Showing posts with label სტატია. Show all posts
Showing posts with label სტატია. Show all posts

Friday, November 29, 2024

მუსიკის გავრცელება ქუთაისში

შესავალი

მუსიკასთან ზიარება დიდი სიამოვნებაა და ბევრი მელომანისთვის იგი უკავშირდება არა მარტო ჩანაწერების თუ ცოცხლად კონცერტების მოსმენას, არამედ მათ ფლობასაც. ადამიანი მესაკუთრეა, მას სურს ჰქონდეს და ეხებოდეს იმას, რაც ძალიან უყვარს. ამიტომ მელომანების დიდი ნაწილი მუსიკას აგროვებს. მუსიკის ქონა კი 21-ე საუკუნის დასაწყისამდე მუსიკალურ მატარებლების – ფირფიტების, კასეტების თუ კომპაქტ-დისკების დაგროვებასთან ასოცირდებოდა. მუსიკას ჰქონდა ფიზიკური ფორმა, მისი შენახვა შეიძლებოდა მაგიდაზე, თაროებზე, ჯიბეშიც კი. მასზე მუშაობდნენ არა მარტო ხმის ტექნოლოგები, არამედ დიზაინერები, სტამბის მუშები, გამავრცელებლები, გადამზიდველები და ა.შ. უკვე მზა პროდუქტს ჰქონდა სპეციფიკური ვიზუალი, ფერი, სუნი. შეგეძლო მუსიკა საკრავზე ჩაგერთო და შენ ფირფიტის, კასეტის ან სიდის ყდა და ბუკლეტი დაგეთვალიერებინა. 21-ე საუკუნიდან კი მუსიკის ქონა ნაწილობრივ აბსტრაქტულ ცნებად იქცა. იგი მხოლოდ კომპიუტერის ან აიპოდის მყარ დისკზე შენახული ციფრულ ფაილებს ან ონლაინ ღრუბლებში განთავსებულ მუსიკას გულისხმობს, რომლებსაც არც ფორმა აქვთ, არც სხეული, შესაბამისად ვერც შეეხები, ვერც დაათვალიერებ, ვერც მის სუნს იგრძნობ. ჰოდა, სწორედ ამიტომ 2010-იანების მეორე ნახევრიდან ვინილის ფირფიტები და კასეტები ისევ მოთხოვნადი გახდა.


ადრე, როცა ჩვენს ქვეყანასა და შესაბამისად ქუთაისში არ არსებობდა ინტერნეტი, სმარტფონები, თხელი ტელევიზორები, თანამგზავრული ტელევიზიები, FM რადიო და პლასტმასის ბოთლები, როცა ყველაზე სწრაფი კავშირგაბმულობის საშუალება დეპეშის გაგზავნა ან ხაზის ტელეფონი იყო, როცა სხვა ქალაქში დასარეკად ე.წ. სალაპარაკოში უნდა მისულიყავი, ზარი შეგეკვეთა და მერე ხშირად დიდი ხნით დალოდებოდი, როცა ორცხობილას მართლა ორცხობილა ერქვა, ადგილებს კი ადგილები და არა ლოკაცია, როცა ქუთაისში ჯერ კიდევ ტროლეიბუსი მოძრაობდა და მგზავრები გადაჰყავდა, როცა ფალიაშვილის ქუჩაზე სპორტულ მაღაზია „სპარტაკში“ ფეხბურთის ტყავის ბურთი 11 მანეთი ღირდა, როცა სარაგბო კლუბ „აიას“ ჯერ კიდევ „სახლმშენი“ ერქვა, როცა ადამიანები ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ფოტოებს მეტწილად ფოტო-ატელიეებში იღებდნენ ისეთ ფოტომეტრებთან, როგორიც ილო ხახიაშვილი იყო, როცა წყალი მაღაზიებში არ იყიდებოდა და სიცხეში წყურვილის მოკვლა პირდაპირ ქუჩებში მდგარი „ფანტანებიდან“ იყო შესაძლებელი, როცა ქალაქში 2-კაპიკიანი ტაქსოფონები და 5-კაპიკიანი გაზირებული ლიმონათების ჩამოსასხმელი ავტომატები იდგა, როცა კინოთეატრების ფოიეებში 15-კაპიკიანი სათამაშო ავტომატებით ვერთობოდით, მუსიკა ისეთი იოლად ხელმისაწვდომი არ იყო, როგორც დღესაა. დღეს მუსიკა ყველგან ისმის – სმარტფონებში, პლანშეტებში, კომპიუტერებში, ტელევიზორებში, FM რადიოებში, სავაჭრო ცენტრებში, სადგურებში, კაფეებში, სტადიონებსა თუ უბრალოდ ქუჩაში. რა თქმა უნდა, მაშინ მუსიკალური ტელე და რადიო გადაცემები არსებობდა, მაგრამ მხოლოდ განსაზღვრულ დროს და საერთო ჯამში, კვირაში ალბათ 2-ჯერ ან 3-ჯერ იყო მათი ნახვის ბედნიერება. კლასიკური მუსიკის მოსმენა გაცილებით ხშირად შეიძლებოდა ე.წ. ხაზის რადიოებში, რომლებიც ქუთაისის თითქმის ყველა შენობაში იყო შეყვანილი. დიახ, სადენებით შეჰყავდათ და მასზე სპეციალური რადიომიმღებები იყო დაერთებული, რომელსაც მხოლოდ ხმის ასაწევ-დასაწევის ღილაკი ჰქონდა. ამ რადიოების მოსმენაში კი ხალხი ყოველთვიურად ფულს იხდიდა. ხაზის რადიო კი მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო რადიოს გადაცემებს უკეთებდა რეტრანსლაციას. ამას ემატებოდა ადგილობრივი ქუთაისური რადიო სტუდიის მაუწყებლობაც, რომელსაც დღე-ღამეში მხოლოდ ერთი საათი თუ ეთმობოდა.

რა მუსიკა ისმოდა საბჭოთა ქუთაისში

სანამ სსრკ დაიშლებოდა, საქართველოს სსრ ჰიმნი ალბათ ყველაზე ხშირად მოსმენადი მუსიკალური ნაწარმოები იყო, რადგან იგი ხაზის რადიოში ყოველ დილით 6 საათზე და შუაღამის ზუსტად 12 საათზე აჟღერდებოდა ხოლმე. მუსიკა ჟღერდა სტადიონზეც, სანამ „ტორპედოსა“ და რომელიმე გუნდის თამაში დაიწყებოდა და შესვენებებზე ტაიმებს შორის. რეპერტუარში ძირითადად ქართული ე.წ. ესტრადა იყო, მაშინდელი ან უფრო ადრინდელი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების ან მომღერლების სიმღერები. მუსიკა ისმოდა კაფეებშიც, რომელთა რეპერტუარშიც მეტწილად საბჭოთა საესტრადო მუსიკა გახლდათ. რესტორნებსა და ქორწილებში კი 1980-იანი წლების მეორე ნახევრამდე მუსიკალური კოლექტივები (კვარტეტები, კვინტეტები, სექსტეტები და ა.შ.) უკრავდნენ, რომლებიც სწორედ ამ საქმიანობით ირჩენდნენ თავს. თუმცა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ე.წ. „პერესტროიკის“ ეპოქაში, საქართველოში იაპონური სინთეზატორები (მეტწილად „იამაჰას“ ფირმის) გაჩნდა და სარესტორნო თუ საქორწინო ბიზნესის ბენდებში მუსიკოსების რაოდენობა შემცირდა ჯერ ტრიომდე, შემდეგ დუეტამდე, ბოლოს კი ერთი ადამიანიც მშვენივრად ართმევდა ყველაფერს თავს. სარესტორნო თუ საქორწინო რეპერტუარში შედიოდა იმ პერიოდის პოპულარული საესტრადო სიმღერები, ხოლო 1980-იან წლების მეორე ნახევრიდან მსოფლიო თუ ევროპული ჰიტებიც.

Tuesday, October 3, 2023

ქუთაისური მუსიკა

ქუთაისი უძველესი, როგორც ამბობენ, 3500 წლის ქალაქია, რომელსაც ნიჭიერი ხელოვანები არასოდეს აკლდა. ამერიკელი კლასიკოსი მწერალი, უილიამ ფოლკნერი ამბობდა, რომ „პროზის გრგვინვა და მუსიკა სიჩუმეში სრულდება“. სიჩუმე და სიმშვიდე ყოველთვის ქუთაისის თანამდევი იყო. საბჭოთა ინდუსტრიალიზაციამდე ქალაქში რიონის ხმა თუ ისმოდა მხოლოდ, რომელსაც ჰარმონიულად ერწყმოდა გიტარაზე დამღერებული ქართული პოლიფონიური ფოლკი, რომელსაც დღეს „ქალაქურ მუსიკას“ უწოდებენ და კლასიკური მუსიკა. კომუნისტური ეპოქის დასრულების შემდეგ კი, როცა საწარმოები გაჩერდა და ჩარხების ხმაურიც მიწყდა, ქუთაისი კიდევ უფრო დადუმდა. თუმცა ეს იყო ერთგვარი სიმშვიდე ქარიშხლის წინ. ზოგადად, თბილისისგან განსხვავებით, ქუთაისი პოლიტიკური აქტიურობით არასოდეს გამოირჩეოდა და საზოგადოებაში დაგროვილი მუხტი მიტინგებზე კი არა, უფრო ხელოვნებაში აისახებოდა ხოლმე. მაშინ კი, პოსტ-საბჭოთა ქალაქში გამეფებული სიჩუმე დაარღვიეს მუსიკოსებმა – დამოუკიდებელმა ქართველმა როკერებმა, პანკებმა, მეტალისტებმა, ელექტრონისტებმა, ჰიპ-ჰოპერებმა... და მათი ეს ხმაური შემდეგში მთელმა საქართველომ გაიგონა. თუმცა ეს ხმა ნაკლებად ესმოდათ თავად ამ ქალაქში და ამ განსხვავებული მუსიკის მსმენელთა მხოლოდ მცირე წრეები არსებობდა.

რობი კუხიანიძე, 1997 წელი

ქუთაისელმა ჰიპ-ჰოპერმა შავმა პრინცმა ადრე ინტერვიუში მითხრა: „თანამედროვე მუსიკაში ყველაზე მეამბოხე მუსიკოსები სწორედ ამ ქალაქიდან არიან. ეს, ჩემი აზრით, ბუნებრივია. როდესაც ადამიანს ბევრი გაუსაძლისი პრობლემა გაქვს და რაღაცის შეცვლა გსურს, მაშინ უფრო მეტად აზროვნებ და უკვე გარკვევით ხვდები რა გინდა“.
 

