მე ვარ სენტიმენტური, თუ თქვენ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ;
მე მიყვარს ქვეყანა და ვერ ვიტან, რაც აქ ხდება.
მე არც მემარცხენე ვარ და არც მემარჯვენე.
უბრალოდ, დღეს სახლში ვზივარ,
ამ უიმედო, პატარა ეკრანში ჩაკარგული.
ლეონარდ კოენი
შესავალი
სახელგანთქმული ამერიკელი პოლიტიკოსი ჰენრი კისინჯერი თავის მემუარებში წერს, რომ ამერიკას აქვს ოთხი მიზეზი, რომელიც პლანეტაზე მის დომინირებას განაპირობებს. პირველი, ესაა არმია, მეორე – მეცნიერება, მესამე – მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი მასკულტურა და მხოლოდ მეოთხე ადგილზე დაასახელა ეკონომიკა. ეს მართლაც ასეა, რადგან მასობრივი მუსიკა პოლიტიკური გავლენის გიგანტური ინსტრუმენტია. მასში უზარმაზარი ენერგია დევს. სტალინი, რომელიც თვლიდა, რომ „ვინც დღეს ჯაზს უკრავს, ხვალ სამშობლოს გაყიდის“, მართალი აღმოჩნდა, რადგან დასავლურმა ფასეულობებმა, რომელიც საბჭოთა კავშირში ჯერ ჯაზის და მერე უკვე როკ-ენ-როლის სახით შემოაღწია, მთლიანად შეცვალა ამ უტოპიური ქვეყნის ხელოვნურად დამკვიდრებული ფასეულობები. რუსი როკმუსიკოსი და პროდიუსერი ბარი ალიბასოვი „ნიუ-იორკ ტაიმსთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირი სწორედ როკ-ენ-როლმა დაშალა, თუმცა შედეგი არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც წარმოედგინათ.
ნამდვილად არაა მარტივი დაწერო სტატია პოლიტიკის, მუსიკისა და მედიის ურთიერთობაზე ისეთ ქვეყანაში, სადაც ყოველდღიური პოლიტიკით აბსოლუტურად ყველაფერია გაჯერებული, – ტელევიზია, რადიო, ჟურნალ-გაზეთები, სოციალური მედია, ტრანსპორტი, სამზარეულო და საძინებელიც კი... ამიტომ, აღარ იცი, საიდან და როგორ დაიწყო წერა. აქ ხომ ნებისმიერი ცნობადი სახე (ე.წ. სელებრითი), აკადემიური მუსიკოსიც კი საზოგადოების თვალში რომელიმე პოლიტიკურ ბანაკს უკავშირდება, ან შეგნებულად მიაკუთვნებს თავს. საქართველო ამ ურთიერთობების მხრივ თავისებურად უნიკალური ქვეყანაა და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ყველაფერს ახლავე მოგახსენებთ.
კონტროლი უკან, წარსულში
კომუნისტი მმართველები სსრკ-ის არსებობის პირველ წლებშიც კი მუსიკასა და კულტურას საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობდნენ. ამიტომ 1920-იანი წლების დასაწყისში უკვე შეიქმნა „ფილარმონია“, რომელსაც უნდა ეკონტროლებინა მუსიკა და მუსიკოსები. ეს ორგანიზაცია მოიცავდა როგორც აკადემიურ, ისე თანამედროვე მუსიკას. ფილარმონია ერთგვარ საპროდიუსერო ცენტრის ფუნქციას ასრულებდა. იგი პროპაგანდირებდა საბჭოთა მუსიკას. როცა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა დამკვრელური შრომის ფერხულში იყო ჩაბმული, მშრომელთა გასამხნევებლად იქმნებოდა მომღერალ კომუნისტ კოლმეურნეთა ჩანაწერები, რომელიც ჯერ კიდევ 1930-იან წლებში დიდი ტირაჟით ვრცელდებოდა გრამოფონის ფირფიტებით. მათში ქებას ასხამდნენ სოციალისტურ ქვეყანას, შრომას, პარტიას. ასეთი სიმღერები რეჟისორმა ოთარ იოსელიანმაც გამოიყენა თავის ფილმში „გიორგობისთვე“, სადაც ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე ჩართულ რადიოში სწორედ კოლმეურნეთა მომაბეზრებელი სიმღერები ისმის.