Wednesday, December 7, 2011

კენ ჰენსლი და თბილისური ნოემბრის „ივლისის დილა“


ბულგარეთში, 1986 წლიდან მოყოლებული, ყოველი 1 ივლისის წინა ღამეს შავი ზღვის სანაპიროზე ათასობით ახალგაზრდა იკრიბება. ისინი ერთად მუსიკით, სიმღერებითა და ცეკვებით ეგებებიან ზაფხულის მეორე თვის პირველ დილას. დღესასწაულს „ჯულაია“ ანუ მეორენაირად Uriah Heep-ის სიმღერის სახელი – July Morning („ივლისის დილა“) ეწოდება. ამ დღეს ბულგარეთის რადიოსადგურების ეთერში სწორედ ეს სიმღერა ჟღერს, რომლის ავტორიც ლეგენდარული ინგლისელი კომპოზიტორი, კლავიშისტი, გიტარისტი, მომღერალი, პოეტი და Uriah Heep-ის ერთ-ერთი დამაარსებელი კენ ჰენსლია. მისი მუსიკა ხშირად ამ ბულგარული დღესასწაულივით რომანტიკულია და იგი მილიონობით ადამიანს აერთიანებს.

საქართველოში ჯგუფ „იურაია ჰიპსა“ და კენ ჰენსლის განსაკუთრებით ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. მკაცრმა საბჭოთა ცენზურამ ამ ჯგუფის თავისუფალი და მელოდიური მუსიკა ბოლომდე ვერ დაბლოკა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ერთადერთმა ხმისჩამწერმა ფირმა „მელოდიამ“ 70-იანების მიწურულს ალბომი Firefly („ციცინათელა“) გამოუშვა, რაც იმ პერიოდისთვის, პრაქტიკულად, სასწაული იყო.

„ლოკომოტივ პრომოუშენის“ დამსახურებით, ბატონმა ჰენსლიმ თბილისის ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში (ყოფილ რკინიგზელთა სახლში) დაუვიწყარი და შთამბეჭდავი საღამო გამართა. ამ დღეს კარგად გამოჩნდა მისი განსაკუთრებული პოპულარობა, რადგან მსმენელთა ნაწილი მუსიკოსს ხელმოწერას მის ძველ ვინილის ფირფიტებზე აკეთებინებდა. მოზარდი თაობის სიმრავლეც სასიამოვნოდ ახარებდა თვალს. რამდენიმემ როკის ლეგენდას კითხვებიც კი დაუსვა.

კონცერტმა უშუალო და თბილ ვითარებაში ჩაიარა. აკუსტიკურ სიმღერებს შორის მუსიკოსი მაყურებელთა შეკითხვებს პასუხობდა. სწორედ ამ კითხვა-პასუხიდან და წინა დღეს ჩატარებული პრესკონფერენციიდან შევიტყვეთ, რომ როკვარსკვლავი უკვე კარგა ხანია ესპანეთის ზღვისპირეთში ცხოვრობს, არის მოყვარული მეცხვარე, თანამედროვე მუსიკას ერთი ესპანური რადიოს საშუალებით უსმენს, კლავიშისტებიდან გენიალურად რიკ უეიკმანს მიიჩნევს და რომ ქართველი გოგონები და ჩვენებური ღვინო ნამეტნავად მოეწონა. ჰენსლიმ მოგვიყვა, როგორ დაწერა თავის დროზე ჩვენი საყვარელი ჰიტები და, რაც მთავარია, ეს სიმღერები შეასრულა ზუსტად ისე, როგორც შეიქმნა, ჯგუფის არანჟირებებისა და ცვლილებების გარეშე. ბოლო სამი კომპოზიცია, მათ შორის, July Morning ჰენსლიმ ქართველ, „მძიმე ჯვარისა“ და „ქომიქ ქონდიშენის“ მუსიკოსებთან ერთად შეასრულა.

კონცერტის შემდეგ ცოცხალი ლეგენდა ფოიეში ყველა მსურველს (რამდენიმე ასეულ ადამიანს) ხალისით ურიგებდა ავტოგრაფებს. ეს პროცესი ძალიან დიდხანს გაგრძელდა და დაღლილი მუსიკოსის ეს დაუზარლობა ნამდვილად მის სულგრძელობაზე მეტყველებს.

ასე რომ, წელს ნოემბრის საღამოს ვიზეიმეთ „ივლისის დილა“, თანაც თვით კენ ჰენსლისთან ერთად.

ჟურნალი „თბილისი Out“ #15, დეკემბერი 2011 წელი

Tuesday, December 6, 2011

სესილია თაყაიშვილი Pink Floyd-ის მუსიკალურ ვიდეოში Money

სესილია თაყაიშვილი – საქართველოს ბებია

© ლაშა გაბუნია
© გაგა გობრონიძე

როდესაც ფრანგ რეჟისორს ჟან დაკანტს სესილიას განსახიერებული ოლღა ბებია უნახავს, უთქვამს: „ეს ჩემი ბებიაა, რომელიც ახლა პროვანსში ცხოვრობსო“.