ზოგადად ქუთაისელ არტისტებს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ნოვატორ და პროტესტულ მუსიკის შემსრულებლებად იცნობენ. თუმცა მოდით ეს მუსიკალური პროტესტი ახლა დროებით გვერდზე გადავდოთ და ისიც ვთქვათ, რომ ქართული კლასიკური მუსიკის ფუძემდებლებიც ამ ქალაქში გაიზარდნენ. ზაქარია ფალიაშვილი და მელიტონ ბალანჩივაძე (მისი შვილები იყვნენ კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე და ამერიკული ბალეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი ჯორჯ ბალანჩინი) ამის ნათელი მაგალითები არიან. ბაფთიან გიტარაზე დამღერებული ე.წ. ქალაქური პოლიფონიური მუსიკაც მთელი დასავლეთ საქართველოდან სწორედ ამ ქალაქში აკუმულირდა და დები იშხნელები იყვნენ ის პირველი შემსრულებლები, რომელთაც სწორედ ამ მუსიკით გაითქვეს სახელი. მე-18 საუკუნის გამოჩენილი ქართველი გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი იმერლებს ასე ახასიათებს: „მომღერალ-მგალობელნი და მწიგნობარნი წარჩინებულნი, და უმეტესნი კეთილხმოვანნი და სხუათა და სხუათა შემძინებელნი. უცქვიტესად მოუბარნი...“


მეტყველების ეს სიცქვიტე კი კარგად მოარგეს თავიანთ შემოქმედებას ქუთაისელმა ჰიპ-ჰოპერებმა. მუსიკალური ცხოვრება ქუთაისში კომუნისტური ეპოქის დასრულების შემდეგ ბევრად უფრო ინტენსიური გახდა. აქ მთავარი იარაღი გიტარა იყო, რომლის შემსწავლელ წრეებში ბევრი ახალგაზრდა დადიოდა. ქვეყანაში ენერგოკრიზისის დროს, ისინი აკუსტიკურ გიტარებზე უკრავდნენ. გიტარა დღემდე რჩება გამორჩეულად სასურველ ინსტრუმენტად, რომელსაც მომავალი თაობა განსაკუთრებული ინტერესით სწავლობს. „აუტსაიდერელ“ რობი კუხიანიძეს კი ადრე ჩემთვის ინტერვიუში უთქვამს, რომ „ქუთაისს რამდენიმე ათწლეულში ერთხელ ახასიათებს კულტურული აფეთქება და სიახლეების დანერგვა“. მე-20 საუკუნის დასაწყისში ასეთი სიახლე თუნდაც პოეტური ორდენის „ცისფერყანწელები“ ჩამოყალიბება გახლდათ. 

რობი კუხიანიძე, 1998 წელი

პირველი ანდერგრაუნდ-დაჯგუფება ქუთაისში ჯერ კიდევ 1980 წელს, ჯერ კიდევ სსრკ-ს დროს, ე.წ. „პერესტროიკამდე“ გამოჩნდა და მას „თეთრი ფრთები“ ერქვა. იგი ქუთაისელმა მეგობრებმა – მხატვარმა, მუსიკოსმა და პოეტმა როლანდ, იგივე შალა შალამბერიძემ, მხატვარმა, კომპოზიტორმა და მუსიკოსმა  ავთო, იგივე ბაჩუ ავალიანმა და მხატვრებმა: მერაბ ამაღლობელმა, გია ხურციძემ, გოჩა დარახველიძემ და დათო გოფოძემ დააარსეს. დაჯგუფებას კიდევ დაემატნენ შემოქმედები და 1982 წლისთვის 20-მდე წევრს ითვლიდა. დაჯგუფება აწყობდა იატაკქვეშა პერფორმანსებს. როლანდ შალამბერიძემ მუსიკალური ინსტრუმენტების გამოგონება დაიწყო და დღემდე უამრავი ინსტრუმენტი აქვს დამზადებული, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს. ამ ინსტრუმენტებით მას რამდენიმე ავანგარდული ალბომი აქვს ჩაწერილი და გამოშვებული. „თეთრი ფრთების“ დიდი ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში დაიფანტა. 

Friday, November 25, 2022

თინათინ წერეთელი – გერმანელი მომღერალი ქართული მუსიკის სამყაროდან

თინათინ წერეთლის მუსიკალური შემოქმედება ფეისბუქზე აღმოვაჩინე. მუსიკოსი გერმანიაში, კერძოდ, ქალაქ ჰანოვერში ცხოვრობს. შემდეგ თინათინისა და ასევე გერმანიაში მცხოვრები ქართველ მუსიკოსის, მარიამ ქირიას ერთად ჩაწერილ  დუეტსაც მოვუსმინე. მისი შემოქმედება მომწონს და ჩვენ ვირტუალური მეგობრები გავხდით. თინათინი დღეს სოულსა და ჯაზში მუშაობს. 2019 წელს თავის ბენდთან ერთად მონაწილეობა მიიღო იუნესკოს პირველ გლობალურ ფესტივალში, რომელიც იტალიაში გაიმართა. ფესტივალზე მან გერმანიის სახელით იუნესკოს დელეგაციის წინაშე ორი კონცერტი გამართა. იგი ამ ღონისძიებაზე ერთადერთი  მუსიკოსი ქალი გახლდათ. თინათინ წერეთელმა 2020 წლის მიწურულს ალბომი Alles Zu Seiner Zeit („ყველაფერს თავისი დრო აქვს“) გამოუშვა. იგი ცნობილ ლეიბლ Peppermint Park Studios-ში ჩაიწერა, რომელთანაც თანამშრომლობენ მსოფლიოს სახელგანთქმული ვარსკვლავები: მადონა, ჯგუფი „სკორპიონსი“, ტომ ჯონსი და სხვები. თავისი შემოქმედების ინტერკულტურულობის დამსახურებით, თინათინი ჩეხეთის ქალაქ ბრნოს ფესტივალზე ჰანოვერისა და გერმანიის მუსიკალურ ელჩად იყო მიწვეული. 


ქართული წარმოშობის გერმანელი მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი თინათინ წერეთელი 1982 წლის 14 სექტემბერს თბილისში, მუსიკოსთა ოჯახში დაიბადა, ამიტომაც ბავშვობა მუსიკალურ გარემოცვაში გაატარა. გოგონა რეპეტიციებს ხშირად ოპერის საორკესტრო ორმოდან ადევნებდა თვალს. როგორც თავად ამბობს, სადაც მუსიკა ისმოდა, იქ თავს ყოველთვის შინაურულად გრძნობდა. ხუთი წლის ასაკში თინათინმა ვიოლინოს შესწავლა დაიწყო. 6 წლისამ კი ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლაც მოისურვა. ამის შემდეგ მუსიკა მისი ყოველდღიური ყოფის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. მის ოჯახში ყველა მღეროდა და ასე გაეცნო ქართულ მრავალხმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სხვა ჟანრში მუშაობს, ქართულ ფოლკლორს, პოლიფონიას მის მუსიკალურ სამყაროში განსაკუთრებული ადგილი უკავია. 

1993 წელს საქართველოში არსებული რთული სიტუაციის გამო, 10 წლის გოგონა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. დღეს თინათინი ჰანოვერისა და მისი შემოგარენის რამდენიმე უნივერსიტეტსა და სასწავლებელში ვოკალის პედაგოგად მუშაობს. მას აქვს  მუსიკალური პროექტებიც.  გთავაზობთ თინათინ წერეთელთან ინტერვიუს. იგი კარგად ლაპარაკობს ქართულად, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თავად ამბობს, აზროვნებს გერმანულად. 

– თინათინ, როგორი შეგრძნება იყო, როდესაც 10 წლის ასაკში საქართველოდან შორს ამოყავი თავი?

– ორი ჩემოდნის ამარა უცხოეთში ჩარჩენილმა ოჯახმა ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება. მაშინ მუსიკაზე ფიქრიც კი უადგილო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მენატრებოდა და მწყუროდა იგი. უბრალოდ, არ მინდოდა დედისთვის  რთულ სიტუაციაში სადარდებელი დამემატებინა, ამიტომ ხმამაღლა არ გამოვხატავდი ამ სურვილს. მაგრამ როცა მარტო ვრჩებოდი, ამ წყურვილს სიმღერით ვიკლავდი. სიმღერისას და დაკვრისას დროის და სივრცეს შეგრძნებას ვკარგავ. მუსიკის შესრულებისას თავს სრულყოფილად აღვიქვამ, რადგან იმ „მე“-ს ვუერთდები, რომელიც თბილისში გატარებულ ბავშვობაში დარჩა. 


იმ ქალაქში, სადაც გიმნაზია დავამთავრე, გოსპელის გუნდში ვმღეროდი. პირველად სცენაზე სკოლის ბოლო ზარზე ვიმღერე. შემდეგ ჩრდილოეთ გერმანიაში კულტურის მეცნიერების ფაკულტეტზე დავიწყე სწავლა, სადაც მუსიკა  ერთ-ერთი საგანი იყო. ჯაზ-როკ და პოპ ვოკალისკენ ნელ-ნელა გავიკვლიე გზა. გერმანიაში ფორტეპიანოს შესწავლა ხელახლა დავიწყე, ხოლო გიტარაზე დაკვრას ჩემით დავეუფლე. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ თავად შემეძლო სიმღერების წერა. იმის მიუხედავად, რომ გერმანელი სტუდენტების უმეტესობა სიმღერებს ინგლისურად წერდა, საკუთარი შემოქმედებისთვის მაინც გერმანული ენა ვარჩიე. ქართული სული და ემოცია გაჯერებული გერმანული აზროვნებით – ესაა ჩემებური მუსიკალური კოქტეილი, რასაც აქ განსაკუთრებულად აღიქვამენ. 

Tuesday, September 6, 2022

რატომ ყვირიან ქართველი მომღერლები და ხმაურიანი ეროვნული უკულტურობები

„პროზის გრგვინვა და მუსიკა სიჩუმეში სრულდება“.
უილიამ ფოლკნერი

ვისაც კი ზაფხულში რამდენიმე დღე მაინც ქართულ კურორტებზე გაუტარებია, აუცილებლად „ყურში მოხვდებოდა“ მრავალფეროვანი მუსიკალური ფონი, რომლითაც ისინი გამოირჩევა, განსაკუთრებით ზღვისპირეთში. იქ თქვენ მოუსმენთ ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, თურქულ, ირანულ თუ რუსულ ფანოღს, რუსულ ე.წ. ესტრადას და  ძველბიჭურ ასევე რუსულ რეპს, ქართულ თუ უცხოურ პოპს – „დესპასიტოთი“ დაწყებული, ქართველი „პოპვარსკვლავთა“ შემოქმედებით დამთავრებული. ამ კოქტეილის განსაკუთრებულობა ისაა, რომ მთელი ეს „ნაღები“ რეპერტუარი დამსვენებლებს დიდი დოზებით და აუცილებლად ხმამაღლა მიეწოდება. ასე თუ ისე, ამას ალბათ აიტანდა კიდეც ადამიანი, ეს უფასო კონცერტი ზოგჯერ მთელი ღამე (ან ღამეები) რომ არ გრძელდებოდეს. ამას ემატება შუაღამით, ძლივს ჩაძინებულზე, ვიღაცების მიერ ხოშზე ნატყორცნი პეტარდების გამაყრუებელი ხმები. მოკლედ, ხვდები, რომ ადამიანს საქართველოში არც შვებულებაში ან არდადეგებზე ეღირსება მოსვენება. 


