Showing posts with label ხით-ჰიტ პარადი. Show all posts
Showing posts with label ხით-ჰიტ პარადი. Show all posts

Tuesday, February 24, 2004

მეთუნეები ქართულ ლიტერატურაში

ისინი ამალებული ადგილებიდან დაეშვნენ, ტურებივით შეესივნენ ქართულ ტელეეთერს და ბუღა ხარებივით გადაჯეგეს

© ლაშა გაბუნია
© ლევან რამიშვილი

დასაწყისი

ცვლილებები... ჩვენ მათ მივეჩვიეთ. იცვლებოდა თაობები, დროშები, ქუჩების სახელები, ფული, დღესასწაულები, სიმბოლოები და მათი შემქმნელები... იმდენი რამ შეიცვალა, რომ ძველი და ახალი ერთმანეთში აიზილა. ძნელი გახდა გარჩევა რამ ზნე იცვალა, რამ – მხოლოდ ფერი.

ამ ორომტრიალში გამოჩდნენ მემარჯვენეები, მემარცხენეები, მწვანეები, ლურჯები, ცისფრები, ვარდისფრები და კიდევ ვიღაცეები. სანამ ფერების მიხედვით დაყოფილ ჯამაათს ვინმე შინაარსისდა მიხედვით დაალაგებდა, და ამღვრეული წყალი დაიწმინდებოდა, მათგან აღმოცენდნენ „ახლები“ და ყელში სწვდნენ „ძველებს“. ეს უკანასკნელნი იმდენად უკანასკნელნი აღმოჩდნენ, რომ ადამიანი ბოლომდე „ახლებს“ ენდო და მათ „ძველების“ მიერ მიტოვებულ კვარცხლბეკზე „შალახოც“ იცეკვეს და ჩაილურდალეულთა ჩაიც დალიეს.

ეს ყველაფერი კარგი, ჩვენც ეს გვსურდა, მაგრამ ამდენი წლის დავიდარაბის შემდეგ, XXI საუკუნის გარიჟრაჟზე ერთხელ მაინც ხომ უნდა დაისვას სრულიად ბუნებრივი კითხვა: ვინ იყვნენ „ძველები“, ვინ არიან „ახლები“ და რა განსხვავებაა მათ შორის?

მეთუნეობის საფუძვლები, ანუ წითელი ელიტა, მეტსახელად – შემოქმედებითი ინტელიგენცია

მეტ-ნაკლებად ყველამ იცის, რას წარმოადგენდა და რა მიზნებს ემსახურებოდა საბჭოთა საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც საგანგებოდ მათ მორგებული სახელი – „შემოქმედებითი ინტელიგენცია“ შეარქვეს. და მაინც, ორიოდ სიტყვით შეგახსენებთ მის დანიშნულებას „ნათელი მომავლის“ მშენებარე საზოგადოებაში და სხვა ფრიად საგულისხმო დეტალებს.

„წითელ ინტელიგენციას“ ოდესმე არსებულ ადამიანთა სხვა დაჯგუფებებისგან რამდენიმე საგულისხმო ნიშანი გამოარჩევდა:

Monday, July 1, 2002

„კურიერი“ და „ბი-ემ-დაბლიუ“ თბილისიდან უოშინგტონში მოსკვას გავლით

მუსირებს აზრი, რომ ყველაზე პოპულარულ ტელეარხს ენობრივი პრობლემები აქვს

კომუნისტური მმართველობის დროს, მთელი 70 წლის განმავლობაში არ არსებობდა დამოუკიდებელი ტელევიზიები და ჟურნალ-გაზეთები, რის გამოც, რბილად რომ ვთქვათ, ბნელში ვისხედით. მაგრამ დღეს ყველაფერი სულ სხვაგვარადაა. ჩვენი ქვეყანა აღმავლობის გზაზე დგას (იხ. ე. ა. შევარდნაძის ორშაბათის რადიოინტერვიუები). ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც ის, რომ დღეს საქართველოში ათეულობით დამოუკიდებელი, ეროვნული ტელეკომპანიაა.

დღეს არ განვიხილავთ მათ ინტელექტუალურ თუ პროფესიულ დონეს, მხოლოდ ქართულ მეტყველებაზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას.

