Monday, February 24, 2003

მკვდარი სცენა

ჩვენმა უსაზღვროდ დიდი რაოდენობის მუსიკოსებმა ალბათ ჯერ არ იციან, რომ მათ უზარმაზარი სოციალური ძალა აქვთ. მათ შეუძლიათ ეს ძალა ქვეყნის სასიკეთოდ შემოაბრუნონ. ადამიანთა ერთობა უზარმაზარი ენერგიის მატარებელია, რომელსაც ყველა შემთხვევაში აზრს უწევენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი. თავად ამ ადამიანებზეა დამოკიდებული, თუ საით წარმართავენ ამ უსაზღვრო ენერგიას, რომელიც აუცილებლად, მხოლოდ ერთობით მიიღწევა.

ჩემმა ერთმა სტუმარმა „ახალი ვერსიის“ ერთ-ერთ სტატიაში დანანებით აღნიშნა, რომ სიტყვა „აქცია“ ჩვენში რატომღაც მხოლოდ რაღაცის წინააღმდეგ გალაშქრებასთან ასოცირდება. არადა, როდესაც ადამიანთა ერთობა რაღაც აქციას ატარებს, ხშირად ნიშნავს, რომ ისინი რაღაც იდეის ირგვლივ ერთიანდებიან. ეს იდეა კი ზოგჯერ მართლაც შეიძლება ვიღაცის ან რაღაცის, თუნდაც რამე მანკიერების წინააღმდეგ იყოს მიმართული და პროტესტის სახეს ატარებდეს. ზოგიერთი აქცია უფრო საქველმოქმედო ხასიათს ატარებს.

ჩვენი მუსიკოსები და ე. წ. შოუბიზნესმენები (განურჩევლად მათი მუსიკალური მრწამსისა) ხანდახან, ერთი შეხედვით, ქველმოქმედებასაც ეწევიან. რატომღაც საქართველოში დამკვიდრდა ტრადიცია, რომ საქველმოქმედო აქციაზე უნდა შეიკრიბოს მოდის, პოლიტიკისა და ესტრადის ე. წ. ელიტა. ამ ელიტის წევრები სახეზე ვითომ საზეიმო განწყობილებებით, ძვირადღირებული მობილური ტელეფონების დემონსტრირებებითა და ე. წ. ალა ფურშეტებით ცდილობენ გამათხოვრებული საზოგადოების დარწმუნებას, რომ მათ გული შეტკივათ უპატრონო ბავშვებსა და ვთქვათ, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმზე. საერთოდ გაურკვეველია იმ საქველმოქმედო საღამოს, მოდის ჩვენების, კონცერტის თუ შოუს (რომლის წამყვანები მაიმუნებივით დახტიან) არსი, თუკი მის ორგანიზებაზე მეტი ფული დაიხარჯება, ვიდრე შემოვა. ასეთ „საქველმოქმედო“ აქციებს ხომ ზედმეტად ფეშენებელურ დარბაზებსა და სასტუმროებში ატარებენ. ბოდიშით, მაგრამ, ჩემის აზრით, ეს არის სუფთა წყლის მარიაჟი (ჟარგონული გაგებით) და მეტი არაფერი. ამ დარბაზების დასაქირავებელი თანხით ხომ თუნდაც ორი დღის განმავლობაში მთელი ქალაქიც მშიერ-მწყურვალთა დაპურება შეიძლება. ანდა თუ ასეთ დარბაზს ქირაობ, მაშინ იმის გარანტია უნდა არსებობდეს, რომ დანახარჯზე რამდენჯერმე მეტი ფული შემოვა, რომელსაც მართლა დანიშნულებისამებრ მოიხმარენ.

ძალიან ბევრი უკვე ხვდება, რომ ასეთი აქციების მოწყობა ზოგიერთი პოლიტიკოსის წინასაარჩევნო ფანდებია. როგორც აპოლიტიკური ადამიანი, ვერაფრით ვრწმუნდები ასეთ ორგანიზატორთა გულწრფელობაში.

