Showing posts with label გიული ჩოხელი. Show all posts
Showing posts with label გიული ჩოხელი. Show all posts

Tuesday, April 7, 2015

ჯაზის ქართველი ლეგენდა გიული ჩოხელი

მაღალი დონის ხელოვანი თავისი კარიერის განმავლობაში ზოგჯერ დიდი ხნით უჩინარდება ხოლმე. გარკვეული დროის შემდეგ, რაღაც მოვლენის ან შემთხვევის წყალობით, საზოგადოება ხელახლა აღიარებს მას. პოპულარული ქართველი ჯაზმომღერალი ქალი, გიული ჩოხელი ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩრდილში იყო. საქართველოს ჯაზის ლეგენდა იმ იშვიათ ადამიანებს განეკუთვნება, რომლებზეც თამამად შეიძლება ითქვას „უბერებელი“. მუსიკოსი 80 წლის გახდა, თუმცა მისი ენერგია და თვალებში ჩამდგარი ბავშვური პოზიტიური სხივი ბევრ 20 წლის ახალგაზრდას შეშურდება. ახალგაზრდული იერისა და შემოქმედებითი ენერგიის გამო, ალბათ ვერავინ იფიქრებს, რომ უამრავი საერთაშორისო პრიზის მფლობელი და ამერიკელი კრიტიკოსების მიერ „ჯაზის ქართველ ლეგენდად“ წოდებული მომღერალი 1950-იანების დასაწყისიდან საქართველოს ჯაზის სათავეებთან დგას და ერთ-ერთი პიონერია. მისი ძლიერი, და ამავე დროს, ძალიან თბილი ხმა, ტემბრი, შესრულების მანერა, განუმეორებელი და უნიკალურია.

ჩემი სტუმრობის პირველსავე წუთებში, სანამ საუბარს დავიწყებდით, მუსიკოსმა ახლახან მიღებული წერილი მაჩვენა. კუბელი წარმოშობის ამერიკელი სახელგანთქმული ჯაზმენი, საქსოფონისტი და კლარნეტისტი პაკიტო დე რივერა წერს, რომ 48 წელია ეძებს ჩოხელს და მის მეუღლეს – ბორის რიჩკოვს. მოხარულია, რომ იპოვა. იხსენებს იმ დღეებს, როცა 1960-იანი წლების მეორე ნახევარში, კუბაში ერთად უკრავდნენ. რივერა სიხარულით აღნიშნავს, რომ მცირე ხანში თბილისში ჩამოვა და შეძლებს მასთან შეხვედრას.

საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თბილისში გიული ჩოხელის საღამო გაიმართა და მისი სახელობის ვარსკვლავიც გაიხსნა. მომღერალმა ამ კონცერტთან დაკავშირებით ასეთი რამ მითხრა: „ფილარმონიის დარბაზზე უარი ვთქვი, რადგან ძალიან დიდია. ჯაზს უფრო კლუბური სიტუაცია შეეფერება, ამიტომ ივენთ-ჰოლში გადავწყვიტე, სადაც ჩამოსული ჯაზმენებიც უკრავენ. მაყურებელთან ასე უფრო იქნება კონტაქტი, რადგან მე უნდა ვხედავდე მაყურებლის თვალებს, მათ რეაქციას“. ამ საღამოზე გიული ჩოხელმა თავად შეასრულა რამდენიმე სიმღერა და ამავე დროს, მისი ძველი, ქართული რეპერტუარი ახალი თაობის მომღერლებმა იმღერეს.

მუსიკოსის შემოქმედების ათვლა 1953 წლიდან იწყება, როცა იგი იმ რეპერტუარს ასრულებდა, რომელიც სსრკ-ში ძალიან რთულად შემოდიოდა. მაშინ ჯაზი აკრძალული იყო და მუსიკოსს დიდ სცენაზე არ უშვებდნენ. მხოლოდ მივარდნილ კლუბებში შეიძლებოდა დაკვრა და სიმღერა. 1956 წელს გიული ჩოხელი დაქორწინდა პიანისტსა და კომპოზიტორზე – ასევე ჯაზმენ ბორის რიჩკოვზე. თავდაპირველად მათ ტრიო ჩამოაყალიბეს (მოგვიანებით ანსამბლი „ჩანგი“) და ჯაზის  დაკვრა დაიწყეს. სსრკ-ში სუფთა ჯაზკარიერის გაკეთების უფლებას ბოლომდე ვერავის აძლევდნენ და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანებისთვისაც კი ერთგვარად სავალდებულოც იყო, ხარკი გადაეხადათ ე.წ. ესტრადისთვის, ანუ პოპულარული სცენისთვის. გიული ჩოხელი, როგორც ჯაზმომღერალი, ევროპის ესტრადის მომღერალთა საუკეთესო ხუთეულშიც მოხვდა. მას რამდენიმე ფირფიტა აქვს გამოცემული. მისი შემოქმედების ყველაზე საინტერესო სიმღერებია: „პაემანზე“, „მზე ჩემი მეგობარია“, „ეს იყო სიზმარი“, „სიყვარულის ვალსი“ და სხვები.