ბევრ ადამიანს სიმთვრალეში უჩნდება სურვილი, რომ მისი პერსონა მთელი სიკაშკაშით წარმოგიდგინოთ. მახსენდება ორი გავრცელებული მოწოდებაც, როდესაც ნასვამი მამაკაცი ოჯახში ბრუნდება და ყვირის: „ბავშვი გააღვიძეთ, პიანინოზე დაუკრას!“ ან თუნდაც – „მეზობლებო, გამოდით, უნდა დაგთვალოთ!“ მას ძალიან უნდა, ყველამ გაიგოს, რომ ნასვამია, თან სხვების სიმშვიდეს არად დაგიდევს. ბავშვის ან ცოლის დაბადების დღის შესრულებისთანავე – ღამის 12 საათზე ან, გინდ, ღამის 2 საათზე პეტარდების სროლას იწყებს. მისთვის მთავარია, ოჯახის წევრებს თქვენი სიმშვიდის დარღვევის ხარჯზე ასიამოვნოს. მერე რა მოხდა, რომ ამ გამაყრუებელი ხმაურით თქვენი ბავშვი გააღვიძა? თავისი ხომ გაისწორა? 

ოთო ნემსაძე
ახლა შევიდეთ თბილისის ან სხვა რომელიმე ქალაქის სავაჭრო ცენტრებში, სადაც წესით, უნდა გვეგებებოდეს ფონური ემბიენტ-მუსიკა, ისიც დაბალ ხმაზე ჩართული. ჩვენ კი გვხვდება ბოლო ხმამდე აღნავლებული პოპულარული მუსიკალური ჰიტები. მაღაზიის კონსულტანტს რამე რომ ჰკითხო, აუცილებლად უნდა უყვირო, რომ გააგონო. პასუხი მანაც ყვირილითვე უნდა დაგიბრუნოს. მერე სავაჭრო ცენტრების სატელევიზიო ან რადიო რეკლამაში ვინმე ხმამაღლა და დაძაბულად იტყვის წარმოუდგენლად უაზრო ფრაზას – „ევროპული დონის მომსახურება“. თითქოს ამერიკული, იაპონურ-კორეული ან თუნდაც ავსტრალიური სერვისი სირცხვილი და უხარისხო იყოს. მოკლედ, ასეთ ადგილებში მატრაკვეცობა და სიგოიმეა გამეფებული.

Wednesday, June 15, 2022

დადა დადიანი 30 წლის შემდეგ აქაურობასა და ყველაურობაზე

{სრული ვერსია}

დადა დადიანს პირველად 1992 წლის 12 ივლისს შევხვდი, როცა ქუთაისში კლუბ „მელომანის“ და ჯგუფ „აუტსაიდერის“ ორგანიზებით როკ-აქცია „როკი ფონოგრამის (და შიდსის) წინააღმდეგ“ ჩატარდა. მაშინ ამ აქციას ქუთაისის კომერციულ ტელევიზიაში (შემდგომში ტელეკომპანია „რიონი“) ჩემი და ჩემი მეგობრების ტელე-პროექტ „კედელისთვის“ ვაშუქებდი, რომელიც საქართველოს ტელევიზიის „მე-2“ არხზეც გადიოდა. ქუთაისის შემდეგ რამდენიმე დღეში დადას ჯერ თბილისში, მერე მის აგარაკზეც შევხვდი, როდესაც მან „ტაქსის“ 1988 წლის ალბომი კასეტაზე ჩამიწერა. ამის შემდეგ მალე მუსიკოსი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც ერთ-ერთ მუსიკალურ ლეიბლზე მუშაობს და თავის საყვარელ საქმეს აკეთებს. 


ქუთაისში გამართულ კონცერტზე „ტაქსის“ და შემდეგ „საბავშვო მედიცინის“ მუსიკამ პირველივე მოსმენის შემდეგ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. „ტაქსიმ“, რომელშიც მაშინ დადას გარდა უკრავდნენ: ბიჭიკო ოსიპოვი, კახა კიკაბიძე და ირაკლი ჩარკვიანი, სულ 4 სიმღერა შეასრულა, მაგრამ საოცარი ატმოსფერო შექმნა. ეს არ იყო ორდინარული მუსიკა, რომელიც მაშინ მეინსტრიმ ქართულ სცენაზე ისმოდა ან თუნდაც „ჩვეულებრივი“ ინგლისურენოვანი ქართული როკ-ჯგუფები ასრულებდნენ. 

ეს იყო გზავნილებით სავსე ქართულენოვანი მართლაც ალტერნატიული მუსიკა, რომელშიც იგრძნობოდა როგორც დიდი პროტესტი, ისე მეტად პოზიტიური, მაჟორული მუსიკალური განწყობა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო „ზამთარი“, რომელიც არ ძველდება და შემიძლია ვთქვა, რომ ის ეპოქალური სიმღერაა, რომელიც უზუსტესად ასახავს მაშინდელ საქართველოს. მასში არის ასეთი სიტყვები: „მე მინდა ბავშვს, რომელიც ჩნდება, ჰქონდეს ჰაერი, მე მინდა ქალს, რომელიც ცდება, ჰყავდეს მომვლელი, მე მინდა კაცს, რომელიც ყვირის, ჰქონდეს რწმენა, მე მინდა ერს, რომელიც ლპება, ჰქონდეს გონება“. შემდეგ კი მისამღერში: „მაგრამ მე თქვენი აღარ მჯერა“. სამწუხაროდ, რეალობა არ შეცვლილა და ეს უნდობლობა კიდევ უფრო გაღრმავდა. 


შესანიშნავი მოსასმენია „ტაქსის“ 1988 წლის ერთადერთი ალბომიც...


განსხვავებული ხასიათის პროექტი იყო 1990-იანი წლების დასაწყისში შექმნილი „საბავშვო მედიცინა“, რომელშიც სიტყვიერი გზავნილების გარდა, დადამ კახა გუგუშვილთან, იგივე ჯოზეფასთან და ირაკლი ჩარკვიანთან ერთად მუსიკალური ექსპერიმენტებიც დაიწყო. ჯგუფის მუსიკაში საკმაო დოზით ჟღერდა ელექტრონიკაც. „პედიატრებმა“ მოიარეს აღმოსავლეთ ევროპა და პრიზებიც დაიმსახურეს. 


„ქართული ცეკვის იმპერია“ ასევე 1990-იანების დასაწყისის პროექტი იყო, რომელშიც დადასთან ერთად მონაწილეობდნენ: სერგი გვარჯალაძე, ბიბი კვაჭაძე და გოგი ჭილაშვილი. ეს იყო იუმორით გაჯერებული ჯგუფი, რომელიც ქალაქური მუსიკისა და ფოლკლორის ზეგავლენით შექმნილ საცეკვაო სიმღერებს ასრულებდა.
 
რამდენიმე თვის წინ, 30 წლის შემდეგ დადა დადიანი სამშობლოში დაბრუნდა და ქალაქგარეთ ვესტუმრე. ეს ინტერვიუ მისი სახლის ეზოშია ჩაწერილი. 

– დადა, როგორი იყო შენი მუსიკალური გზა? 


– ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც პირველად მოვუსმინე „ბითლზებს“. გამაოცა, გამაოგნა და გადამრია. ეს იყო ალბომი Abbey Road, რომელიც ბიძაჩემმა ჩამომიტანა. მაშინ ინგლისურს კარგად ვერ ვფლობდი, რომ სიმღერის სიტყვები გამეგო. დედაჩემს, რომელიც ინგლისურის სპეციალისტი იყო, ვთხოვე: „დედიკო, ახლა უნდა დაჯდე და ყველაფერი გადამითარგმნო“. მართლაც, გადამითარგმნა, გავიგე მათი შინაარსი. მერე გიტარა ავიღე ხელში, ახლა მე თვითონ უნდა დავუკრა და ვიმღერო ეს ყველაფერი მეთქი. როგორც უკვე ვთქვი, პატარა, ღლაპი ვიყავი და ვიფიქრე, თუ „ბითლზები“ სიმღერებს წერენ, მაშინ მეც დავწერ რამეს, ოღონდ ისეთს, რომელიც მათ დონეს არ უნდა ჩამოუვარდებოდეს მეთქი. ძალიან ამბიციური გადაწყვეტილება იყო. ამის შემდეგ მთელს ოჯახს ვაწუხებდი, დილიდან საღამომდე ვუკრავდი და ვმღეროდი.

Thursday, October 28, 2021

მკვდარი სულების არდადეგები

© ლაშა გაბუნია
© თეო ხატიაშვილი

ფილმი „მკვდარი სულების არდადეგები“ 1990-იანი წლების მუსიკოს ლევან სვანიძეზე და მის ახლანდელ ყოველდღიურობაზე მოგვითხრობს. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ეს ფილმი თუნდაც იმითაა ძვირფასი, რომ ამ ათწლეულის ძალიან ბევრი მუსიკალური მოვლენის თვითმხილველი ვიყავით. ლევანს 1997 წლიდან ვიცნობ, როდესაც ის ჯგუფ „ამორალთან“ (დღეს ამ ჯგუფს „წერილი“ ჰქვია) ერთად ქუთაისში ჩვენს მიერ ორგანიზებულ კონცერტზე – „ნიღბების კლუბის“ პრეზენტაციაზე – ჩამოვიდა. მაშინ ქუთაისის ერთ-ერთ FM რადიოშიც ვმუშაობდი და „ამორალის“ სიმღერა „იცეკვე ჩემთან“ ჩემს მსმენელთა შორის ნამდვილი ჰიტი გახდა. 

კადრი ფილმიდან, ლევან სვანიძე
კადრი ფილმიდან, ლევან სვანიძე
ფილმი „მკვდარი სულების არდადეგები“ (ეს სახელი მუსიკოსის ადრეულ ჯგუფს ერქვა) ლევანის დღევანდელ რეალობასთან მტკივნეულ შეჯახებებზეა, თუ რა რთულია მუსიკოსისთვის სამსახურის შოვნა, ოჯახის რჩენა და რაც მთავარია, საკუთარი ნიჭის რეალიზება.
 