ლაშა: – ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის Pink Floyd-ის მუსიკალურ ვიდეოში Money („ფული“) მეორე წუთზე ჩნდება ქართველი მსახიობი სესილია თაყაიშვილი. ფირში მის სახეს სულ რამდენიმე წამს ვხედავთ, მაგრამ იგი, როგორც ყოველთვის, დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავია.

არსებობს ორი ვერსია, თუ როგორ აღმოჩნდა მისი პორტრეტი ამ კლიპში და ორივე „ფლოიდების“ ერთ-ერთ დამაარსებელს როჯერ უოტერსს უკავშირდება. პირველის თანახმად, 1970-იანი წლების დასაწყისში ინგლისში მსოფლიოს 100 საუკეთესო მსახიობი გამოავლინეს და მათ შორის სესილიაც მოხვდა, სამწუხაროდ, როგორც სახელოვანი რუსი მსახიობი და არა ქართველი. უოტერსს ძალიან მოსწონებია მსახიობის მეტყველი სახე და სწორედ ამიტომ, „პინკების“ ვიდეოში მისი ფოტო ჩაუსვამს...

Sunday, December 4, 2011

ჩემი ძველი სატელევიზიო სიუჟეტი სოციალურ მუსიკაზე


სიუჟეტი ეთერში გავიდა 2003 წლის შემოდგომაზე არჩევნების წინ ტელეკომპანია "მე-9 არხის" საინფორმაციოში.

Wednesday, November 2, 2011

ქეთი მელუა – პირველი ქართველი პოპ-ვარსკვლავი

27 წლის მუსიკოსი, კომპოზიტორი და მომღერალი ქეთი მელუა 9 წლიდან ბრიტანეთში ცხოვრობს. იგი პირველი ქართველია, რომელიც მსოფლიო დონის პოპ-ვარსკვლავი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ქეთი ასე მცირე ასაკიდან ბრიტანეთში იზრდებოდა, ყველგან აცხადებს, რომ ქართველია და მშობლიური ენაც არ დავიწყნია. ადრე ინტერვიუში ისიც კი მითხრა, რომ ყველაზე მეტად ახლადგამომცხვარი ქართული ლავაშის სუნი უყვარს და სიზმრად საქართველოს ხშირად ნახულობს. ბრიტანეთში წასვლამდე იგი დიდ დროს ატარებდა ბიძებთან, რომლებიც როკის მოყვარულები იყვნენ და მთელი დღეების განმავლობაში მათთან ერთად სხვადასხვა როკ-შემსრულებელს უსმენდა.

მელუას დაწერილი სიმღერები ბლუზის, ჯაზის, როკისა და პოპის თანამედროვე გემოვნებიან სინთეზს წარმოადგენს. მას რამდენიმე საინტერესო ქავერიც აქვს შესრულებული – The Cure-ის, Nina Simone-ს, Jeff Buckley-ს, Leonard Cohen-ის, John Mayall-ისა და სხვათა კომპოზიციები. მუსიკოსმა ვირტუალურად ჩაწერა სინგლი გარდაცვლილ Eva Cassidy-სთან ერთად. კონცერტებზე კი უამრავ ვარსკვლავთან ერთად იმღერა. აღსანიშნავია ქეთის დუეტი ქართველ საოპერო ვარსკვლავთან პაატა ბურჭულაძესთან. მათ საქველმოქმედო კონცერტზე გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლები“ შეასრულეს.

2006 წელს ქეთი მელუა გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. მუსიკოსმა კონცერტი ჩრდილოეთის ზღვის ნორვეგიული კომპანიის, „სტატოილის“ ნავთობის ერთ-ერთი ჭაბურღილის პლატფორმაზე – ზღვის დონიდან 303 მეტრ სიღრმეზე ჩაატარა. იმ დროისთვის ეს მსოფლიოში წყალქვეშ ყველაზე დაბალ წერტილში გამართული კონცერტი აღმოჩნდა და მისი დივიდიც გამოიცა. ქეთი მელუას დღემდე 5 ოფიციალური სტუდიური ალბომი აქვს ჩაწერილი. მისი ახალი დისკი Secret Symphony 2012 წელს გამოვა.

ჟურნალი „თბილისი Out“ #14, ნოემბერი 2011 წელი

Sunday, October 16, 2011

ირაკლი ჩარკვიანი კომპრომისული და შემგუებლური მუსიკის შესახებ

გადავწყვიტე, ირაკლი ჩარკვიანის შესახებ დამეწერა. ძალიან არ მინდოდა, სტანდარტული გამოსულიყო. გადავათვალიერე თითქმის ყველაფერი, რაც ირაკლის შესახებ დამიწერია, ვნახე ჩემი სატელევიზიო სიუჟეტები, სადაც მას მონაწილეობა მიუღია, გადავიკითხე ირაკლის მოწერილი მეილები... დაბოლოს, წავაწყდი ძველ ინტერვიუს, რომელიც 2002 წლის თებერვალში მასთან ჩავიწერე ერთი გაზეთისთვის. ირაკლი თანამედროვე ქართულ მუსიკაზე საუბრობს და წუხს, რომ თანამედროვე ქართველ შემსრულებლებს და, ზოგადად, ახალგაზრდებს პროტესტის გრძნობა არა აქვთ, რაც ძალიან ცუდია. ბევრი ფიქრი არ უნდა იმას, რომ ამ სფეროში 10 წლის შემდეგაც აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა.