მაგალითისთვის ავიღოთ რომელიმე ტელეკომპანია, თუნდაც „რუსთავი 2“. ეჭვგარეშეა, ეს ტელეარხი დღეს ყველაზე პოპულარულია და ხალხის უდიდესი მხარდაჭერით სარგებლობს, რაც რამდენიმე თვის წინაც დადასტურდა. მაშ ასე, საქმეს შევუდგეთ. ჩვენ „რუსთავი 2“-ის სატელევიზიო ენით მოვამზადებთ რეპორტაჟს:

I ნაწილი – რუსთავიორულად

მელომანი: „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის საშტატო ერთეულები მაქსიმალურად ნონედუკატიურები არიან. ეს არ ეხება მხოლოდ უოჩმენს, რადგან ეს სუბიექტი ინფორმაციის მოწოდების მხრივ, სრულ ინფორმაციულ ვაკუუმშია. ეს ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც აღნიშნულ ობიექტს თვალ-ყური გაადევნა ჩვენმა კორესპონდენტმა. ჰუმანოიდო!“.





















ჰუმანოიდი: „დღის არსებული ინფორმაციით ეთერშია ჰუმანოიდი. გამარჯობათ! დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე დილიდანვე დიდი ხმაური იყო. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ეთერში გავიდა აჟიტირებული საინფორმაციო პროგრამა „კურიერი“, სადაც წამყვანმა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი პარლამენტარი საკუთარი „ბი ემ დაბლიუ“-ს მარკის მანქანით სანაპიროზე მდგომ ხეს შეეჯახა, განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ პარლამენტარის ჯანმრთელობა დასტაბილურდა. მინდა გაცნობოთ, რომ ეს უკანასკნელი ტერმინი ლინგვისტურად ალოგიკურია, ვინაიდან ჯანმრთელობა დღის მონაკვეთში შეიძლება დაპროგრესირდეს, მაგრამ შეუძლებელია მისი დასტაბილურება. მელომანო!“.

Monday, May 20, 2002

სიბრძნე სიყალბისა, ანუ სად მივყავართ უტიფრობის ნიაღვარს

„კუდიანი კომეტები“ უთავო პოლიტიკოსების სამსახურში

„უცნაური გრძნობა შემომერია, ეს ქვეყანა თვალწინ გადამერია“, – ვერაფერს იტყვი, ნაცნობი გრძნობაა, მხოლოდ ისაა უცნაური, რომ ამ სიტყვებს იმათგან ისმენ, ვისი „მოღვაწეობის“ შედეგადაც ეს გრძნობა ასე ხშირად გვეუფლება. მოდით, დავაკვირდეთ ქართული ესტრადის, ერთი შეხედვით, მრავალფეროვან პალიტრას.

მუსიკა, სიბრძნე, სიცრუე და პოლიტიკა

ქართული თანამედროვე მუსიკის ცის ტატნობზე აკიაფებული „ვარსკვლავები“ (ალბათ უფრო მართლები ვიქნებით თუ ვიტყვით – „კუდიანი კომეტები“) დიდი ხანია მოურიდებლად შეიჭრნენ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და რადგან, ალბათ, გრძნობენ, რომ ადამიანთა გულებში მათი ადგილი არ არის, ყოველდღე ახალ-ახალ ხრიკს მიმართავენ ჩვენს ცხოვრებაში მაინც რომ დაიმკვიდრონ ადგილი. ალბათ იმასაც კარგად ხვდებიან, რომ მათმა ერთნაირად უსახურმა და უშინაარსო სატრფიალო სიმღერებმა (სადაც სიყვარული მხოლოდ სიტყვის მასალაა) ყველას თავი მოაბეზრა და ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად ეპოტინებიან ისეთ თემებს, რომლებთან შეჭიდებისას მხატვრული ოსტატობა თუ არა, უბრალოდ, მორალური უფლება მაინც უნდა გქონდეს.

მაგალითად, როდესაც შენი მამიკო ტყეების განადგურებაშია მხილებული, ხოლო შენ ამ გაყიდული ხე-ტყის ფასად სცენაზე დგახარ და ყმუი, იმდენი ნამუსი მაინც უნდა შეგრჩეს, რომ „ტყე შეუნახე შვილებსა“ ცინიკური ღიმილის გარეშე იმღერო.

Monday, April 22, 2002

მუსიკის გაკვეთილი – ო, რა ბანძია!

