ირაკლი ჩარკვიანისა და კოტე ყუბანეიშვილის „რეაქტიული კლუბის“ ერთდღიანი გაცოცხლება 13 წლის შემდეგ
გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში თბილისში გაჩნდა ერთგვარი ნონკონფორმისტული შემოქმედებითი ჯგუფი – „რეაქტიული კლუბი“. მისი შემქმნელები იყვნენ ირაკლი ჩარკვიანი და კოტე ყუბანეიშვილი. ახლახან „აჭარა მიუზიკ ჰოლში“ კლუბმა დაარსების 13 წლისთავი აღნიშნა. ეს საღამო იყო ამ კლუბისათვის დამახასიათებელი მუსიკისა და პოეზიის შერწყმა. საღამოზე, ასევე, წარმოდგენილი საცეკვაო ლექსები. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი უკვე კარგა ხანია დაშლილია, ირაკლი და კოტე შეეცადნენ გაეცოცხლებინათ დროის ის მონაკვეთი, რომელიც ერთად და ცალკ-ცალკე განვლეს.
13 წლის შემდეგ „ახალი ვერსიის“ სახელით ვესაუბრე კლუბის დამაარსებლებს – ირაკლი ჩარკვიანსა და კოტე ყუბანეიშვილს.
ირაკლი ჩარკვიანი: „რეაქტიულ პოეზიას“ თავიდანვე ესკულატურული მისია ჰქონდა. ნებისმიერ კრიზისულ პერიოდში ერი უნდა განიკურნოს, რათა გადარჩეს. სწორედ ერის ავადმყოფობაზე ჩვენი – თანამედროვე ხელოვანთა რეაქცია იყო „რეაქტიული პოეზია“. კლუბს თერაპიული მიზნები ჰქონდა. ჩვენ, ფაქტობრივად, „ერის აიბოლიტები“ ვიყავით. კონკრეტულად იმ სტერეოტიპებს ვებრძოდით, რომელმაც ქართველი ერი დეგრადაციამდე მიიყვანა. სტერეოტიპები კი ქართველებს მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში არ გვაკლდა, თუნდაც კომუნიზმი. ჩვენ ვებრძოდით იმ კულტურულ პრესს, რომელიც მე-20 საუკუნეში შესამჩნევად ზემოქმედებდა ქართულ კულტურაზე“.
კოტე ყუბანეიშვილი: „კლუბი ჩამოყალიბდა ირაკლის სახლში. მასთან ინგლისურს ვსწავლობდი. სწავლების პროცესი თანდათან პოეზიაზე საუბრებში გადაიზარდა. დღე და ღამე ერთად ვიყავით. ჩვენს ირგვლივ წრე შეიკრიბა. ირაკლი გიტარაზეც უკრავდა. როდესაც ჩვენით დაინტერესდნენ გერმანელები, ფრანგები, ამერიკელები, სწორედ მაშინ დავიშალეთ. ჩვენ გვინდოდა შევბრძოლებოდით პროვინციალიზმს, რაც ირგვლივაა გამეფებული. როგორც ხედავ, – ვერ მოვახერხეთ. პროვინციალობა გენიალური და ბუნებრივია, როდესაც ის პროვინციაში ხდება, მაგრამ როცა ცენტრში გადმოდის და ყველაფერს ავიწროვებს, მაშინ უკვე სიმახინჯეა. კარგია, როდესაც გლეხი ყანაშია, მაგრამ გლეხი პარლამენტში – ტეხავს. მუშა ქარხანაში უნდა იყოს და არა მწერალთა კავშირის თანამდებობაზე“.

