Sunday, January 22, 2017

ვიდეოთამაშების მუსიკა

დღევანდელ მსოფლიოში მუსიკა იქმნება არა მარტო კინოსთვის, თეატრისთვის, ტელევიზიისთვის, რადიოსთვის, არამედ ვიდეოთამაშებისთვისაც, რომლებსაც ჩვენში „კომპიუტერულ თამაშებს“ უფრო ეძახიან. ამ სფეროში, როგორც იტყვიან, დიდი ფული ტრიალებს. 2016 წელს ვიდეოთამაშების ბაზრის მოცულობამ მთელ მსოფლიოში 95 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. სწორედ ამიტომ, კომპიუტერული თამაშების საუნდტრეკებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ზოგიერთი თამაშის მუსიკა მოთამაშეს აჰიპნოზებს, ზოგიც ეხმარება იმ ადგილმდებარეობის ატმოსფეროში გაერკვეს, სადაც ვირტუალურად იმყოფება, ზოგიერთი კი ენერგიით მუხტავს და კიდევ უამრავ შეგრძნებას აღძრავს...

1970-იან წლებში, როცა ვიდეოთამაშები პირველად გამოჩნდა, როგორც გართობის ერთ-ერთი ფორმა, მუსიკა არსებობდა ანალოგური ფორმით კასეტებსა და ფირფიტებზე. ასეთი მატარებლებს სათამაშო ავტომატებში ვერ გამოიყენებდი, ამიტომ თამაშების შემქმნელები დაფიქრდნენ, როგორი სახით ჩაენერგათ მუსიკა ამ ავტომატებში. ბევრად უფრო იაფი და უბრალო იქნებოდა ციფრული მუსიკის ჩართვა. ხმოვან ბგერაში პროგრამული კოდის გარდაქმნამ 1970-იან წლებში საშუალება მისცა თამაშების შემქმნელებს მუსიკა ჩაერთოთ სათამაშო ავტომატებში. ისე კი, პირველი თამაშების მუსიკა აუდიოკასეტებზე იწერებოდა, რადგან ამ ათწლეულში „ხმის დაფა“ (ე.წ. „აუდიო პლატა“) არ არსებობდა.

ადრეული სათამაშო მუსიკა საკმაოდ მონოტონური იყო, მუდამ მეორდებოდა, ან მხოლოდ განსაკუთრებულ მომენტებში უკრავდა, როგორც ყველაზე ცნობილ თამაშში „პაკმენი“. სათამაშო ხმებად ციფრული ბგერები გამოიყენებოდა. გაციფრულების პროცესი 1980-იანი წლების თამაშებში განსაკუთრებით გააქტიურდა და ავტომატებსა თუ სათამაშო დანადგარებში მუსიკალური გაფორმება უფრო ინტენსიური გახდა. ამ ათწლეულის მეორე ნახევრიდან ვიდეოთამაშების მუსიკის შექმნაში გაცილებით მეტი მუსიკის მცოდნე ადამიანი ჩაერთო, ვიდრე მანამდე. ასეთი ცნობილი კომპოზიტორები არიან: კოძი კონდო (დაწერა მუსიკა თამაშებისთვის („Super Mario Bros.“, „The Legend of Zelda“, კოიტი სუგიამა („Dragon Quest“), რობ ჰაბარდი („Monty On the Run“), ჰიროსი კავაგუჩი („Out Run“) და სხვები. გარდა სპეციალურად დაწერილი მუსიკისა, თამაშებისთვის დაიწყეს სხვადასხვა კომპოზიციების გამოყენება. მაგალითისთვის, სუპერპოპულარულ „ტეტრისში“ რუსული ხალხური სიმღერის, „კორობეინიკის“ მელოდია ჩართეს.

ვიდეოთამაშების განვითარების ყველა ეტაპზე მუსიკის შექმნის თუ მორგების ორგვარი ხერხი არსებობს: პირველი – ესაა სემპლების გამოყენება, ანუ უკვე ჩაწერილი აუდიოფრაგმენტების ჩასმა და მეორე – მუსიკის კოდური გენერაცია. კომპიუტერის განვითარებასთან ერთად თამაშების ავტორები ძირითადად პირველ ხერხზე გადავიდნენ. მაგალითად, 2008 წელს გამოსულ თამაშში „Alone In The Dark“ (კომპოზიტორი: ოლივიე დერივიერი) ინსტრუმენტები და ორკესტრების ხმები ისმის. მეორე ხერხის მაგალითია ზემონახსენები „მარიო“, რომლის მუსიკა კოდური გენერაციითაა შექმნილი.

