Tuesday, December 25, 2001

პოსტულატები სიბნელეში

საქართველოში სიბნელე მძვინვარებს. თბილისში მიუხედავად მასების გამოსვლებისა და წინააღმდეგობებისა, „AES თელასმა“ ერთი კილოვატ-საათი დენის ღირებულება 12,4 თეთრამდე გააძვირა და, ამავე დროს, სინათლეც გაგვითიშა. თუ თბილისში ასე თუ ისე, დენს გრაფიკით მაინც ვიღებთ, საქართველოს სხვა ქალაქებსა თუ სოფლებში (არ მიყვარს სიტყვა „რაიონი“) ხალხს შუქი უკვე თვეობით აღარ უნახავს. სპარტანული ცხოვრების სტილი საქართველოში უკვე დამკვიდრდა და მინდა დავსვა კითხვა: რა არის ამაში ცუდი?

ჩვენს დიდ წინაპრებს უთქვამთ, „ზოგი ჭირი მარგებელიაო“. ნუთუ ამ ოქროს სიტყვებში ვერ ვხედავთ ჭეშმარიტების მარცვალს? ვერ გამიგია, რა საჭიროა უდენობის გამო ქუჩების გადაკეტვა და ცეცხლმოკიდებული საბურავების ახრჩოლება? არსებობს მეორე, არანაკლებ „ბრძნული“ გამონათქვამი – „შეჩვეული ჭირი გერჩივოს, შეუჩვეველ ლხინსაო“. გეკითხებით, ხომ ძალიან ჭკვიანური და ხომ გვყოლია გენიალური წინაპარი? რა ოხრობად გვინდა ამერიკა და ევროპა, სადაც ჩვენთვის შეუჩვეველი ლხინია? არს სჯობს ჩვენს გამოყინულ ბინებში ქართულ ტელევიზიებთან ერთად შევხვდეთ ახალ წელს და შობას და აღარ ვიფიქროთ თუ რა კარგია იქ, სადაც ჩვენ არ ვართ და სადაც შესაძლოა ვერასოდეს მოვხვდეთ. მერე რა? ჩვენ ახალი წლის ღამეს, ზუსტად 12 საათზე ბატონი პრეზიდენტი გაგვამხნევებს, კიდევ ერთხელ მოთმინებისკენ მოგვიწოდებს. მერე და, რაა ამაში ცუდი? მოთმენასაც ცოდნა უნდა. და არა მარტო მოთმენას, არამედ შეგუებასაც.

მახსოვს, ადრე ვითომ მოძმე ჩრდილოელ მეზობლებს დავცინოდით, ყველაფერს შეეგუებიან, ოღონდ არაყი და ძეხვი ჰქონდეთო. მაგრამ ის გამოთქმაც ხომ გაგიგიათ: „ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო?“ არა მგონია, რაღაც-რაღაცეებს ჩვენ ნაკლებად შეგუებულები ვიყოთ, ვიდრე სხვები.

მიუხედავად ყველაფრისა, ასეთი გაჭირვებული ყოფის ფონზე მკითხველს ლონგოს რამდენიმე პოსტულატს ვთავაზობ, რომლის თანახმადაც უდენობა რაღაც ტრაგიკული მოვლენა არ არის და შეგუების მსურველთ იგი კიდევ უფრო დაეხმარება, აღნიშნული პროცესი განაგრძონ და ოპონენტებს სიამოვნებით დაუმტკიცონ, რომ უდენობა, ამავე დროს, ფრიად სასარგებლოა. აი, ეს პოსტულატებიც:

1. ენერგოკრიზისი ადამიანებისთვის სასარგებლოა, რადგან მათ ხასიათში მოთმენისა და შემგუებლობის თვისებები უყალიბდებათ.

2. უდენობის დროს ადამიანებს შესანიშნავი შანსი ეძლევათ, მიიღონ საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ტრადიციული სულიერი საზრდო: იკითხონ წიგნები (რა თქმა უნდა, სანთლის ან ლამფის შუქზე), დაათვალიერონ ნახატები, ბოლოს და ბოლოს თავად წერონ ან დახატონ და ა. შ.

3. უშუქობისას ოჯახური იდილია უფრო იკვრება: ადამიანები ტელევიზორს აღარ ან ვეღარ უყურებენ, ისინი უფრო ხშირად საუბრობენ, ეცნობიან ერთმანეთის პრობლემებს და თანაუგრძნობენ ერთმანეთს, ათვალიერებენ საოჯახო ფოტოალბომებს, იხსენებენ წარსულს, თამაშობენ ჭადრაკს, დომინოს, შაშსა და ბანქოს, დადიან ერთმანეთთან სტუმრად. რაც მთავარია, მყარდება „ცოცხალი“ კომუნიკაციები (თუნდაც ტელეფონით).

4. ენერგოკრიზისის დროს, სიბნელეში ადამიანები უფრო ეჩვევიან ფიქრს.

5. უშუქობისას ადამიანები სხვა ადამიანებზე ზრუნვას იწყებენ. ზამთარში უფრო ათბობენ ერთმანეთს, რაც, თავის მხრივ, დემოგრაფიული პრობლემების გადაწყვეტას ხელს უწყობს.

6. უდენობისას ადამიანს სოფლად სიცივეში მიტოვებული მისი წინაპარი (დედა, მამა, ბებია, ბაბუა და ა. შ.) ახსებდება.

7. ჩაბნელებულ ქალაქში ადამიანი უფრო ფრთხილია, თუნდაც იმიტომ, რომ ღამით ქუჩაში თავახდილ ჭაში არ ჩავარდეს.

8. უბრალოდ, უშუქობა უფრო რომანტიკულია, რადგან ადამიანი ამ დროს ხშირად იცქირება ცაში, სადაც დარში მთვარე ჩანს ხოლმე. მთვარე კი თავის მხრივ, მოგეხსენებათ, თავისებური მუზაა. გაიხსენეთ თუნდაც ბეთჰოვენის „მთვარის სონატა“.

9. ენერგოკრიზისის დროს ადამიანი იძულებულია მუდამ იშრომოს, რადგან მისი ოჯახი სიცივის გამო არ გაიყინოს. მან ყოველდღე უნდა იყიდოს ნავთი, რაც, თავის მხრივ, პრეზიდენტის ოჯახის კეთილდღეობისა და გამდიდრებისთვის ზრუნვაცაა.

10. უშუქობისას ფინანსები იზოგება, რადგან მრიცხველი არ წერს. ამავე დროს, აღარც ნათურები და ელექტროტექნიკა გადაგეწვებათ.

11. და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ხალხი ელექტროფიზიკაში უფრო გათვითცნობიერებულია, ვიდრე ამავე დარგის კანადელი პროფესორი.