ირაკლი ჩარკვიანი: „თანამედროვე ქართული მუსიკა დღეს ნაკლებად პრობლემატურია. არადა, მეტი სოციალური მუხტი უნდა იყოს, რადგან ირგვლივ ბევრი სიმწვავეა. ახალგაზრდები ამას არ გამოხატავენ თავიანთი შემოქმედებით. მათი მიდგომა მუსიკის მიმართ ძალიან კომპრომისულია, რაც, ცოტა არ იყოს, შემაშფოთებელიცაა. ყოველ შემთხვევაში, მე მგონი, ეს ჩვენი კულტურული ჩაკეტილობის ბრალია. დასავლურ კულტურებში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მხრივ ახალგაზრდები აქტიურები არიან. ეს კიდევ იმის ბრალია, რომ, საუბედუროდ, საქართველოში არ განვითარდა დემოკრატიული ინსტიტუტები და როკ-ენ-როლი – დემოკრატიის მუსიკა. სამწუხაროდ, სოციალურად აქტიურ მუსიკაში მე დღეისათვის ვერავის ვხედავ. ეს ცუდია. ჩვენი ახალგაზრდები ნაცადი, უკვე განვლილი გზებით მიდიან და ეთნოგრაფიულ მუსიკას ეჭიდებიან... არავის უჩნდება სურვილი, მუსიკით გამოხატოს საკუთარი აზრი დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს, ალბათ, ჩვენი ხასიათის კომპრომისულობა და აღმოსავლური შემგუებლობაა, რომელიც ძალზედ თვალშისაცემია...

ჩვენთან რევოლუცია ყოველთვის ელიტურია. არასოდეს ხდება ნორმალური სვლა, რადგან ეს არ არის მასობრივი. ჩემი აზრით, ეს დამღუპველია საერთოდ ქვეყნისთვის. ახალგაზრდები იმ საკითხებში ერთიანდებიან, რომელიც აბსოლუტურად ჩაკეტილი და კონსერვატორულია და არა იმ საკითხებში, რომლებმაც შესაძლოა ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს. არც ერთი დამრღვევი ახალგაზრდა არ ჩანს. ჩვენ თაობაში ასეთი დამრღვევები ვიყავით: მე, კოტე ყუბანეიშვილი და კიდევ სხვები, ანუ იყვნენ ისეთები, რომლებიც არღვევდნენ იმ წესებს და საზოგადოებას აიძულებდნენ, ადრენალინი გამოეყო. დღეს ახალგაზრდებს შორის ასეთ პერსონაჟს ვერ ვხედავ. ესენი არიან ყველაფერთან შეგუებულები, რომელთაც სურვილიც კი არ უჩნდებათ, რომ სოციალურად აქტიური პოზიცია გამოხატონ და მიღებული წესრიგი დაარღვიონ.

ეროვნულმა მოძრაობამ ახალგაზრდების მუსიკალური პროტესტი იმ თვალსაზრისით ჩაკლა, რომ ახალგაზრდებმა გააკეთეს მხოლოდ ერთი დასკვნა – მათი პოლიტიკურ აქტივობის შედეგად შესაძლებელი იყო ისინი პარლამენტში მოხვედრილიყვნენ და ამით ფინანსური მომავალი გასჩენოდათ. ეს, უბრალოდ, ცხოვრებასთან პრაგმატული დამოკიდებულებაა. დასავლეთისგან განსხვავებით, აქ ადამიანს ერთადერთი შანსი აქვს – გახდეს პოლიტიკოსი. მხოლოდ მაშინ ექნება ფინანსური დივიდენდები და შეძლებს ცხოვრებას. ეს, საუბედუროდ, ამ საკითხისადმი ძალიან პრაგმატული, ვიწრო და აღმოსავლური მიდგომაა“.

ჟურნალი „თბილისი Out“ #13, ოქტომბერი 2011 წელი

მოუსმინე:

Tuesday, September 13, 2011

თემურ ყვითელაშვილის კლასიკა, ჯაზი და როკი

ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, რომ ადამიანს მუსიკალური მოღვაწეობა საბჭოთა კავშირში ისეთ ჟანრებში წამოეწყო, როგორებიცაა როკი და ჯაზი, ეს თავისუფლება შემდგომში ბოლომდე შეენარჩუნებინა და, უფრო მეტიც, დიდი შემოქმედებითი წარმატებისთვის მიეღწია თვით ჯაზისა და როკის სამშობლოში. ასეთი მუსიკოსი საქართველოში გიტარისტი და კომპოზიტორი თემურ ყვითელაშვილია. იგი 1977 წლიდან გიტარისტია და პირველია ქართველ მუსიკოსებს შორის, რომელმაც ქართველი კლასიკოსებისა და თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებები ელექტროგიტარის თანხლებით ააჟღერა. ამასთანავე, გიტარისთვის გადაამუშავა მოცარტის, ბახის, პაგანინის, შუბერტის, რიმსკი-კორსაკოვისა და სხვათა კომპოზიციები.