გიული ჩოხელი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ხელოვანია. იგი წერს ლექსებს, ხატავს პოლიეთილენის პარკებით (ჰქონდა რამდენიმე გამოფენა აშშ-ში და საქართველოში), ამავე დროს, 17 მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ავტორიცაა. მის ძველ სიმღერებს, ნახატებს, ფოტოებს, წიგნს თუ ლექსებს მისსავე საიტზე გაეცნობით: giulichokheli.com. შარშან მუსიკოსზე გადაღებულმა ლევან კიტიასა და ბიძინა მაყაშვილის შესანიშნავმა დოკუმენტურმა ფილმმა „ეს იყო სიზმარი“ მისი შემოქმედების მიმართ მოთხოვნა გაზარდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ყველა სასცენო კოსტიუმი, მის მიერაა შექმნილი. გიული ჩოხელმა ერთ-ერთ ინტერვიუში საკუთარ შემოქმედებაზე ასე განაცხადა: „ჩემი ცხოვრების გზა – ჯაზის და ზოგადად ხელოვნების სიყვარულია. მე ამ სამყაროში დავიბადე და მომწონს მასში ცხოვრება. მე მაქვს სიყვარულის ფორმულა, რომლითაც ვცოცხლობ. ეს არის: ადამიანების სიყვარული, ერთგულება და გულწრფელობა. თუ ეს სამი რამ ადამიანს შეუძლია, მას ცხოვრებაში ვერავინ და ვერაფერი დააბრკოლებს! ყოველთვის ვგრძნობდი ჩემში ძალას, რომელიც მაიძულებდა ვყოფილიყავი მუსიკოსი“.

ჩვენი საუბარი ასე დაიწყო:

Tuesday, June 24, 2014

გიული ჩოხელი – ქართველი ჯაზდივა

მაღალი დონის ხელოვანი თავისი კარიერის განმავლობაში ზოგჯერ დიდი ხნით უჩინარდება ხოლმე. გარკვეული დროის შემდეგ, რაღაც მოვლენის ან შემთხვევის წყალობით, საზოგადოება ხელახლა აღიარებს მას. 1960-იანი და 1970-იანი წლების პოპულარული ქართველი ჯაზმომღერალი ქალი გიული ჩოხელი ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩრდილში იყო და მსმენელს მისი არსებობა თითქმის მიავიწყდა, თუმცა რამდენიმე თვის წინათ საზოგადოებრივ არხზე გასული ბიძინა მაყაშვილისა და ლევან კიტიას დოკუმენტური ფილმის, „ეს იყო სიზმარი“ წყალობით, რომელშიც ჩოხელის დღევანდელი ცხოვრებაა ასახული, ქართველმა მსმენელმა უნიჭიერესი მუსიკოსი ხელახლა აღმოაჩინა და მისი მოსმენა დაიწყო.

გიული ჩოხელი მეუღლესთან, მუსიკოს ბორის რიჩკოვთან ერთად
გიული ჩოხელი სცენაზე 1960-იან წლებში გამოჩნდა და უდიდეს საერთაშორისო აღიარებას და პოპულარობას მიაღწია, განსაკუთრებით 1978 წელს, როცა ფესტივალ „სოპოტის“ გრან-პრის მფლობელი გახდა. ამერიკაში მას „ჯაზის ლეგენდაც“ კი უწოდეს და რამდენიმე კომპაქტ-დისკიც გამოსცეს. კარნეგი ჰოლში, სადაც გიული ჩოხელი საერთაშორისო ჯაზფესტივალის საპატიო სტუმარი იყო, მას ჯაზმენ უილის კანოვერის მიკროფონი გადასცეს. სსრკ-ში სუფთა ჯაზკარიერის გაკეთების უფლებას ბოლომდე ვერავის აძლევდნენ და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანებისთვისაც კი ერთგვარად სავალდებულოც იყო, ხარკი გადაეხადათ ე.წ. ესტრადისთვის, ანუ პოპულარული სცენისთვის. გიული ჩოხელი, როგორც ჯაზმომღერალი, ევროპის ესტრადის მომღერალთა საუკეთესო ხუთეულშიც მოხვდა. მას რამდენიმე ფირფიტა აქვს გამოცემული. მისი შემოქმედების ყველაზე საინტერესო სიმღერებია: „პაემანზე“, „მზე ჩემი მეგობარია“, „ეს იყო სიზმარი“, „სიყვარულის ვალსი“ და სხვები, რომელთაც მომღერალი განუმეორებლად თბილი და, ამავე დროს, ძლიერი ხმით, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილით ასრულებს.

გიული ჩოხელი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ხელოვანია. იგი წერს ლექსებს და გამოსაცემად ამზადებს პოეტურ კრებულს, ხატავს პოლიეთილენის პარკებით (ჰქონდა რამდენიმე გამოფენა აშშ-ში და საქართველოში), ამავე დროს, რეჟისორიც გახლავთ და 17 მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ავტორია. უნდა ითქვას ისიც, რომ ყველა სასცენო კოსტიუმი, მის მიერაა შექმნილი. გიული ჩოხელმა ერთ-ერთ ინტერვიუში საკუთარ შემოქმედებაზე ასე განაცხადა: „ჩემი ცხოვრების გზა – ჯაზის და ზოგადად ხელოვნების სიყვარულია. მე ამ სამყაროში დავიბადე და მომწონს მასში ცხოვრება. მე მაქვს სიყვარულის ფორმულა, რომლითაც ვცოცხლობ. ეს არის: ადამიანების სიყვარული, ერთგულება და გულწრფელობა. თუ ეს სამი რამ ადამიანს შეუძლია, მას ცხოვრებაში ვერავინ და ვერაფერი დააბრკოლებს! ყოველთვის ვგრძნობდი ჩემში ძალას, რომელიც მაიძულებდა ვყოფილიყავი მუსიკოსი“.

ჟურნალი „თბილისი Out“ #41, ივნისი, 2014 წელი

მოუსმინე: