Tuesday, October 3, 2023

ქუთაისური მუსიკა

ქუთაისი უძველესი, როგორც ამბობენ, 3500 წლის ქალაქია, რომელსაც ნიჭიერი ხელოვანები არასოდეს აკლდა. ამერიკელი კლასიკოსი მწერალი, უილიამ ფოლკნერი ამბობდა, რომ „პროზის გრგვინვა და მუსიკა სიჩუმეში სრულდება“. სიჩუმე და სიმშვიდე ყოველთვის ქუთაისის თანამდევი იყო. საბჭოთა ინდუსტრიალიზაციამდე ქალაქში რიონის ხმა თუ ისმოდა მხოლოდ, რომელსაც ჰარმონიულად ერწყმოდა გიტარაზე დამღერებული ქართული პოლიფონიური ფოლკი, რომელსაც დღეს „ქალაქურ მუსიკას“ უწოდებენ და კლასიკური მუსიკა. კომუნისტური ეპოქის დასრულების შემდეგ კი, როცა საწარმოები გაჩერდა და ჩარხების ხმაურიც მიწყდა, ქუთაისი კიდევ უფრო დადუმდა. თუმცა ეს იყო ერთგვარი სიმშვიდე ქარიშხლის წინ. ზოგადად, თბილისისგან განსხვავებით, ქუთაისი პოლიტიკური აქტიურობით არასოდეს გამოირჩეოდა და საზოგადოებაში დაგროვილი მუხტი მიტინგებზე კი არა, უფრო ხელოვნებაში აისახებოდა ხოლმე. მაშინ კი, პოსტ-საბჭოთა ქალაქში გამეფებული სიჩუმე დაარღვიეს მუსიკოსებმა – დამოუკიდებელმა ქართველმა როკერებმა, პანკებმა, მეტალისტებმა, ელექტრონისტებმა, ჰიპ-ჰოპერებმა... და მათი ეს ხმაური შემდეგში მთელმა საქართველომ გაიგონა. თუმცა ეს ხმა ნაკლებად ესმოდათ თავად ამ ქალაქში და ამ განსხვავებული მუსიკის მსმენელთა მხოლოდ მცირე წრეები არსებობდა.

რობი კუხიანიძე, 1997 წელი

ქუთაისელმა ჰიპ-ჰოპერმა შავმა პრინცმა ადრე ინტერვიუში მითხრა: „თანამედროვე მუსიკაში ყველაზე მეამბოხე მუსიკოსები სწორედ ამ ქალაქიდან არიან. ეს, ჩემი აზრით, ბუნებრივია. როდესაც ადამიანს ბევრი გაუსაძლისი პრობლემა გაქვს და რაღაცის შეცვლა გსურს, მაშინ უფრო მეტად აზროვნებ და უკვე გარკვევით ხვდები რა გინდა“.
 

ზოგადად ქუთაისელ არტისტებს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ნოვატორ და პროტესტულ მუსიკის შემსრულებლებად იცნობენ. თუმცა მოდით ეს მუსიკალური პროტესტი ახლა დროებით გვერდზე გადავდოთ და ისიც ვთქვათ, რომ ქართული კლასიკური მუსიკის ფუძემდებლებიც ამ ქალაქში გაიზარდნენ. ზაქარია ფალიაშვილი და მელიტონ ბალანჩივაძე (მისი შვილები იყვნენ კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე და ამერიკული ბალეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი ჯორჯ ბალანჩინი) ამის ნათელი მაგალითები არიან. ბაფთიან გიტარაზე დამღერებული ე.წ. ქალაქური პოლიფონიური მუსიკაც მთელი დასავლეთ საქართველოდან სწორედ ამ ქალაქში აკუმულირდა და დები იშხნელები იყვნენ ის პირველი შემსრულებლები, რომელთაც სწორედ ამ მუსიკით გაითქვეს სახელი. მე-18 საუკუნის გამოჩენილი ქართველი გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი იმერლებს ასე ახასიათებს: „მომღერალ-მგალობელნი და მწიგნობარნი წარჩინებულნი, და უმეტესნი კეთილხმოვანნი და სხუათა და სხუათა შემძინებელნი. უცქვიტესად მოუბარნი...“


მეტყველების ეს სიცქვიტე კი კარგად მოარგეს თავიანთ შემოქმედებას ქუთაისელმა ჰიპ-ჰოპერებმა. მუსიკალური ცხოვრება ქუთაისში კომუნისტური ეპოქის დასრულების შემდეგ ბევრად უფრო ინტენსიური გახდა. აქ მთავარი იარაღი გიტარა იყო, რომლის შემსწავლელ წრეებში ბევრი ახალგაზრდა დადიოდა. ქვეყანაში ენერგოკრიზისის დროს, ისინი აკუსტიკურ გიტარებზე უკრავდნენ. გიტარა დღემდე რჩება გამორჩეულად სასურველ ინსტრუმენტად, რომელსაც მომავალი თაობა განსაკუთრებული ინტერესით სწავლობს. „აუტსაიდერელ“ რობი კუხიანიძეს კი ადრე ჩემთვის ინტერვიუში უთქვამს, რომ „ქუთაისს რამდენიმე ათწლეულში ერთხელ ახასიათებს კულტურული აფეთქება და სიახლეების დანერგვა“. მე-20 საუკუნის დასაწყისში ასეთი სიახლე თუნდაც პოეტური ორდენის „ცისფერყანწელები“ ჩამოყალიბება გახლდათ. 

რობი კუხიანიძე, 1998 წელი

პირველი ანდერგრაუნდ-დაჯგუფება ქუთაისში ჯერ კიდევ 1980 წელს, ჯერ კიდევ სსრკ-ს დროს, ე.წ. „პერესტროიკამდე“ გამოჩნდა და მას „თეთრი ფრთები“ ერქვა. იგი ქუთაისელმა მეგობრებმა – მხატვარმა, მუსიკოსმა და პოეტმა როლანდ, იგივე შალა შალამბერიძემ, მხატვარმა, კომპოზიტორმა და მუსიკოსმა  ავთო, იგივე ბაჩუ ავალიანმა და მხატვრებმა: მერაბ ამაღლობელმა, გია ხურციძემ, გოჩა დარახველიძემ და დათო გოფოძემ დააარსეს. დაჯგუფებას კიდევ დაემატნენ შემოქმედები და 1982 წლისთვის 20-მდე წევრს ითვლიდა. დაჯგუფება აწყობდა იატაკქვეშა პერფორმანსებს. როლანდ შალამბერიძემ მუსიკალური ინსტრუმენტების გამოგონება დაიწყო და დღემდე უამრავი ინსტრუმენტი აქვს დამზადებული, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს. ამ ინსტრუმენტებით მას რამდენიმე ავანგარდული ალბომი აქვს ჩაწერილი და გამოშვებული. „თეთრი ფრთების“ დიდი ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში დაიფანტა.