იმედია, ეს პოსტულატები ყველა ამ ცხოვრებასთან შეგუებულ მოქალაქეს გამოადგება და პროგრესისა და დენის მსურველებს იგი უკვე თამამად დაუმტკიცებს მათი პოზიციების სიმცდარეს. თუმცა, პირადად, ამ პოსტულატებით ცხოვრებას არავის ვურჩევ, რადგან, რა თქმა უნდა, მათ აბსოლუტურ ჭეშმარიტებაში ეჭვი მეპარება.

Monday, December 24, 2001

„ამო“ – ამო-ვძვრეთ ძველი ქერქიდან!

ირაკლი ჩარკვიანის ახალი ალბომი მდგომარეობიდან ამო-სავალს გვთავაზობს

სულ ახლახან, 12 დეკემბერს, მუსიკალურ მაღაზიებში ირაკლი ჩარკვიანის ახალი ალბომი „ამო“ გაჩნდა, რომელიც ჩაწერა და სავაჭრო ქსელში ჩასაშვებად ხმისჩამწერმა სტუდია „ქართულმა ჩანაწერებმა“ (Geo Records) მოამზადა. როგორც სტუდიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა და პროდიუსერმა ბასა ჯანიკაშვილმა მითხრა, ალბომის პოლიგრაფია, კომპაქტ-დისკები და აუდიოკასეტები მოსკოვში დამზადდა. დისკის დიზაინის იდეა მაქსიმე ჩარკვიანს ეკუთვნის, ყდაზე გამოსახული ფოტო 1912 წელს უცნობი ფოტოგრაფის მიერაა გადაღებული.

























ჯანიკაშვილის ინფორმაციით, ალბომის ჩაწერა საკმაოდ ძვირი დაჯდა, თუმცა მისი სავაჭრო ღირებულება სხვა ქართული ანალოგიური პროდუქციების ფასებისგან განსხვავებული არ იქნება. საავტორო უფლებები Geca-შია დაცული. ალბომ „ამო“-ს ჩაწერას დაეხმარნენ ორგანიზაციები „მაკდონალდსი“, Georgia Online, Georgian Airlines, „კომუნა“, „ალმა +“, „პირველი რადიო“ და „მწვანე ტალღა“. გაისად ირაკლი ჩარკვიანის „ოქროს ჰიტების“ გამოცემაცაა დაგეგმილი.

ალბომ „ამო“-ს ჩაწერაში ირაკლი ჩარკვიანის (ვოკალი, გიტარა, დასარტყამები, კლავიშები, მუსიკისა და არანჟირების ავტორი) გარდა მონაწილეობა მიიღეს: ქეთათო პოპიაშვილმა, რომელმაც ქალის ყველა ვოკალური პარტია შეასრულა; გია მირზაშვილმა სიმღერებში „საქართველო“ და „უსაფრთხოება“ პერკუსიებზე დაუკრა; გიგა მიქაბერიძემ, რომელიც ბექ-ვოკალისტია სიმღერაში „დისკო“; გიორგი შამანაურმა საყვირზე დაუკრა სიმღერაში „ჭერს“; უჩა გუგუნავამ ბასის პარტია შეასრულა კომპოზიციაში „როგორც ჩანს“. ამავე დროს, იგი ალბომის დიზაინის ავტორიცაა. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ სიმღერაში „როგორც ჩანს“ კახა ცისკარიძე დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს.

– ირაკლი, რა დრო მოანდომე ამ ფირფიტის ჩაწერას?

– შემიძლია გითხრა, რომ რეალურად ეს ერთი წლის მუშაობის შედეგია. თუმცა „საქართველოს“ და „უსაფრთხოების“ კონცეფციაზე მუშაობა ორი წლის წინ დავიწყე.

– ალბომის ჩაწერისას რაიმე ეგზოტიკური ინსტრუმენტი ხომ არ გამოგიყენებია?


– თითქმის ყველა სიმღერაში ბრინჯჩაყრილი ჩინური ჩაის ქილა გამოვიყენე. ეს სახელდახელოდ გაკეთებული ინსტრუმენტი მარაკასის ფუნქციას ასრულებს. აგრეთვე, სიმღერებში „მოგიტან წყალს“ და „ერთად“ რუსული ნაციონალური ინსტრუმენტი გამოვიყენე, რომელსაც პერეპელკა ჰქვია. ეს სიმებიანი ინსტრუმენტია და სიმები რაღაც დაფაზეა გადაჭიმული. ის ძალიან წააგავს არფას, მაგრამ პატარაა და მას მუხლებზე იდებენ. ალბომში, ძირითადად, როკის სტანდარტის ცოცხალი ინსტრუმენტებია გამოყენებული. ზოგიერთ კომპოზიციაში კომპიუტერული დასარტყამების ხმაც ისმის.

– ეს ალბომი არის თუ არა შენთვის კონცეპტუალური?

– ჩემი ყველა ალბომი ასეთია და ეს ალბომიც, მე მგონი, ყველაზე უფრო კონცეპტუალურია იმათ შორის, რაც კი დღემდე გამიკეთებია. თავად ალბომის სახელწოდება – „ამო“ ძალიან ბევრ რამეს გულისხმობს. ჩემთვის მთავარია, ქართულ საზოგადოებას, მსმენელს სტიმული მივცე, რომ იგი ამო-ვიდეს იმ მდგომარეობიდან, რომლიდანაც დიდი ხანია ვერ გ-ამო-ვიდა. თუ მდგომარეობიდან გ-ამო-სავალი არ არსებობს, შეიძლება არსებობდეს ამო-სავალი. ეს ალბომი, სწორედ ამო-სვლის და არა გ-ამო-სვლის მომენტია. ამ ალბომის ერთ-ერთი მთავარი კონცეფცია სწორედ სულიერების სტიმულაციაა. დისკში პოზიტიური სიმპტომატიკაც არის, რადგან ადამიანს ეუბნები წ-ამო-დი, მოგიტან წყალს, მეორეს მხრივ, კი სიმღერებში „ბუია“, „უსაფრთხოება“ აჩვენებ, როგორი რეალობაცაა ირგვლივ.





















– „ამო“ ხომ შეიძლება აბრევიატურადაც მივიჩნიოთ და, ვთქვათ, ამოუცნობ მფრინავ ობიექტში ირაკლი ჩარკვიანი ვიგულისხმოთ?

– მშვენიერი კონცეფციაა, ლაშა. როდესაც ალბომი კონცეპტუალურია, იგი გახსნილია და საინტერესო. თუ კონცეფცია ჩაკეტილია, იგი მსმენელს იმპროვიზაციისა და ვერსიების მოფიქრების საშუალებას არ აძლევს. ასეთი კონცეფცია მკვდარია. თუნდაც ფარდობითობის თეორია ბევრ შანსს გვაძლევს, ამიტომ „ამო“-ში ბევრი რამ შეიძლება ვიგულისხმოთ. თუნდაც ამო-სავალი, ან შელოცვა – „ამო, ამო, მზეო“. ამ შელოცვას მართლაც შეუძლია რაღაც ზემოთ ამო-იყვანოს და გლობალურად რომ ვთქვათ, საქართველო მართლაც უკეთესი ქვეყანა გახადოს.

– მახსოვს, ადრე ახსენე, რომ მთელი სამყარო ციფრებისგან შედგება და ძალიან გიყვარს აინშტაინის ფარდობითობის თეორია. საინტერესოა, საკუთარი ალბომი რამდენად კარგად გათვალე?

– ვფიქრობ, მასში ბევრი რამ არის გათვლილი, მაგრამ ბევრი რამ გაუთვლელიცაა, რაც ირაციონალური მომენტია, რომელიც გათვლის მერე ჩნდება. საშინელებაა, როდესაც მთლიანად სისტემა გაუთვლელი რჩება. რა თქმა უნდა, იგი გათვლილი უნდა იყოს, მაგრამ გათვლილ სისტემაში მერე შეცდომები ჩნდება, რომლებიც, ჩემი აზრით, უფრო ღვთაებრივი მოვლენაა. ეს ის ღვთაებრივი ხელია, რომელიც ზოგჯერ ციდან გვეფერება ხოლმე, რასაც ლოგიკა უკვე ვერ ხსნის. ამიტომ წარმოუდგენელია, ყველაფერი მთლიანად იყოს გათვლილი, მაგრამ ხელოვნების ნიმუში, ნაწილობრივ მაინც, გათვლილი თუ არ არის, ის ნიმუში ისტორიისთვის ფასეული არაა.

– საინტერესოა, ალბომის კონცეფციის ჩამოყალიბებაში შენმა ცხოვრების თანამგზავრმა ქეთათომ რა როლი შეასრულა?


– ეს პროექტი ჩვენ ერთად გავაკეთეთ. იგი ბევრი იდეის გენერატორია...

– ამაში მუზას ხომ არ გულისხმობ?

– რა თქმა უნდა, გეთანხმები. როგორც ტექნიკური, ასევე, სულიერი თვალსაზრისით, ქეთათო ნამდვილად ჩემი მუზაა. ეს იყო აბსოლუტურად ჩამოყალიბებული გზა, რომელსაც ქეთათო, თავის მხრივ, მთავაზობდა, ხოლო მე ჩემს რაღაც გ-ამო-სავალს და ამო-სავალს ვთავაზობდი. აქედან გ-ამო-მდინარე, ამ პროექტში ორთავემ ერთნაირი ძალ-ღონე, გული, ტვინი და ენერგია ჩავდეთ.

– ირაკლი, რა რეაქცია გქონდა, როცა ალბომში შესული სიმღერა „სექსი“ როტაციაში ჩაშვებისთანავე საქართველოს ოფიციალურ ჰიტ-პარადში („კომუნა Top-20“) პირველივე კვირას სათავეში მოექცა. ეს ბუნებრივი იყო თუ მოულოდნელი?

– საერთოდ არ ვიცოდი ამის შესახებ, პირველად შენ მითხარი. ეს მართლაც, ძალიან სასიამოვნოა. თუმცა რეაქცია ბუნებრივი არ არის, რადგან ეს კომპოზიცია რაღაც ცოტა უცნაურად შეიქმნა და ნამდვილად არ მოველოდი, რომ იგი პირველივე კვირას პირველ ადგილზე გავიდოდა. ეს სიმღერა ალბომში ყველაზე ბოლოს გაკეთდა. მეგონა, რომ „სექსი“ საკუთარ თავს მსმენელს უფრო მერე მოასმენინებდა. თუკი ასეთ წარმატებას მიაღწია, ე.ი. იგი თავისებურად „ჯანმრთელი ბავშვი“ აღმოჩნდა.

– რას აპირებ, სტუდიურ მუსიკოსად დარჩები თუ კონცერტებიც გაქვს დაგეგმილი?

– მომავალში ცოტ-ცოტას დავუკრავ, რადგან მიმაჩნია, რომ თუკი პროდუქცია არსებობს, მასზე ლაპარაკია საჭირო, ხოლო მუსიკაში ლაპარაკი დაკვრაა. ჩვეულებრივი საქმეა, როცა მსმენელს რაღაც პროდუქციას სთავაზობ, ხოლო „ლაივი“ არის ის, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვს შენ ამ პროდუქციასთან. სწორედ ამიტომ აქვს აზრი ცოცხალ მუსიკას და ამიტომ არის იგი საინტერესო. მე ვფიქრობ, მარტო ცოცხალი კონცერტი ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ, როდესაც პროდუქციას სახლში მოუსმენ და მერე კონცერტზე მოხვალ, პირიქით, ძალზედ მიმზიდველია.

– ირაკლი, რა საახალწლო და საშობაო სურვილები გაქვს?


– ძალიან მსურს, ჩემი ალბომის სახელწოდებიდან გ-ამო-მდინარე, ჩვენი ქვეყანა გ-ამო-ვიდეს, წ-ამო-ვიდეს და ამო-ვიდეს იქიდან, რასაც მე-20 საუკუნე ჰქვია. მე ვთვლი, რომ ამ საუკუნიდან ბევრი ნეგატიური რამ არის შემორჩენილი. რა თქმა უნდა, კულტურაში ბევრი პოზიტიურიც არსებობს, რაც აუცილებლად უნდა დარჩეს. ჩვენ, ალბათ, ძველისგან განთავისუფლება მაინც უნდა შევძლოთ, რათა უფრო ახლები ვიყოთ. სუყველას განახლებას ვუსურვებ. ხომ იცით, ახალ ღვინოს რა დაემართება თუ მას ძველ ტიკებში ჩავასხამთ? თვით იესო გვარიგებს, რომ ეს ასე არ ვარგა. შევეცადოთ, ცოტა ახლები გავხდეთ, ძველი ქერქიდან ამო-ვძვრეთ და სამყაროს შემეცნების ახალ სისტემაში ჩავერთოთ.