1985 წლიდან მუსიკოსი პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესო გიტარისტად ითვლება, 1994 წელს აშშ-ში „საუკეთესო ფიუჟენ გიტარისტის“ წოდება მიენიჭა, 1998 წელს ყვითელაშვილს საქართველოს პრეზიდენტმა „ღირსების ორდენი“ გადასცა, ხოლო 2004 წელს მისი სახელი „გინესის მსოფლიო რეკორდების“ წიგნში შევიდა, როგორც გიტარისტი, რომელიც 30 საათი უწყვეტად უკრავდა. მას 6 ოფიციალური ალბომი აქვს ჩაწერილი, რომელთაგან ბოლო – Made In Georgia შარშან გამოვიდა. გიტარისტისთვის ღიაა მსოფლიოს ისეთი პრესტიჟული დარბაზისა და კლუბების კარი, როგორებიცაა: „კარნეგი-ჰოლი“, „ბერდლენდი“, „ირიდიუმი“, „ბეიკდ პოტეიტოუ“, „ბლუ ნოუტი“ და სხვა. იშვიათი ნიჭისა და შრომისმოყვარეობის წყალობით, თემურ ყვითელაშვილი ერთნაირად შთამბეჭდავად ასრულებს როგორც მუსიკის კლასიკას, ისე ჯაზსა და როკს.

ჟურნალი „თბილისი Out“ #12, სექტემბერი 2011 წელი 

მოუსმინე:

Monday, September 5, 2011

მერი შელი – ქალი, რომელმაც მოიფიქრა ფრანკენშტაინი

© ლაშა გაბუნია
© გაგა გობრონიძე

ლაშა: – დავიწყოთ ასე, რომ ზოგადად ტექნიკური პროგრესი მიმართულია ადამიანთა კეთილდღეობისკენ, მეორეს მხრივ კი – ადამიანთა გასანადგურებლად. ესაა ის დილემა, რომლის წინაშე დგას თანამედროვე კაცობრიობა. ეს მეტად რთული და მწვავე საკითხი საუკეთესოდ წარმოაჩინა არა ტექნიკურ სიახლეებში მუდამ მოკირკიტე რომელიმე კალმოსანმა მამაკაცმა, არამედ ახალგაზრდა, მეტად მგრძნობიარე გოგონამ, რომელმაც მე-19 საუკუნის გარიჟრაჟზე მსოფლიოს ლიტერატურის კლასიკური რომანი „ფრანკენშტაინი, ანუ თანამედროვე პრომეთე“ აჩუქა. ლიტერატურის ისტორიას ჯერ არ ახსოვს მსგავსი შემთხვევა, როცა დამწყები, 19 წლის ავტორის პირველივე ნაწარმოები ასე უცებ მოხვედრილიყოს ლიტერატურის კლასიკის საგანძურში.

მერი შელი
გაგა: – ამ წიგნმა გამოსვლისთანავე მოიპოვა მსოფლიო აღიარება და, მოდი, ლაშა, თამამად ვიტყვი, შეცვალა საერთოდ აზროვნება და ისეთ ნოვაციებს დაუდო სათავეები, რომლებიც იმ პერიოდის პურიტანულ ინგლისში (და არა მარტო ინგლისში) წარმოუდგენელიც კი იყო. ამ ამბავში ყველაზე საინტერესო და თითქოსდა უცნაური ისაა, რომ საუბარი არ არის რაიმე პოემაზე, სადაც მარადიული ფასეულობებია აღწერილი ან თუნდაც მძაფრ სოციალურ რომანზე. მსგავსი რომ მომხდარიყო, ეს ყველაფერი რაღაცნაირად მაინც ჩაჯდება სტანდარტულ ჩარჩოებში. არა, აქ უფრო უცნაურ და დამაინტრიგებელ ისტორიასთან გვაქვს საქმე, რომელსაც თუ ჩავუღრმავდებით და ბოლომდე გავიაზრებთ, შეიძლება გაკვირვებისგან წავუსტვინოთ კიდეც.

ლაშა: – „წასტვენის“ საბაბებიც არსებობს და, რაც მთავარია, მიზეზებიც. ძალიან კონკრეტულები რომ ვიყოთ, მოდით, ასე ვთქვათ – 1910 წლიდან 2007 წლამდე მსოფლიო კინომატოგრაფმა 64-ჯერ მოახდინა იმ ყველაფრის ეკრანიზირება, რაც ჟენევის ტბასთან ერთი დიდი ინგლისელი პოეტის ახალგაზრდა მეუღლემ დაწერა.

