Tuesday, April 30, 2019

მოგზაურობა როკ-ენ-როლში


„მე არაფერი ვიცი მუსიკის შესახებ. მე ეს არ მჭირდება“
ელვის პრესლი

როკ-ენ-როლს სხვა მუსიკალურ ჟანრებთან შედარებით ერთგვარი უპირატესობა ჰქონდა და აქვს – მას არ სჭირდება პროფესიული მუსიკალური განათლება. მთავარია, გქონდეს რიტმის შეგრძნება და სმენა, იცოდე გიტარაზე რამდენიმე აკორდის დაკვრა და შენ მიერ შესრულებულ მუსიკას ჰქონდეს დრაივი. წარმატების მისაღწევად, ნოტების ცოდნაც კი არაა აუცილებელი.

ჟანრის დაბადების ოფიციალური თარიღია 1954 წლის 20 მაისი. სწორედ ამ დღეს გამოვიდა ქანთრი მუსიკოსის, ბილ ჰეილის სიმღერა Rock Around the Clock. იმ დროს სიტყვა „როკ-ენ-როლი“ ჯერ არ არსებობდა და ფირფიტაზე ეწერა, რომ ეს იყო ფოქსტროტი. თუმცა, 1955 წლის ივლისში კომპოზიცია ბილბორდის ჩარტის სათავეში მოექცა, სადაც მას უკვე როკ-ენ-როლად მოიხსენიებდნენ. 


თუმცა, არსებობს ალტერნატიული შეხედულებაც, რომლის თანახმად, პირველი როკ-ენ-როლი აფროამერიკელი რიტმ-ენდ-ბლუზ მუსიკოსის, აიკ ტერნერის მიერ შესრულებული Rocket 88 იყო, რომელიც 1951 წლის 5 მარტს გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი, რომელშიც ელექტროგიტარის დისტორშენის ეფექტია გამოყენებული. 


როკ-ენ-როლი პირველი სერიოზული მუსიკალური მიმართულება გახდა, რომელსაც თანაბრად ასრულებდნენ როგორც შავკანიანი, ისე თეთრკანიანი მუსიკოსები. თავად ტერმინი კი კლივლენდის რადიოს დიჯეის, ალან ფრიდს ეკუთვნის, რომელიც ახალი ჟანრის წინააღმდეგ განწყობილი მრავალრიცხოვანი და საკმაოდ აგრესიული აუდიტორიის წინაშე მედგრად იცავდა საკუთარი მსმენელების ინტერესებს.
 

აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ მუსიკის ისტორიაში როკ-ენ-როლი ის ჟანრი გახდა, რომელიც დიდ სოციალურ მუხტს ატარებდა. მან გააერთიანა არა მარტო ცეკვის მოყვარული ახალგაზრდები, არამედ მეამბოხეებიც. 1950-იან წლებში, როდესაც მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო და ადამიანები ნანატრი მშვიდობით ტკბებოდნენ, შვილები დაუპირისპირდნენ მამებს, რომლებმაც ვერ შეძლეს ამ საშინელი ომის თავიდან აცილება. ამ ბრძოლაში როკ-ენ-როლი შვილების თაობის მთავარ იარაღად იქცა.


როკ-ენ-როლის პროგრესზე უდიდესი გავლენა იქონია ხმის ჩამწერი ინდუსტრიის განვითარებამ. 1948 წელს პირველად გამოჩნდა ვინილისგან დამზადებული გამძლე ფირფიტები, მანამდე მასალად ადვილად მსხვრევადი ებონიტი და საკმაოდ სუსტი შელაკი გამოიყენებოდა. ამასთანავე, ადრე გრამოფონისა და პატეფონის ფირფიტების სიჩქარე იყო 78 ბრუნი წუთში და თითოეულ გვერდზე მხოლოდ ერთი სიმღერა ეტეოდა. 1949 წელს კი RCA Records-მა 45 ბრ/წთ-ში სიჩქარე შემოიღო, რომელიც სინგლებისთვის სტანდარტად იქცა და მინი-სინგლის ფირფიტის ზომა 7 დუიმამდე შეამცირა.