Wednesday, December 25, 2019

The BearFox-ის ახალი ათწლეულის ალბომი „გამოიდარებს“ – სიმშვიდით დაძაბული რეალობის წინააღმდეგ

ესეც ასე: 2010-იანი წლების დასასრული მოახლოვდა. სულ მალე 2020-იანებში შევაბიჯებთ. ჩვენი ქვეყნისთვის პოლიტიკურად აქტიური და დაძაბული ათწლეულის ეიფორია ისევ ცხადად იგრძნობა. უკიდურესად პოლარიზებული ქვეყანა ერთმანეთზე გადაკიდებული პოლიტიკური ძალების და კლანების დაპირისპირების არენადაა ქცეული, რომლითაც მედია საზრდოობს და ისედაც დაშინებულ სოციალურად შეჭირვებულ მომხმარებელს კიდევ უფრო გულს უხეთქავს. 



სწორედ ამ პერიოდში, 2013 წელს, შეიქმნა დუეტი The BearFox, რომლის სადებიუტო ალბომი მინდა გაგაცნოთ. მისი წევრები და დამაარსებლები არიან  „დათვი“ – ირაკლი „ბეთხო“ მანჩხაშვილი და „მელა“ – მებო ნუცუბიძე. დროთა განმავლობაში ჯგუფს სხვა ინსტრუმენტალისტებიც დაემატნენ, რომლებიც ძირითადად კონცერტებში მონაწილეობენ.

დათვისა და მელას დუეტმა 2014 წელს გამოუშვა ინგლისურენოვანი, ძალიან მელოდიური 5-სიმღერიანი მინიონი (იგივე EP) Holding You, რომელიც მსმენელს მაშინვე მოეწონა. ჯგუფის პირველი ალბომიც თავისი სიმშვიდით თითქოს საერთოდ ამოვარდნილია იმ რეალობიდან, რომელშიც იქმნებოდა და იწერებოდა. თუ რატომ, ამაზე ქვემოთ თავად დუეტის წევრი იტყვის.

დუეტის შემოქმედებაში იგრძნობა როგორც ექსპერიმენტული ინდის, ისე პოსტ-როკის, პოპ-როკის და პროგრესივ-როკის ელემენტებიც, რომელიც ძალიან კარგადაა არანჟირებული. ამას თან ერთვის მებო ნუცუბიძის მსუბუქი და ჰაეროვანი ხმა. ახალი ალბომი „გამოიდარებს“ მუსიკალურ საიტებზე: Spotify, Deezer, Apple Music, Amazon Music  2020 წლის 6 იანვარს გამოჩნდება.

მიუხედავად იმისა, რომ ალბომი მართლმადიდებლური შობის წინა დღით გამოდის, მას საშობაოს ვერ დავარქმევთ. ალბომში სულ 10 კომპოზიცია შევიდა. „გამოიდარებს“ ექსპერიმენტული ნამუშევარია თუნდაც იმ მხრივ, რომ დღემდე ამ დუეტს ყველა იცნობდა, როგორც ინგლისურენოვანს. ახალი ალბომი კი მთლიანად ქართულენოვანია. ამაზე მიგვანიშნებდა ტელეგადაცემა „აკუსტიკაში“ ნამღერი „ნუ გამწირავ“ და ჯგუფის YouTube-ის ოფიციალურ არხზე გავრცელებული აუდიოვერსიები სიმღერებისა – „ოღონდ შენ იყავი“ და „ისევ“. ეს უკანასკნელი ახალ ალბომში არ შესულა.


ალბომი „გამოიდარებს“ იხსნება მეტად მძიმე და ბგერებით დახუნძლული წუთნახევრიანი „პროლოგით“, რომელიც თითქოს ზუსტად აღწერს, როგორი იყო გასული ათწლეული. მას მოსდევს მსუბუქი „ნათელ დღეებს“, რომლის გზავნილიცაა „იცი რომ ხვალ, ისევ გაჩნდება გზა, ისევ გამოვა ხვალ, რასაც ვერ გრძნობდი დღეს“. სიმღერის ბოლო ისევ საკმაოდ მძიმდება გიტარით და დასარტყამებით. „ოღონდ შენ იყავი“ მსმენელისთვის უკვე ნაცნობი სიმღერაა. ესაა სიმღერა-ვედრება მეტად ატმოსფერული არანჟირებით.