Tuesday, December 18, 2001

სასწაულები მახათას მთაზე

„თან მიხარია, თან არ ვიცი, ჩემს თავს რა ხდება“ – ამბობს ქალი, რომელსაც ღვთისმშობელი რამდენჯერმე გამოეცხადა

გულნარა კუკულაძეს სასწაულებრივი ხილვების გამო, ბევრი მართლმადიდებელი მორწმუნე იცნობს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ხშირად ეცხადება ივერიის „კარიბჭის“ ხატის სახით (ეს სიწმინდე ამჟამად ათონის მთის ბერთა სავანეშია დაბრძანებული).

წმინდა მამების გადმოცემით, სწორედ ივერიის ღვთისმშობლის („კარიბჭის“) ხატი იცავს სრულიად საქართველოს და მაცხოვრის მეორედ მოსვლის წინ იგი საქართველოში ჩამობრძანდება.

ამ გამოცხადების შესახებ ინფორმირებულია თვით სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, რომელმაც აკურთხა ის ადგილი მახათას მთაზე, სადაც ღვთისმშობელი მარიამი გულნარა კუკულაძესთან ერთად რამდენიმე მლოცველსაც გამოეცხადა. როგორც ქალბატონმა გულნარამ აღნიშნა, პატრიარქი მას „ღვთისნიერ ადამიანს“ უწოდებს. ათონის მთის ბერთა სავანეში, სადაც „კარიბჭის“ ხატი ბრძანდება, ადრე სასწაულებრივი წყარო მოდიოდა, რომელიც ამ ხატის მთაზე აბრძანების შემდეგ წამოსულა. მერე ათონის მთას ნაპრალი გასჩენია და წყაროც დამშრალა. სამაგიეროდ, სულ ახლახან მახათას მთაზე წყაროს ამოუხეთქავს იმ მაყვლის ძირში, რომელიც ზამთარ-ზაფხულ ყვავის. ამ მთაზე მას შემდეგ, რაც ხალხმა სასწაული იხილა, პეტრე-პავლეს ტაძრის მოძღვარმა, მამა არჩილმა (მინდიაშვილმა) ჯვარი აღმართა, ხოლო მომავალში ტაძრის აშენება არის დაგეგმილი.

გულნარა კუკულაძე-ანთიძე ბათუმელია, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, ღვთის სურვილით ჩამოსულა და ვაზისუბანში ღვთისმშობლის მითითებით შეუძენია ბინა. მიღებული აქვს საშუალო განათლება, ჰყავს მეუღლე, ქალ-ვაჟი და შვილიშვილები. ადრე ეკლესიური არ ყოფილა. მადლიერებით იხსენებს თავის სულიერ მოძღვარს, წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის დეკანოზ არჩილ მინდიაშვილს, რომელმაც პირველმა ირწმუნა მისი და მახათას მთაზეც ჯვარი მან დაამაგრა. ეკლესიის ასაშენებელი თანხები კი პეტრე-პავლეს ტაძარში გროვდება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადებების შესახებ ქალბატონი გულნარა თავად გვესაუბრა.

პირველი გამოცხადება – „უზარმაზარი ხატი ჰაერში მოძრაობდა“

10 სექტემბერს უკვე ბინდდებოდა, როდესაც ხატებთან ვილოცე. ღვთისმშობელს შევთხოვე, ეჩვენებინა საქართველოს, ჩემი ოჯახის მომავალი და ტახტზე დასასვენებლად წამოვწექი. ვიგრძენი, სული ამომდიოდა და კიდურებს ვეღარ ვიმორჩილებდი. ვიფიქრე, ალბათ, ვკვდები-მეთქი. რაღაც არარსებულ გვირაბში ძალიან დიდი სისწრაფით გავედი და პირდაპირ საბოსტნე ნაკვეთში (სახლთან ახლოს) ამოვყავი თავი. ისე თავისუფლად ვიგრძენი თავი, მერე უკვე უკან დაბრუნება გამიჭირდა. ნაკვეთში შევამჩნიე, რომ სხვადასხვა სარწმუნოებისა და ეროვნების ხალხი იქედნურად დამცინოდა. მეწყინა და საშველად მეზობლებს მოვუხმე, მაგრამ არავინ გამოიხედა. როდესაც გარეთ გამოსვლა დავაპირე, სიომ დაუბერა და ხალხი შეიშმუშნა. მოვიხედე და უზარმაზარი ხატი ჰაერში მოძრაობდა. ღვთისმშობელს შეწუხებული სახე ჰქონდა. მითხრა, მოსასვენებელ ადგილს ვეძებ, მიმაწვინე სადმე სულის მოსათქმელადო. ღობეზე მივაწვინე. თვალიდან საოცრად კამკამა ცრემლი ჩამოსდიოდა.

Monday, December 17, 2001

მაგარი საუკუნე

თუ დღემდე კამათობდნენ, ახალი საუკუნე 2000 წელს უნდა დამდგარიყო თუ 2001-ში, ახლა, ალბათ, ეჭვს არ იწვევს ის, რომ მომავალი 2002 წელი ნამდვილად 21-ე საუკუნეს ეკუთვნის. თანამედროვე მუსიკამ კი ათასწლეულების მიჯნაზე გარკვეულ ეტაპს მიაღწია, რომელიც აკმაყოფილებს თითქმის ყველას და ყველანაირ გემოვნებას, დაწყებული ბავშვებიდან – ღრმა მოხუცებით დამთავრებული.

საინტერესოა ისიც, რომ მე-20 საუკუნეში ცივილიზაციის უსწრაფეს განვითარებას თან სდევდა მუსიკისა და მუსიკალური ინსტრუმენტების სახეცვლილებაც. ამ საუკუნეში ასობით ახალი მუსიკალური სტილი თუ მიმდინარეობა შეიქმნა, რომელსაც ტერმინი „თანამედროვე მუსიკა“ აერთიანებდა. კაცობრიობის ისტორიაში მუსიკა ადამიანის ცხოვრებას ყველაზე მეტად დაუახლოვდა და, უფრო მეტიც, მის განუყოფელ ნაწილად იქცა. მუსიკამ შეაღწია ყველგან: ტელევიზიაში, კინოში (თვით არამუსიკალურ ფილმებშიც კი უმუსიკობა გარკვეულ მუსიკალურ მიგნებად ითვლება), აეროპორტებში, მანქანებში, ტელეფონებში, ინტერნეტში, სპორტულ შეჯიბრებებში, ნებისმიერ ზეიმზე, რაღა თქმა უნდა – მარშრუტკებში და ა. შ.

წინა საუკუნეში გაჩნდა სიტყვა „შოუბიზნესი“, რომელიც თავის თავში არა მარტო მუსიკას გულისხმობს, არამედ აერთიანებს კინოს, თეატრს, მასმედიას, მოდას, მხატვრობას, ერთი სიტყვით – გლობალურად ხელოვნებას. სიტყვა „გლობალური“ ტყუილად არ მიხსენებია, რადგან დღეს არ არსებობს შემოქმედებითი ინდივიდი თუ კოლექტივი, რომელიც არ არის ჩართული მსოფლიო შოუბიზნესის პროცესში. მართალია, არსებობს არაკომერციული პროექტები, რომელიც შესაძლებელია, არ იყოს მომგებიანი როგორც შემოქმედის, ასევე, პროდიუსერისათვის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი შოუბიზნესის ნაწილია, რადგანაც ნებისმიერ პროექტში გარკვეული თანხა იხარჯება და მასში შემოქმედის (ავტორის) ენერგია, ნააზრევი დევს.

წინა საუკუნეში მუსიკასთან დაკავშირებული ცხოვრების სტილი გაჩნდა. ეს როკ-ენ-როლი იყო, რომელიც თავის დროზე სოციალურ მოვლენად იქცა ჯერ ახალგაზრდების ცხოვრებაში, მერე კი მოძრაობად ჩამოყალიბდა. ალბათ, არც ერთ საუკუნეს არ ახსოვს ისეთი კულტურული რევოლუცია, როგორიც როკ-ენ-როლმა ადამიანების ცნობიერებაში მოახდინა. იგი ყველგან, ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობაში უეცრად შეიჭრა და, თავის მხრივ, უამრავი მუსიკალური სტილი შექმნა. რაც კარგი იყო, ყველაფერს როკ-ენ-როლს ეძახდნენ.

ამ მუსიკამ, ამავე დროს, ანტიგმირები შექმნა, რომლებიც, თავის მხრივ, გმირებად იქცნენ. როკ-ენ-როლმა გაბატონებული ტრადიციები და ცხოვრების ტრადიციული სტილი დაამსხვრია. გაჩნდა ამ სტილის შესაბამისი სალაპარაკო სიტყვებიც, ისეთები, როგორიც არის ინგლისური „Cool“, რუსული „Круто“. ქართულში ამ სიტყვას ზუსტი ანალოგი არა აქვს თუ არ ჩავთვლის სიტყვას „მაგარი“. რა თქმა უნდა, ნგრევას ყოველთვის დადებითი შედეგი არ მოსდევს, მაგრამ მან ბევრი სიახლეც დანერგა.

იყო პერიოდი, როდესაც თანამედროვე მუსიკა თითქმის სულ როკ-ენ-როლთან ასოცირდებოდა და მისი განვითარება, რაოდენ პარადოქსულად უნდა მოგვეჩვენოს, ელექტროგიტარის განვითარებასთან არის დაკავშირებული. თუმცა მოგვიანებით, როდესაც გაჩნდა დისკო (სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში – ესტრადა, ანუ ვარიეტეს მუსიკა), მუსიკამ მხოლოდ კომერციული დატვირთვა მიიღო. თუ როკ-ენ-როლის გარიჟრაჟზე ახალგაზრდათა მოძრაობა უფრო პროტესტულ ხასიათს ატარებდა, დღეს სხვადასხვა ჯგუფებისა და სტილების მიმდევრები ათასგვარ ფან-კლუბებს ქმნიან. ყველა შემთხვევაში მათ მუსიკა აერთიანებთ.

დღევანდელი პოპ-მუსიკა მრავალწახნაგოვანია. იგი არა მარტო შემსრულებელს, მის სიმღერასა თუ ლექსს მოიცავს, არამედ მუსიკოსის საცენო იმიჯს, მენეჯმენტს, აუდიოჩანაწერებს, ურთიერთობას მედიასთან, სატელევიზიო ვიდეოკლიპებს, ინტერნეტ-საიტებს და მრავალ, ერთი შეხედვით, წვრილმანს. ამ ყველაფერს სწორედ შოუბიზნესი აერთიანებს.

მიუხედავად იმისა, რომ როკი, როგორც სერიოზული კულტურა აღარ არსებობს, თანამედროვე მასობრივ მუსიკას პრეტენზია არა აქვს ხელოვნების ეტალონობაზე, თუმცა მისი ფუნქცია მხოლოდ გართობით ვერ შემოიფარგლება. არსებობს კოსმეტიკური როკი, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, თანამედროვე ძალიან პოპულარული მუსიკის სხვა სტილებისგან (როკერების ენით რომ ვთქვათ – „პოპსასგან“) აღარაფრით განსხვავდება. ასეთ ჯგუფებს როკული საფუძველი დარჩათ და არა შინაარსი. თუმცა, ალბათ, ესეც გაბატონებული ტრადიციების მსხვრევის პროცესია, რომლის მიხედვითაც, „ლედ ზეპელინიც“ და გაპოპსავებული „ნოუ დაბტიც“ ერთ კატეგორიაში გადიან. მუსიკამ ხელოვნების დარგის ფუნქცია დაკარგა. ალბათ ხელოვნების ძველი, ტრადიციული გაგებაც შეიცვალა. შევიცვალეთ ჩვენც, რადგან უკვე მთელი ათასწლეული გამოვიარეთ. ასე არ არის?

Monday, December 10, 2001

საკატლეტე მასა (ბავშვები შოუბიზნესში)

ალბათ ბევრს ახსოვს ცნობილი რეჟისორის ალან პარკერის გახმაურებული ფილმი „კედელი“, რომელიც ბრიტანული როკის ლეგენდარული ჯგუფის, „პინკ ფლოიდის“ ანალოგიური სახელწოდების ალბომის მიხედვითაა გადაღებული. ამ შესანიშნავ ფილმში არის კადრები, რომელშიც ერთნაირ ტანისამოსში გამოწყობილი ბავშვები მწყობრად მიაბიჯებენ და ბოლოს ხორცის საკეპ მანქანაში ცვივიან, საიდანაც ერთფეროვანი ხორცის მასა გამოდის.

„აქ ბავშვებს აჭმევენ მძღნერს“ – დაახლოებით 5 წლის წინ ქართული ნონკონფორმისტული როკ-ჯგუფის „აუტსაიდერის“ ფრონტმენი, რობი კუხიანიძე მთელი ხმით გაჰყვიროდა მიკროფონში. იმ „კომუნისტმა“ პატრიოტებმა, რომლებიც გასული საუკუნის 70-იან, თუ 80-იან წლებში საზიზღარი კაპიტალისკებისკენ თითს იშვერდნენ და გაჰკიოდნენ შეხედეთ, იქ ბავშვებს მონებივით ამუშავებენო, დღეს ღიპები ფეხებზე ჩამოაწყვეს და საკუთარი ქვეყნის ბავშვები ქუჩებში სამათხოვროდ გაჰყარეს... სახლებში დარჩენილი ბავშვების მშობლებმა კი ჩათვალეს, რომ მათი პატარები აუცილებლად უნდა „გავარსკვლავდნენ“ და ცდილობენ ისინი მუსიკას კი არა, პირდაპირ „ხალტურას“ მიაჩვიონ.

