15 აგვისტოს, Check in Georgia-ს ფარგლებში Black Sea Arena-ზე ირაკლი ჩარკვიანის საღამო – ირაკლი ჩარკვიანი / ისტორია გაიმართება.
ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალებიდან უკვე 11 წელი შესრულდა. რაც დრო გადის, მისი მუსიკა კიდევ უფრო ღირებული ხდება და, შეიძლება ითქვას, აქტუალურობას არასოდეს კარგავს. მისი დამსახურება ქართული მუსიკის და არა მარტო მუსიკის, არამედ მთლიანად თანამედროვე ქართული კულტურის წინაშე დიდია. ამას მსმენელი კარგად გრძნობს და შეიძლება ითქვას, „მეფე“ დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი მუსიკოსია, რომლის სიმღერებსაც ახალი თაობაც კარგად იცნობს და ზეპირად მღერის.
ანდერგრაუნდიდან წამოსული მუსიკოსი, რომელიც ცდილობდა საქართველოში ხარისხიანი პოპ-მუსიკის კულტურა დაემკვიდრებინა, ახალი საუკუნის დასაწყისის პირველ წლებში (2000 – 2003) არაერთხელ ჩამიწერია სატელევიზიო თუ საგაზეთო ინტერვიუსთვის, სადაც იგი გულისწყვეტით საუბრობდა იმ რეალობაზე, რომელშიც ყველას გვიხდებოდა ცხოვრება. ბევრი მაშინდელი პრობლემა დღემდე აქტუალურია.
„ჩვენ ანომალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, თორემ გიჟი უნდა იყო მუსიკოსი, პოლიტიკოსთან რომ მიხვიდე. კონტრკულტურა, მართალია, ოპოზიციაშია, მაგრამ მისი გამოვლენის საშუალებები დიდ ან მცირე ბიზნესთან მაინც არის დაკავშირებული. კონტრკულტურა იყო ენდი უორჰოლი, პიკასო და დალი, მაგრამ ყველამ თავისი ხელოვნება, გარკვეულწილად ბიზნესს დაუკავშირა. ჩვენთან ადამიანი უარესს მდგომარეობაშია. ჩვენი მუსიკოსი ვერ ახერხებს რაღაც ერთ ხაზს გაჰყვეს, რადგან ჩვენს გაუბედურებულ ყოფაში ჟღერს კითხვა: იარსებებ თუ არა? ყოფილა შემთხვევა, ერთი ნაჭერი პურიც აღარ მქონია და მუსიკა ვერ გამიკეთებია. ეს ყველაზე დიდი ტრაგედიაა. რა თქმა უნდა, პოლიტიკა და დიდი ბიზნესი ანდერგრაუნდთან წინააღმდეგობაშია, უბრალოდ, უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა, სადაც, თუნდაც ჩემი ალბომი „ამო“ არ გამოვიდოდა, რომ არა „მაკდონალდსი“. ჩემი ალბომები შეიძლება მიიღო, როგორც წინააღმდეგობა, აგრეთვე, როგორც მეინსტრიმი, რომელიც მომავალში შესაძლოა პოპი გახდეს. მე ახლა ყველას ვთავაზობ იმას, თუ როგორი უნდა იყოს პოპი. თუკი ადამიანები მიდიან პოლიტიკოსებთან, ეს იმიტომ, რომ ჩვენს სახელმწიფოში მარტო პოლიტიკოსებს აქვთ ფული. შეიძლება საინტერესო ადამიანი ანდერგრაუნდში იყოს, მაგრამ პროდუქციის კეთება აღარ შეეძლოს. საერთოდ, ჯობს, ბაზარმა შექმნას ისეთი პირობები, რომ ალბომის გამოცემას პოლიტიკოსები და მსხვილი ფირმები არ დასჭირდეს, მაგრამ ეს, სამწუხაროდ, ჩვენთან არ გამოდის“.
პატრიოტიზმის შესახებ:
„პატრიოტიზმი, ვფიქრობ, ჩვეულებრივი გრძნობაა. უპირველეს ყოვლისა, ალბათ, ეს არის სიყვარული საკუთარი თავისა. ანუ შენ შენივე თავის პატრიოტი ხარ, ხოლო ასე, გლობალურად, პატრიოტიზმი ცოტა სასაცილოდ ჟღერს.“


