Saturday, December 17, 2016

6 რჩევა, თუ რას შეიძლება ვუსმინოთ ინტერნეტში

ადამიანი იბნევა, როცა რამდენიმე თანაბარი ღირებულების მქონე ვარიანტს შორის არჩევანი აქვს გასაკეთებელი. ამ დროს ხშირად ნატრობს ვინმეს, რომელიც თითოეულ ვარიანტს კარგად, დაწვრილებით დაუხასიათებს, რის შემდგომაც იგი უფრო თავისუფლად აირჩევს. მუსიკის მსმენელები ალბათ დამეთანხმებიან, რომ ახალ ეპოქაში სულ უფრო ხშირად ვსვამთ შეკითხვას – რას ვუსმინოთ, ან სად ვიპოვნოთ ჩვენთვის საინტერესო მუსიკა? მით უფრო მაშინ, როცა საქართველოში მუსიკალური მაღაზიები, სადაც ხარისხიან ვინილის დისკს თუ CD-ს შეიძენ, ფაქტობრივად აღარ არსებობს. ახალი თუ ძველი მუსიკის საძიებლად მელომანს ძირითადად ინტერნეტი რჩება, სადაც საკმაოდ რთულია ამდენ საიტს შორის მიაგნო საინტერესოს და სიახლე შეიტყო შემსრულებლებზე.

ადრე, როცა შოუბიზნესი ძირითადად მხოლოდ რადიოთი, ტელევიზიით და პრესით რეკლამდებოდა, რამდენიმე კარგი ჟურნალი, რადიოსადგური თუ ტელეგადაცემა საკმარისი იყო სასურველი ინფორმაციის მისაღებად. დღეს ამის გაკეთება რთულია, რადგან გლობალური ქსელის განვითარებასთან და ხელმისაწვდომობასთან ერთად უამრავი ახალი ინტერნეტგამოცემა თუ საიტი გაჩნდა. პლუს ამას, საქართველოში მუსიკალური გადაცემები, რადიოსა თუ ტელევიზიაში საკმაოდ მცირეა და ამიტომ კიდევ უფრო რთულია ვინმესგან რაიმე კარგი რჩევა მიიღო. გავითვალისწინოთ ისიც, რომ მსოფლიოში სულ უფრო გაპოპულარულდა აუდიოწიგნები, რომლის მშობლიურ ენაზე პოვნა ასევე არც ისე მარტივია.

შევეცდები რამდენიმე რჩევა მოგცეთ, რა სად ეძებოთ ინტერნეტში – უფასოდ და ლეგალურად, რაღა თქმა უნდა.

1.    ყველაზე მოსახერხებელი საიტი, ჩემი აზრით, YouTube-ია, რომელზეც ზღვა მუსიკაა ატვირთული და მათი მოძიება-მოსმენა-ნახვა ძალიან მოსახერხებელია. უბრალოდ, საძიებელში უნდა აკრიფოთ სასურველი მუსიკოსისა და სიმღერის სახელები. იშვიათია ჩანაწერი, რომელსაც ამ არხზე ვერ იპოვნით. ბევრი ალბომი სრულადაა განთავსებული. სასურველი მუსიკის მოსმენის დროს, ვიდეოს ფანჯრის მარჯვნივ თავად „იუტუბი“ შემოგთავაზებთ იგივე შემსრულებლის სხვა კომპოზიციებს ან სიმღერის სხვა ვერსიებს, რაც ბევრად სასიამოვნოს ხდის მუსიკის ძიება-სმენას. თუ არხზე დარეგისტრირდებით, გაცილებით მეტი ფუნქცია ჩაირთვება, რომელიც კიდევ უფრო გაამარტივებს ნავიგაციას თუ მუსიკის ძიებას. ამავე დროს, შეინახავს საყვარელ კომპოზიციებს თუ დასაკრავ სიებს (იგივე ფლეილისტებს), ასევე ამ საიტზე ნავიგაციის ისტორიას.