Tuesday, August 2, 2016

ნიკა მაჩაიძე: მატარებელი ყველაზე მუსიკალური ტრანსპორტია

მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და კინორეჟისორი ნიკა მაჩაიძე ცნობილია სასცენო ზედმეტსახელებით – „ნიკაკოი“ და „ერასტი“. იგი  1972 წლის 11 ნოემბერს, თბილისში დაიბადა. როგორც ამბობს, ბავშვობა მამასთან ერთად კინოსტუდიაში გაატარა, სადაც იგი ხმის რეჟისორი და ჩამწერი საამქროს უფროსი იყო. თბილისის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში ჯერ ანიმაციის რეჟისურის ფაკულტეტზე სწავლობდა, მერე სამხატვრო აკადემიაში – კინოს მხატვრობაზე, ბოლოს კი მხატვრული კინოს რეჟისურის ფაკულტეტი დაამთავრა. უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ დაიწყო ელექტრონული მუსიკის წერა. მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ პერფორმანსსა და კონცერტში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გადაღებული აქვს ვიდეოკლიპები. ავტორია მუსიკისა კინოსთვის, თეატრისთვის, მოდის ჩვენებისთვის, ტელევიზიისთვის, რადიოსთვის... გამოშვებული აქვს 10-მდე მუსიკალური ალბომი. ჰყავს მეუღლე – ტუსია ბერიძე, ასევე მუსიკოსი და სამი შვილი. ჩვენ  ტელეკომპანია „არტარეას“ ეზოში ვისაუბრეთ. ნიკა ასევე „არატარეასთანაც“ თანამშრომლობს.

– ნიკა, რომელი იყო შენი პირველი მუსიკალური ინსტრუმენტი?

– უმაღლესი მუსიკალური განათლება არ მიმიღია. ფორტეპიანოს შესასწავლად 7 წელი მუსიკალურში მატარეს, ძალით დამასრულებინეს. ელექტრონულ ბგერებთან პირველი შეხება ბავშვობიდან მქონდა, რადგან მამაჩემი კინოსტუდიის ხმის ჩამწერი საამქროს უფროსი – ხმის რეჟისორი იყო. სულ იქ ვიყავი. ვესწრებოდი გახმოვანებებს, ერთი-ორ ფრაზას მეც მათქმევინებდნენ ხოლმე და რამდენიმე ფილმის ეპიზოდები მაქვს ბავშვური ხმით გახმოვანებული. იქ უზარმაზარი მაგნიტოფონები, დანადგარები იდგა, რომლებზეც ლუპებს, ანუ მაგნიტოფირების მარყუჟებს აკეთებდნენ, რომელსაც ამ ჩამწერებში უსასრულოდ ატრიალებდნენ, სანამ სასურველ, მოსაწონ დუბლს არ ჩაწერდნენ. ამის მერე მომდევნო ლუპს აკეთებდნენ და ა.შ. მარყუჟი იმ ზომის იჭრებოდა, რაც სჭირდებოდათ. ვთქვათ, ფილმში 10-მეტრიანი კადრის გასახმოვანებლად ზუსტად იმავე ზომის მაგნიტოფირის მარყუჟს ამზადებდნენ და მასზე დუბლებს იწერდნენ. ზუსტი სინქრონი გამოდიოდა.

– ვინ იყო ის მუსიკოსი, რომელიც ბავშვობაში ძალიან მოგეწონა?

– ბავშვობისას ბევრი ვინმე მომწონდა, რადგან მათი გავლენას განვიცდიდი. ჩემი ძმა უსმენდა თითქმის ყველაფერს, მამაჩემი ჯაზის მოყვარული იყო. ამასთან ერთად საბჭოთა კინომუსიკის დიდ გავლენასაც ვგრძნობდი. ასე რომ, ასე გამორჩეულად არავინ ყოფილა. თუმცა, ბავშვობის მუსიკიდან პირველი, ალბათ, Earth Wind And Fire მახსენდება. ძალიან მომწონდა, ჩემი ძმა სულ უსმენდა. ასევე იყო ოსკარ პიტერსონიც, რომელიც მამაჩემს უყვარდა. ელექტრონულ მუსიკაში პირველად Aphex Twin ძალიან მომეწონა და რეალურად, მისი ზეგავლენით დავიწყე მუსიკის წერა. დამაინტერესა, თუ როგორ აკეთებდა „აპექს თვინი“ ასეთ მუსიკას და ამიტომ ჩავერთე ამ საქმიანობაში.

– საქართველოში დღეს ელექტრონული მუსიკა ძალიან პოპულარულია და ჩემ ირგვლივ უამრავს მოსწონს. როგორ ფიქრობ, ეს ჩვეულებრივი ფეხის ხმას, მოდას აყოლილობაა თუ ჩვენი მსმენელის გემოვნება ერთგვარად გაიზარდა?