Showing posts with label ბაჩი ქიტიაშვილი. Show all posts
Showing posts with label ბაჩი ქიტიაშვილი. Show all posts

Wednesday, December 19, 2012

ბაჩი ქიტიაშვილი – ქართული როკის ლეგენდა

ბაჩი ქიტიაშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი მუსიკოსია, რომელმაც ჯერ კიდევ საბჭოთა წყობისას მოახერხა აკრძალული როკმუსიკის დაკვრა. მისი ბენდი „ბერმუხა“ 1965 წლიდან არსებობს და დღემდე პოპულარობით სარგებლობს. ჯგუფი საკმაოდ მძიმე რიტმ-ენდ-ბლუზს, პროგრესივ, ჯაზ და ჰარდ როკს ასრულებს. „ბერმუხა“ თავის დროზე ერთადერთი დამოუკიდებელი მუსიკალური ჯგუფი იყო, რომელიც მაშინდელი საბჭოთა რეჟიმის იდეოლოგიას უპირისპირდებოდა, როგორც მუსიკით, ისე ცხოვრების წესით. გიტარისტ ბაჩი ქიტიაშვილს მიაჩნია, რომ ის და მისი ჯგუფის წევრები დისიდენტები იყვნენ. კომუნისტი იდეოლოგები მათზე ამბობდნენ: აი, ესენი აფუჭებენ და რყვნიან ახალგაზრდებსო. მუსიკოსი აღნიშნავს, რომ გასული საუკუნის 80-იანი წლების ე.წ. „პერესტროიკამდე“ ჯგუფი იატაკქვეშეთში იმყოფებოდა. 

ბაჩი ქიტიაშვილმა ჩემთან საუბრისას გაიხსენა: „12 წლის განმავლობაში „ბერმუხა“ ზენიტში იყო, სცენიდან ფეხი არ ჩამოგვიდგამს. ვმოგზაურობდით ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში. ვიყავით მოსკოვში, სოჭში, კიევში, ხარკოვში და სხვა ქალაქებში. მართალი გითხრათ, მიკვირს, რომ დღესაც ამდენი ახალგაზრდა გვისმენს... „ბერმუხა“ ის ჯგუფია, რომლის კონცერტის დროსაც ქუთაისში გზები გადაკეტეს, იმდენი ხალხი იყო. ფოთში გამოსვლისას კი კედელი გადავანგრიეთ, თუმცა ხალხის თხოვნით, კონცერტი გავაგრძელეთ. რამდენიმე ქართული ნაწარმოები, რომელსაც დღესაც ვასრულებთ, სწორედ მაშინდელია“. „ბერმუხას“ რამდენიმე გამორჩეულად ცნობილი ჰიტი აქვს – „არწივი“ და „დღეს ჩვენ ერთად ვართ“, ისინი ყველა კონცერტზე სრულდება.

ჟურნალი „თბილისი Out“ #27, დეკემბერი, 2012 წელი
 

Monday, February 11, 2002

ქართული როკის მამა გამოუსწორებელი ოპტიმისტი ყოფილა

ბაჩი ქიტიაშვილი: „შესაძლოა, მე ამას ვერ მოვესწრო, მაგრამ მჯერა, რომ ქართული გენი ყველას გააოცებს“

თანამედროვე ქართული მუსიკის ერთ-ერთ ლეგენდას, ქართული როკის მამას, გიტარისტ ბაჩი ქიტიაშვილს თბილისში როკ-მუსიკის ყველა მოყვარული იცნობს. მისი ჯგუფი „ბერმუხა“ 1965 წლიდან არსებობს და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ „ბერმუხა“ თავის დროზე ერთადერთი დამოუკიდებელი მუსიკალური ჯგუფი იყო, რომელიც მაშინდელი რეჟიმის იდეოლოგიას უპირისპირდებოდა როგორც მუსიკით, ისე ცხოვრების წესით. მოგვიანებით, 70-იან წლებში უკვე გაჩდნენ მსგავსი კოლექტივები, რომლებიც რა თქმა უნდა, გულზე არ ეხატებოდა კომუნისტურ რეჟიმს. ჩვენი საუბარი სწორედ ამ თემით დაიწყო.

-----------------------------
მცირე პრეს-დოსიე
-----------------------------
ბაჩი ქიტიაშვილი არ გვიმხელს დაბადების ზუსტ თარიღს, ამბობს, რომ გიტარისტ კარლოს სანტანას ასაკისაა. დამთავრებული აქვს მუსიკალური სასწავლებელი გიტარის განხრით. თუ რომელი, ამასაც არ ამხელს. დაკვრა ასწავლა ვასილ ხუციშვილმა, ხოლო საერთოდ მუსიკა – ვაგიფ მუსტაფა ზადემ. „ბერმუხა“ პირველ კონცერტებს ატარებდა ნავთლუღის კლუბში. მიაჩნია, რომ გიტარისტს უნდა ჰქონდეს ბლუზისა და ესპანური სკოლის ზეგავლენა. ჯერჯერობით არც ერთი ალბომი არ ჩაუწერია. აცხადებს, რომ ცხოვრებაში მუსიკის გარდა სხვა საქმიანობას არ გაჰკარებია. ჰყავს სამი შვილი და შვილიშვილები (რაოდენობას არ ამხელს).
 

---------------------------------------------------------

– შეგიძლიათ თუ არა, „ბერმუხას“ დისიდენტური ჯგუფი უწოდოთ?

– რა თქმა უნდა, მარტო „ბერმუხა“ კი არა, იმ დროის სხვა ჯგუფებიც დისიდენტები იყვნენ. მიუხედავად ამისა, მაინც „ბერმუხაზე“ კეთდებოდა აქცენტი ანუ ჩვენზე ათითებდნენ: აი, ესენი აფუჭებენ და რყვნიან ახალგაზრდებსო. ჩვენს დისიდენტობას ცხონებული გია ჭანტურია და სხვა პოლიტიკოსებიც აღნიშნავდნენ.

Wednesday, February 28, 2001

ბაჩი ქიტიაშვილი – დღევანდელი როკ-მუსიკა კარგად მივიწყებული ძველია

ბაჩი ქიტიაშვილთან ეს ინტერვიუ ჩაწერილია 2001 წლის თებერვალში. მაშინ პირველად შევხვდი საქართველოში როკის პიონერს. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ დიქტოფონის გარეშე და ბოლოს შევთანხმდით, რომ შეკითხვებს ხელით ჩამოვწერდი და მუსიკოსიც თავად დაწერდა პასუხებს. რამდენიმე დღეში ბაჩიმ ხელნაწერი გადმომცა. მაშინ თბილისში რამდენიმე თვის გადმოსული ვიყავი და ჟურნალ „ვარსკვლავებში“ ვმუშაობდი. აღნიშნული მასალა სწორედ ამ ჟურნალში დაიბეჭდა. ამას წინათ ხელნაწერის გაყვითლებულ ფურცლებს შემთხვევით გადავაწყდი ჩემს ძველ ბლოკნოტებს შორის და დიდი სიამოვნებით გიზიარებთ.