიან და მაჩვენებენ, რა შეუძლიათ,
ვთავაზობ სხვა კონტექსტში რაიმეს დაკვრას, ანუ არა იმას, რაც თვითონ უნდათ,
არამედ, რასაც ვთავაზობ. ამ დროს ხშირად ჩიხში ექცევიან. მათ ვეკითხები –
იცით რას უკრავთ? როგორც წესი, არ იციან, ანუ ის უკრავს იმას, რაც
მოსმენილი აქვს. მერე ვუხსნი, მოდით, გავავლოთ პარალელი ჩვენს
მეტყველებასთან. შეგიძლიათ ილაპარაკოთ და არ იცოდეთ იმის მნიშვნელობა,
რასაც ამბობთ? ესეც იგივე ვარიანტია. თქვენ თუ არ იცით რას უკრავთ, რომელ
პროგრესიაში რა კილო, გამა, ინტერვალი ან არპეჯიო გამოიყენოთ, ვერ
დაუკრავთ. მე არ ვიცი იაპონური ენა. ახლა რომ ავდგე და იაპონური სიტყვების
წარმოთქმა დავიწყო ისე, რომ მისი მნიშვნელობა არ ვიცოდე, რა გამოვა? კი
ვლაპარაკობ იაპონურად, მაგრამ რასაც ვამბობ, მისი მნიშვნელობა ხომ არ ვიცი?
ასეა მუსიკაც. ამიტომ, აუცილებელია კლასიკური განათლება, ჯაზური ჰარმონიის
ცოდნა. თუ ადამიანს უნდა თავისი ენით ილაპარაკოს, ცოდნას ვერსად გაექცევა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი მსგავს, ანალოგიურ მუსიკალურ პროგრესიას
მონახავს, რაღაც ხაზს გაავლებს, მაგრამ გამოცდილი მსმენელი მაშინვე
მიხვდება, რომ ეს მისი არაა. შეწებებულ ნაგლეჯებს და ბუნებრივ სიმრთელეს
ერთმანეთისგან გაარჩევთ. როცა მუსიკალური ფრაზა თქვენი ნააზრევი, ნაფიქრია,
ეს დაკრულ მუსიკასაც ეტყობა, რადგან კონტექსტიდან გამომდინარეობს.
კონცერტი „თბილისი ივენთ-ჰოლში“. 2013 წელი |
– ქართველი კომპოზიტორებიდან ვის გამოარჩევდით, ვისი დაკვრა გსიამოვნებთ ყველაზე მეტად?
–
დაუფიქრებლად გეტყვით – ესაა ზაქარია ფალიაშვილი. როცა „დაისის“
უვერტიურას ვუკრავ, ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა. აქვე უნდა ვახსენო რევაზ
ლაღიძე, სულხან ცინცაძე, გია ყანჩელი, ბიძინა კვერნაძე, ვაჟა აზარაშვილი,
გიორგი ცაბაძე, ალექსანდრე ბასიალაია, ოთარ ტატიშვილი, ნუკრი აბაშიძე...
შემიძლია ძალიან ბევრი კომპოზიტორი დაგისახელოთ.
თვითონაც ბევრ
მუსიკას ვწერ, უბრალოდ, ალბომებში ვაზავებ ხოლმე, ანუ დისკებში მხოლოდ ერთი
ან ორი საკუთარი ნაწარმოები შემაქვს. სხვათა შორის, მომავლისთვის საავტორო
ალბომის გამოცემასაც ვგეგმავ, სადაც მარტო საკუთარი კომპოზიციები შევა.
– წარმატების თქვენეული საიდუმლო თუ გაქვთ?
–
ამას საიდუმლოს ვერ დაარქმევ. უფრო აქსიომასავითაა: გულწრფელი და წესიერი
ადამიანი უნდა იყო. არ არსებობს, ეს დაიკარგოს. თუ ადამიანს უნდა დრო
გაატაროს, გაერთოს, ყველაფერი აკეთოს და ასე მიაღწიოს წარმატებას, არ
გამოუვა. თუ მან ბევრი რამ გვერდზე არ გადადო და მუსიკა მისი მოწოდება და
ცხოვრება არაა, მაშინ ნუ ექნება პრეტენზიები, ან სხვა საქმე აკეთოს.
მუსიკაში რომ წარმატებას მიაღწიოთ, ნიჭის გარდა, უნდა გქონდეთ არანორმალური
შრომისმოყვარეობა, ერთგულების გრძნობა და თავგანწირვის უნარი. როცა ეს
შენი მოწოდებაა და არა პროფესია, 24 საათი ამით ცხოვრობ და გიხარია, ამ
შემთხვევაში მოვა წარმატება, თორემ თუ ამას ყველაფერს ძალით აკეთებ, მაშინ
კატორღაა. ამ სფეროს ხანგრძლივი მეცადინეობა, თავის გადადება სჭირდება,
ბევრი სხვა რამ უნდა მოიკლო ცხოვრებაში.
თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში. 2010 წელი |
გუშინ რუსთაველზე ჩემს
შვილთან ერთად ვსეირნობდი, ათამდე ადამიანმა გამაჩერა და ავტოგრაფი მთხოვა.
ეს სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის, რომელიც ყველანაირ სიმდიდრეს
მირჩევნია. ვამაყობ, რომ ეს ჩემი შრომით და წესიერებით მოვიპოვე. რა თქმა
უნდა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც გვერდში დამიდგნენ, ამის გარეშე
წარმოუდგენელია ყველაფერი. თუნდაც დედის გარდაცვალების დროს უამრავი
ადამიანი მამხნევებდა და გვერდში მედგა. კონცერტების ჩასატარებლადაც ბევრმა
დამასპონსორა. ეს ყველაზე დიდი საჩუქარია ჩემთვის. ამ ხალხს არასოდეს
დავივიწყებ, არავის არაფერი დაეკარგება. ცხოვრებაში ყველანაირი ჯილდო
მივიღე და ბედნიერი ვარ. შემიძლია თავაწეულმა ვიარო, რადგან არასდროს
არავისთვის ცუდი არ გამიკეთებია და არავის ვალი არა მაქვს.
ჟურნალი „Radisson Blu“ #11, ზამთარი, 2013-2014 წლები
ჟურნალი „Radisson Blu“ #11, ზამთარი, 2013-2014 წლები
მოუსმინე:
ჩვენი დროის უდიდესი გიტარისტი რომელმც გიტარას ახალი ბგერები აღმოუჩინა
ReplyDelete