* * *

„დაწუნებული“ ფოლდერი 

როგორც ფილმის რეჟისორი, კეკო ჭელიძე ყვება, მათ თავიდან ჩაფიქრებული ჰქონდათ, აესახათ პროცესი, რაც თავად ლევან სვანიძის სურვილის რეალიზებას მიჰყვებოდა – შეეკრიბა ძველი ბენდი და ჩაეტარებინა კონცერტი. გადაღებული მასალა ორ ფოლდერად იყო დახარისხებული: ერთში ფილმის მთავარი იდეის ამსახველი ეპიზოდები იყო მოთავსებული და მეორეში – რუტინული ყოველდღიურობის, რომელიც შესაძლოა მონტაჟის დროს გამოდგომოდათ, სახელწოდებით „არ ვარგა“.

ბენდი ვერ შეიკრიბა. ვერც კონცერტი ჩატარდა. ეს სანუკვარი სურვილი ისევე ჩაიშალა, როგორც ფილმის, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე სევდიან ეპიზოდში, როდესაც „წერილის“ წევრები ლევანის გარეშე ატარებენ საღამოს; საღამოს, რომელსაც დიდი მღელვარებით ელოდა ლევანი, მაგრამ ვეღარ შეძლო მისვლა. არ ვიცი, იქნებ შეეშინდა კიდეც – შეძლებდა კი ძველებურად დაკვრას?

კადრი ფილმიდან
ამიტომ ჩემთვის სიმბოლურად ჩანს, რომ ფილმი სწორედ იმ დაწუნებული ფოლდერიდან შეიქმნა, რომელიც გვერდზე იყო გადადებული, ისევე როგორც ლევან სვანიძის „დაწუნებული“ ცხოვრება, რომელშიც ბევრ საინტერესოსა და ღირებულს აღმოაჩენ, თუ კარგად ჩაიხედავ.

* * *

ქართულ ხელოვნებაში ხშირად იხსენებენ 1990-იან წლებს, ჩვენი ქვეყნისთვის, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს. ბევრი ფილმი გადაიღეს ამ ათწლეულზე, ცოტა – ძალიან კარგი, უმეტესობა – პირქუში და ზოგიერთი კი – იმ წლებივით მძიმე. მძიმე იმ მოსაზრებით, რომ ზოგჯერ ამ ათწლეულზე გადაღებულ ფილმში ეკრანიდან კრიმინალის რომანტიზებაც კი იგრძნობა... თუმცა მე-20 საუკუნის უკანასკნელი ათწლეული არ იყო მხოლოდ ომი, ნარკოტიკები, ძარცვა, ქურდობა, უშუქობა, სიცივე და კიდევ უამრავი სხვა უბედურება. სწორედ ამ ათწლეულში წარმოჩინდა და ჩამოყალიბდა ავთენტური ქართული მუსიკა. იგი ზუსტად ასახავდა იმ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობდით და მასში დიდი სევდის და პირქუში განწყობების გარდა, საკმაო დოზით იყო სინათლე და იმედი. იმ პერიოდში ამ მუსიკის მიმართ, რომელსაც მაშინ უმეტესად „ალტერნატივას“ ვუწოდებდით, მხოლოდ გარკვეულ წრეებში იყო დაინტერესება და ეს წრეები მრავალრიცხოვნებით არ გამოირჩეოდა. თუკი, დასავლეთში როკენროლის მოძრაობის ერთგვარი სლოგანი იყო Sex, Drugs & Rock ‘N’ Roll („სექსი, ნარკოტიკი და როკენროლი“), 1990-იანების საქართველოს როკენროლში Drugs შეგვიძლია არაყითა და ლუდით ჩავანაცვლოთ.

კადრი ფილმიდან
როგორც ფილმში ჩანს, იმ ათწლეულის ინერციით ისევ ბევრ არაყს სვამს ლევან სვანიძე. მიუხედავად იმისა, რომ მის შეხვედრებში იშვიათია ე.წ. ჭიქის ჭიქაზე მიმჭახუნებელი, იგი სვამს ყველგან – მეგობრებთან, მარტო, სახლში დედასთან ერთადაც კი... ესეც 1990-იანელების დიდი ნაწილის შეუცვლელი თვისებაა. ყველგან დავატარებდით და ზოგი დღესაც დავატარებთ სასმელს, ვეძებდით დალევის მიზეზს და ა.შ. მასობრივი სმა თავისთავად არ გაჩენილა. მას მიზეზი ჰქონდა. დიდი ინდუსტრიული ქვეყნის დაშლის შემდეგ უკვე დამოუკიდებელ ქვეყანაში ასიათასობით ადამიანი უმუშევარი და უფუნქციო დარჩა. ადამიანები ამ პრობლემას ალკოჰოლით იქარვებდნენ. ალტერნატივის სფეროში ვინც იყო, თითქმის ყველა სვამდა. ლევანი ტიპური 90-იანელია.

კადრი ფილმიდან
21-ე საუკუნეში ამ ათწლეულის ალტერნატიული მუსიკის მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. 1990-იანებსა და შემდგომ დაბადებულ თაობას დიდი ინტერესი აქვს ამ კულტურული ფენომენის მიმართ. ზოგადად ქართული ე.წ. ალტერნატივა აბსოლუტურად განსხვავდება იმ ალტერნატიული როკის ჟანრისგან, რომელიც მსოფლიოში ზუსტად 1990-იანებში გავრცელდა. ჩვენ ალტერნატივას (ალტერნატიულს) ვეძახდით ყველა იმ შემსრულებლის მუსიკას, რომელიც აშკარა პოპი, ჯაზი, მეტალი არ იყო და არ იჯდა საბჭოთა ფილარმონიულ სტანდარტებში. ასეთები კი ბევრნი იყვნენ – 1980-იან და 1990-იან წლებში შექმნილი მუსიკალური ჯგუფები. ზოგი შედარებით მძიმე მუსიკას უკრავდა, ზოგი – მსუბუქს. თუმცა ეს არ იყო ის ცენზურაგამოვლილი მუსიკა, რომელსაც სსრკ-ის შემადგენლობაში მყოფი ქართველი მსმენელი ათწლეულების განმავლობაში უსმენდა. ეს მუსიკა შეიქმნა ქვეყნის პოლიტიკური თავისუფლების აღდგენის შემდეგ. სწორედ ამიტომ ეწოდა მას ალტერნატივა, რადგან არ იჯდა სსრკ-ის დროს დამკვიდრებულ ჩარჩოებში. 

Thursday, October 7, 2021

ქალი კომპოზიტორები (ჟღერადობების მიღმა დაკარგული სახეები)

I ნაწილი (შუა საუკუნეებიდან მე-19 საუკუნეს ჩათვლით)

დღემდე გავრცელებული სტერეოტიპის თანახმად, ქალებს არ შეუძლიათ ხეირიანი მუსიკის შექმნა. ეს თითქოს მხოლოდ მამაკაცის საქმეა. ამ შეხედულების განსამტკიცებლად მავანნი ითხოვენ, გაიხსენოთ რომელიმე ცნობილი, სახელგანთქმული კომპოზიტორი ქალი, თუნდაც შუა საუკუნეებიდან ან უფრო გვიანდელი პერიოდიდან... თუ ამას ვერ ახერხებთ, ნიშნისმოგებით იმეორებენ, რომ ქალების ადგილი მუსიკის შექმნაში არაა. თუმცა მათ ავიწყდებათ, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ძველად ქალს მკვეთრად განსაზღვრული მოვალეობები ჰქონდა დადგენილი და მათ შორის არსად იყო ნახსენები მუსიკის, ან თუნდაც წიგნის წერა, ხატვა, ან მეცნიერების მსახურება. მათ ძირითად მოვალეობად მხოლოდ ოჯახის მოვლა – ბავშვების აღზრდა, რეცხვა, სახლის დალაგება, საჭმლის კეთება, საოჯახო მეურნეობა იყო მიჩნეული. სწორედ ამიტომ, მამაკაცებთან შედარებით, ქალები ნაკლებად იყვნენ დაკავებულები ხელოვნებით თუ მეცნიერებით.


თუმცა ადრეულ საუკუნეებში ბევრმა ქალმა მოახერხა საქვეყნოდ გაეჟღერებინა მისი შექმნილი მუსიკა. მათ რამდენიმე წარმომადგენელს ახლა გაგაცნობთ. 

დღემდე მოღწეული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე ძველი ცნობილი კომპოზიტორი ქალი არის გერმანელი ჰილდეგარდ ფონ ბინგენი (Hildegard von Bingen), იგივე ჰილდეგარდ ბინგენელი, რომელიც 1098 წელს დაიბადა და 1179 წელს გარდაიცვალა. 


ჰილდეგარდი იყო მონაზონი, ქალთა მონასტრის წინამძღვარი, ამავე დროს, კომპოზიტორი, მწერალი, ფილოსოფოსი, ქრისტიანი მისტიკოსი და წინასწარმეტყველიც კი. მისი მუსიკალური ნაწარმოებები ძირითადად საეკლესიო საგალობლებს წარმოადგენს. იგი ქმნილებებს გოთური ნოტებით წერდა. კომპოზიტორის თხზულებების მიხედვით დღემდე 200-ზე მეტი სხვადასხვა ჩანაწერია გამოცემული. 2012 წელს კომპოზიტორი კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და წმინდა ჰილდეგარდ ბინგენელი ჰქვია.


ბაროკოს პერიოდშიც გამოჩნდა რამდენიმე ძალიან ნიჭიერი კომპოზიტორი. ერთ-ერთი მათგანია იტალიელი იზაბელა ლეონარდა (Isabella Leonarda), რომელიც 1620 წელს ქალაქ ნოვარაში გრაფის ოჯახში დაიბადა. 


იგი წმინდა ურსულას ორდენში მოხვდა, სადაც კარგად შეისწავლა მუსიკა. 50 წლის ასაკში ბინგენელის მსგავსად, იგი მონასტრის წინამძღვარი აბატი გახდა და ამავე დროს, ცოტა ხნით მონასტრის კაპელმეისტერიც იყო. ლეონარდა მთელს ქალაქსა და მხარეში მეტად დაფასებული კომპოზიტორი გახდა. მის მუსიკას იტალიის სხვა ქალაქებშიც ასრულებდნენ. მან მემკვიდრეობას დაუტოვა 120 მოტეტი (პოლიფონიური საგალობელი), 18 საეკლესიო კონცერტი, 17 მესა, 12 სონატა და 11 ფსალმუნი. მუსიკოსი 1704 წელს გარდაიცვალა.