Tuesday, January 17, 2017

ერეკლე დეისაძე – მატარებლის ხმის მატარებელი ხელოვანი

ბოლო ათწლეულში ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსების შემოქმედებაში საპროტესტო მუხტი თითქოს დაეცა. ახალ შემსრულებელთა უმეტესობამ ათასგვარ თემაზე დაიწყო სიმღერა, თანაც – ინგლისურ ენაზე. 1990-იანი წლების ქართული ჯგუფების საპროტესტო მუხტი კი მიმზიდველ რეტროდ გადაიქცა. მასში გარკვევა ერთგვარად სავალდებულო გახდა კიდეც. ჩვენი მუსიკოსების დიდ ნაწილს ეზარება პრობლემებზე სიმღერა, „მეამბოხეს“ სახელის მოხვეჭა, რადგან უკიდურესად პოლიტიზირებულ და პოლარიზებულ საზოგადოებაში ასეთებს არც ისე სიმპათიით უყურებენ. მეტიც – ზოგჯერ თავგამეტებით ლანძღავენ და სკანდალისტის იარლიყსაც აკრავენ. ამიტომ, შემოქმედთა ნაწილი, როგორც ჩანს,  ასეთ იმიჯს გაურბის. მიუხედავად ამისა, საქართველოში კიდევ არიან ნიჭიერი ადამიანები, რომლებისთვისაც ამბოხი და პროტესტი ბუნებრივია და ამ მიწებებულ იარლიყებზეც დიდად არ დარდობენ. ასეთი მუსიკოსია ერეკლე დეისაძე, რომელმაც რამდენიმე სიმღერით ასეულათასობით ადამიანამდე თავის სათქმელი ზუსტად მიიტანა. „სისტემა უნდა დაინგრეს“ და „რაც მამას უნდა“ – ერეკლეს ის გამორჩეული სიმღერებია, რომლებითაც ერთგვარად გამოაფხიზლა თანატოლები. ერეკლე საზოგადოებრივად აქტიურია. მონაწილეობას იღებდა და იღებს სხვადასხვა საპროტესტო აქციაში. ამჯერად იგი მხარს უჭერს მოძრაობას „თეთრ ხმაური“, რომელიც ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის შეცვლას ითხოვს.

მუსიკოსი და მწერალი ერეკლე (ეკო) დეისაძე 1990 წლის 2 აპრილს ქუთაისში დაიბადა. დაამთავრა I კლასიკური გიმნაზია. თბილისში 2009 წლიდან ცხოვრობს. სწავლობდა თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. ამ პერიოდში დაიწყო მისი მუსიკალური კარიერაც. ჰქონდა რამდენიმე პროექტი. 2014 წელს გამოუშვა ალბომი „იარე“. ამჯერად გახლავთ პროექტში „ეკო და ვინდა ფოლიო“, თემურ ეზუხბაიასთან ერთად. მათი ვინილის სინგლი „შენ ანათებ“, ახლახან გამოუშვა ფრანგულმა ლეიბლმა Talitres. გამოცემული აქვს სამი წიგნი: „საიდუმლო სირობა“, რომელმაც სკანდალური პოპულარობა მოუტანა, ასევე „დამლაგებელი“ და „რუსული არდადეგები“. მუსიკალური განათლება არ მიუღია. გიტარის წრეზე დადიოდა. 5 აკორდი რომ ისწავლა, თავი დაანება და თვითგანათლებას მიჰყო ხელი.

ერეკლეს მისი მეგობრის ბინაში შევხვდი.

– ერეკლე, მომიყევი, ქუთაისში როგორ ცხოვრობდი, სად სწავლობდი?

– თავდაპირველად დავდიოდი 23-ე სკოლაში, რომელიც ზასტავას უბანშია და მაშინ კრიმინალური ავტორიტეტების სიმრავლით გამოირჩეოდა. მანდ მე-9 კლასამდე ვსწავლობდი. ბევრნაირ ადამიანთან მქონია ურთიერთობა. ერთხელაც მასწავლებლებმა დედაჩემი დაიბარეს სკოლაში და ჩემზე უთხრეს, ჩვენთან სულ კონფლიქტი აქვს, ჯობია სკოლიდან გადაიყვანოთო. ასე გადავედი პირველ გიმნაზიაში, სადაც თავის დროზე ჩვენი უდიდესი მწერლები და მეცნიერები სწავლობდნენ. აბსოლუტურად განსხვავებულ გარემოში აღმოვჩნდი – 23-ე სკოლაში თუ „ვიღაცოვიჩები“ სწავლობდნენ, გიმნაზიაში უკვე მერის შვილები და სხვა კატეგორიის ადამიანები დამხვდნენ. ორივე სკოლამ ჩემი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა. ქუთაისი ერთი დიდი ოჯახია, რომელმაც მე ყველაზე მეტი ცოდნა მომცა და ცნობიერება ჩამომიყალიბა.

– ამ კრიმინალურ ავტორიტეტებთან როგორი ურთიერთობა გქონდა?

– სხვათა შორის, გალაკტიონის ლექსები პირველად ერთმა „ქურდმა“ წამაკითხა. უფრო სწორედ, გალას ტომეული დაბადების დღეზე მაჩუქა. მაშინ პატარა ვიყავი – იმ ასაკში, როცა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ავტორიტეტი რა მითითებას ან მიმართულებას მომცემდა. ამ პერიოდში შემიყვარდა პოეზია.

– თბილისში როდის გადმოხვედი?