არ არსებობს ჭეშმარიტი შემოქმედი, მიტ უმეტეს, მუსიკოსი, რომელიც გულგრილად ეკიდება მის ქვეყანასა თუ მსოფლიოში არსებულ გლობალურ თუ ლოკალურ პრობლემებს. შეუძლებელია ხელოვანი ინერტული იყოს იმ ყველაფრის მიმართ, რაც მის ირგვლივ ხდება. დღეს მსოფლიოს პოპულარული როკ მუსიკოსების უმრავლესობა გმობს ბუშის სამხედრო პოლიტიკას ერაყში. ამ თვეში ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალთან დაკავშირებულ კონცერტზე ბრიტანელმა მომღერალმა სერ ელტონ ჯონმა ხმამაღლა დაგმო ჯორჯ ბუშისა და ბრიტანელი პრემიერის ტონი ბლერის პოლიტიკა და გერმანელებს გულწრფელი მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ისინი ამ ომში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. მადონამაც სულ ახლახანს განაცხადა, რომ ომის წინააღმდეგია. ჯორჯ მაიკლმა კი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გადაიღო ჩემი აზრით, შესანიშნავი ანიმაციური ვიდეოკლიპი, ბრიტანეთის გაშარჟებული პრემიერი წარმოაჩინა, როგორც ამერიკის პრეზიდენტის ენგადმოგდებული გოშია. კლიპში იგი უსიტყვოდ ემორჩილება ჯორჯ ბუშის ყველა დამამცირებელ ბრძანებას. ანიმაციის ერთ-ერთ მონაკვეთში ბლერი კატერის ძრავს დაუგებს ბრიტანეთის კუძულებს და ამერიკისკენ მიაცურებს. ამ პერსონაჟების გარდა კლიპის გმირები არიან სადამ ჰუსეინი, რომელიც გაღიმებული სახით ფრთოსან რაკეტას უშვებს ბრიტანეთის მიმართულებით, ინგლისის დედოფალი, ბლერის ცოლი, თავად მომღერალი და სხვები.

დასავლეთში სულ უფრო ხშირად ტარდება ომის საწინააღმდეგო როკ-ფესტივალებიც. მუსიკოსები (ამერიკელებიც კი) ბუშს დიქტატორს უწოდებენ დამ ას თვით ჰიტლერს ადარებენ, ხოლო ერაყთან მოსალოდნელ კონფლიქტს „ნავთობისათვის ომი“ შეარქვეს. ამ პროტესტს უკვალოდ არ ჩაუვლია, რადგან, განსაკუთრებით ევროპასა და აზიაში, მათ საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს. აქედან გამომდინარე, ევროპის ქვეყნების ბევრი ხელისუფალი იძულებულია, ანგარიში გაუწიოს საზოგადოებრივ აზრს.

როგორც ხედავთ, არც ერთი ქვეყნის მუსიკოსები არ არიან ინერტულები, ნებისმიერ მწვავე საკითხს ჰყავს მომხრე და მოწინააღმდეგე მუსიკოსები. ისინი ან ერთად გამოხატავენ საკუთარ აზრს, ან ინდივიდუალურად. სოციალურად აქტიურები არიან კლასიკური მუსიკისა და ჯაზის მიმდევრებიც. ჩვენთან კი ამ დროს მუსიკოსების უმრავლესობა ისევ გულარხეინად, ყოველგვარი პოზიციის გარეშე და გაურკვეველი ორიენტაციებით უმღერის სველ სიყვარულებსა და სიზმრისეულ, ანანისტურ გრძნობებს. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქართული სცენა სამწუხაროდ მკვდარია.

