Friday, October 23, 2020

მუყაოზე გადატანილი მუსიკა

{სრული ვერსია}

პანკ-ჯგუფ „სექს პისტოლზის“ მომღერალმა ჯონი როტენმა, იგივე ჯონ ლაიდონმა ადრე თქვა: „ადამიანები მხოლოდ მუსიკისთვის რომ ყიდულობდნენ ჩანაწერებს, მაშინ ეს ჩანაწერები სწრაფი სიკვდილისთვის იქნებოდა განწირული“. ამით მან ხაზი გაუსვა მუსიკის „გარეგნულ მხარეს“. მართლაც, მუსიკალური მატარებლების (ვინილის, აუდიო კასეტის, კომპაქტ-დისკის) გაფორმებას უდიდეს ყურადღებას აქცევდნენ თითქმის ყველა ჟანრის მუსიკოსები. ამ საქმეში უამრავი პროფესიონალი მხატვარი, ფოტოგრაფი და დიზაინერი იყო ჩართული. გარეკანების გაფორმებამ უამრავ ახალგაზრდა დამწყებ ხელოვანს მისცა გასაქანი. არ მინდა მხოლოდ წარსულ დროში ვილაპარაკო, თუმცა დღეს ჩანაწერის ყდის გაფორმება ძირითადად ბევრად უფრო მარტივად, კომპიუტერის დახმარებით კეთდება და ციფრულმა ფორმატმა მსმენელთა არც თუ მცირე ნაწილს ჩანაწერის გაფორმების მიმართ ინტერესი დააკარგვინა. გაფორმებაზე ზრუნვით, არც დღევანდელი მართლაც ნიჭიერი მუსიკოსები „იკლავენ“ თავს. არადა, მაღაზიებში რამდენიმე საყვარელმა ალბომმა სწორედ გარეკანით მიიქცია ჩემი ყურადღება. 


მუსიკის ყიდვა იმ დროს დავიწყე, როდესაც მაღაზიების თაროებზე ლეგალურად მხოლოდ საბჭოთა წარმოების, ფირმა „მელოდიის“ ფირფიტები ელაგა და მათი გაფორმება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ფირფიტების უმეტესობას რაღაც სტანდარტული კონვერტი ჰქონდა, რომელსაც „ესტრადა“, „მელოდია“ ან რამე უინტერესო ეწერა. თუმცა სურათებიანი კონვერტების დიდი ნაწილი უგემოვნოდ იყო გაფორმებული – ფოკუსარეული გადღაბნილი ფოტოებით და მახინჯი დიზაინით.

1990-იანი წლებიდან უკვე გამოჩნდა სხვადასხვა ქვეყანაში გამოშვებული მეკობრული კომპაქტ-დისკები და კასეტები, რომლებიც მხოლოდ ჩამოჰგავდნენ ორიგინალებს. ამ უხარისხო მუსიკალური მატარებლებით ვაჭრობა 2000-იანების შუა ნახევრამდე გაგრძელდა, სანამ mp3 პლეერებმა არ დაიპყრეს ბაზარი. საქართველო ისევ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და ორიგინალი ლეიბლების მიერ გამოშვებული ვინილები, კასეტები თუ კომპაქტ-დისკები არ შემოდიოდა. ნაწილობრივ ამასაც ვაბრალებ იმ ფაქტს, რომ ქართველი მუსიკოსების დიდი ნაწილი ძალიან ზერელე ყურადღებას უთმობდა და უთმობს ხელოვნების ამ დარგს, რომელსაც მუსიკალური მატარებლების ყდების და შიგთავსის გაფორმება ჰქვია. 

ახლა, როდესაც ვინილის ფირფიტები მსოფლიოსა და საქართველოში ისევ მასობრივად შემოდის მოხმარებაში, ალბომების გარეკანებს დიდი მნიშვნელობა აქვს. მე კი რამდენიმე ჩემთვის გამორჩეულად საყვარელ ალბომის გარეკანს წარმოგიდგენთ თავისი მცირე ისტორიებით.

Bill Evans & Jim Hall – Undercurrent [1962]


1960-იანების ამ შესანიშნავი ჯაზ-ალბომის კომპაქტ-დისკი შორეულ 90-იანებში სწორედ მისმა ყდამ მაყიდინა. ამ დისკის გარეკანისთვის, რომელიც თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ვინილზე გამოიცა, ბილ ევანსმა გამოიყენა ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფი ქალის, ტონი ფრისელის მიერ 1947 წელს გადაღებული ფოტო Weeki Wachee Springs, Florida, ანუ „ვიკი ვაჩეს წყაროები, ფლორიდა“. წყალქვეშ გადაღებულ ფოტოზე გამოსახულია გრძელკაბიანი ქალი. გაფორმება ძალიან მოუხდა ალბომს. ტონი ფრისელი 1930-იანი წლებიდან ჟურნალ „ვოგის“ ფოტოგრაფი იყო. მე-2 მსოფლიო ომის დროს იგი წითელ ჯვართან ერთად ევროპაში ჩავიდა და იქ იღებდა ფოტოებს. ქალმა 350 000-მდე ფოტო გადაიღო, რომელთა ნეგატივები ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკას გადასცა.

The Velvet Underground – The Velvet Underground & Nico [1967]


ეს ალბათ ყველა დროის ყველაზე სახასიათო და ცნობადი ფირფიტის გარეკანია. მასზე ენდი უორჰოლის დახატული ღია ყვითელი ბანანია გამოსახული და მარჯვენა დაბალ კუთხეში მისივე ხელმოწერაა დატანილი. ადრეულ გამოცემებზე ყვითელი ბანანი უბრალოდ დაწებებული იყო კონვერტზე, მას თუ ააძრობდი, უკვე გასუფთავებული ვარდისფერი ბანანი გამოჩნდებოდა. ალბომის ეს გაფორმება დღემდე ყველაზე მეტადაა ტირაჟირებული და მას ხალხი როგორც ნახატს ისე აღიქვამს. თუმცა, მიუხედავად მისი ზეპოპულარობისა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ფირფიტაზე შესული მუსიკალური მასალა არც ისე მარტივად მოსასმენია პოპ-მუსიკის მსმენელისთვის. თუმცა ველვეტების ეს დისკი როკ-მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ნამუშევრად მიიჩნევა.