Sunday, August 21, 2011

არც სმენა, არც ენა

ადამიანებს მუსიკა ისევე ესაჭიროებათ, როგორც ჭამა, სმა, ძილი და სექსუალური კმაყოფილება

ინგლისელი წარმოშობის ამერიკელი მწერალი და ნეიროფსიქოლოგი ოლივერ საქსი ავტორია ბესტსელერისა „ადამიანი, რომელსაც ქუდი ცოლში აერია“. ეს ნაწარმოები კომპოზიტორმა მაიკლ ნაიმანმა ოპერად გადააკეთა, ხოლო პიტერ ბრუკმა – დრამატულ სპექტაკლად. იგი 1933 წელს ლონდონში დაიბადა. სამედიცინო განათლება ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო. 1965 წლიდან ნიუ-იორკში ცხოვრობს. პროფესორი საქსი ცნობილი გახდა იმით, რომ მრავალი დავრდომილი და ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი საკუთარი სამკურნალო მეთოდებით განკურნა. მისი წიგნები მსოფლიოს 20 ენაზეა თარგმნილი. 2007 წელს გამოსული მეცნიერის Musicophilia: Tales of Music and the Brain (მუსიკოფილია: ამბები მუსიკასა და ტვინზე) მუსიკისა და მედიცინის ურთიერთკავშირზეა. წერილში, რომელსაც ახლა გთავაზობთ, 78 წლის ექიმი მუსიკაზე სწორედ მედიცინის ჭრილიდან საუბრობს.

ამუზია, ანუ აბსოლუტური მუსიკალური სიყრუვე

უამრავ პაციენტს ვმკურნალობ. ზოგიერთი მათგანი მოხუცებულთა თავშესაფარში ან „ბეტ ებრაჰამსის“ ტიპის ქრონიკულად დაავადებულთა დაწესებულებებში ცხოვრობს, სადაც ორმოცზე მეტი წლის წინ განვითარდა მოქმედება ჩემს წიგნში „გამოღვიძება“ (ამ წიგნის მიხედვით გადაიღეს ფილმი, რომელშიც რობერტ დე ნირო და რობინ უილიამსი თამაშობენ – ლ. გ.), აგრეთვე, პატარა ღარიბი დების სამონაზვნო თავშესაფარში, რომელთანაც, ასევე, ვთანამშრომლობ. ამასთან ერთად, ხალხს კლინიკაშიც ვიღებ, ზოგიერთ პაციენტს კი სახლში ვმკურნალობ, რაც საოცარ სიამოვნებას მანიჭებს. მაგალითად, ამას წინათ ვსტუმრობდი ბრონქსელ ქალს, რომელსაც ამუზია სჭირს, ანუ იგი ვერ აღიქვამს მუსიკალურ ტონებსა და რიტმს. ეს მეტად ყოჩაღი, ნიჭიერი და საყვარელი ქალია, რომელიც ადრე სკოლის მასწავლებელი გახლდათ. ადრეული ბავშვობიდან იგი სმენით ვერ ცნობს ვერც ერთ მუსიკალურ ნაწარმოებს, უფრო სწორად, არ შეუძლია გაიგონოს მათში მუსიკა. თავად ასე ამიხსნა: „გინდათ იცოდეთ რას ვგრძნობ, როდესაც თქვენ მუსიკას უკრავთ? გადით სამზარეულოში და ახმაურეთ ქვაბები და ტაფები. ზუსტად ამას ვგრძნობ“. არსებობენ ადამიანები, რომელთაც საერთოდ არა აქვთ მუსიკალური სმენა, მაგრამ ეს უაზრობაა იმასთან შედარებით, როცა არ არსებობს საერთოდ მისი აღქმა, როგორც ამ ქალის შემთხვევაში. მას კინაღამ გული წაუვიდა, როცა შეიტყო, რომ ე. წ. შთამომავლობით ამუზიას მკვეთრი ნევროლოგიური გენეზი გააჩნია. წარსულში ჩემი პაციენტი თავის ქმართან ერთად ხშირად კონცერტებზე დადიოდა. ახლა კი იგი წუხს, რომ 70 წლის წინ არ დაუსვეს ეს დიაგნოზი, რადგან მთელი ცხოვრება თამაში არ მოუხდებოდა და თავის გაღიზიანებას ორკესტრის პირველივე ბგერებიდან აღარ დამალავდა.

Sunday, August 14, 2011

ქართული პატრიოტული როკის „ოკეანე“

ჯგუფ „ოკეანემდე“ ბევრი ქართველი მელომანი დარწმუნებული იყო, რომ მშობლიური ენა მძიმე მუსიკას, ჰარდროკს ვერ მოერგებოდა. ჯგუფმა „ოკეანემ“ კი, რომელიც 1980-იანი წლების მეორე ნახევარში შეიქმნა, ყველას დაუმტკიცა, რომ ქართულ ენაზე საკმაოდ მძიმე სიმღერების შესრულება მეტად წარმატებული და საშური საქმე შეიძლებოდა ყოფილიყო. „ოკეანეს“ კომპოზიტორმა და მუსიკოსმა მერაბ მამულაშვილმა შთაბერა სული. ჯგუფის წევრი გახლდათ გიტარისტი კაკო ვაშალომიძეც, რომელმაც დაკვრა 70-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო, როგორც არაკონფორმისტმა მუსიკოსმა. შეზღუდულ კომუნისტურ სივრცეში კაკო ვაშალომიძე, სხვა მუსიკოსებთან შედარებით, უფრო თავისუფალი იყო, რადგან თავისი გიტარისტობის გამო, ტექსტებთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია.