რამდენიმე ეპიზოდი არჩილ შოთას ძის შემოქმედებიდამ

ბედნიერებაა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც აბსოლუტურად ყველას აქვს შესაძლებლობა დადგეს ტრიბუნასთან ან სცენაზე, საჯაროდ ილაპარაკოს და იმღეროს ყველაფერი, რაც მას (ან სხვას) თავში მოუვა. შინაარსიანი იქნება მისი გამოსვლა თუ უშინაარსო, მაინც დაფნის გვირგვინი ხვდება წილად. ეს განსაკუთრებით დიდი ბედნიერებაა მათთვის, ვისაც თავში არაფერი უძევს განდიდების მანიის გარდა. და, რადგან ასეთი ადამიანები, ანუ ისინი, ვისაც თავის ცხოვრების ქვაკუთხედად მუსიკა მიუჩნევიათ, ჩვენში არნახულად მომრავლდნენ, გადავწყვიტეთ, დავეხმაროთ მათ და დამწყებებსაც სიმღერის ტექსტის შექმნის ტექნოლოგიის დაუფლებაში. ეს საქმე არც ისე რთულია, როგორც „ვარსკვლავები“ ფიქრობენ (იხ. ვარსკვლავთმრიცხველი ნოსტრადამუსის ნაშრომების XXVI ტომი). ამაში რომ დავრწმუნდეთ, მოდით, განვიხილოთ ქართული მუსიკალური სინამდვილის ნაღების (ელიტის) ცალკეულ წარმომადგენელთა, კერძოდ, ბატონ არჩილ შოთას ძე მეფარიძის ჰიტი „ო, რა კაია!“

Tuesday, April 9, 2002

აწეული კაბების კვალდაკვალ ანუ კომკავშირული სიყვარული არ დაფრინავს

საქართველო ლექსის ქვეყანააო – ამბობენ. ლექსი კი, მოგეხსენებათ, მრავალნაირია. იგი შეიძლება იყოს გენიალური და რაღაც გენიალურზე მეტიც. შეიძლება ლექსი იყოს კარგი, საშუალო დონის, ან სულაც პატიოსნად დაწერილი (ისეთი, რომ არ მოგწონს, მაგრამ წუნს ვერ დაუდებ), მოკლედ რომ ვთქვათ – ენის მცოდნე და რითმის პოვნაში გაწაფული კაცის დაწერილი.

შეიძლება კაცმა გარითმულად დაწერო, მაგრამ ეს იყოს არა ლექსი, არამედ ის, რასაც ტექსტს უწოდებენ ხოლმე. ქართულ ესტრადაში „ვარსკვლავები“, როგორც წესი, „ტექსტით“ კმაყოფილდებიან.

ტექსტი ლექსთან შედარებით თავის გამოხატვის პრიმიტიული საშუალებაა. იგი ყოველთვის ერთნაირად მარტივია და იმის მიხედვითაც შეიძლება დაიყოს, თუ როგორია მისი ავტორი. ტექსტები შეგვიძლია დავყოთ კატეგორიებად:

1. „ჯიგარი“;
2. ჩვეულებრივი;
3. უაზრო;
4. უზრდელური (უხამსი);
5. ტუტუცური (თავხედური);
6. მუხთალი (ვერაგული).

მივყვეთ თანმიმდევრობით:

Tuesday, March 5, 2002

სირცხვილი თქვენ, ვაიკრიტიკოსებო!

ორიოდ სიტყვით ჰუმანოიდისა და მელომანის უნიჭო ნაჯღაბნის შესახებ

სადაა პატრონი, თორემ თქვენ ერთი გემოზე უნდა მიგბერტყოთ კაცმა, ხოლო თქვენი სტატიები ცეცხლს უნდა მიეცეს.

რატომ?

ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ ასე თავზეხელაღებით ლაფში სვრით ქართული ესტრადის ვარსკვლავებს? თქვენ ამბობთ, რომ მათ სიმღერებს აკრიტიკებთ, მაგრამ ამ ჰიტების ასე დაუნდობლად გამასხარავებით ხომ მათ ავტორებსაც ჩირქს სცხებთ, აბუჩად იგდებთ და ლანძღავთ! არადა, რას აშავებენ? ნუთუ იმას, რომ ისინი მსმენელის გულისთვის საკუთარ ფულს ხარჯავენ (თავიანთ ოჯახებს აკლებენ) და წერენ ფონოგრამებს, აწყობენ გრანდიოზულ კონცერტებს, გამოდიან ტელე-რადიო გადაცემებში და ა. შ.? განა საამაყო არ უნდა იყოს ჩვენთვის მათი შემოქმედება? განა ამ მომღერლებმა (გვარებს შეგნებულად არ ვასახელებ, რადგან მათ ჩვენი წარდგენა არ სჭირდებათ) არ შეძლეს ქართული მუსიკალური ბაზრიდან გაედევნათ უშინაარსო რუსული ესტრადა? რა, ეს არ არის ის დიდი გამარჯვება, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ველოდით? აბა, გაიხსენეთ 15, ან თუნდაც 10 წლის წინანდელი სინამდვილე. წარმოიდგენდით მაშინ, როცა ქართულად სიმღერა სირცხვილად ითვლებოდა და ქართველი თინეიჯერები რუსული და იტალიური ესტრადის მეტს არაფერს უსმენდნენ, რომ ქართული ენა ასე მყარად დამკვიდრდებოდა მშობლიურ სცენაზე.




















Monday, February 18, 2002

შენი ერთგული მე, იმანო, შიმანო, ჩვიმანო... და თქიმანოც

ახალი ქართული ენის საფუძვლები ზაზა ხუციშვილისა და მამუკა ონაშვილის შემოქმედებაში

დადგა ახალი საუკუნე, უფრო მეტიც, ახალი ათასწლეული და პოეტებსა და მუსიკოსებს უკვე „საუკუნის ნოსტალგია 2“ მოეძალათ. ჰოდა, თავს ძალა დაატანეს და შეეცადნენ, რამე ნოსტალგიის მაგვარი გრძნობის აღმძვრელი შეექმნათ, მაგრამ როგორც გასულ საუკუნეში იტყოდნენ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და ახალი საუკუნის შესაფერ მეთოდებს მიმართეს. ასე წერა კი ძალზედ ადვილია – აიღებ რომელიმე დასავლელი ვარსკვლავის პოპულარულ მელოდიას, მოარგებ რამდენიმე ქართულ სიტყვას. ამ საქმეში, როგორც წესი, გამოიყენება სიტყვები „მე“, „შენ“, „ის“, „ცრემლი“, „სევდა“, „წვიმა“, „ლოდინი“ და ზოგჯერ „ლოგინიც“ კი... თუმცა ეს ბანალურობანი მხოლოდ რიგით, საშუალო ნიჭის მქონე ავტორებს ახასიათებთ. ჩვენს მიერ განსახილველი სიმღერის შემთხვევაში კი საქმე გვაქვს ჭეშმარიტად ტიტანური სულისა და ათასწლეულებრივი გაქანების ნოვატორთან.



















იგავმიუწვდომელია პოეზიის ძალა. პოეტის გენიას ძალუძს სული შთაბეროს ეპოქებსა და ერებსაც კი. და რაოდენ სასიხარულოა, როდესაც ამგვარი საუკუნის შედევრები აგერ, ჩვენს გვერდით, ჩვენს მშობლიურ დედაქალაქში იქმნება. რა ბედნიერებაა იმის შეგრძნება, რომ კაცი, რომელიც მომავალ საქართველოს გააცისკროვნებს და ბუმბერაზი მხრებით ატარებს მის აწმყოსა და მომავალს, გაისიგრძეგანებს მის სატკივარს, იმ ქუჩებში დააბიჯებს, რომელსაც ჩვენ ასე უმოწყალოდ ვტკეპნით.

Tuesday, February 5, 2002

ყველაფერი „უ“ და სამწუხაროდ, არაფერი ქართულ პოპსაში

აჩუქეთ სატრფოს ელექტრობურღი, დატკბით მამალოს წუწნით და უსმინეთ თამუნა ამონაშვილს

ეპიგრაფი

... როგორც იქნა განვვითარდით! აღარა ვართ ბანძები! რამდენი სუპერმარკეტი გვაქვს, რამდენი „ფირმა“ მაღაზია! რა მანქანებით დავდივართ!. როგორც იქნა შევაბიჯეთ ევროპაში ფეხი! ჩვენი, ეროვნული ტელევიზიები გვაქვს! არადა, ვინ იფიქრებდა, რომ ამდენს შევძლებდით, ვინ დაიჯერებდა 10-15 წლის წინ, რომ აღარც „რუსულებს“ მოვუსმენდით, აღარც „ინგლისურებს“ და პირდაპირ ქართულად ჩავაპაპს-ჩავასოულებდით... მოკლედ, რაღა ბევრი მტკიცება უნდა, მაგრა წავედით წინ, აღარა ვართ ჩამორჩენილები... (ნაწყვეტი გაუთვითცნობიერებელი და ოპტიმისტურად განწყობილი საშუალო ქართველის ფიქრებიდან)

