Thursday, June 18, 2009

ობამა ბიძია თომას ბიჭია

ანუ ცოტა რამ საღლიცინო სიმღერებზე

შესავალი

ის, რასაც დღეს ზოგჯერ ქალაქურ მუსიკასთან აიგივებენ, შეიძლება ითქვას, რომ სუროგატია, ვიდრე „ქალაქური ფოლკლორი“. უპირველეს ყოვლისა, ალბათ კლასიფიკაციაა საჭირო, თუ რა ითვლება დღეს ამ ჟანრის მუსიკად. თუ რადიო „არ დაიდარდოს“ მოვუსმენთ, ქალაქურ მუსიკად საღდება ისიც, რაც გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან უბრალოდ „შოფრულ“, „საქეიფო“ სიმღერებად იწოდებოდა.

ფსევდოქალაქური მუსიკის კლასიკად შეიძლება ჩაითვალოს „შუშანიკას ტუფლი უჭერს, ქუსლი განიერი აქვსო“, კიდევ უკეთესი „ტრიციტ პერვი გოდში იყო შენი კანეცი“ ან თუნდაც „პატარა ბიჭი დამეკარგა ცისფერპერანგა“. ეს და კიდევ მრავალი „შესანიშნავი“ ნიმუში შეგვიძლია თბილისელი კინტოების სულიდან ამოხეთქილ მარგალიტებად მივიჩნიოთ. დღეს რუსები თავიანთ საესტრადო მუსიკას რატომღაც „შანსონს“ უწოდებენ, რაც მსოფლიოს ხალხთა ენებზე მხოლოდ ფრანგულ მუსიკასთან იგივდება. საქართველოში კი ნაესტრადალ შემოქმედებას და კიდევ ბევრ რამეს, რაც ქართულ ენაზე იმღერება, უკვე ქალაქურ მუსიკას ეძახიან. მაინც რა არის იგი, ანუ „ქალაქური მუსიკა“, უფრო მდაბიურად რომ ვსთქვათ, „ქალაქურები“?

რეალური ისტორია

ისტორიის თანახმად, აღმოსავლეთ საქართველოში შუა საუკუნეებიდან აშუღური კულტურა გავრცელდა, რომელიც ქართლ-კახეთში მაჰმადიანთა ჩამოსახლებების შემდეგ დამკვიდრდა. თუმცა ეს ტიპიური აზიური ჰანგები მრავალეროვან დედაქალაქის მოსახლეობაში მალე მოშინაურდა, ნაწილობრივ გაქართულდა კიდეც და სწორედ ამის შემდეგ დაიბადა თბილისური ქალაქური მუსიკა. მისი თვალსაჩინო წარმომადგენლები მეფე ერეკლეს დროს საითნოვა და ბესიკი იყვნენ. მათ აღმოსავლური პოეზიისა და მუსიკის ფორმები – ბაიათი და მუხამბაზი დაამკვიდრეს. თბილისური ქალაქური სიმღერის ყველაზე პოპულარული ნიმუშებია „მუხამბაზი“, „ავარ-ავარ“, „კეკელჯან“ და სხვა. აღნიშნული სიმღერა ერთხმიანი იყო. იგი ძირითადად დუდუკებისა და დოლის თანხლებით სრულდებოდა.

დასავლეთ საქართველოს ქალაქურმა მუსიკამ კი მე-19 საუკუნის ქუთაისში მიიღო საბოლოო სახე. აღმოსავლურისგან განსხვავებით, დასავლური ქალაქური მუსიკა პოლიფონიით გამოირჩეოდა და იგი ძირითადად გიტარის თანხლებით სრულდებოდა. ამავე დროს, რუსული რომანსებისა თუ იტალიური საოპერო არიების მსგავსი სიმღერების „გაქართულებაც“ მოხდა. დასავლეთ საქართველოს ქალაქური მრავალხმიანი სიმღერების უდიდესი ნაწილი ქართულ პოეზიასთანაა დაკავშირებული. იგი განსაკუთრებით იმერეთში გავრცელდა და ცენტრი მის დედაქალაქში იყო. ყველაზე პოპულარული ქალაქური სიმღერები აკაკის ლექსებზე შეიქმნა: „ციცინათელა“, „აღმართ-აღმართ“, „სანთელივით ჩავქრები“, აგრეთვე, ბარათაშვილის ლექსზე „მორბის არაგვი“, ილიას „მესმის-მესმის“ და ა. შ. რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ ქალაქური სიმღერის მშვენება – უკვდავი „სულიკო“. მე-20 საუკუნეში ამ ჟანრის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები „დები იშხნელები“ იყვნენ.