„ოკეანეს“ დაარსება და მოღვაწეობა დაემთხვა საქართველოს ე.წ. „ეროვნულ გამოღვიძებასა“ და 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას, რომელიც აისახა კიდეც ჯგუფის პატრიოტულ ლირიკაში. სიმღერებში: „ტრიალებს პლანეტა“ „მოსკოვიდან ზარია“, „მიტინგი“, „ო, ღმერთო“ და სხვ. ზუსტადაა გადმოცემული 80-იანების ქართული საზოგადოების, ახალგაზრდების სულისკვეთება და განწყობა. ჯგუფის მელოდიური მუსიკა და ვახო მაკალათიას ძლიერი და სუფთა ვოკალი მსმენელს ძალიან მოსწონდა. მახსოვს, 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ჯგუფმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში დაუკრა და კონცერტებზე სრული ანშლაგი იყო. „ოკეანე“ ხშირად ჟღერდა რადიოშიც. ესაა ძალიან წრფელი და ქართულ ენაზე ერთ-ერთი პირველად შესრულებული მელოდიური ჰარდროკი თავისი ბალადებითა და საგიტარო სოლოებით.

ჟურნალი „ბათუმი Out“ #11, აგვისტო 2011 წელი

მოუსმინე:

Saturday, July 9, 2011

ნაშუადღევის მეამბოხენი

ჯგუფი Afternoon Version ინგლისურენოვანი ექსპერიმენტული ალტერნატიული ჯგუფია, რომელიც 1993 წელს თბილისში შეიქმნა და მისი თავდაპირველი შემადგენლობა იყო: გია „სიხა“ სიხარულიძე – ბას-გიტარა, ვოკალი; მიშა აბესაძე – ვოკალი; ზურა „ზურიჩა“ ძაგნიძე – გიტარა; დათო თოიძე – გიტარა; ნიკა წერეთელი – კლავიშები, პროგრამირება, ბექ-ვოკალი; გოგა ქავთარაძე – დასარტყამი ინსტრუმენტები. ბიჭები საცეკვაო მუსიკისა და ტრანსის ნაზავს უკრავენ. „ნაშუადღევის ვერსია“ მთელი 10 წელი დუმდა. ჯგუფის შემოქმედებით ისტორიაში მნიშვნელოვანია 2000 წელს გამოშვებული 90-იანი წლების ათსიმღერიანი ალბომი Together.

ცოტა ხნის წინ კი „კომუნა.ჯის“ ბლოგზე გამოჩნდა ახალი მინი-ალბომი Renegade, ანუ „ამბოხებული“, რომლის დაგემოვნება იქვე ბლოგზეა შესაძლებელი. მინი-ალბომში მხოლოდ სამი სიმღერაა შესული: Romance („რომანსი“), Fish („თევზი“) და Railway Town („რკინიგზის ქალაქი“). ამ სიმღერებს სხვადასხვა დროს „ავთენუნ ვერშენი“ სცენაზე ასრულებდა. პირადად ჩემი ფავორიტი „რომანსია“. საინტერესო ფაქტია, რომ ჯგუფის სამი წევრი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობს. უახლესი ისტორიის თანახმად, ლონდონში მყოფი „სიხა“ სკაიპით დაუკავშირდა შტუტგარტში მყოფ „ზურიჩას“ და მოგვიანებით მათ დრამერი გოგაც შეუერთდა. სწორედ ინტერნეტ-ურთიერთობების შედეგად ჩაიწერა „მეამბოხე“, რომელიც საინტერესო და სასიამოვნო მოსასმენია. „ნაშუადღევის ვერსიის“ ბიჭებს წინ სრულ ალბომზე მუშაობა და კონცერტები ელით.

ჟურნალი „თბილისი Out“ #10, ივლისი 2011 წელი

მოუსმინე:

Thursday, June 9, 2011

„პრიზი“ – ქართული მეინსტრიმის პიონერი

ჯგუფ „პრიზის“ მსგავსი მუსიკა თავის დროზე საქართველოში მოდაში რომ შემოსულიყო, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი თანამედროვე ქართული მუსიკა ბევრად უფრო დახვეწილი, მელოდიური და გემოვნებიანი იქნებოდა. არადა, ჯგუფის მუსიკა თავის დროზე ბევრს მოსწონდა, რადგან 1989 წლის როკ-ფესტივალზე ჯგუფს მთავარი ჯილდო – „მაყურებელთა სიმპათიის პრიზი“ ერგო, ხოლო სიმღერა „ქალაქი ღამით“ თითქმის წელიწადი რადიო ჰიტ-აღლუმის სათავეში იყო.