Tuesday, February 11, 2003

ალექსი ბერი სნეულ ადამიანებს ფეხებს ბანდა და ნაბან წყალს სვამდა

ცოტა რამ ახალი ქართველი წმინდანის შესახებ

1995 წლის სექტემბერში სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებამ, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II თავმჯდომარეობდა, ბერი ალექსი (შუშანია) წმინდანთა დასში ჩარიცხა. მისი ხსენების დღედ 31 იანვარი (გრიგორიანული კალენდრით) გამოცხადდა. მკითხველთა თხოვნით, ამ ახალი ქართველი წმინდანის შესახებ მოგითხრობთ.

ღირსი მამა ალექსი (ალექსი ლევანის ძე შუშანია) 1852 წლის 23 სექტემბერს სოფელ ნოქალაქევში (სენაკის მაზრა) დაიბადა. ალექსი ბერს მეფის დროის რუსული სკოლა არ გაუვლია. ის ძველ და ახალ ქართულ წიგნებზე აღიზარდა. მამის გარდაცვალების შემდეგ 16 წლისა სტამბულში გაემგზავრა, სადაც სავაჭრო საქმიანობას მისი ბიძა ეწეოდა. იქ მან ერთი წელი დაჰყო და მის მსოფლმხედველობაში დიდი გარდატეხა მოხდა. ის სარწმუნოებრივი განწყობით სამშობლოში დაბრუნდა. ერთხანს სალოსულ ცხოვრებას ეწეოდა. სოფლიდან სოფელში ფეხშიშველი დადიოდა, გაჭირვებულებს ეხმარებოდა, ემსახურებოდა გადამდები სენით შეპყრობილ უჭირისუფლო ადამიანებს (ცნობილია, რომ იგი ხშირად ასეთ ავადმყოფებს ფეხსაც კი ჰბანდა და მერე ნაბან წყალს სვამდა). სასწაული იყო, რომ ის ამ გადამდები სენით არ ავადდებოდა. მისი სიტყვა და საქმე მრავალ მიმდევარს პოულობდა. ზოგი მას დაჰყვებოდა და მასთან ერთად სოფლებში მსგავს საქმიანობას ეწეოდა, ზოგიერთი კი მონაზვნად დგებოდა.

ცხოვრება და მოღვაწეობა

წმ. ალექსიმ რამდენიმე თვე ათონის მთაზე დაჰყო. მისი გავლენით მთელი მისი ოჯახი – ძმა, დები და დედა მონაზვნად შედგა. თავად ალექსი ბერი მღვდელმონაზვნად ხელდასხმულია 1888 წელს. ერთ ხანს იგი ხობის მონასტერში ცხოვრობდა. შემდეგ, 1892 წლის ივნისის თვეში, რამდენიმე მოსწავლესთან ერთად მთავარანგელოზის სავანეში დაბინავდა. იქ არსებული ძველი ეკლესია თავისი ხარჯებით გადახურა, კედლები გამოაშენა და საწირველად მოაწყო. ალექსი ბერი, წინააღმდეგ მონასტრისათვის მიღებული წესისა, საეკლესიო მთავრობისაგან არავითარ ფულად დახმარებას არ იღებდა. იგი თავის მოწაფეებთან ერთად პირადი შრომით ცხოვრობდა. 1898 წლიდან იგი საერთოდ ჩაიკეტა თავის სავანეში (რომელსაც დღეს შუშანიების სავანე ჰქვია) და სიკვდილამდე საეკლესიო დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა, თუმცა შაბათ-კვირას მნახველებსაც იღებდა. ჭამდა დღეში ერთხელ, თავის ოთახში მარტო ლოცულობდა.