Monday, September 13, 2021

432 ჰერცი vs 440 ჰერცი

ლეგენდა სიხშირის კეთილშობილებაზე

ამ საკითხით, ალბათ, არასდროს დავინტერესდებოდი, ბოლო 15 წლის განმავლობაში გლობალურ ქსელში მასზე უამრავი მასალა რომ არ ქვეყნდებოდეს. ამ სტატიების და მოსაზრებების უმეტესობა მტკიცებითი ფორმით აღიარებს 432 ჰერცზე აწყობილი პირველი ოქტავის, „ლა“ ნოტის კეთილშობილებას. მათ თანახმად, არსებობს ე.წ. კეთილი, ანუ 432 ჰერცზე აწყობილი ინსტრუმენტებით შესრულებელი მუსიკა. ეზოთერიისა და შეთქმულების თეორიის მიმდევართა საკმაოდ დიდი ნაწილი გვარწმუნებს, რომ ეს მუსიკა არგებს სულსაც და ხორცსაც. ბრტყელი დედამიწის თეორიის მომხრეთა მსგავსად, ამ ლეგენდის მიმდევრებმა ლამის დაიფიცონ, რომ 432 ჰერცი „ღვთიური“ სიხშირეა, ხოლო დღეისათვის სტანდარტული 440 ჰერცი – „ეშმაკის“. მე კი ლეგენდები ძალიან მიყვარს და მოდით, ამ თეორიასაც მივყვები.


რისი სწამთ 432 ჰერცის მომხრეებს?

432 ჰერცის სიხშირე პირველი ოქტავის „ლა“-სთვის ბუნებრივი წყობაა, რომელიც შესაბამისობაში მოდის სამყაროს ჰარმონიასთან. ამიტომ, თუ მუსიკა ამ სიხშირეზეა აგებული, იგი კეთილისმყოფელი ენერგიის მატარებელია. არქაული ეგვიპტური ინსტრუმენტები, რომლებიც დღემდე აღმოუჩენიათ, სწორედ 432 ჰერცზე იყო აწყობილი. ძველ საბერძნეთშიც მუსიკალური ინსტრუმენტების უმეტესობა ამავე სიხშირეზე ჟღერდა. თვით მუსიკის ღმერთი, ორფეოსიც კი ინსტრუმენტებს ამ ტონალობაში უკრავდა. პლანეტის ლეგენდარული კლასიკოსებიც ინსტრუმენტებს სწორედ 432 ჰერციან ლაზე აწყობდნენ. ამ სიხშირეზე აჟღერებული მუსიკა უფრო მშვიდი და ახლობელია. მას მთელი გულით შეიგრძნობ. 432 ჰერცი ის სიხშირეა, რომელიც მათემატიკური სტრუქტურითაც კი შეესაბამება სამყაროს. ბიოლოგიაში დნმ-საც, გულისცემასაც კი იგივე სიხშირე აქვს...


მე-20 საუკუნეში დამკვიდრებული 440 ჰერცზე აწყობილი პირველი ოქტავის „ლა“ კი კოსმოსურ მოძრაობასთან და სამყაროსთან ჰარმონიაში არ მოდის. 1910 წელს ვინმე დიგენმა, რომელიც ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალებში მსახურობდა და გერმანელი მეცნიერის, ჰერმან ჰელმჰოლცის (ფიზიკოსი, ფიზიოლოგი, ექიმი, ფსიქოლოგი, აკუსტიკოსი და ილუმინატი) მოწაფე იყო, ამერიკის მუსიკოსთა ფედერაციის შეკრებაზე ყველა დაარწმუნა, 440 ჰერციანი წყობა უნივერსალურ საორკესტრო მუსიკალურ სტანდარტად შემოეღოთ. 

Wednesday, May 12, 2021

The Rylans – უსასრულობიდან უსასრულობამდე

1995 წელს დევიდ ბოუიმ გამოუშვა კონცეპტუალური ალბომი Outside, რომლის შინაარსიც აგებულია ალბომის პერსონაჟის, დეტექტივ ნათან ადლერის დღიურებზე. მისი დღიურები ალბომის საკმაოდ სქელ ბუკლეტს მოჰყვება. ისევე როგორც ამ მუსიკოსის სხვა ბევრი ნამუშევარი, ალბომი ეპოქალური გახდა, თუმცა, ახლა ამაზე აღარ დავწვრილმანდები. უბრალოდ, მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ ქართულ მუსიკალურ სინამდვილეში ასეთივე შეკრული ალბომი გამოჩნდა, რომელიც ეკუთვნის ახალბედა ჯგუფს The Rylans-ს. ისევე როგორც Outside, „რაილანსების“ ეს სადებიუტო მინიალბომი კონცეპტუალურია და ასევე აგებულია მთავარი გმირის დღიურებზე. ალბომს ლათინური სახელწოდება აქვს – Ab Aeterno, რაც ქართულად ნიშნავს „უსასრულობიდან“.


ჯგუფის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ინდი-როკ კოლექტივის The National-ის სიმღერას Rylan. ქართული ბენდის ყველა წევრს ძალიან მოსწონს ეს სიმღერა და ჯგუფი. Rylan მოგვითხრობს ადამიანზე, რომელიც ცდილობს ცხოვრებაში საკუთარი თავი იპოვოს. ჯგუფის წევრების ერთ-ერთი მიზანი არის გახდნენ რაილანები, ანუ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი ბენდით და მუსიკით შეეცდებიან პირდაპირ თქვან ის, რისი თქმაც სურთ. 


ჯგუფის წევრები არიან მუსიკოსები: ლევან (ფრანკო) სიდიანი – ვოკალი, გიტარა, ბასი, კლავიშები, ჭუნირი, ხემიანი ინსტრუმენტები, დასარტყამები; დემეტრე (დემე) ადოლაშვილი – გიტარა, ბასი, სინთეზატორი; მებო შენგელია – ბექ-ვოკალი, აკუსტიკური და ელექტრო გიტარები, ქსილოფონი, კლავიშები, პერკუსია; სანდრო ტუღუში – ბექ-ვოკალი, ბასი, კლავიშები, აკუსტიკური გიტარა, პერკუსია, ჩანგი და მებო ნუცუბიძე – ვოკალი, გიტარა, კლავიშები და ჩანგი. 


კონცერტის დროს შემადგენლობაში კიდევ ორ ადამიანს, დრამერსა და ბასისტს იმატებენ. საერთოდ, ჯგუფის მულტიინსტრუმენტალისტი წევრები სხვადასხვა სიმღერაში სხვადასხვა საკრავზე უკრავენ – ეს მათი მხრიდან ერთგვარი ექსპერიმენტია. სიმღერების მუსიკის შექმნაში მთელი ჯგუფი იღებს მონაწილეობას, ხოლო ტექსტებს მებო ნუცუბიძე წერს ინგლისურ ენაზე. მიუხედავად იმისა, რომ The Rylans-მა 2020-ში ერთსიმღერიანი სინგლი გამოსცა, შეიძლება ითქვას, რომ ამ სახით ჯგუფი მაინც 2021 წელს ჩამოყალიბდა. 

მიუხედავად ექსპერიმენტებისა და ძიებისა, ჯგუფის შემოქმედება შეგვიძლია მივაკუთვნოთ მელოდიურ როკს და ინდი-როკს. შესაბამისად, მუსიკის მოსმენისას შეიძლება გაგახსენდეთ ჯგუფები Coldplay, Travis ან The National... ალბომი ჯგუფმა მებო ნუცუბიძის სტუდიად გადაქცეულ სახლში ჩაწერა. მისი პროდიუსერი კი მებოს ძველი მეგობარი და თანამოაზრე ირაკლი, იგივე ბეთხო მანჩხაშვილია. შეიძლება ითქვას, რომ The Rylans ახალი კორონავირუსის პანდემიაში ჩასახული და განხორციელებული მუსიკალური პროექტია.


ალბომ Ab Aeterno-ში სულ 4 სიმღერა შევიდა, რომელთა შორისაც წყვეტა, პაუზები არაა და ეს ხაზს უსვამს ამ სადებიუტო ნამუშევრის ერთიანობას. 

Monday, March 15, 2021

კოტე კალანდაძე – მუსიკოსი კინოკამერით

კოტე კალანდაძეს და მე ერთი მეტად საინტერესო რამ გვაერთიანებს. ეს 1980-იანების ბოლოს და 1990-იანების დასაწყისში აღმოცენებული მუსიკალური სტილები – გრანჟი და ალტერნატიული როკია, რომელთა ერთგვარი ბიძგით და კარნახით ის მუსიკოსი გახდა, მე კი – მუსიკის ჟურნალისტობა გადავწყვიტე. 


კოტე ლადო ბურდულის მიერ 1999 წელს ორგანიზებულ როკ-ფესტივალზე გავიცანი, როდესაც ქუთაისური გაზეთისთვის ამ ღონისძიებაზე მასალას ვაკეთებდი. მაშინ იგი ბესელა რაზმაძის ჯგუფ „კონტრაბანდაში“ ბასზე უკრავდა. შეიძლება ითქვას, რომ კოტე ის იშვიათი ქართველი მუსიკოსი და კინემატოგრაფისტია, რომელიც დღემდე ქართული ანდერგრაუნდიდან მოდის და ამავე დროს, ამ კულტურის ცხოვრების გაცნობის ყველა მსურველს თავისი ფილმებით უყვება ამბავს. 

1990-იანი წლებიდან მოყოლებული, კოტემ სხვადასხვა ჯგუფში დაუკრა და რამდენიმე თავად ჩამოაყალიბა. მისი შემოქმედება ანდერგრაუნდსა და მეინსტრიმს შორის გადებული ხიდია, რომელიც მეტად ენერგიული, მელოდიური და თან სევდიანია. მისი ნაწარმოებების საფუძველი ალტერნატიული როკია, თუმცა მათში იპოვით გრანჟს, პოსტ-პანკს, ჰიპ-ჰოპს და პოპ-როკსაც კი. მას არ ეშინია ექსპერიმენტების და აბსოლუტურად თავისუფალი და დამოუკიდებელი მუსიკოსია.

მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, კინემატოგრაფისტი და ხმის ინჟინერი კოტე კალანდაძე 1979 წლის 27 ნოემბერს დაიბადა. სწავლის დროს გაიცნო და დაუმეგობრდა ქავთარაძის და ნუცუბიძის პლატოების როკტუსოვკის წევრებს, მუსიკოსებს – გია თოიძეს, ბესელა რაზმაძეს, ნიკა კოჩაროვს და სხვებს. ჩააბარა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში უცხო ენების ფაკულტეტზე, რომელიც მალევე მიატოვა. როგორც თავად ამბობს, სწავლა „პანკურ პონტში დაიკიდა“ და მას მერე აღარსად გაუგრძელებია. 

