Monday, March 17, 2008

პეტრე მამონოვის ფერისცვალება

„მე მსახიობი კი არა, პიროვნება ვარ“

შესავლის მაგივრად

საბჭოთა მოსკოვის როკ-ლაბორატორიის ყველაზე ქარიზმატული ლიდერი, „რუსულ ხალხურ ჰალუცინაციად“ მონათლული პეტრე მამონოვი, თუ შეიძლება ასე ითქვას, „ბრძენი სუპერვარსკვლავია“, რომელმაც საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი საუკეთესო როკ-ჯგუფი „Звуки Му“ შექმნა.

მამონოვი ნიჭიერი, მიმზიდველი, ძალიან პლასტიური და, უბრალოდ რომ ვთქვათ, „კაი ტიპია“. 1980 წლამდე, სანამ სიმღერების თხზვას დაიწყებდა, პეტრე მხოლოდ ლექსებს წერდა. მუშაობდა მტვირთავად, ლიფტიორად მოსკოვის ლიტფონდის შენობაში, ყასბად და კიდევ სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობისას ორი სკოლიდან „ცირკის მოწყობის გამო“ გამოაგდეს, სცენაზე არტისტი მამონოვი საკმაოდ გვიან – 30 წლის ასაკში ავიდა..

56 წლის პეტრეს ცხოვრების გზა ნამდვილი ფერისცვალებაა, იატაკქვეშეთიდან და მემთვრალეობიდან – ღმერთისკენ, ტუსოვშიკობიდან და ჩხუბისთავობიდან – განდეგილობამდე, სკანდალისტობიდან – მორჩილებამდე. თუმცა, რუსული ანდერგრაუნდის სათავეში მყოფი მუსიკოსისთვის, მსახიობისთვის და მწერლისთვის „სკანდალური გამოხტომები“ დღესაც უცხო არაა – ის ხან ქვეყნის პრეზიდენტ პუტინს უპირისპირდება, ხანაც მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს.

Звуки Му-ს პარალელურად, მამონოვი „პოსტ-პერესტროიკულ“ საბჭოთა კინოეკრანებზეც გამოჩნდა. 80-იანების მიწურულს ჩვენს ეკრანებზე ფილმი „Игла“ გამოვიდა, რომელშიც მთავარ როლს ვიქტორ ცოი ასრულებდა. პეტრე მამონოვმა ამ ფილმში ექიმი-ნარკობარონი განასახიერა, რომელმაც ცოის გმირი „ნემსზე შესვა“. ორიოდე წელიწადში კი რეჟისორ პავლე ლუნგინის ფილმში „Такси-блюз“, პეტრემ ალკოჰოლიკი ჯაზმენის როლი შეასრულა. ამ ფილმმა კანის ფესტივალის პრიზი დაიმსახურა საუკეთესო რეჟისურისთვის.

ამის შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში, მამონოვი საერთოდ გაქრა თვალთახედვიდან. 1995 წლიდან მამონოვი დედაქალაქს მოსცილდა. მან მოსკოვის ოლქის, ვერეის რაიონის სოფელ ეფანოვოში მიწისა და ტყის ნაკვეთი შეიძინა, პატარა სახლი აიშენა და დღემდე ოჯახთან და კატებთან ერთად ცხოვრობს. ის დღემდე სპექტაკლებს დგამს და მოსკოვის სტანისლავსკის სახელობის დრამატულ თეატრში თამაშობს.