Showing posts with label მიხეილ ნიკოლეიშვილი. Show all posts
Showing posts with label მიხეილ ნიკოლეიშვილი. Show all posts

Tuesday, September 11, 2001

მიტროპოლიტი კალისტრატე – „დედაქალაქ ქუთაისის (პალიასტომის) ღვთისმშობლის ხატით“ დავით აღმაშენებელმა დიდგორში გამარჯვება იზეიმა

„ახლა ეს ხატი ურწმუნოს, გველეშაპს ჰყავს დაპატიმრებული“

ქართულ ეკლესიასა და მუზეუმს შორის გრძელდება პოლემიკა საკითხზე, დაუბრუნდეს თუ არა საპატრიარქოს საეკლესიო სიწმინდეები, რომლებიც დღეს მუზეუმებში ინახება. მიმდინარე წლის 27 აგვისტოს ქუთაისის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმის საცავიდან მუზეუმის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ამოაბრძანეს „დედაქალაქ ქუთაისის (პალიასტომის) ღვთისმშობლის ხატი“, რომელიც ათიათასობით მორწმუნემ ბაგრატის ტაძარში დაასვენა. სავარაუდოდ, ხატი 900 წლისაა და მაშინ შეიქმნა, როცა ქუთაისი გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი იყო. ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტის, კალისტრატეს თქმით, პარაკლისის გადახდის შემდგომ ხატი გაბრწყინდა. მეორე დღეს ხატი ისევ მუზეუმს დაუბრუნდა.

მიხეილ ნიკოლეიშვილი (ქუთაისის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი): „ეს ხატი საცავიდან გუბერნატორის თხოვნით საჩვენებლად გამოვიტანეთ. ეს აღარ განმეორდება. ხატის გამოტანა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოხდა, რომელსაც გარკვეული მიზანი ჰქონდა. ბაგრატის ტაძარი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოა და ეს ხატი მასთან არის დაკავშირებული.

რა თქმა უნდა, ეკლესია ამ ხატის ბატონ–პატრონია, მაგრამ, როდესაც ხატი ისტორიის საკუთრება ხდება, მისი ადგილი მუზეუმშია. ზოგი ტყუილად ფიქრობს ხატების უკან დაბრუნებაზე. ახლა რომ ეკლესიები შენდება, ოსტატებმა ახალი ხატები უნდა შეჭედონ, დახატონ და მიიტანონ ტაძრებში. რაც მუზეუმშია – ისტორიის საკუთრებაა. მათ 2 000–3 000 წელს უნდა გაძლონ. მათზე ოდნავი შერხევაც კი ცუდად მოქმედებს. მათ სპეციალურ პირობებში ვინახავთ, სადაც საიმედოდ არიან დაცული. ეკლესიაში კი ასეთი პირობების შექმნა შეუძლებელია.

სვანეთის ერთ–ერთი ეკლესიის იღუმენი ამბობდა: „ვინც ჩემს შემდეგ ამ ეკლესიის იღუმენი იყოს, კვამლისაგან დაიცავ, ფერი არა დააკლდესო“. ჩვენს ეკლესიებში სანთლებისგან კვამლი დგას. ეს ტემპერატურა ფრესკებსაც აზიანებს. ეს ხატი ხელოვნების ნიმუშია“.