თავდაპირველად გია თოიძის ჯგუფში, „ამორალი“ უკრავდა, რომელსაც დღეს „წერილი“ ჰქვია. შემდეგ იყო ნიკა კოჩაროვთან ერთად გაკეთებული პროექტი „გაზის ბალონი“. 1990-იანების მეორე ნახევარში ჩამოაყალიბა S.P.I.D., პარალელურად ბასზე უკრავდა „კონტრაბანდაში“ და, ამასთანავე, ჰქონდა საკმაოდ წარმატებული რუსულენოვანი ჯგუფი Небо СССР, რომელმაც რამდენიმე ალბომი ჩაწერა. 


2010-იანებში ცოტა ხნით მიიწვიეს ჯგუფში Mother On Mondays და ალბომის ჩაწერაშიც მიიღო მონაწილეობა. დღემდე ჰყავს ჯგუფი Lady Heroine, რომელიც 2008 წელს თბილისში შეიქმნა. 2011 წელს ჯგუფმა სადებიუტო მინიონი (მინი ალბომი, იგივე EP) სახელად Elite ჩაწერა. 2013 წელს მუსიკოსებმა პირველი ალბომი Rise And Shine ჩაწერეს. ამის შემდეგ კი კიდევ ორი სტუდიური ნამუშევარი When We Were Drunk და Stay გამოუშვეს.

2020 წლის მაისში გამოვიდა სინგლი Italia. Lady Heroine-ის შემადგენლობაში კოტე კალანდაძესთან ერთად ბასისტი გიორგი კორძახია და დრამერი დიმიტრი ოგანესიანი არიან. ჯგუფი გამოსაშვებად ამზადებს ალბომს, რომელიც, კოტეს თქმით, იქნება უფრო ელექტრო, დარქვეივი და არაროკენროლური. ერთი სიმღერის, Luka’s Song მიხედვით ჯგუფმა ვიდეო გადაიღო. 


კინემატოგრაფიაში კოტე კალანდაძე 2000-იანებში მოხვდა. დროთა განმავლობაში კი ისე მოეწონა ხელოვნების ეს სფერო, რომ გადაწყვიტა საკუთარი კინოკომპანია „პარაშუტ ფილმი“ დაეფუძნებინა და ფილმები გადაეღო ქართულ ანდერგრაუნდ კულტურაზე. ისევე როგორც მუსიკაში, აქაც აგებს ხიდს ანდერგრაუნდსა და საზოგადოებას შორის, რათა მაყურებლისთვის უფრო ადვილად გასაგები გახადოს იატაკქვეშეთის სამზარეულო. 

Monday, January 25, 2021

რუსუდან მეიფარიანი – გოგონა ქარის ტალღაზე

გერმანიაში მცხოვრები ქართველი კომპოზიტორის, პიანისტის და მომღერლის, რუსუდან მეიფარიანის მუსიკას შეუძლია შთაგვაგონოს და გვამოგზაუროს ისეთ ადგილებში, სადაც ჯერ ფეხი არავის დაუდგამს. მისი შემოქმედება მეტად ავთენტური, თვითმყოფადი და ორიგინალურია. ამ შედეგის მისაღწევად კი, მუსიკოსი სხვადასხვა საშუალებას იყენებს – კლასიკურ მუსიკას, ჯაზს, ავანგარდს, ფოლკლორს, ფორტეპიანოს, ელექტრონულ, აკადემიურ თუ თანამედროვე ინსტრუმენტებს და, რა თქმა უნდა, საკუთარ ხმას.

ფოტო © Sven Falk

მეიფარიანის მრავალფეროვანი მუსიკა ქართული ხასიათისაა, თუმცა ქართველ მუსიკოსებს შორის მისი შემოქმედება ორიგინალური შესრულების სტილით, მანერითა და ხასიათით გამოირჩევა. ის სიმღერის დროს გლოსოლალიებსაც მიმართავს, თავისი ნამუშევრების დიდ ნაწილში კი ტექსტებად გალაკტიონ ტაბიძის ლექსები აქვს გამოყენებული. მუსიკოსს საკუთარი შემოქმედების წარმოსაჩენად რამდენიმე პროექტი აქვს. მოდით, ტრადიციულად მივყვეთ:

ფოტო © Ulrika Bohnet
რუსუდან მეიფარიანი 1975 წლის 12 ოქტომბერს თბილისში დაიბადა. ბავშვობისას მუსიკას ფორტეპიანოსთან წერდა, მერე გიტარაზე დაკვრა და წერა დაიწყო. სერიოზულად კი, კონსერვატორიის მეორე კურსიდან მოჰკიდა ხელი საყვარელ საქმიანობას. გერმანიაში წასვლის შემდეგ კარლსრუეს კონსერვატორიაში მოხვდა ვოლფგანგ გრინთან. ერთი წელი ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში საკომპოზიციოს ეუფლებოდა. ამ ყველაფრის შემდეგ რუსუდანმა, მისმა დამ, ნატალია მეიფარიანმა და გიგა ხელაიამ, უკვე ტრიო ჩამოაყალიბეს მანჰაიმის კონსერვატორიაში კამერული მუსიკის ფაკულტეტზე. მუსიკოსი 11 წლის განმავლობაში სწავლობდა, თან საქმიანობდა – კონცერტებს მართავდა და ასწავლიდა კიდეც. ამჯერად რუსუდანი შტუტგარტის კონსერვატორიაში სიმებიანების ფაკულტეტზე პიანისტის ამპლუაში მუშაობს – აკეთებს მუსიკალურ აკომპანიმენტსა და კამერულ მუსიკას. ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი. 

რუსუდანის შემოქმედებაზე გავლენა ბავშვობაში მამის მიერ აჟღერებულმა მუსიკამ იქონია: „ბითლზი“, „პინკ ფლოიდი“, ენდრიუ ლოიდ უებერის როკ-ოპერები და ჯაზი. კლასიკურ და ფოლკლორულ მუსიკასთან ერთად ეს იყო კიდევ ერთი სამყარო, რომელიც ბავშვობიდან თან ახლდა. როცა უკვე დამოუკიდებლად დაიწყო მუსიკის მოსმენა, ამჯერად მამამისისგან დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად აღმოაჩინა ისეთი შემსრულებლები, როგორებიც არიან: ბიორკი, კეიტ ბუში, ლორი ანდერსონი, ტორი ეიმოსი, შინედ ო’კონორი, Nirvana, Depeche Mode, The Cure, U2, Cocteau Twins და სხვები, რომელთა შემოქმედებამაც, ერთგვარად, განსაზღვრა რუსუდანის მომავალი საქმიანობაც. სწორედ მისთვის საყვარელი არტისტების ნაწარმოებებს ასრულებდა რუსუდანი გერმანიაში წასვლამდე ახვლედიანის (ყოფილი პეროვსკაიას) ქუჩის ერთ-ერთ კლუბში თავის მეგობარ, ზურა ძაგნიძესთან (იგივე ზურიჩასთან) ერთად, რომელიც ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული ჯგუფის, Afternoon Version-ის წევრი იყო. 

ფოტო © Sonja Schuberth

1999 წელს რუსუდანმა კონსერვატორია დაამთავრა. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსს ემოციურად ძალიან გაუჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მან ცხოვრება გერმანიაში გააგრძელა. თუმცა არასდროს გაუწყვეტია კავშირი საქართველოსთან თავისი შემოქმედებით. მის პროექტებს შორისაა: ანსამბლი „დაფიონი“, რომლის წევრებიც მისი ოჯახის წევრები არიან; ზურა ძაგნიძესთან ერთად გაკეთებული ფრიკ-ფოლკ დუეტი „ველი ულევი“; ქორეოგრაფიული პროექტი „ხმა დაირისა“; ნატალია მეიფარიანთან ერთად დუეტი „ბაროკო და თანამედროვეობა“; ნორვეგიულ-ქართული ტრიო „ნორგეო“; საბალეტო პროექტი „საზღვრებს მიღმა“, რომელშიც გამოიყენა პოეტ რატი ამაღლობელის ლექსები და მასში მონაწილეობა მიიღო გიორგი ალექსიძის საბალეტო დასმა.


რაც შეეხება დისკოგრაფიას, რუსუდან მეიფარიანის პირველი ალბომი 2006 წელს გამოვიდა „დაფიონის“ სახელით, სადაც საოჯახო ტრიო ჰაიდნის, შუმანისა და რუსუდანის ნაწარმოებებს ასრულებს. 2007 წელს გამოვიდა რუსუდანის პირველი სოლო ალბომი Lieder Aus Einer Insel („სიმღერები კუნძულიდან“), რომლის ჩაწერაშიც ოჯახის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა. 


2018 წელს მისი მეორე სოლო ალბომი გამოიცა – Night Songs From An Old City („ღამის სიმღერები ძველი ქალაქიდან“), რომელიც მუსიკოსმა თბილისს მიუძღვნა. ამ ალბომის 5 სიმღერაში გალაკტიონ ტაბიძის ლექსებია გამოყენებული.

Saturday, January 9, 2021

ქართული მუსიკის ფესტივალების ისტორია

{საკუთარი სრული ვერსია}

ფესტივალი ყოველთვის ზეიმი, დღესასწაული და სასურველი განწყობაა, რომელსაც  იმ უამრავ ადამიანთან ერთად იზიარებ, ვინც ამ მოვლენას შენთან ერთად ესწრება. ფესტივალებს მსოფლიოში უკვე რამდენიმე ასწლეულია აწყობენ. ცნობილია, რომ პირველი ფესტივალი მუსიკალური იყო. იგი ინგლისში 1709 წელს ჩატარდა და მთლიანად საეკლესიო მუსიკას დაუკავშირდა. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ფესტივალები ევროპის ბევრ ქვეყანაში ეწყობოდა, ყველაზე ხშირად – გერმანიაში. მე-20 საუკუნეში საკმაოდ გახშირდა ფესტივალების ორგანიზება და ახალგაზრდები მათ რაიმე იდეის ირგვლივ გასაერთიანებლად იყენებდნენ. ამავე საუკუნეში ფესტივალების მოწყობა დაიწყეს სხვა დარგებშიც, როგორებიცაა თეატრი, კინემატოგრაფია, ლიტერატურა, არქიტექტურა, მანქანათმშენებლობა, ინოვაციური ტექნოლოგიები და ა.შ. ზოგადად, ფესტივალი განსხვავდება კონკურსისგან, სადაც გამარჯვებულები უნდა გამოვლინდნენ. თუმცა, ზოგიერთ ფესტივალს საკონკურსო მისიაც აქვს. ზოგადად კი, ფესტივალი, პირველ რიგში, მაინც ჟანრის დღესასწაულთან ასოცირდება, ყველაზე გვიან – კონკურსთან. 