Monday, February 10, 2003

მეოცნებე ქალიშვილი

ერთ მშვენიერ საღამოს მეოცნებე თინეიჯერი ქალიშვილი საპირფარეშოში განმარტოებით იჯდა და ფიქრობდა. ოჰ, რომ იცოდეთ, რა ნაზი და ფაქიზი ფიქრები ჰქონდა მას! „ჩემი სიცოცხლე“! – დროდადრო გულში იმეორებდა ქალიშვილი. ამ სიტყვებით ის წარმოსახვით ერთ-ერთ პოპულარულ მომღერალ ბიჭუნას მიმართავდა, რომელიც ასევე პოპულარულ ბოიბენდში სოულს იმღერდა. მათი შეხვედრა ხანმოკლე, მაგრამ ქალიშვილის აზრით, შინაარსიანი იყო, თუმცა სევდიანი, ანუ „ტასკა“ დასასრული ჰქონდა. ქალიშვილი ოცნებამ წარიტაცა.

„იცოდე, მაინც მიყვარხარ, ერთხელ გაკოცებ და წავალ“, – კიდევ ერთხელ გაუმეორა ქალიშვილს ყურებპარტყუნა, მაგრამ ვარსკვლავ-ბიჭუნა მომღერალმა, აკოცა და სიზმარში გაუჩინარდა, სადაც მას სველი ოცნებების წვიმა ელოდა. „იცოდე, სიზმარშიც მიყვარხარ“ – წაიწკმუტუნა ბიჭუნამ და შავი ქოლგა გაშალა, მაგრამ სველი ოცნებების წვიმის წვეთები ისეთი მძიმე აღმოჩნდა, რომ ქოლგა ნაფლეთებად იქცა, ამიტომ საოცნებო ესტრადის მომღერალი სულ მთლად გაილუმპა. სიზმარში შემოდგომის სუსხიანი საღამო იდგა და სველ ყურებპარტყუნას ისე შესცივდა, რომ მთელი ტანით აძაგძაგდა.

„ხომ არ შეგცივდა, სიცოცხლეო?“ – განწირულის ხმით იკივლა მეოცნებე თინეიჯერმა გოგონამ და ბიჭუნას სიზმარში აედევნა. თუმცა, ადევნება რა საჭირო იყო, ესტრადის ვარსკვლავი სიცივისაგან გაშეშებული იდგა. მას ყურებზე სციოდა. „არ მინდა, რომ გული გატკინო“, – შეიცხადა მეოცნებე ქალიშვილმა და ძეგლივით გაყინულ ბიჭუნას ჩაეხუტა. ამ მშვენიერ, მაგრამ სუსხიან რომანტიკულ საღამოს სადღაც ვაგონი მიჰქროდა და სიყვარულიც დაფრინავდა. ამ სიზმარში საიდანღაც მეეზოვე კლიპმეიკერმა შემოაბიჯა და სიყვარულით გაწუწულ წყვილს რატომღაც „გიხაროდენო“, მიაძახა. მეოცნებე თინეიჯერი ქალიშვილის თმებიდან სველი ოცნების წვიმა წყაროსავით მორაკრაკებდა. მან მეეზოვეს გამოხედა და მიუგო: მე ხომ პატარა ნაკადული ვარო. ამ სიტყვებზე კლიპმეიკერი მეეზოვე მიხვდა, რომ წყვილი ამჯერად გამოგვის საშუალებას არ მისცემდა, თანაც ტერარიუმში ჩამწყვდეული მელოტი კუ გაახსენდა, რომელსაც, უკვე მეხუთე დღეა, აშიმშილებდა, ამიტომ მეეზოვემ ცოცხი სიზმარში დატოვა და სახლში გავარდა. „ვერ შეგელევი ჩემო სიცოცხლე, ვერა!“ – ყველაფრის თავიდან გახსენება დაიწყო მეოცნებე ქალიშვილმა.

