ქართული რადიოთეატრი მუშაობას აგრძელებს
ხმა გავრცელდა, თითქოს საქართველოს „მთავარ რადიოში“ რადიოსპექტაკლების დადგმა შეწყდა და მეტიც – რადიოთეატრი საერთოდ დაიხურა. ამ საკითხით დავინტერესდით და „მთავარი რადიოს“ ეროსი მანჯგალაძის სახელობის თეატრ-სტუდიის ხელმძღვანელს, ზურაბ კანდელაკს მივმართეთ. მისი თქმით, რადიოსპექტაკლები რადიოს გახსნიდან დღემდე წარმატებით იდგმება. ადრე, სანამ მაგნიტოფონი გაჩნდებოდა, მსახიობები ცოცხალ ეთერში თამაშობდნენ და გადაცემა „თეატრი მიკროფონთან“ ერქვა. 50-იანი წლების დასაწყისიდან, ანუ მას შემდეგ, რაც რადიოში მაგნიტოფონები დაიდგა, რადიოსპექტაკლების ჩაწერა დაიწყო და ფონდში უამრავი ძველი დადგმაა დაცული, პირველი 1951 წლით თარიღდება.
ამ უნიკალურ ფონდში ყველა იმ მსახიობის ხმა ინახება, რომელიც სხვადასხვა დროს ქართულ სცენაზე მოღვაწეობდა: ვასო გოძიაშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, სერგო ზაქარიაძე, გიორგი შავგულიძე, იაკობ ტრიპოლსკი, უშანგი ჩხეიძე და სხვები. შემდეგ სტუდიას ეროსი მანჯგალაძის სახელი მიენიჭა. ეროსი სწორედ რადიოში გამოჩნდა, ის დიქტორი იყო და მერე გახდა ფეხბურთის კომენტატორი. დღეს რადიოში წელიწადში 20-25 ახალი სპექტაკლი იდგმება. კვირაში 4 დღე რადიოდადგმებს ეთმობა, რა თქმა უნდა, ძველებიც მეორდება.
ზურაბ კანდელაკი: „მსახიობებს ყოველთვის ვიწვევთ, რადგან ჩვენთვის მსახიობის ხმა ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი მოწვევისთანავე ზურაბ ყიფშიძემ ძალიან საინტერესო პერსონაჟი შექმნა. ჩვენ გვყავს, როგორც შტატში მყოფი რეჟისორები, აგრეთვე, მოწვეულებიც. აქ სპექტაკლები დაუდგამთ: მიშა თუმანიშვილს, რობერტ სტურუას, თემურ ჩხეიძეს, არჩილ ჩხარტიშვილს, აკაკი ვასაძეს და სხვებს. ჩვენ გვსურს, დავაინტერესოთ ახალგაზრდებიც“.
რადიოთეატრმა წლების განმავლობაში პოპულარობა შეინარჩუნა როგორც ჩვენთან, ასევე, საზღვარგარეთ. სატელევიზიო თეატრში, რომელსაც ვიდეოფილმი ჩაენაცვლა, გამომსახველობითი ფორმები შეიცვალა, ხოლო რადიოში ხმა დარჩა. რადიოთეატრის სამი ძირითადი კომპონენტია: სიტყვა, მუსიკა და ხმაური. გერმანიაში ყოველ „მიწას“ საკუთარი რადიო აქვს.
ზურაბ კანდელაკი დაუკავშირდა ვესტფალის მხარის რადიო „ვედეერთან“. იქ წელიწადში დაახლოებით 80 ახალ სპექტაკს დგამენ, რადიოთეატრი ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული. მთელ გერმანიაში კი ყოველწლიურად ათასამდე ახალი სპექტაკლი იდგმება. გერმანელები 6 თვით ადრე ადგენენ რადიოეთერში გასასვლელი სპექტაკლების პროგრამას და ეს შემდეგ ჟურნალის სახით გამოდის. რაც მთავარია, საზღვარგარეთ ბევრი საერთაშორისო ფესტივალი ტარდება (კინოფესტივალების მსგავსად).