1970-იანი წლები

საქართველოში მუსიკალური ფესტივალების მოწყობა მე-20 საუკუნეში დაიწყო, როცა ქვეყანა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო. ამ სტატიაში არ შევეხები იმ უამრავ ფოლკლორული თუ კლასიკური მუსიკის და მცირე ფესტივალს, რომლებიც მაშინ ტარდებოდა და ახლაც იმართება. დავიწყოთ ჯაზ-ფესტივალით, რომელიც თბილისში 1978 წლის მარტში მოეწყო. ეს საბჭოთა კავშირში პირველი ყველაზე მასშტაბური ჯაზ-ფესტივალი აღმოჩნდა, რომელშიც 13 ქალაქის 23-მა შემსრულებელმა მიიღო მონაწილეობა. 


მის ფარგლებში ჯაზის შესახებ გადაღებული ფილმების სეანსები მოეწყო, ჯაზის პლაკატების გამოფენაც გაიმართა. თითქმის ყველა კონცერტი სახელმწიფო რადიოს ეთერით გადაიცემოდა. კონცერტებს 30 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. 

1980-იანი წლები

1980 წელს კი საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველი ოფიციალური როკ-ფესტივალი, სახელწოდებით „გაზაფხულის რიტმები“, სწორედ თბილისში გაიმართა. ამ ფესტივალზე ოფიციოზის მხრიდან ნებადართულ ვოკალურ ინსტრუმენტულ ანსამბლებთან ერთად პირველად წარმოჩინდა მუსიკალური როკ-ანდერგრაუნდი, რომელსაც მოგვიანებით „საბჭოთა როკი“ უწოდეს. ფესტივალზე სულ 20-მდე მონაწილემ დაუკრა. მის შესახებ 40-წუთიანი დოკუმენტური ფილმი ფინელებმა გადაიღეს. ჟურნალ Rolling Stone-თან საუბრისას, რუსული ჯგუფ „ავტოგრაფის“ ბასისტმა ლეონიდ გუტკინმა გაიხსენა: „ნადვილი საძმო შევიკრიბეთ თბილისის ფესტივალზე, რომელიც თავისი სულისკვეთებით მაქსიმალურად უახლოვდებოდა „ვუდსტოკს“. ღვინო მდინარესავით მოედინებოდა. მეორე დღეს ჩვენ ვიღაც ქართველ დიდგვაროვნებთან გამოვფხიზლდით, სიმღერებს ქართულ ენაზე ვმღეროდით და მათზე უკეთესად გამოგვდიოდა“... 


1986 წლის 13-დან 22 მაისის ჩათვლით ისევ 10-დღიანი, უკვე მეორე, ამჯერად საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი ჩატარდა. საბჭოთა კავშირის შემსრულებლებთან ერთად, მასში მონაწილეობდნენ უნგრეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიის და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მუსიკოსებიც. 



საბჭოთა წყობილების დროს ცნობილი ჯაზმენების მოწვევა დასავლეთის ქვეყნებიდან საკმაოდ რთული იყო. სსრკ-ის არსებობის უკანასკნელ წლებში, გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს, ეს შეზღუდვები მოიხსნა და 1989 წლის შემოდგომაზე ფილარმონიის დარბაზში თბილისის მე-3 საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი ჩატარდა. 


მასში საბჭოთა და სოცქვეყნების მუსიკოსების გარდა მონაწილეობდნენ ამერიკელი, ფინელი, დანიელი და შვედი შემსრულებლებიც. ამ ფესტივალმა მაშინ 140 მუსიკოსი გააერთიანა.

1990-იანი წლები

სსრკ-ის დაშლის შემდეგ 1991 წელს საქართველოში სამოქალაქო ომის ცეცხლი დაინთო, ერთი წლის შემდეგ აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო და ფესტივალებისთვის აღარავის ეცალა. ეს პერიოდი ალბათ იმით შეიძლება გამოვარჩიოთ, რომ საქართველოში საოცრად ბევრი როკ-ჯგუფი შეიქმნა. 1993 წელს ორივე ომი დასრულდა, თუმცა ქვეყანაში კარგა ხანი კრიმინალები თარეშობდნენ. 

Friday, October 23, 2020

მუყაოზე გადატანილი მუსიკა

{სრული ვერსია}

პანკ-ჯგუფ „სექს პისტოლზის“ მომღერალმა ჯონი როტენმა, იგივე ჯონ ლაიდონმა ადრე თქვა: „ადამიანები მხოლოდ მუსიკისთვის რომ ყიდულობდნენ ჩანაწერებს, მაშინ ეს ჩანაწერები სწრაფი სიკვდილისთვის იქნებოდა განწირული“. ამით მან ხაზი გაუსვა მუსიკის „გარეგნულ მხარეს“. მართლაც, მუსიკალური მატარებლების (ვინილის, აუდიო კასეტის, კომპაქტ-დისკის) გაფორმებას უდიდეს ყურადღებას აქცევდნენ თითქმის ყველა ჟანრის მუსიკოსები. ამ საქმეში უამრავი პროფესიონალი მხატვარი, ფოტოგრაფი და დიზაინერი იყო ჩართული. გარეკანების გაფორმებამ უამრავ ახალგაზრდა დამწყებ ხელოვანს მისცა გასაქანი. არ მინდა მხოლოდ წარსულ დროში ვილაპარაკო, თუმცა დღეს ჩანაწერის ყდის გაფორმება ძირითადად ბევრად უფრო მარტივად, კომპიუტერის დახმარებით კეთდება და ციფრულმა ფორმატმა მსმენელთა არც თუ მცირე ნაწილს ჩანაწერის გაფორმების მიმართ ინტერესი დააკარგვინა. გაფორმებაზე ზრუნვით, არც დღევანდელი მართლაც ნიჭიერი მუსიკოსები „იკლავენ“ თავს. არადა, მაღაზიებში რამდენიმე საყვარელმა ალბომმა სწორედ გარეკანით მიიქცია ჩემი ყურადღება. 


მუსიკის ყიდვა იმ დროს დავიწყე, როდესაც მაღაზიების თაროებზე ლეგალურად მხოლოდ საბჭოთა წარმოების, ფირმა „მელოდიის“ ფირფიტები ელაგა და მათი გაფორმება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ფირფიტების უმეტესობას რაღაც სტანდარტული კონვერტი ჰქონდა, რომელსაც „ესტრადა“, „მელოდია“ ან რამე უინტერესო ეწერა. თუმცა სურათებიანი კონვერტების დიდი ნაწილი უგემოვნოდ იყო გაფორმებული – ფოკუსარეული გადღაბნილი ფოტოებით და მახინჯი დიზაინით.

1990-იანი წლებიდან უკვე გამოჩნდა სხვადასხვა ქვეყანაში გამოშვებული მეკობრული კომპაქტ-დისკები და კასეტები, რომლებიც მხოლოდ ჩამოჰგავდნენ ორიგინალებს. ამ უხარისხო მუსიკალური მატარებლებით ვაჭრობა 2000-იანების შუა ნახევრამდე გაგრძელდა, სანამ mp3 პლეერებმა არ დაიპყრეს ბაზარი. საქართველო ისევ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და ორიგინალი ლეიბლების მიერ გამოშვებული ვინილები, კასეტები თუ კომპაქტ-დისკები არ შემოდიოდა. ნაწილობრივ ამასაც ვაბრალებ იმ ფაქტს, რომ ქართველი მუსიკოსების დიდი ნაწილი ძალიან ზერელე ყურადღებას უთმობდა და უთმობს ხელოვნების ამ დარგს, რომელსაც მუსიკალური მატარებლების ყდების და შიგთავსის გაფორმება ჰქვია. 

ახლა, როდესაც ვინილის ფირფიტები მსოფლიოსა და საქართველოში ისევ მასობრივად შემოდის მოხმარებაში, ალბომების გარეკანებს დიდი მნიშვნელობა აქვს. მე კი რამდენიმე ჩემთვის გამორჩეულად საყვარელ ალბომის გარეკანს წარმოგიდგენთ თავისი მცირე ისტორიებით.

Bill Evans & Jim Hall – Undercurrent [1962]


1960-იანების ამ შესანიშნავი ჯაზ-ალბომის კომპაქტ-დისკი შორეულ 90-იანებში სწორედ მისმა ყდამ მაყიდინა. ამ დისკის გარეკანისთვის, რომელიც თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ვინილზე გამოიცა, ბილ ევანსმა გამოიყენა ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფი ქალის, ტონი ფრისელის მიერ 1947 წელს გადაღებული ფოტო Weeki Wachee Springs, Florida, ანუ „ვიკი ვაჩეს წყაროები, ფლორიდა“. წყალქვეშ გადაღებულ ფოტოზე გამოსახულია გრძელკაბიანი ქალი. გაფორმება ძალიან მოუხდა ალბომს. ტონი ფრისელი 1930-იანი წლებიდან ჟურნალ „ვოგის“ ფოტოგრაფი იყო. მე-2 მსოფლიო ომის დროს იგი წითელ ჯვართან ერთად ევროპაში ჩავიდა და იქ იღებდა ფოტოებს. ქალმა 350 000-მდე ფოტო გადაიღო, რომელთა ნეგატივები ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკას გადასცა.

The Velvet Underground – The Velvet Underground & Nico [1967]


ეს ალბათ ყველა დროის ყველაზე სახასიათო და ცნობადი ფირფიტის გარეკანია. მასზე ენდი უორჰოლის დახატული ღია ყვითელი ბანანია გამოსახული და მარჯვენა დაბალ კუთხეში მისივე ხელმოწერაა დატანილი. ადრეულ გამოცემებზე ყვითელი ბანანი უბრალოდ დაწებებული იყო კონვერტზე, მას თუ ააძრობდი, უკვე გასუფთავებული ვარდისფერი ბანანი გამოჩნდებოდა. ალბომის ეს გაფორმება დღემდე ყველაზე მეტადაა ტირაჟირებული და მას ხალხი როგორც ნახატს ისე აღიქვამს. თუმცა, მიუხედავად მისი ზეპოპულარობისა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ფირფიტაზე შესული მუსიკალური მასალა არც ისე მარტივად მოსასმენია პოპ-მუსიკის მსმენელისთვის. თუმცა ველვეტების ეს დისკი როკ-მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ნამუშევრად მიიჩნევა.
 