სინამდვილეში კი აი, რა მოხდა. მეოცნებე ქალიშვილი თავის დაქალებთან ერთად სპორტის სასახლეში გრანდიოზულ შოუ-კონცერტზე წავიდა. დაქალებმა თავიდანვე დაიჭირეს თადარიგი, ამიტომ სცენასთან სულ ახლოს მოხვედრაც იზეიმეს. კონცერტი რამდენიმე ცირკის მაიმუნს მიჰყავდა, რომლებიც სცენაზე ოთხზე დარბოდნენ და მიკროფონებში მომღერლებივით ყმუოდნენ. ამის შემდეგ მაყურებელთა წინაშე, მათივე ოვაციებში დამხრჩვალი ვარსკვლავები გამოდიოდნენ და ხელ-ფეხს იქნეოდნენ. მათი ტანისამოსები განათების შუქზე მნახველთა თვალს სჭრიდა. როდესაც ლურჯ შარვალში გამოწყობილმა ცირკის ერთ-ერთმა წამყვანმა მაიმუნმა კანფეტი თავისი ხელით გაფცქვნა, შეჭამა, თვალზე ხელი აიფარა და მიკროფონში რაღაც „უჰ, უჰ, უუს“ მსგავსი წარმოთქვა, მეოცნებე თინეიჯერ ქალიშვილს და დაქალებს გულმა უკარნახა, რომ სწორედ ახლა გამოვიდოდა სცენაზე მათი საყვარელი ბენდი. მათ შინაგანმა ხმამ არ უღალატათ და კიბეებიდან სცენაზე სოულ-ბოიბენდის ბიჭუნები ჩამოიკვანწნენ ტანის ნარნარი რხევით. მათ შორის ყურებპარტყუნაც იყო.

„აუუუ, იე-იეეეჰ“ – წაიყმუვლეს ბიჭუნებმა და ჩაირთო მინი-დისკ პლეერი. დატრიალდა დარბაზი, ვიღაცა კიოდა, ვიღაცას ციოდა, ვიღაცა იგინებოდა. ყველანი ბედნიერები იყვნენ. მეოცნებე თინეიჯერი ქალიშვილი ექსტაზში ჩავარდა და გული წაუვიდა. მისმა საყვარელმა ყურპარტყუნა ესტრადის მომღერალმა ბიჭუნამ მიკროფონს ჩასძახა „ხმა მიეცით გიხაროდენს! ეს ლამაზი გოგონა კი სცენაზე ამოვიდეს ჩემთან“! – საჩვენებელი თითი მეოცნებე ქალიშვილისკენ შემოატრიალა. თინეიჯერს კიდევ ერთხელ შეუწუხდა გული, მაგრამ დაქალებმა ძირს დავარდნის საშუალება არ მისცეს, მაყურებელი ბიჭების დახმარებით ის ციმციმ მაღლა ასწიეს და სცენაზე დაასვენეს. ქალიშვილი მაშინათვე ყურპარტყუნა ბიჭუნას ჩაეხუტა.

„ჩემო სიცოცხლეო!“ – ცრემლებად დაიღვარა ქალიშვილი. ვარსკვლავბიჭუნამ „სიცოცხლეობა“ შეიშნო და დარბაზს ამაყად გადახედა. მერე მათ წყნარ, გულისდამწველ მელოდიაზე იცეკვეს. ერთ მომენტში ქალიშვილს კინაღამ ერთხელაც შეუღონდა გული, როდესაც ყურპარტყუნას ცხელი, ვნებიანი სუნთქვა იგრძნო...

უცბად საპირფარეშოში მჯდარი მეოცნებე ქალიშვილი სიბრაზემ შეიპყრო. მას გაახსენდა, რომ მისი სათაყვანებელი ყურებპარტყუნა საყვარელი ბიჭუნა სხვა მაღალ ქუსლებზე მდგარ გოგონასაც ეცეკვა. ოჰ, ეს მაღალქუსლიანი მოდური ფეხსაცმელი რომელ ბაზრობაზე იყიდება და რა ღირს ნეტავ? თავად როდისღა შეიძენს?

მოულოდნელად მეოცნებე ქალიშვილი ფიქრებიდან გამოერკვა და აღმოაჩინა, რომ სახლში ტუალეტის ქაღალდი გათავებოდა. მეოცნებე ქალიშვილის დღეს, კონცერტის შემდეგ მისი ყიდვა დაავიწყდა.