„პრიზელები“ – ლევან ლომიძე, ზაზა კახიანი და გივი გოგუაძე ქართულენოვან პოპ-როკს ასრულებდნენ, რომელზეც „ახალ ტალღასაც“ ჰქონდა გავლენა. იგი არაანდერგრაუნდული ქართული როკჯგუფი გახლდათ. შეიძლება ითქვას, რომ „პრიზი“ პირველი ქართულენოვანი მეინსტრიმი იყო. მშვენიერი, მარტივად გასაგები ლირიკის მქონე ადვილად დასამახსოვრებელი მელოდიური სიმღერები განსაკუთრებით პოპულარული 90-იანების დასაწყისში გახდა. „პრიზის“ კომპოზიციების მიხედვით, ტელეკომპანია „მე-2 არხმა“ მუსიკალური მინიფილმიც კი გადაიღო.

1991 წელს ფირმა „მელოდიამ“, რომელიც საბჭოთა კავშირში ერთადერთი მუსიკალური ლეიბლი იყო, „პრიზის“ ერთადერთი ვინილის ფირფიტა გამოუშვა. ალბომს „ღამის ქალაქი“ ერქვა და მასში 8 სიმღერა შევიდა. ყოველი მათგანი დღემდე შესანიშნავად ისმინება. ჯგუფის ფრონტმენი ლევან ლომიძე ამჟამად რუსეთის ერთ-ერთი საუკეთესო ბლუზ-გიტარისტია და ჰყავს ჯგუფი Blues Cousins.

ჟურნალი „თბილისი Out“ #9, ივნისი 2011 წელი

მოუსმინე:

Tuesday, May 24, 2011

პროტესტანტი პედიატრები „ტაქსი“-ში

ოციოდე წლის წინ, სანამ დადა დადიანი თბილისში იყო და მისი ჯგუფები „ტაქსი“ და „საბავშვო მედიცინა“ არსებობდა, სატელევიზიო ინტერვიუში ვკითხე: „დადა, პრობლემები რომ არ იყოს, რაზე იმღერებდი?“ მან მომიგო: „იმაზე, რომ პრობლემები არაა, ესეც დიდი პრობლემაა“. ქვეყანაში უმძიმესი დრო იდგა, როცა არაგვისპირში, დადას აგარაკზე ჯგუფის წევრები გადიოდნენ რეპეტიციას, სიმღერებს დიდ, კოჭებიან („ბაბინებიან“) მაგნიტოფონზე იწერდნენ და მუსიკალურ ვიდეოებს უბრალო, VHS სისტემაზე იღებდნენ. დადას ამ ორ პროექტში მონაწილეობდნენ მუსიკოსები: ირაკლი ჩარკვიანი, კახა კიკაბიძე, ჯოზეფა, ბიჭიკო ოსიპოვი...

პოსტ-პანკ ჯგუფი „ტაქსი“ 80-იან წლებში შექმნილი ერთ-ერთი პირველი ჯგუფია, რომელიც ქართულ ენაზე საკმაოდ პროტესტულ და სოციალურ მუსიკას ასრულებდა. „მე მინდა ბავშვს, რომელიც ჩნდება, ჰქონდეს ჰაერი, მე მინდა ქალს, რომელიც ცდება, ჰყავდეს მომვლელი, მე მინდა კაცს, რომელიც ყვირის, ჰქონდეს რწმენა, მე მინდა ერს, რომელიც ლპება, ჰქონდეს გონება“ – სიმღერა „ზამთარის“ ეს ტექსტი დღესაც აქტუალურია, და არა მარტო საქართველოსთვის...

„საბავშვო მედიცინა“ დადას ინგლისურენოვანი 90-იანების ექსპერიმენტი იყო, რომელშიც საბჭოთა ესტრადას მიჩვეული საზოგადოებისთვის აბსოლუტურად ახალი, ჯერარმოსმენილი რიტმის პულსაცია იგრძნობოდა. დადა დადიანი საყვარელ საქმეს ამჯერად ინგლისში აკეთებს.

ჟურნალი „თბილისი Out“ #8, მაისი 2011 წელი

მოუსმინე

Sunday, May 8, 2011

ერთი კამერით გადაღებული მუსიკალური ვიდეოები ჩემს რადიო-რუბრიკაში

ეს არის რადიო „პალიტრის“ (FM 103.9) გადაცემა „შუადღე“, რომელიც ეთერშია ყოველ შაბათს 12-დან 16 საათამდე (ამის შესახებ „ერმონიას“ ბლოგზე ადრეც ვწერდი). ჩემი რუბრიკა „მუსიკალური მასკულტურა“ ეთერშია 13:30-დან 14:00 საათამდე.


ეს გასული შაბათის ჩანაწერია, რომელიც დევს ჩვენი რადიოს საიტზე: http://www.palitratv.ge და, საერთოდ ჩვენი რადიო უკვე გატელევიზორდა და ბევრი გადაცემის ცოცხალ ეთერში ნახვა ან მოსმენა მსოფლიოს ნებისმიერი ინტერნეტიანი წერტილიდან პირდაპირ ეთერშიც შეიძლება. იქვე დევს გადაცემების ჩანაწერებიც.