Monday, August 17, 2020

სტუმარი 1227 მეტრზე ზღვის დონიდან – ანსამბლ „სტუმარის“ ახალი ალბომი

წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ბუნებასთან ჰარმონიაში ცოცხლობენ ქართული და არა მარტო ქართული ზღაპრების და მითების გმირები, სადაც ყველას შეუძლია შელოცვებით, რწმენით სიკეთის კეთება, სადაც მზე ანათებს, სადაც მელიები, ტოროლები, ოლოლები, თაგვები, ცხვრები, თხები, მტრედები და მწყრები ერთად დასეირნობენ, მეცხვარე თავის სათქმელს გიტარაზე ამღერებს, სადაც გემების ღუზებთან თევზები მღერიან, სადაც პატარა ზღარბუნები მგლებთან ერთად ცხოვრობენ და კიდევ უამრავი ზღაპრული ამბავი…


წარმოიდგინეთ მეთქი, კი გითხარით, მაგრამ ეს ყველაფერი რეალურად არსებობს და მას „სტუმარის“ შემოქმედება, მათი მუსიკა ჰქვია, რომელიც აგერ უკვე 18 წელია ჟღერს. მინდა ვთქვა, „სტუმარის“ ეკოლოგიურად სუფთა მუსიკა ძველ ფრესკებს წააგავს. ეს ფრესკები ზოგი მოზაიკურია, ზოგიც საღებავებითაა შესრულებული. 

„სტუმარი“ იმ მხრივაც საინტერესოა, რომ იგი ოჯახური ანსამბლია. ამ ჯგუფის ბირთვს წარმოადგენენ: კომპოზიტორი, ვოკალისტი, ფლეიტისტი და კლავიშისტი ნინო ჯანჯღავა, მისი და – მევიოლინე მარინე ჯანჯღავა და ნინოს მეუღლე – გიტარისტი, კომპოზიტორი და ხმის რეჟისორი დავით ხოსიტაშვილი. 


საოჯახო მუზიცირება საქართველოსთვის უცხო არაა და ასეთ ოჯახებს არაერთი გენიალური ქართული ნაწარმოები შეუქმნიათ თუ აუჟღერებიათ. შეგვიძლია გავიხსენოთ ქართველი მსმენელისთვის კარგად ცნობილი დები იშხნელები, დები ჩაფიჩაძეები, ჩიქოვანების ოჯახი, არჩილ და მაყვალა ჩიხლაძეების დუეტი, ლეჟავების ოჯახი და სხვა. „სტუმარიც“ ღირსეულად აგრძელებს საოჯახო მუზიცირების ტრადიციას და აბსოლუტურად ახალ სიტყვას ამბობს ამ სფეროში. მათ მუსიკაში ჰარმონიულადაა შერწყმული როგორც ქართული, ისე დასავლური თუ აღმოსავლური მოტივები, კლასიკური და ელექტრონული მუსიკა, რომელიც ზოგ სიმღერაში ძირითადად ფონის ფუნქციას ასრულებს. შეიძლება ითქვას, რომ ესაა ფოლკი + ფიუჟენი + პროგრესივ როკი + უორლდ მუსიკა. გამოშვებული აქვს ორი ალბომი: 2004 წელს – „ბეწვის ხიდი“ და 2009 წელს – „დილა“.


რამდენიმე დღის წინ „სტუმარის“  მესამე სტუდიური ალბომი გამოვიდა – „1227 მეტრი ზღვის დონიდან“ , რომელიც წინა ალბომების მსგავსად, „სტუმარის“ წევრების მიერ დაარსებულ „საავტორო სტუდიაშია“ ჩაწერილი. ახალი ნამუშევრის მუსიკალური ქსოვილი წინანდელებთან შედარებით უფრო მდიდარი და მრავალფეროვანია. ალბათ უფრო რთულიც, მაგრამ არა ისე, რომ მხოლოდ სპეციფიკური მსმენელისა და მუსიკისმცოდნეებისთვის იყოს მისაღები. 


ალბომს სიამოვნებით მოუსმენს ყველა ასაკის წარმომადგენელი, იმდენად გასაგები და კარგად აღსაქმელია. „სტუმარი“ ზემოთ ნახსენები ბირთვის გარდა, კიდევ რამდენიმე მუსიკოსისგან შედგება,  შემადგენლობა კი სხვადასხვა დროს იცვლებოდა. ახალი ალბომის ჩაწერაში მონაწილეობდნენ მუსიკოსები: ჯავად ჯავადზადე (კონტრაბასი), ავთო თაბუკაშვილი (დრამი), კაკი ჯაფარიძე (დაირა), ნოდარ მანჩხაშვილი (პერკუსია) და ვატსალ პრაშერი (ტაბლა). 

Friday, July 24, 2020

ბეთხოს ახალი ალბომი „დაისი“ სამყაროს აღმოსაჩენად

ირაკლი მანჩხაშვილი, იგივე „ბეთხო“, ის მუსიკოსია, რომელიც დროთა განმავლობაში შემოქმედებითად იზრდება და იხვეწება. მუსიკა მისი სახლია, სადაც იგი ცხოვრობს. ყველა პროექტში, სადაც კი ბეთხო მუსიკის შექმნაში მონაწილეობდა და მონაწილეობს, ნაწარმოებები განსაკუთრებულ მელოდიურ ჟღერადობას იძენენ. ასე იყო ეს ადრე ჯგუფ Catch The Cloud-ში, რომლის სიმღერებსაც „იუთუბზე“ ათიათასობით ნახვა დაუგროვდა, ასეა The BearFox-ში, რომლის ვიდეოებსაც უკვე ასიათასობით ნახვა აქვს და ასევეა მის სოლო შემოქმედებაშიც. 

ირაკლი ძალიან კარგად ფლობს ელექტრონულ ინსტრუმენტებს. იგი მეტად ატმოსფერულ, მელოდიურ და ჰარმონიულ, მშვენივრად არანჟირებულ მუსიკას ქმნის. სწორედ რომ ქმნის – არ მინდა, დღეს მოდაში შემოსული ტერმინი – „მუსიკას აკეთებს“ გამოვიყენო, რადგან ეს ტერმინი კონვეიერულ პოპ მუსიკას უფრო მიესადაგება, ვიდრე იმას, რასაც ბეთხო ქმნის. ირაკლი მანჩხაშვილს ელექტრონული ინსტრუმენტებით შესანიშნავი ემბიენტური ნაწარმოებები აქვს შექმნილი, თუმცა მის ბოლო მინიონში (ანუ იგივე EP – მცირე ალბომი) „დაისი“ ანალოგური ელექტრონული ჟღერადობა მხოლოდ ფონისთვისაა გამოყენებული. 

მთელი ალბომი კი წარმოადგენს მუსიკოსის ურთიერთობას კლავიშებიან ინსტრუმენტთან, რომელიც ადრე თითქმის ყველა ქართულ ოჯახში იდგა – პიანინოსთან. დღეს მის ადგილს თანდათან ციფრული ელექტროპიანინოები იკავებენ. ზოგადად, ბეთხოს ძალიან მოსწონს რეტრო ანალოგური ჟღერადობა – The BearFox-ის ბოლო ალბომში და საკუთარ ემბიენტურ ნამუშევრებში მან სპეციფიკური ჟღერადობის მისაღებად აუდიოკასეტებზე დამუშავებული ხმებიც კი გამოიყენა. ამ მინიონის ძირითად მუსიკალურ განწყობას სწორედ აკუსტიკური, უბრალო პიანინო ქმნის, რომელიც მუსიკის გარდა, გამოსცემს მექანიკურ ხმებსაც, ზოგჯერ ჭრიალებს, ხრჭიალებს და ეს ამ ნამუშევარში მეტად ინტიმურ ატმოსფეროს ქმნის. 

„დაისი“ ნამდვილად კიდევ ერთი ეტაპია ირაკლი მანჩხაშვილის შემოქმედებითად ზრდის პროცესში. იგი გაცილებულია მხოლოოდენ ემბიენტურ ჩარჩოებს და მასში კარგად იგრძნობა თანამედროვე კლასიკური მუსიკის (ე.წ. კონტემპორარი კლასიკის) სუნთქვა, რაც  მუსიკოსის მხრიდან უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. „დაისი“ – ესაა ბეთხოს შინაგანი სამყარო, მისი ფიქრები, რომელსაც იგი მსმენელს აუღელვებლად უზიარებს და თუ თქვენ მსგავსი მუსიკა მოგწონთ, აუცილებლად იგრძნობთ იმ ენერგეტიკას, რაც ავტორმა ამ ნამუშევარში ჩადო. პიანინო კიდევ, ჩემი აზრით, უკეთილშობილესი ინსტრუმენტია, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყოველი ჩვენგანისთვის ასე ნაცნობია. მისი ხმა არაა ისე იდეალური, როგორც როიალის, მაგრამ ძალიან თბილი და ალბათ ყველა ინსტრუმენტზე უფრო ახლობელია. 

მინიონი „დაისი“ 6 საფორტეპიანო ნაწარმოებისგან შედგება, რომელიც მუსიკოსმა ძველ პიანინოზე, რომლის არსებობაც აღარავის ახსოვდა, ერთი ამოსუნთქვით და ერთი განწყობით ჩაწერა. ეს კომპოზიციებია: „მე მქვია დაისი“, „ქარის მოტანილს, ქარი წაიღებს“, „ყველაფერი, რაც გიყვარდა, ერთ დღეს გაქრება“, „მოგზაურობა სიმარტოვისაკენ“, „ყოველთვის იქნება სინათლე“ და „დაისი“. საინტერესოა, რომ თითოეულ სიმღერას ბეთხომ ფოტოგაფორმება მიუსადაგა, რომელთა ავტორი და დიზაინერიცაა Saniday. უნდა ითქვას, რომ  ფოტოებიც კი ანალოგურია, ანუ არაციფრული. 

ზოგადად, მუსიკის უდიდესი ხიბლი ისაა, რომ მისი მოსმენისას ადამიანმა შეიძლება ისეთი რამ წარმოიდგინოს, რომელიც მისი ავტორის ჩანაფიქრს არც კი დაემთხვეს. მაგრამ ეს მთავარი არაა. ძალიან მნიშვნელოვანია, მუსიკამ ჩაგითრიოს და ამით კონტაქტი შედგეს კომპოზიტორთან. ბეთხოს „დაისის“ მუსიკა ზუსტად ასეთია – იგი ითრევს მსმენელს და თან შეუძლია ამოგზაუროს იმ სამყაროში, სადაც მანამდე ჯერ არ ყოფილა. ეს შეიძლება იყოს ბეთხოს სამყარო, ან თქვენი სამყარო, რომელიც თქვენ ამ მუსიკის საშუალებით აღმოაჩინეთ.



მთლიანი მინიონის (მინი-ალბომის) მოსმენა: YouTube-ზე

სტატია გამოქვეყნდა at.ge-ზე