პროლოგი

დღეს მართლაც ბევრი გამოხატავს კმაყოფილებას იმის გამო, რომ ქართველებმა მოვახერხეთ და ჩვენს ქვეყანაში რუსული პოპ-მუსიკის შემოჭრა შევაჩერეთ, შევცვალეთ რუსული პროდუქცია ქართულით. ამით არა მხოლოდ „ჩვეულებრივი“ (ანუ საქმეში ღრმად ჩაუხედავი) ადამიანია გახარებული, არამედ ბევრი ისეთი პიროვნებაც, რომელიც უშუალოდაა შოუბიზნესის ორომტრიალში ჩართული და აქედან გამომდინარე, ამ საქმის მეტი ცოდნაც მოეთხოვება.

თუ ქართული პოპ-მუსიკის არსებობა თავისთავად დიდი საქმეა და ჩვენს თვითმიზანს წარმოადგენს, მართლაც კარგად ყოფილა ჩვენი საქმე (!), მაგრამ, თუკი სიმღერის მოსმენისას არა მხოლოდ იმას მივაქცევთ ყურადღებას, ქართულადაა იგი თუ ნამღერი, რუსულად თუ მოზამბიკურად, არამედ იმასაც დავაკვირდებით, თუ რამდენად გემოვნებითაა იგი შესრულებული, რამდენად შინაარსიანია ტექსტუალურად თუ მუსიკალურად; რამდენად საინტერესოა ან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ – ხარისხიანი... თუ ამ ყველაფერზე ყურადღებას გავამახვილებთ, ადვილად მივხვდებით არც ისე სასიხარულოდ გვაქვს საქმე, როგორც ბევრს ჰგონია.

Tuesday, January 29, 2002

ო და ოო აჩიკო მეფარიძისა და თამუნა ამონაშვილის შემოქმედებაში

სიმღერა-გოდება ადამიანზე, რომლის სქესის დადგენა ვერ ხერხდება

დღეიდან „ახალი ვერსია“ იწყებს ჯერჯერობით უპრეცედენტო ჰიტ-პარადს – თქვენ საშუალება გექნებათ გაეცნოთ მასების საყვარელი ჰიტების ტექსტების ფსიქო-სომატურ დახასიათებას.დღეს ჩვენ განვიხილავთ საქვეყნოდ ცნობილ უკვდავ სიმღერას „მაპატიე“, რომელსაც ასრულებენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები აჩიკო მეფარიძე და თამუნა ამონაშვილი (ეს არის დუეტი). პირველ რიგში, გთავაზობთ მთლიან ტექსტს:

მაპატიე

ო! რამდენი რამე მახსენდება
და ღამე ფიქრებში გათენდება,
ეს უსასრულო ლოდინი
მაპატიე, მაპატიე.
სად გეძებო, სად?
რა ჩუმად წახვედი,
არ მასვენებენ წარსულის ლანდები,
შენ ცრემლიანი დამალე თვალები,
როცა მოვიდნენ განშორების ქარები.
შორს, ძალიან შორს მიდის მოგონება,
გთხოვ დამიბრუნდი, გული გელოდება,
წუხს მონატრება ლოდინით დაღლილი,
შენ ვერ გაიგე ჩემი გულის ძახილი.
(მისამღერი):
ო! რამდენი რამე მახსენდება
და ღამე ფიქრებში გათენდება,
ეს უსასრულო ლოდინი მაპატიე.
მღერიან მონატრების ბგერები
და ახლა ოცნებას ვერ ველევი,
ოო! სევდას ვეღარ ვიტევ!
შენ გეძახი შენ, დღეები მიდიან,
ცა სევდიანი ეს ჩემი ფიქრია.
ის შენ იყავი ლამაზი სიზმარი,
ისე წახვედი, არაფერი მითხარი.
(მისამღერი):
და ისევ ჩუმად მიმეორებს ქარი შენს სახელს
სადა ხარ ახლა, ნეტავი სიზმრად მენახე,
მაპატიე.