ცივილიზებულ ქვეყნებში ბავშვის მუსიკალურ აღზრდას უფროსი თაობა ძალიან სათუთად ეპყრობა და დასავლეთში დღესაც ასეა. თანამედროვე საქართველო ამ შემთხვევაშიც ორიგინალურობით გამოირჩევა. მუსიკალური სასწავლებლების მაგივრად დღეს მოდაში ე.წ. მუსიკალური საბავშვო სტუდიები შემოვიდა, რომელთა უმეტესობაშიც, – ბავშვებს თანამედროვე ქართული ესტრადის სიმღერებს „ასწავლიან“. თანაც მნიშვნელობა არა აქვს, გამოირჩევა თუ არა იგი, სათანადო მუსიკალური მონაცემებით.

ბავშვებს, ამ სტუდიებში, ძალით ტენიან და მათგან რატომღაც რობერტინო ლორეტობას მოითხოვენ. თუმცა, ეს რა გასაკვირია, როდესაც უფროსებს თავად დაუკარგავთ სირცხვილ-ნამუსი და უნიჭობისგან პირდაფჩენილები „გვხიბლავენ“ სცენიდან „სამარშუტო სიმღერების“ შესრულებით. ამას კი მშობლები სხვა მშობლების ჯიბრზეც აკეთებენ (ისევე, როგორც ყველაფერში, აქაც მიზეზი ცნობილი ქართული მიმბაძველობაა, ანუ მისი შვილი არავისზე ნაკლები არ უნდა იყოს, ბავშვი არ უნდა „დაიჩაგროს“). დედ-მამის საბოლოო მიზანი ხომ ნაშიერის რადიოში ან ტელევიზორში „გაჩითვაა“, სადაც საცოდავ ბავშვს გულისამრევად გამოპრანჭავენ ხოლმე და უფროსების მსგავს მარაზმულ სიმღერებს ამღერებენ. საწყალი პატარებიც ქალობანას და კაცობანას თამაშობენ და ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ფსევდოგრძნობითი ჟესტიკულაციებით „იმღერონ“, რომ ვიღაც მისდღემჩი გაუთხოვარი ლაურა ან მაყვალა მასწავლებლის საყვედურები არ დაიმსახურონ. თუმცა ბავშვს რა უნდა მოსთხოვო, როდესაც მის საქმეს კომპიუტერი (ხმისა და ტონალობის დაყენება-გასუფთავება) აკეთებს.

მართლაც ცოდოა არამუსიკალური ბავშვი, როდესაც ასეთ ხორცის მანქანაში გატარებულს შთააგონებენ, რომ ის მართლა მღერის. ასეთი ბავშვი მერე ფიქრობს (უფრო სწორად, აფიქრებინებენ), რომ ის აუცილებლად მომღერალი უნდა გამოვიდეს. სინამდვილეში მშობელს საკუთარი „ტალანტი“ რომელიმე ხმის ჩამწერ სტუდიაში მიჰყავს ე.წ. საბავშვო სტუდიის ხელმძღვანელთან, რომელსაც ხშირად თავად არა აქვს სმენა. ფულის გადახდის შემდეგ ბავშვის ნაცოდვილარს კომპიუტერი ასწორებს. ამის მერე კი, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, მშობლები ცდილობენ მეზობლებისა და „მტრების“ თვალის დასავსებად, სიმღერის მიხედვით გადაღებული კლიპი რომელიმე ტელევიზიით ეთერში გაუშვან. საინტერესოა, ამ ბავშვების სიმღერას მათივე ნათესავების გარდა თუ უყურებს და უსმენს ვინმე საერთოდ.

ამერიკის თითქმის ყველა მსხვილ ტელევიზიაში კანონით იკრძალება სწორედ ის, რაც ჩვენში ასე ფეხმოკიდებულია, – ეთერში მცირეწლოვანის სიმღერა. მართალია, ევროპის ქვეყნებსა და რუსეთში ეს ნებადართულია, მაგრამ იქ ბავშვები ცოცხლად მაინც მღერიან და ეს ყველასთვის სავალდებულოა – მიუხედავად იმისა, დაუშვებს თუ არა პატარა მომღერალი სცენაზე შეცდომებს. მით უმეტეს, ეს ბავშვს თუ არა, ვის უნდა ეპატიოს?

დღეს, საქართველოში, უკვე მომრავლდნენ „ვარსკვლავი ბავშვები“, რომელთაც უფროსების კონცერტებზეც კი ეძახიან. რა თქმა უნდა, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ საინტერესოა, ამ ბავშვებმა, იციან თუ არა, რა არის მუსიკა, იცნობენ თუ არა მუსიკის კლასიკოსებს ან წარმოდგენა აქვთ თუ არა, რა არის ფოლკლორი.

რა უნდა მოსთხოვო მცირეწლოვანს, როდესაც, შესაძლოა, მისმა მშობელმა და თვით სტუდიის ხელმძღვანელმაც კი არ იცოდეს მუსიკის ელემენტარული ნიუანსები. საყურადღებოა, რომ მშობლები საერთოდ არ არიან დაინტერესებულები ნაშიერს რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრა მაინც შეასწავლონ. უფროსები დღეს რატომღაც თვლიან, რომ ბავშვებმა მხოლოდ უნდა იმღერონ, რადგან ქართველებს თურმე მხოლოდ სიმღერის ნიჭი გვქონია... გაუგებარია, ამის შემდეგ რა ფონოგრამული კონცერტების აკრძალვის მოთხოვნები აგვიტყდება ხოლმე, რადგან ყველას სიმღერა სურს და არა – ინსტრუმენტზე დაკვრა. თუმცა ისიც საკითხავია, ჰქვია თუ არა ამას საერთოდ სიმღერა.

თბილისში კი თითქმის ყოველდღე ახალ-ახალი საბავშვო სტუდიები, ანუ ფულის მახეები იხსნება, სადაც ბავშვებს სიმღერის ნაცვლად მხოლოდ უშნო პრანჭვა-გრეხაში ავარჯიშებენ. კლასიკური მუსიკა, ფოლკლორი და ინსტრუმენტალისტობა დღეს აღარავის აინტერესებს, რადგან არამომგებიანია, თანაც მას ნიჭი და შრომა სჭირდება. მიუხედავად ყველაფრისა, ამ ერთფეროვან მასაში არსებობენ მართლაც ნიჭითა და მუსიკალურობით დაჯილდოვებული ბავშვები, ოღონდ მთავარია, არ დაემგვანონ იმ ყოვლად გადაგვარებულ უფროს მომღერლებს, დღეს რომ ასე აგვიკლეს მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით. მათთვის ხელის შეწყობა ნამდვილად არ იქნება ხორცის საკეპ მანქანაში გატარება.

გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში ამერიკულმა ჯგუფმა „ნირვანამ“ და მისმა აწგარდაცვლილმა ფრონტმენმა კურტ კობეინმა საკუთარ სიმღერაზე Come As You Are გადაიღეს არაჩვეულებრივად ორიგინალური კლიპი, სადაც წყალში ჩაგდებული ახალშობილი ანკესზე წამოგებულ ფულის ბანკნოტისაკენ მიცურავს და ხელებით ეპოტინება. საშინელებაა, რომ დღეს ბავშვები ბედის ანაბარა არიან მიტოვებულნი და მათ განათლებაზე ცოტა ვინმე თუ ფიქრობს. ისინი თითქოს თავისთვის იზრდებიან და უჰაერო სივრცეში (კლიპში ამის სიმბოლო წყალია) ხელით იმ ანკესზე წამოგებული დოლარისკენ მიიწევენ, რომელიც ღიპიანმა კაცმა სახალისოდ გადმოუგდო. თუ ბავშვმა წყლიდან არ ამოყვინთა და ჰაერი არ ჩაისუნთქა, აუცილებლად დაიხრჩობა...

კარგი იქნება თუ ზოგიერთი მშობელი მიხვდება, რომ პატარისთვის სიმღერის დაძალებას და მატრაკვეცობას ჯობს მათმა ნაშიერებმა ბავშვობა არ დაკარგონ და საშინელ ეგოისტებად არ ჩამოყალიბდნენ. დაე ბავშვებმა ლაღად იცხოვრონ! დაე, მუდამ იყოს მზე!

Tuesday, December 4, 2001

„შოუბიზნესი ქვეყანაში მაშინ ყვავის, როცა ხალხს შემოსავალი აქვს“

ალექსანდრე ბასილაია ფილარმონიაში ფონოგრამის აკრძალვის წინააღმდეგია

„ახალი ვერსიის“ დღევანდელი სტუმარია მუსიკოსი, რომლის სახელთანაა დაკავშირებული ქართული ესტრადის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანსამბლის, „ივერიის“ არსებობა, რომლის შემოქმედებაც ხალხს კარგად ახსოვს და ახალგაზრდებიც იცნობენ. ალექსანდრე ბასილაიას, როგორც თავად გვითხრა, უკვე მეოთხე წელია, გაზეთისთვის ინტერვიუ არ მიუცია, მაგრამ „ახალი ვერსიასთან“ საუბარზე სიამოვნებით დასთანხმდა.
---------------------
მოკლე დოსიე
---------------------
ალექსანდრე ბასილაია დაიბადა 1942 წელს. ჰყავს მუსიკალური ოჯახი, ანუ მის ოჯახში, ფაქტობრივად, ყველა მღერის. 1968 წლიდან არის ანსამბლ „ივერიას“ შემქმნელი და უცვლელი ხელმძღვანელი. უკვე 11 წელიწადია, რაც ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის დირექტორია. „ივერიასთან“ ერთად მოიარა 55 ქვეყანა. ანსამბლს ჩატარებული აქვს 7000-მდე კონცერტი. შექმნა 25 პროგრამა, აქედან 4 მიუზიკლი: „ჩხიკვთა ქორწილი“, „არგონავტები“, „თოვლის ბებოს ზღაპარი“ და „ფიროსმანი“. „ივერიაში“ ძალიან ბევრი მუსიკოსი უკრავდა სხვადასხვა წლებში. საზოგადოებისთვის მათგან განსაკუთრებით ცნობილნი არიან: ჯემალ ბაღაშვილი, ვახტანგ ტატიშვილი, თემურ წიკლაური, ნუგზარ კვაშალი, ლუიზა კობალაზე, ლია ზღვაური, მანანა თოდაძე, გოჩა ლორია, სოსო პავლიაშვილი, თამუნა ამონაშვილი და მრავალი სხვა.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
– ბატონო ალექსანდრე, თქვენი, როგორც მსმენელის აზრით, რით განსხვავდებოდა „ივერია“ სხვა, ანალოგიური ტიპის ანსამბლებისგან?

– სხვებისგან განსხვავებით, საკუთარი რეპერტუარი გვქონდა. საერთოდ, ანსამბლები დამოკიდებულები იყვნენ კომპოზიტორებზე, თუნდაც – გოგი ცაბაძეზე, ვაჟა აზარაშვილზე და სხვებზე. თავდაპირველად ჩვენც კომპოზიტორებზე ვიყავით დამოკიდებულები, მერე პირად შემოქმედებაზე გადავედით. მეც დავიწყე სიმღერების წერა. ჩვენ თავად ვქმნიდით რეპერტუარს. გვქონდა ჩვენი მიმართულება და ყოველ წელიწადში ხალხის სამსჯავროზე ახალი სიმღერები გამოგვქონდა. ეტყობა, ამის გამო ხალხი ჩვენით დაინტერესდა. ყველაზე მთავარი, ალბათ, ის არის, რომ ჩვენ კეთილსინდისიერად ვეპყრობოდით ჩვენს საქმეს. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ რასაც გასცემ, უკან იმას მიიღებ.


















– რამდენადაც ვიცი, „ივერიას“ სიმღერები პარტიასა და საბჭოთა ხალხის მეგობრობაზე არასოდეს შეუსრულებია. როგორ აგვარებდით სიმკაცრით ცნობილ საბჭოთა ოფიციოზთან ურთიერთობას?

Monday, December 3, 2001

მოგონებანი მომავალში

ყოველ ეპოქას, ყოველ საუკუნეს თავისი მუსიკა ჰქონდა. მეოცე საუკუნე ამ მხრივ, ალბათ, მართლაც გამორჩეულია. გასული საუკუნის ყოველ ათწლეული თავისი მელოდიურობით გვახსოვს.

ჩვენ – XX საუკუნეში დაბადებულმა ადამიანებმა, 70-იანი წლები რომ მოვიგონოთ, შეგვიძლია ლეგენდარული "ლედ ზეპელინი", ან თუნდაც "აბბა" ან "ბონი ემი" ჩავრთოთ. თუკი სადმე ელვის პრესლს ან ჩაკ ბერის სიმღერებს მოვკრავთ ყურს, აუცილებლად 50-იან წლებში ვიმოგზაურებთ – როცა როკ-ენ-როლის პირველ ნაბიჯებთან ერთად მოდაში ჯინსები და მარლონ ბრანდოს მიერ შემოღებული მოკლესახელოიანი მაისურები შემოდიოდა. იგივე შეიძლება ითქვას ქართულ თანმედროვე მუსიკაზეც, ოღონდ აქ ათწლეულები უფრო ოცწლეულებად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რადგან საბჭოთა ქვეყანაში არჩევანი არც ისე ფართო იყო.

