Monday, July 8, 2002

„საბჭოთა დისკოთეკა დამთავრდა“... „ჩვენ გავპოპსავდით...“

პატრონები და უბედურები

„ჩვენ გავპოპსავდით“, – თქვა ცოტა ხნის წინ პოპულარულმა ტელეწამყვანმა სერგი გვარჯალაძემ. სწორედ იმ პერიოდში, ჩვენგან მრავალჯერ ნაქებმა ირაკლი ჩარკვიანმა დისკოთეკაზე იმღერა. ლადო ბურდულმა კი, წინასაარჩევნო პოლიტიკურ აქციაში მიიღო მონაწილეობა. მკითხველები გვწერენ – რა ხდება? ხომ არ გადაეშვნენ თავით ქართული ანდერგრაუნდის მამები „პოპსას“ მორევში? სად ანდერგრაუნდი და სად დისკოთეკა ან პოლიტიკა?

გადავწყვიტე, ამ თემაზე სასაუბროდ ნომრის სტუმრებად სწორედ ლადო ბურდული, ირაკლი ჩარკვიანი და სერგი გვარჯალაძე მომეწვია. ბოლოს და ბოლოს, გაბატონებული და ხშირად გაცვეთილი კულტურული ფასეულობების გვერდით არსებობს თუ არა საქართველოში კონტრკულტურა, რომელსაც მუდამ ახალი ჰაერი მოაქვს?

„მამისტოლა კაცები ქუჩაში გახსნილი დანებით დგანან“

ლადო ბურდული: „მე ვფიქრობ, რომ საქართველოში საერთოდ კულტურა არ არსებობს და კონტრკულტურა როგორ იარსებებს? ადრე კულტურა სახელმწიფო დოტაციაზე იყო და ეს იყო სიყალბე. ახლა ის დრო წავიდა. თუ მაშინ მაგარი დრო იყო, ამ კულტურის შემქმნელები დღეს სადღა არიან? რატომ არ განვითარდა ის კულტურა? გინახავთ, მაგარი შემოქმედება ისე მოკვდეს, მისგან აღარაფერი დარჩეს? ისიც მინდა ვთქვა, რომ ის კულტურა ქართული კი არა, საბჭოთა ფენომენი იყო. მე ისეთ ქვეყანაში გავიზარდე, რომლის დედაქალაქს მოსკოვი ერქვა. ეს ქვეყანა დაინგრა. ახლა საქართველო ხუთმილიონიანი ქვეყანაა და დროა, საბჭოეთისდროინდელი ამბიციები უკან დავტოვოთ, თორემ ეს ქვეყანა აუცილებლად დაიღუპება.

საბჭოთა დისკოთეკა დამთავრდა! ამას ვერ ხვდებიან და კიდევ ბაქიაობენ. მოდით, ქუჩაში გავიდეთ და ადამიანებს თვალებში ჩავხედოთ. სად არის ეს კულტურა, სად დაიკარგა? იყო და აღარ არის? როდესაც ხუთმილიონიან ქვეყანაში 15 წელი სინათლე ვერ გაუყვანიათ, რა კულტურაზე უნდა ვილაპარაკოთ? ის, რომ მთელი ქალაქი გადააგვარეს და სიმახინჯეებს აშენებენ, კულტურაა? თბილისი ხომ ქალაქი-მუზეუმი უნდა გამხდარიყო? საქმე მარტო არქიტექტურასა და დენში არ არის. ზოგს ჰგონია, კულტურა მარტო თეატრში უნდა არსებობდეს და ოჯახში ცხოველი უნდა იყოს. კულტურა ოჯახიდან იწყება და ის უფრო ღრმაა, ვიდრე მხატვრობა ან მუსიკა. მამისტოლა კაცები ქუჩაში გახსნილი დანებით დგანან. ეს ნორმად იქცა ამ ქალაქში. ასეთებს ხომ პოლიცია უნდა იჭერდეს? ისინი კი, თავიანთი გახსნილი დანებით ადამიანებს ნერვებს უშლიან. ჰოდა, თუ ეს კულტურაა, მაშინ მე დღესაც კონტრკულტურას წარმოვადგენ“.

Monday, July 1, 2002

„კურიერი“ და „ბი-ემ-დაბლიუ“ თბილისიდან უოშინგტონში მოსკვას გავლით

მუსირებს აზრი, რომ ყველაზე პოპულარულ ტელეარხს ენობრივი პრობლემები აქვს

კომუნისტური მმართველობის დროს, მთელი 70 წლის განმავლობაში არ არსებობდა დამოუკიდებელი ტელევიზიები და ჟურნალ-გაზეთები, რის გამოც, რბილად რომ ვთქვათ, ბნელში ვისხედით. მაგრამ დღეს ყველაფერი სულ სხვაგვარადაა. ჩვენი ქვეყანა აღმავლობის გზაზე დგას (იხ. ე. ა. შევარდნაძის ორშაბათის რადიოინტერვიუები). ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც ის, რომ დღეს საქართველოში ათეულობით დამოუკიდებელი, ეროვნული ტელეკომპანიაა.

დღეს არ განვიხილავთ მათ ინტელექტუალურ თუ პროფესიულ დონეს, მხოლოდ ქართულ მეტყველებაზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას.

მაგალითისთვის ავიღოთ რომელიმე ტელეკომპანია, თუნდაც „რუსთავი 2“. ეჭვგარეშეა, ეს ტელეარხი დღეს ყველაზე პოპულარულია და ხალხის უდიდესი მხარდაჭერით სარგებლობს, რაც რამდენიმე თვის წინაც დადასტურდა. მაშ ასე, საქმეს შევუდგეთ. ჩვენ „რუსთავი 2“-ის სატელევიზიო ენით მოვამზადებთ რეპორტაჟს:

I ნაწილი – რუსთავიორულად

მელომანი: „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის საშტატო ერთეულები მაქსიმალურად ნონედუკატიურები არიან. ეს არ ეხება მხოლოდ უოჩმენს, რადგან ეს სუბიექტი ინფორმაციის მოწოდების მხრივ, სრულ ინფორმაციულ ვაკუუმშია. ეს ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც აღნიშნულ ობიექტს თვალ-ყური გაადევნა ჩვენმა კორესპონდენტმა. ჰუმანოიდო!“.





















ჰუმანოიდი: „დღის არსებული ინფორმაციით ეთერშია ჰუმანოიდი. გამარჯობათ! დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე დილიდანვე დიდი ხმაური იყო. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ეთერში გავიდა აჟიტირებული საინფორმაციო პროგრამა „კურიერი“, სადაც წამყვანმა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი პარლამენტარი საკუთარი „ბი ემ დაბლიუ“-ს მარკის მანქანით სანაპიროზე მდგომ ხეს შეეჯახა, განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ პარლამენტარის ჯანმრთელობა დასტაბილურდა. მინდა გაცნობოთ, რომ ეს უკანასკნელი ტერმინი ლინგვისტურად ალოგიკურია, ვინაიდან ჯანმრთელობა დღის მონაკვეთში შეიძლება დაპროგრესირდეს, მაგრამ შეუძლებელია მისი დასტაბილურება. მელომანო!“.