ასევე შეგიძლიათ, ყოველ ცისმარე სამუშაო დილით – 8-დან 10 სთ-მდე მისმინოთ „დილის პალიტრაშიც“ :)

Tuesday, April 12, 2011

„მთვარის კლუბი“ გაზაფხულზე გვეპატიჟება

ერთ-ერთი ყველაზე ძველი დამოუკიდებელი თბილისური ჯგუფი „მთვარის კლუბი“ ლევან ქუმსიაშვილმა თავის უახლოეს მეგობართან, გოგიტა მაისურაძესთან ერთად 1990-იანი წლების დასაწყისში ჩამოაყალიბა. ჯგუფს სახელი გოგიტას სიზმრის მიხედვით ეწოდა. „მთვარის კლუბი“ ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული და ემოციური, თუმცა არასენტიმენტალური ქართულენოვანი ჯგუფია. „ჩვენი იარაღია ემოცია – არ ვაგინებთ ამ ცხოვრებას, მაგრამ არც ძალიან ვდნებით „მე შენ მიყვარხარებით“. მე ვცდილობ, რომ რიტმს ერქვას პულსი, სიმღერას – ემოცია და მუსიკა იყოს გრძნობა“, – ასე განმიმარტა ადრე ლევან ქუმსიაშვილმა ბენდის ერთგვარი მუსიკალური კრედო.

ეს ჯგუფი თბილისში ერთ-ერთი პირველია, რომელმაც მუსიკალური კლუბი შექმნა. თავად „მთვარის კლუბი“, „ზუმბა“, „ინსაიტი“, „33 ა“, „აუტსაიდერი“ – მცირე ჩამონათვალია იმ ცნობილ თუ უცნობ შემსრულებლებს შორის, რომლებიც სხვადასხვა წლებში სწორედ ამ კლუბმა, მისმა სარეპეტიციომ, სახელოსნომ გააერთიანა.

„მთვარის კლუბის“ სიმღერების უმრავლესობა როკ-ბალადისა და ფოლკის შესანიშნავი ნაზავია და მათ საფრანგეთის, ბალკანეთის და საქართველოს სეზონების სურნელი ასდის. „ღამე მშვიდობისა“, „ოქროს ფოთოლთა ლივლივი“, „ფრთებს“, „ოცნება ზღვების“, „გაზაფხული“, „მე გაზაფხულზე გეპატიჟებით“... – მცირე ჩამონათვალია „მთვარის კლუბის“ მშვენიერ ჰიტებს შორის, რომელთა მოსმენა სასიამოვნოა საყვარელ ადამიანთან და მეგობრებთან ერთად, რადგან ეს სიმღერები ჭეშმარიტ შინაურ, თბილ გრძნობებს აღძრავს.

ჟურნალი „თბილისი Out“ #7, აპრილი 2011 წელი 

მოუსმინე

Thursday, February 3, 2011

„სტუმარი“ – ყველაზე სასურველი მუსიკალური სტუმარი

წარმოიდგინეთ სიმღერები, რომელთა ტექსტებიც შედგენილია ბიბლიოთეკების ძველ წიგნებში ამოკითხული არქაული დასალოცებით, იგავებით, თანამედროვე ქართველი პოეტების ტექსტებით, უბრალო ხალხური სიტყვებით... მუსიკა, მეტად ორიგინალური, დახვეწილი და ჰარმონიული, ფოლკლორიდან იკვებება. ეს არ არის ქართული ფოლკლორის მარგალიტების კიდევ ერთი ახლებური მომაბეზრებელი გადამღერება, რომლითაც სავსეა დღევანდელი სცენა. ოჯახური ჯგუფი „სტუმარი“ ასრულებს ფოლკს (და არა ფოლკლორს), რომელსაც ჩვენს ქვეყანაში თავის დროზე „ქალაქური მუსიკა“ შეარქვეს. ზოგადად, საქართველოს ოჯახური მუზიცირების მდიდარი ტრადიცია აქვს და მისი პიონერი „დები იშხნელები“ იყო.

„სტუმარი“ აკადემიური აკუსტიკური ინსტრუმენტების (ვიოლინო, გიტარა, ფლეიტა, პერკუსიები, კონტრაბასი) გარდა, არც აფრიკულ, ჩინურ თუ ქართულ ტრადიციულ ინსტრუმენტებზე ამბობს უარს და არც ელექტრონულზე. მათი მუსიკა უზადოდაა არანჟირებული. 2002 წელს „სტუმარი“ ოჯახის სამმა წევრმა ჩამოაყალიბა – დავით ხოსიტაშვილმა (გიტარა, სალამური, ფანდური), ნინა ჯანჯღავამ (ვოკალი, ფლეიტა, კლავიშები) და მარიამ „მამუ“ ჯანჯღავამ (ვიოლინო, ვოკალი). მუსიკის შექმნასა და არანჟირებაში ჯგუფის თითქმის ყველა წევრი იღებს მონაწილეობას. „სტუმართან“ ერთად მსმენელი გაივლის „ბეწვის ხიდს“, ნახავს როგორ „მღერიან თევზები ღუზებთან“, როგორ სეირნობს ტყეში „ზღარბების ოჯახი“, რას „ჩიოდა მელა“ და იგი კიდევ ბევრ უძველეს თუ ახალ ამბავს მოისმენს.

ჟურნალი „თბილისი Out“ #5, თებერვალი 2011 წელი 

მოუსმინე