დროში მოგზაურობასთან ერთად მუსიკა საშუალებას გვაძლევს პირად ცხოვრებაშიც ვიმოგზაუროთ, როდესაც ის ჩვენი ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთს, მომენტს გვახსენებს. ხშირ შემთხვევაში აღნიშნული მომენტი სასიამოვნო მუსიკასთან ასოცირდება. დროთა განმავლობაში ეს მუსიკა რეტროდ იქცევა და მას მომავალი თაობაც სიამოვნებით უსმენს. დღეს რეტრო მუსიკის გარემიქსება მოდაში შემოვიდა და ეს პროცესი, როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე ჩვენს ქვეყანაშიც მიმდინარეობს. ოღონდ დასავლეთში, ხშირ შემთხვევაში, პირველშემსრულებლის ხმას არემიქსებენ, ჩვენთან კი თანამედროვე მომღერალი ასრულებს რეტრო სიმღერას და მერე მიქსავს.

დღეს არ მსურს ვისაუბრო ქართული რემიქსების ავ-კარგიანობაზე. უბრალოდ, საინტერესოა ჩვენი ახალგარზდა თაობა რა სიმღერების გარეტროვებას აპირებს, რადგან, ალბათ, მომავალში, როდესაც ეს თაობა გაიზრდება, მისი წარმომადგენლებისთვის დღევანდელი "ვარსკვლავების" მიერ შესრულებული სიმღერები ლოგიკურად ტკბილად გასახსენებელი უნდა გახდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვსურს ვისაუბროთ იმაზე, თუ რა მუსიკალურ პროდუქციას გვაწვდის დღევანდელი ელექტრონული მედია.

ძალიან ბევრი ალბათ იტყვის, რომ ტელევიზია და რადიო ხალხს იმას სთავაზობს, რაც უმრავლესობას მოსწონს. ეს მხოლოდ თავის გასამართლებელი არგუმენტია. აქედან გამომდინარე, ჩვენი საეთერო სივრცე მარაზმული სიმღერების შემსრულებელთა ტრიბუნად გადაიქცა. მედიის ამ საშუალებებს შეესაბამებათ საბჭოეთში დამკვიდრებული სიტყვა "პოპსა". პოპსავიკების თავხედობას კი უკვე საზღვარი აღარ აქვს, ისინი მასმედიის საშუალებით ყველაფერზე ლაპარაკობენ, თვით პოლიტიკაზეც კი. უნიჭოები გვმოძღვრავენ, თუ რა უნდა ჩავიცვათ, რა უნდა ვჭამოთ, რა უნდა დავლიოთ, როგორ და სად უნდა გავატაროთ დრო (რა თქმა უნდა, მათთან ერთად) და რას უნდა მოვუსმინოთ.

ღმერთმანი, არ მინდა ამ უიტნი ჰიუსტონის ხმის გაგონებაც კი და რატომ უნდა ითვლებოდეს მისი მუსიკის მოსმენა თბილისში კარგ ტონად? იქნებ, ჩემის აზრით, ფიჯეი ჰარვი უფრო მაგარი მომღერალია, ვიდრე ვიღაც უკანალ და მკერდხელოვნურადგაზრდილი მერაია ქერი და უხმო ტომ უეიტსი ასი თავით ჯობს ყველანაირ სტივ უანდერებსა და მოყმუილე "ბოიზ თუ მენებს"? როგორც რიგითი "როფესიონალი მუსიკისმოყვარული", ვარსკვლავად არ ვაღიარებ ბევრ ქართველ ვარსკვლავადწოდებულ უნიჭო და ხეპრე მომღერალს. საინტერესოა, ქართული ტელევიზიები და რადიოები რატომ გვაწუხებენ მე და ჩემნაირებს მათი და სხვების სიმღერების ყოველდღიური როტაციით?

ამ სიმღერების მასობრივად შემოტევების შედეგად ბევრი ადამიანი, რომელსაც არც ისე მოსწონდა ესა თუ ის შემსრულებელი და სიმღერა, ძალაუნებურად მაინც მისი მსმენელი ხდება. დროთა განმავლობაში ის ეგუება მდარე ხარისხის სიმღერებს და ერთ მშვენიერ (ალბათ უფრო საშინელ) დღეს ოდესღაც საძულველი სიმღერა შესაძლოა მოეწონოს კიდეც.

სწორედ ამას ჰქვია გემოვნების დაქვეითება, თუმცა ეს თავისთავად არ ხდება. ეს უფრო ჩვენი "სასიქადულო" ელ-მედიის ფსიქოლოგიური ზეწოლაა, რადგან, ბოდიში, მაგრამ ისინი ძალით გვტენიან იმას, რაც ხშირ შემთხვევაში შემოქმედებითი და თქვენ წარმოიდგინეთ, თვით მასკულტურული ნაგავია. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი მღერის და ვისურვებდი კიდევ უფრო მეტს ემღეროს, მაგრამ საოცარია, ახალბედა მომღერლების აბსოლუტური უმრავლესობა თვითდამკვიდრებისთვის რატომ ირჩევს მაინცა და მაინც ერთსა და იმავე იოლ გზას, სტილს?

ძალიან საინტერესო იქნება რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ტკბილად მოვიგონებთ თუ არა დღევანდელ სამარშრუტკო ტაქსების მუსიკას, ისევე, როგორც დღეს ვიხსენებთ ჩვენი ბაბუებისა და მამების ტკბილხმოვან სიმღერებს. თუკი დღევანდელ თაობას მამების მიერ შექმნილი სიმღერების მოსმენისას მართალია, მოჩვენებითი, მაგრამ მაინც უშფოთველი ცხოვრება უდგებათ თვალწინ, მართლა მაინტერესებს, რას გავიხსენებთ დღევანდელი ქართული ესტრადის მოსმენისას ჩვენ მომავალში? თუ ეს ფონოგრამული კონცერტები, გადაჭედილ, საგზაო საცობებში მოხვედრილი მარშრუტკები, დღევანდელი კორუმპირებული მთავრობა და ვითომ სიყვარულზე დაწერილი უაზრო სიმღერები ტკბილად გაგვახსენდება, მაშინ ღმერთმა დაიფაროს ჩვენი და მომავალი თაობების გემოვნება.